ტიტეს მიმართ · თავი 2
ხოლო შენ იტყოდე, რომელი შუენის სიცოცხლისა მას მოძღურებასა:
შენ კი ის ილაპარაკე, რაც შეჰფერის საღ მოძღვრებას.
ხუცესნი ფრთხილ იყვნედ, ღირს, წმიდა, ცოცხალ სარწმუნოებითა, სიყუარულითა, მოთმინებითა;
ბერიკაცები ფხიზლები იყვნენ, ღირსეულნი, გონიერნი, რწმენით, სიყვარულითა და მოთმინებით საღნი.
მოხუცებულნი დედანი ეგრეთვე დაწყნარებულებითა შუენიერ, ნუ მასმენელ, ნუ ღჳნოსა ფრიადსა მორჩილ, კეთილის მოძღუარ,
ხანდაზმული ქალებიც ისეთნი იყვნენ, როგორც შეჰფერის სიწმიდეს: არა ცილისმწამებელნი, არა ღვინის მონები, არამედ სიკეთის მოძღვარნი,
რაჲთა განაბრძნობდენ ჭაბუკთა მათ ქმართ მოყუარე ყოფად, შვილთ მოყუარე,
რათა ასწავლიდნენ ყმაწვილ ქალებს, უყვარდეთ ქმარ-შვილი,
წმიდა, უბიწო, სახლის მპყრობელ, სახიერ, დამორჩილებულ თჳსთა ქმართა, რაჲთა არა სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ იგმობვოდის.
კეთილგონიერნი იყვნენ, უმანკონი, მეოჯახენი, კეთილნი, თავიანთი ქმრების მორჩილნი, რათა არ იგმობოდეს ღვთის სიტყვა.
ჭაბუკთა მამათა ეგრეთვე ჰლოცევდ, რაჲთა წმიდა იყვნენ.
ჭაბუკებსაც ასევე შეაგონე, რომ თავდაჭერილნი იყვნენ.
ყოვლისათჳსვე თავსა შენსა სახედ მისცემდი კეთილთა საქმეთა, მოძღურებასა მას შინა უხრწნელებაჲ, ღირსებაჲ, განურყუნელობაჲ,
ყველაფერში კეთილი საქმის ნიმუშად წარმოაჩინე თავი; სწავლებისას - სიწმიდე და სიდარბაისლე;
სიტყუაჲ ცოცხალი, უგმობელი, რაჲთა წინააღმდგომსა მას ჰრცხუენოდის და რაჲთა არა აქუნდეს ჩუეენდა მომართ სიტყუად ბოროტისა.
შენი სიტყვა საღი იყოს და უგმობელი, რათა მოწინააღმდეგეს შერცხვეს და ცუდი ვეღარაფერი თქვას ჩვენზე.
მონანი თჳსთა უფალთა დაემორჩილნედ და ყოველსა შინა სათნო ეყვნედ, ნუ სიტყჳს-მგებელ.
მონები ემორჩილებოდნენ თავიანთ ბატონებს, ცდილობდნენ ყველაფერში აამონ მათ და ნუ შეუბრუნებენ სიტყვას;
ნუ მომხუეჭელ, არამედ ყოველსავე სარწმუნოებასა აჩუენებედ კეთილსა, რაჲთა მოძღურებაჲ იგი მაცხოვრისა ჩუენისა ღმრთისაჲ შეამკონ ყოვლითა.
ნურაფერს მოიპარავენ, არამედ გამოიჩინონ მთელი თავიანთი ერთგულება, რათა სრულად შეამკონ ჩვენი მაცხოვრის - ღმერთის მოძღვრება.
რამეთუ გამოჩნდა მადლი იგი ღმრთისაჲ მაცხოვრად ყოველთა კაცთა
რადგანაც მოგვევლინა მადლი ღვთისა, ყოველი კაცის მხსნელი,
სამოძღურებელად ჩუენდა, რაჲთა უარ-ვყოთ უღმრთოებაჲ და სოფლისა გულის თქუმაჲ, სიწმიდით და სიმართლით და ღმრთის მსახურებით ვცხოვნდებოდით ამას სოფელსა
ჩვენს დასამოძღვრად, რათა უარვყოთ უღმერთოება, ამქვეყნიური გულისთქმანი და მოკრძალებით, სიმართლით და ღვთისმოსაობით ვიცხოვროთ ქვეყნად,
და მოველოდით ნეტარსა მას სასოებასა და გამოჩინებასა დიდებასა დიდისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა,
და მოველოდეთ ნეტარი სასოებისა და ჩვენი დიდი ღმერთისა და მაცხოვრის ქრისტე იესოს დიდების გამოჩენას,
რომელმან-იგი მისცა თავი თჳსი ჩუენთჳს, რაჲთა მიჴსნნეს ჩუენ ყოვლისაგან ურჩულოებისა და განმწმიდნეს თავისა თჳსისა ერად მოგებულად, მობაძავად კეთილთა საქმეთა.
რომელმაც თავი დასდო ჩვენთვის, რათა გამოვეხსენით ყოველგვარი ურჯულოებისაგან და თავისთვის განეწმინდა რჩეული ხალხი, კეთილ საქმეთა მოშურნე.
ამას ეტყოდე და ნუგეშის-სცემდ და ამხილებდ ყოვლითა ბრძანებითა, ნუმცა ვინ შეურაცხ-გყოფს შენ.
ამას ამბობდე, შეაგონებდე და ამხილებდე მთელი ძალმოსილებით, რათა ვერავინ უგულებელგყოს.
