წმ. მოციქულისა და ღმრთისმეტყველისა იოვანესი (პირველი) · თავი 3
იხილეთ, რაბამი სიყუარული მომცა ჩუენ მამამან, რაჲთა შვილ ღმრთისა ვიწოდნეთ. ამისთჳს სოფელმან არა გიცნის თქუენ, რამეთუ არცა იგი იცნეს.
ნახეთ, როგორი სიყვარული მოგვცა მამამ, რათა ღვთის შვილებად ვიწოდებოდეთ: ქვეყანა იმიტომ არ გვიცნობს, რომ ვერ იცნო იგი.
საყუარელნო, აწ შვილნი ღმრთისანი ვართ და არღარა გამოჩინებულ არს, რაჲ ყოფად ვართ. გარნა ვიცით, რამეთუ უკუეთუ გამოცხადნეს, მსგავსად მისსა ვიყვნეთ, რამეთუ ვიხილოთ იგი, ვითარცა იგი არს.
საყვარელნო, ამიერიდან ღვთის შვილები ვართ, მაგრამ ჯერ არ გამჟღავნებულა, რანი ვიქნებით. ვიცით მხოლოდ, რომ, როცა გამომჟღავნდება, მისივე მსგავსნი ვიქნებით, რადგანაც ვიხილავთ მას, როგორიც არის.
და ყოველსა რომელსა აქუნდეს სასოებაჲ ესე მისა მიმართ, განიწმიდოს თავი თჳსი, ვითარცა იგი წმიდა არს.
ყველამ, ვისაც ასე ეიმედება იგი, თავი განიწმიდოს, როგორც ისაა წმიდა.
ყოველმან რომელმან ქმნეს ცოდვაჲ, მან უსჯულოებაჲცა ქმნეს და ცოდვა იგი არს უსჯულოებაჲ.
ცოდვის ყოველი ჩამდენი ურჯულოებასაც სჩადის, და ცოდვა არის ურჯულოება.
და იცით, რამეთუ იგი გამოჩნდა, რაჲთა ცოდვანი ჩუენნი აღიხუნეს და ცოდვაჲ მის თანა არა არს.
თქვენ იცით, რომ იმიტომ გამოჩნდა იგი, რათა ეტვირთა ჩვენი ცოდვები, და რომ მასში არ არის ცოდვა.
ყოველი რომელი მის თანა ეგოს, არცა ცოდოს და ყოველი რომელი ცოდვიდეს, მას არა უხილავს იგი, არცა იცის იგი.
არცერთ მათგანს, ვინც მკვიდრობს მასში, არ შეუცოდავს: არცერთ შემცოდეს არ უხილავს და არ შეუცვნია იგი.
შვილნო, ნუმცა ვინ გაცთუნებს თქუენ. რომელმან ქმნეს სიმართლე, იგი მართალ არს, ვითარცა იგი თავადიცა მართალ არს.
შვილებო, ნურავინ გაცთუნებთ; სიმართლის მოქმედი მართალია, როგორც ის არის მართალი.
რომელმან ქმნეს ცოდვაჲ, იგი ეშმაკისაგან არს, რამეთუ დასაბამითგან ეშმაკი ცოდავს. ამისთჳს გამოცხადნა ძე ღმრთისაჲ, რაჲთა დაარღჳნეს საქმენი ეშმაკისანი.
ცოდვის ჩამდენი ეშმაკისაგან არის, რადგანაც დასაბამიდან ეშმაკი სცოდავს; მიტომაც მოგვევლინა ძე ღვთისა, რომ დაერღვია ეშმაკის საქმენი.
ყოველი რომელი შობილ არს ღმრთისაგან, მან ცოდვაჲ არა ქმნეს, რამეთუ თესლი მისი მის თანა დადგრომილ არს. და ვერ ჴელ-ეწიფების ცოდვად, რამეთუ ღმრთისა მიერ შობილ არს.
ღვთისაგან შობილი არავინ სცოდავს, ვინაიდან მასში რჩება ღვთიური თესლი, და არ შეუძლია სცოდოს, რადგანაც ღვთისაგან არის შობილი.
ამის მიერ ცხად არიან შვილნი ღმრთისანი და შვილნი ეშმაკისანი. ყოველმან რომელმან არა ქმნეს სიმართლე, იგი არა არს ღმრთისაგან და რომელსა არა უყუარდეს ძმაჲ თჳსი.
ამით იცნობიან ღვთის შვილნი და ეშმაკის შვილნი: ვინც არ იქმს სიმართლეს და ვისაც არ უყვარს თავისი ძმა, ღვთისაგან არ არის იგი.
რამეთუ ესე არს აღთქუმაჲ, რომელი გესმა პირველითგან, რაჲთა ვიყუარებოდით ურთიერთას.
რადგანაც ეს არის უწყება, რომელიც გსმენიათ დასაბამიდან, რათა გვიყვარდეს ერთმანეთი.
არა ვითარცა-იგი კაინ, რომელი-იგი უკეთურისაგან იყო და მოკლა ძმაჲ თჳსი. და რაჲსათჳს-მე მოკლა იგი? რამეთუ საქმენი მისნი ბოროტ იყვნეს, ხოლო ძმისა მისისანი – მართალ.
ისე კი არა, როგორც კაენს, რომელიც ბოროტისაგან იყო და მოკლა თავისი ძმა; მერედა, რისთვის მოკლა? იმიტომ, რომ ბოროტი იყო მისი საქმე, ხოლო მისი ძმისა - მართალი.
ნუ გიკჳრნ თქუენ, ძმანო ჩემნო, რამეთუ გძულობს თქუენ სოფელი.
ნუ გიკვირთ, ძმანო, თუ ქვეყანას სძულხართ.
ჩუენ უწყით, რამეთუ მივიცვალენით სიკუდილისაგან ცხორებად, რამეთუ გჳყუარან ძმანი. რომელსა არა უყუარდეს ძმაჲ, სიკუდილსა შინა დადგრომილ არს.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან გადავედით სიცოცხლეში, რადგანაც გვიყვარს ძმები; ვისაც არ უყვარს, სიკვდილში რჩება.
ყოველსა რომელსა სძულდეს ძმაჲ თჳსი, იგი კაცის-მკლველი არს და იცით, რამეთუ ყოველსა კაცის-მკლველსა არა აქუს ცხორებაჲ საუკუნოჲ მის თანა დადგრომილად.
ყველა, ვისაც სძულს თავისი ძმა, კაცისმკვლელია; თქვენ კი იცით, რომ არცერთ კაცისმკვლელს არ აქვს საუკუნო სიცოცხლე, თვით მასშივე დამკვიდრებული.
ამით ვცნათ სიყუარული მისი, რამეთუ მან სული თჳსი ჩუენთჳს დადვა და ჩუენცა თანა-გუაც ძმათათჳს სულთა ჩუენთა დადებაჲ.
იმით შევიცანით სიყვარული, რომ მან თავისი სული დადო ჩვენთვის; ჩვენც გვმართებს ძმებისათვის სულის დადება.
უკუეთუ ვისმე აქუნდეს საცხორებელი სოფლისაჲ ამის და იხილოს ძმაჲ თჳსი, რომელსა ეჴმარებოდეს რაჲმე და დაჰჴშნეს ნაწლევნი თჳსნი მისგან, ვითარ-მე ჰგიეს მის თანა სიყუარული ღმრთისაჲ?
ვისაც სიმდიდრე არ აკლია ამ ქვეყნად, მაგრამ გაჭირვებული ძმის შემყურე გულს იხშობს მისთვის, როგორღა დაემკვიდრება მასში ღვთის სიყვარული?
შვილნო ჩემნო, ნუ ვიყუარებით სიტყჳთა ხოლო, ნუცა ენითა, არამედ საქმითა და ჭეშმარიტებითა.
შვილებო, გვიყვარდეს, მაგრამ არა სიტყვით და ენით, არამედ საქმითა და ჭეშმარიტებით.
და ამით საცნაურ ვიყვნეთ, რამეთუ ჭეშმარიტებისაგანნი ვართ და წინაშე მისსა გულნი ჩუენნი გუერწმუნებიან.
ამით შევიცნობთ, რომ ჭეშმარიტებისაგან ვართ და მის წინაშე დავიმშვიდებთ გულს.
რამეთუ უკუეთუ გუგმობდეს გული ჩუენი, უფროჲს არს ღმერთი გულისა ჩუენისა და იცის ყოველი.
რადგან თუ ჩვენი გული გვგმობს, ღმერთი ხომ გულზე უმეტესია და იცის ყოველი.
საყუარელნო, უკუეთუ გული ჩუენი არა გუგმობდეს ჩუენ, განცხადებულებაჲ გუაქუს ღმრთისა მიმართ.
საყვარელნო, თუ ჩვენი გული არა გვგმობს, პირნათელნი ვართ ღვთის წინაშე.
და რაჲცა-იგი ვითხოოთ, მოვიღოთ მისგან, რამეთუ მცნებათა მისთა ვიმარხავთ და სათნოებასა წინაშე მისსა ვჰყოფთ.
ამიტომ, რასაც ვითხოვთ, მივიღებთ მისგან, ვინაიდან ვიმარხავთ მის მცნებებს და ისე ვიქცევით, როგორც მას მოსწონს.
და ესე არს მცნებაჲ მისი, რაჲთა გურწმენეს სახელი ძისა მისისა იესუ ქრისტესი და ვიყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მომცა მცნებაჲ.
მისი მცნება კი ისაა, რომ გვწამდეს მისი ძის იესო ქრისტეს სახელით და, როგორც გვამცნო, გვიყვარდეს ერთმანეთი.
და რომელი იმარხვიდეს მცნებათა მისთა, მის თანა ჰგიეს და იგი თავადი მის თანა და ამით უწყით, რამეთუ ჰგიეს ჩუენ თანა სულისა მისგან, რომელი მომცა ჩუენ.
თუ ვიმარხავთ მის მცნებებს, ის ჩვენში რჩება, ჩვენ კი - მასში; ხოლო იმას, რომ ჩვენში რჩება, მის მიერვე მოცემული სულით შევიცნობთ.
