წმ. მოციქულისა და ღმრთისმეტყველისა იოვანესი (მესამე) · თავი 1

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

მოხუცებული გაიოზს საყუარელსა, რომელი მიყუარს მე ჭეშმარიტებით.

უხუცესი - საყვარელ გაიუსს, რომელიც მიყვარს ჭეშმარიტებით.

2

საყუარელო, ყოვლისათჳს გლოცავ შენ წარმართებად და მშჳდობად, ვითარცა-ეგე წარუმართებიეს სულსა შენსა.

საყვარელო, ვლოცულობ, რომ კეთილად გევლოს და კარგად იყო, როგორც კეთილად ვალს შენი სული.

3

რამეთუ ფრიად განვიხარე მომავალთაგან ძმათა, რომელნი წამებდეს ჭეშმარიტებისა შენისათჳს, ვითარ-იგი შენ ჭეშმარიტებით ხუალ.

რადგანაც დიდად გავიხარე, როცა მოვიდნენ ძმები და მიმოწმეს შენი ჭეშმარიტება, თუ როგორ დადიხარ ჭეშმარიტებით.

4

სხუაჲ უფროჲსი სიხარული ამისსა არა მაქუს, რაჲთა მესმოდის შვილთა ჩემთა ჭეშმარიტებით სლვაჲ.

რა უნდა იყოს ჩემთვის უფრო სასიხარულო, ვიდრე იმის გაგება, თუ როგორ დადიან ჭეშმარიტებით ჩემი შვილები.

5

საყუარელო, სარწმუნოდ ჰყოფ, რომელსა-ეგე იქმ ძმათა მიმართ და უცხოთა,

საყვარელო, ერთგულად აკეთებ ყველაფერს, რასაც აკეთებ ძმებისა და უცხოთათვის,

6

რომელთა წამეს სიყუარულისა შენისათჳს წინაშე ეკლესიათა, რომელთასა კეთილად ჰყოფ, წარ-რაჲ-ჰგზავნი მათ ღირსად ღმრთისა.

ეკლესიის წინაშე რომ გვიმოწმეს შენი სიყვარული; კარგს იზამ, თუ ისე წარგზავნი მათ, როგორც შეშვენის შენს ღვთისმსახურებას.

7

რამეთუ სახელისა მისისათჳს გამოვიდეს და არარაჲ გამოიღეს წარმართთაგან.

რადგანაც მისი სახელისათვის გამოემართნენ და არაფერი წამოუღიათ წარმართთაგან.

8

ხოლო ჩუენდა ჯერ-არს შეწყნარებაჲ ეგევითართაჲ მათ, რაჲთა თანა-შემწე ვექმნეთ ჭეშმარიტებასა.

ხოლო ჩვენ გვმართებს შევიწყნაროთ ამნაირნი, რათა შევეწიოთ ჭეშმარიტებას.

9

მივწერე ესე ეკლესიისა, არამედ მთავრობის მოყუარე იგი მათი დიოტროფე არა შემიწყნარებს ჩუენ.

ეს მივწერე ეკლესიებსაც, მაგრამ დიოტროფე, პირველობას რომ იჩემებს მათ შორის, არ გვიღებს ჩვენ.

10

ამისთჳს უკუეთუ მოვიდე, მოვაჴსენნე მას საქმენი მისნი, რომელთა იქმს სიტყჳთა ბოროტითა, გუგმობს ჩუენ და არა კმა-იყოფს ამას ზედა, არამედ არცა იგი შეიწყნარებს ძმათა და რომელთა ჰნებავს შეწყნარების, მათცა აყენებს და კრებულისაგან განასხამს.

ამიტომ, თუ მივალ, შევახსენებ მის საქმეებს, უკეთური სიტყვით რომ გვიხსენიებს, და ამასაც არ სჯერდება: თვითონ ხომ არ ღებულობს ძმებს, მაგრამ მათი მიმღების მსურველთაც უკრძალავს ამას და ეკლესიიდან აძევებს მათ.

11

საყუარელო, ნუ ჰბაძავ ბოროტსა მას, არამედ კეთილსა, რამეთუ კეთილის მოქმედი ღმრთისაგან არს, ხოლო ბოროტის მოქმედსა მას არა უხილავს ღმერთი.

საყვარელო, ნუ ჰბაძავ ბოროტს, არამედ კეთილს მიჰბაძე, ვინაიდან კეთილისმოქმედი ღვთისაგან არის, ბოროტმოქმედს კი არ უხილავს ღმერთი.

12

დიმიტრი წამებულ არს ყოველთაგან და თჳთ მის ჭეშმარიტებისაგანცა ჩუეცა ვწამებთ და იცით, რამეთუ წამებაჲ ჩუენი ჭეშმარიტ არს.

დიმიტრის არა მარტო ყველა უმოწმებს, არამედ თვით ჭეშმარიტებაც; ჩვენც ვმოწმობთ და იცით, რომ ჩვენი მოწმობა ჭეშმარიტია.

13

მრავალი მინდა მიწერად შენდა, არამედ არა მნებავს მელნითა და კალმითა მიწერად შენდა.

ბევრი რამ მქონდა შენთვის მოსაწერი, მაგრამ არ მინდა მელნითა და კალმით მოგწერო.

14

რამეთუ ვესავ ადრე ხილვასა შენსა და პირისპირ ვიტყოდით.

რადგანაც იმედი მაქვს რომ მალე გნახავ და პირისპირ ვილაპარაკებთ.

15

მშჳდობაჲ შენდა! გიკითხვენ შენ მეგობარნი. კითხვაჲ არქუ მოყუარეთა ჩუენთა სახელით.

მშვიდობა შენდა. მოგიკითხავენ მეგობრები. სათითაოდ გადაეცი მოკითხვა ჩვენს მეგობრებს.