ტიმოთეს მიმართ (მეორე) · თავი 3
ხოლო ესე უწყოდე, რამეთუ უკუანაჲსკნელთა დღეთა მოიწინენ ჟამნი ბოროტნი.
ეს კი იცოდე, რომ უკანასკნელ დღეებში მოიწევა საზარელი ჟამი.
და იყვნენ კაცნი თავის მოყუარე, ვეცხლის მოყუარე, ლაღ, თავმოთნე, ამპარტავან, მგმობარ, მამა-დედისა ურჩ, უმადლო, უღირს, უყუარულ,
რადგანაც კაცნი იქნებიან თვითმოყვარენი, ვერცხლის მოყვარენი, ქედმაღალნი, ამპარტავანნი, მგმობელნი, მშობლების ურჩნი, უმადურნი, უღირსნი,
უწირავ, მასმენელ, უთმინო, დაუმჭირველ, უზავ, დაუმშჳდებელ, კეთილის მოძულე,
კაცთმოძულენი, გულღრძონი, მაბეზღარნი, აღვირახსნილნი, გულმხეცნი, სიკეთის მოძულენი,
შინა-განმცემელ, წარმდებ, აღზუავებულ, გულის თქუმის მოყუარე უფროჲს, ვიდრე ღმრთის მოყუარე.
გამცემნი, თავხედნი, მზვაობარნი, უფრო განცხრომის მოყვარენი, ვიდრე ღმრთისა,
აქუნდეს ხატი ღმრთის მსახურებისაჲ და ძალსა მისსა უარ-ჰყოფდენ. და ამათგანცა განეშორე.
მოჩვენებითად ღვთისმსახურნი, სინამდვილეში კი მისი ძალის უარმყოფელნი; ამნაირთაგან შორს დაიჭირე თავი.
რამეთუ ამათგანნი არიან, რომელნი შევლენან სახლებსა და გამოსტყუენვენ დედათა, შეკრებულთა ცოდვითა, მოიპოვებენ გულის თქუმათა თჳთო-სახეთა
სწორედ ისინი არიან, ზაკვით რომ იპარებიან სახლებში და ატყვევებენ ცოდვებით დამძიმებულსა და სხვადასხვა ვნებით შეპყრობილ ქალებს;
და ყოვლადვე ისწავებენ და არასადა მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა შემძლებელ არიან მოსვლად.
ერთავად რომ სწავლობენ, მაგრამ ვერასგზით ვერ აღწევენ ჭეშმარიტების შემეცნებას.
ვითარცა-იგი იანე და იამბრე უჴდებოდეს მოსეს, ეგრეთცა ესენი უჴდებიან ჭეშმარიტებასა, კაცნი განხრწნილნი გონებითა, გამოუცდელნი სარწმუნოებითა.
როგორც იანე და იამბრე უპირისპირდებოდნენ მოსეს, ისე ესენიც უპირისპირდებიან ჭეშმარიტებას: გონებაგახრწნილი კაცნი, რწმენაში უმეცარნი.
გარნა არა წარემატნენ უფროჲს, რამეთუ უგუნურებაჲ მათი ცხად იყოს ყოველთადა, ვითარცა-იგი მათი იყო.
მაგრამ ამას იქით ვეღარსად წავლენ, რადგან ამათი უმეცრება ისევე ცხადი გახდება ყველასთვის, როგორც იმათი.
ხოლო შემოდგომილ ხარ ჩემსა მოძღურებასა, გულს-მოდგინებასა, სარწმუნებასა, სულგრძელებასა, სიყუარულსა, მოთმინებასა,
შენ კი გამოჰყევ ჩემს მოძღვრებას, სარბიელს, ზრახვას, რწმენას, დიდსულოვნებას, სიყვარულს, მოთმინებას,
დევნულებათა, ვნებათა, რაოდენი შემემთხჳა მე ანტიოქიას შინა, იკონიას, ლუსტრას; რაოდენნი დევნანი დავითმინენ, და ყოველთაგან მიჴსნა მე უფალმან.
დევნილობას, ვნებას, რაც დავითმინე ანტიოქიაში, იკონიაში, ლისტრეში, მაგრამ ყველაფრისგან მიხსნა უფალმა.
და ყოველთავე რომელთა ჰნებავს ღმრთის მსახურებით ცხორებაჲ ქრისტე იესუჲს მიერ, იდევნენ.
ვისაც სურს ღვთისმოსაობით ცხოვრობდეს ქრისტე იესოში, ჩემსავით დევნილი იქნება.
ხოლო უკეთურნი კაცნი და გრძნეულნი წარემატებოდიან უძჳრესისა მიმართ, აცთუნებდენ და სცთებოდიან.
უკეთურნი და გრძნეულნი კი უფრო შორს წავლენ: სხვებსაც აცდუნებენ და თვითონაც შეცდებიან.
ხოლო შენ დაადგერ მას ზედა, რომელიცა გისწავიეს და გრწმენა, უწყი, ვისგან გისწავიეს;
შენ კი დამკვიდრდი იმაში, რაც გისწავლია და გიწამებია; გახსოვდეს, ვის მიერ ხარ განსწავლული.
და რამეთუ სიყრმითგან საღმრთონი წიგნნი იცნი, რომელნი შემძლებელ არიან განბრძნობად შენდა ცხორებისათჳს სარწმუნოებითა ქრისტე იესუჲსითა.
თანაც, აკი სიყრმითგანვე იცნობ საღმრთო წერილსაც, რომელსაც შენი გაბრძნობა ძალუძს, რათა ცხონდე ქრისტე იესოს რწმენით.
ყოველი წიგნი ღმრთივ სულიერი და სარგებელი სამოძღურებელად არს და სამხილებელად და განსამართლებელად და სასწავლელად სიმართლისა,
მთელი წერილი ღვთივსულიერია და სარგო-სასწავღად, სამხილებლად, გამოსასწორებლად და სიმართლის შესაგონებლად,
რაჲთა აწვე იყოს ღმრთისა იგი კაცი, ყოვლისა მიმართ საქმისა კეთილისა განმტკიცებულ.
რათა ღვთის კაცი სრულქმნილი იყოს, ყოველი კეთილი საქმის აღსასრულებლად გამზადებული.
