წმ. მოციქულისა პეტრესი (მეორე) · თავი 3
აჰა ესერა, საყუარელნო, ამას მეორესა ებისტოლესა მივსწერ თქუენდა, რომელთა მიერ განვაღჳძებ მოჴსენებითა წადიერითა გონებასა თქუენსა
ამას უკვე მეორე წერილსა გწერთ, საყვარელნო, და ორივეში შეხსენებით ვაღვიძებ თქვენს წმიდა აზრს,
მოჴსენებად პირველ თქუმულთა მათ სიტყუათა წმიდათა წინაწარმეტყუელთა მიერ და მოციქულთა მათ თქუენთა მცნებათა უფლისა და მაცხოვრისათა.
რათა გახსოვდეთ წმიდა წინასწარმეტყველთა მიერ იმთავითვე თქმული სიტყვები და უფლისა და მაცხოვრის მცნებანი გადმოცემულნი თქვენი მოციქულების მიერ.
ესემცა პირველად უწყით, რამეთუ მოიწინენ უკუანაჲსკნელთა დღეთა მეკიცხევარნი გულის თქუმისაებრ თჳსისა მავალნი
უპირველეს ყოვლისა, იცოდეთ, რომ უკანასკნელ დღეებში მოვლენ მგმობელნი, თავიანთი გულისთქმისამებრ მოარულნი,
და იტყოდიან: სადა არს აღთქუმაჲ იგი მოსლვისა მისისაჲ? რამეთუ ვინაჲთგან მამათა შეისუენეს, ყოველივე ესრეთ ჰგიეს დასაბამითგან დაბადებისაჲთ.
და იტყვიან: სად არის აღთქმა მისი მოსვლისა? ვინაიდან მას შემდეგ, რაც მამებმა მიიძინეს, ყველაფერი უცვლელად რჩება შექმნის დასაბამიდან.
რამეთუ დაავიწყდეს მათ ესე ნებსით, ვითარმედ ცანი იყვნეს პირველითგან და ქუეყანაჲ წყალთაგან და წყალთა მიერ შეიქმნა სიტყჳთა ღმრთისაჲთა.
რადგანაც საკუთარი ნებასურვილით ივიწყებენ, რომ ცა და მიწა თავდაპირველად წყლისაგან და წყალთა შუა შეიქმნა ღვთის სიტყვით.
რომლისაგან მაშინდელი იგი სოფელი წყლითა წარირღუნა და წარწყმდა.
ამიტომაც მაშინდელი სამყარო წყლით წაირღვნა და დაიღუპა.
ხოლო აწ ცანი და ქუეყანაჲ მითვე სიტყჳთა დაუნჯებულ არიან, ცეცხლისა დამარხულნი დღედ საშჯელისა და წარწყმედისა უღმრთოთა კაცთაჲსა.
ახლანდელ ცასა და მიწას კი ცეცხლისათვის ინახავს იგივე სიტყვა, რათა განკითხვის დღეს მოსრას უღვთონი.
ერთიმცა ესე ნუ დაგავიწყდების, საყუარელნო, რამეთუ ერთი დღე უფლისა მიერ ვითარცა ათასი წელი და ათასი წელი ვითარცა ერთი დღე.
ისიც იცოდეთ, საყვარელნო რომ ერთი დღე უფლისათვის როგორც ათასი წელი, და ათასი წელი, როგორც ერთი დღე.
არა ყოვნოს უფალმან აღთქუმისა მისგან, ვითარ-იგი ვიეთმე დაყოვნებად შეურაცხიეს, არამედ სულ-გრძელ არს თქუენთჳს, რამეთუ არავისი ჰნებავს წარწყმედაჲ, არამედ ყოველთა სინანულად მოსლვაჲ.
არ აყოვნებს უფალი აღთქმის აღსრულებას, როგორც ზოგიერთს ჰგონია, არამედ სულგრძელია თქვენს მიმართ, რადგანაც ვისიმე დაღუპვა კი არა სურს, არამედ ის, რომ ყველა მოიქცეს სინანულად.
ხოლო მოიწიოს დღე იგი უფლისაჲ, ვითარცა მპარავი ღამისაჲ, რომელსა შინა ცანი მძაფრიად წარჴდენ და წესნი იგი დაიწუნენ და დაზულენ და ქუეყანაჲ და მას შინა საქმენი დაიწუნენ.
ხოლო უფლის დღე მოვა როგორც მპარავი, და მაშინ ზათქით გადავლენ ცანი, კავშირნი მხურვალებით დაიშლებიან და ცეცხლს მიეცემა მიწა და ყოველი საქმე მისი.
რაჟამს ესე ყოველნი ესრეთ დაზულებოდიან, რაბამთაჲ ჯერ-არს თქუენი ყოფაჲ წმიდითა ქცევითა და კეთილითა მსახურებითა, რაჲთა მოელოდით.
მაგრამ თუ ყოველივე ეს დაიშლება, როგორი უნდა იყოს თქვენი ყოფა წმიდა ქცევითა და ღვთისმოსაობით,
და ისწრაფდეთ მოსლვასა მას დღისა მის ღმრთისასა, რომელსა შინა ცანი მჴურვალენი დაიჴსნენ და წესნი დაიწუნენ და დადნენ.
რაკიღა ნატრობთ და მოელით, როდის მოვა დღე უფლისა, როცა ცეცხლმოდებული ცანი დაიშლებიან და დადნებიან ალმოდებული სტიქიონები?
ახალთა ცათა და ახალსა ქვეყანასა მსგავსად აღთქუმისა მისისა მოველით, რომელსა შინა სიმართლე დამკჳდრებულ არს.
ხოლო ჩვენ, აღთქმისამებრ, მოველით ახალ ცათა და ახალ მიწას, სადაც დამკვიდრდება სიმართლე.
ამისთჳს, საყუარელნო, ამას მოელოდეთ, და ისწრაფეთ შეუგინებელთა და უბიწოთა მისა პოვნად მშჳდობით.
ამიტომ, საყვარელნო, რაკიღა ამას ელით, ეცადეთ მშვიდობით წარსდგეთ მის წინაშე, შეურყვნელნი და შეუბილწველნი.
და უფლისა ჩუენისა იგი სულ-გრძელებაჲ ცხორებად შეჰრაცხეთ, ვითარცა-იგი საყუარელმან ძმამან ჩუენმან პავლე, მსგავსად მოცემულისა მის მისდა სიბრძნისა მიწერა თქუენდა.
ჩვენი უფლის სულგრძელობა დასახეთ ხსნად, როგორც ჩვენმა საყვარელმა ძმამ - პავლემაც მოგწერათ მისთვის ბოძებული სიბრძნით.
ვითარცა-იგი ყოველთა შინა წიგნთა მისთა იტყჳს ამისათჳს, რომელნი-იგი არიან ძნიად საცნაურ რაჲმე, რომელსა-იგი უსწავლელნი და დაუმტკიცებელნი გარდააქცევენ, ვითარცა სხუათა მათცა წიგნთა მსგავსად, მათისავე მის წარწყმედისა.
ამასვე გწერთ ყველა წერილში, სადაც ზოგი რამ ისე ძნელი გასაგებია, რომ უმეცარნი და უმტკიცონი სხვა წერილების მსგავსად ამახინჯებენ მათ, რათა წარიწყმიდონ თავიანთი თავი.
თქუენ უკუე, საყუარელნო, წინაწარ რაჲ უწყით ესე, ეკრძალენით, რაჲთა არა უჯეროთასა მას საცთურსა თანა-აღერინეთ და განსცჳვეთ სიმტკიცისა მისგან თჳსისა.
ხოლო თქვენ, საყვარელნო, რაკიღა წინასწარ იცით ეს, ფრთხილად იყავით, რათა არ ჩაგითრიოთ უკეთურთა ცთომილებამ და არ გიღალატოთ თქვენმა სიმტკიცემ.
არამედ აღორძნდებოდეთ მადლითა და მეცნიერებითა უფლისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა. მისა დიდებაჲ აწ და დღეთა მათ საუკუნეთაჲსა. ამინ.
არამედ იზარდეთ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს მადლითა და შემეცნებით. დიდება მას აწ და მარადის. ამინ.
