წმ. მოციქულისა პეტრესი (პირველი) · თავი 2
განიშორეთ უკუე ყოველი უკეთურებაჲ და ყოველი ზაკუვაჲ და ორგულებაჲ და შური და ყოველივე ძჳრის სიტყუაჲ.
მაშ, განიშორეთ ყოველგვარი უკეთურება, ყოველგვარი ზაკვა, პირფერობა, შური და ყოველგვარი ავსიტყვაობა.
ვითარცა აწინდელ შობილთა ყრმათა, სიტყჳერისა მის უზაკუველისა სძისა გსუროდენ, რაჲთა მას შინა აჰღორძნდეთ.
როგორც ახალშობილმა ყრმებმა შეიყვარეთ სუფთა სულიერი რძე, რათა მისი მეოხებით იზარდოთ ხსნისთვის.
უკუეთუ გემოჲ გიხილავს, რამეთუ ტკბილ არს უფალი,
ვინაიდან იგემეთ, რომ ტკბილია უფალი,
რომელსა-იგი მოუჴედით ლოდსა ცხოველსა, რომელი-იგი კაცთაგან შეურაცხ-იქმნა, ხოლო ღმრთისაგან რჩეულ და პატიოსან.
რომელსაც მიეახლეთ, როგორც ცოცხალ ლოდს, კაცთაგან უარყოფილს, ღვთის მიერ კი რჩეულსა და ფასდაუდებელს.
და თქუენცა, ვითარცა ლოდნი ცხოველნი აღეშენებოდეთ სახლად სულიერად, სამღდელოდ წმიდად, შესაწირავად მსხუერპლთა სულიერთა, სათნოთა ღმრთისათა იესუ ქრისტეს მიერ.
როგორც ცოცხალი ქვები, თქვენც აშენდით სულიერ სახლად, წმიდა სამღვდელოებად და სულიერი მსხვერპლის მწირველად, იესო ქრისტეს მეშვეობით სასურველად რომ უჩანს ღმერთს.
რამეთუ წერილ არს წიგნსა შინა: აჰა ესერა, დავსდებ სიონს შინა ლოდსა საკიდურსა, რჩეულსა, პატიოსანსა და რომელსა ჰრწმენეს მისა მიმართ, არსადა ჰრცხუენეს.
რადგანაც წერილი ამბობს: „აჰა, მე დავდებ სიონში ქვაკუთხედ ლოდს, რჩეულსა და უძვირფასესს, და არ შერცხვება მისი მორწმუნე“.
თქუენდა უკუე არს პატივ, მორწმუნეთა მაგათ, ხოლო ურჩთათჳს - ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, იგი იქმნა თავ საკიდურთა და ლოდ შებრკოლების და კლდე საცთურების,
ამრიგად, ის ფასდაუდებელია თქვენთვის, ანუ მორწმუნეთათვის, ურწმუნოთათვის კი „ქვა, რომელიც დაიწუნეს მშენებლებმა, მაგრამ კუთხის თავად დაიდვა: ქვა ფეხწამოსაკრავი და კლდე საცთური“
რომელნი შეჰბრკოლდებიან სიტყუასა მას ურჩებითა, რომელსაცა ზედა დაესხნეს.
მათთვის, ვინც ეურჩება სიტყვას, და ვისთვისაც ეს ხვედრი იყო გამიზნული.
ხოლო თქუენ, ნათესავი რჩეული, სამეუფოჲ სამღდელოჲ, თესლი წმიდაჲ, ერი მოგებული, რაჲთა სათნოებითა მიუთხრობდეთ, რომელმან-იგი ბნელისაგან გიწოდნა თქუენ საკჳრველსა მას ნათელსა მისსა.
ხოლო თქვენა ხართ რჩეული მოდგმა, სამეფო სამღვდელოება, წილხვედრი ხალხი, რათა ყველას აუწყოთ მისი სიქველე, ვინც სიბნელიდან გამოგიხმოთ, რომ გეხილათ მისი საოცარი ნათელი.
რომელნი-ეგე ოდესმე არა ერ, ხოლო აწ ერი ღმრთისაჲ, რომელნი-ეგე ოდესმე არა შეწყალებულ, ხოლო აწ შეიწყალენით.
ოდესღაც არა ხალხი, ხოლო აწ ღვთის ხალხი, ოდესღაც არა შეწყალებულნი, ხოლო აწ შეწყალებულნი.
საყუარელნო, გლოცავ თქუენ, ვითარცა მწირთა და წარმავალთა, განეშორენით გულის თქუმათაგან ჴორციელთა, რომელნი ეწყვებიან სულსა.
საყვარელნო, გევედრებით როგორც მწირთა და მსხემთ, თავი შეიკავეთ ხორციელ გულისთქმათაგან, რომელნიც აღიძვრიან სულის წინააღმდეგ.
სლვაჲ თქუენი წარმართთა შორის გაქუნდინ კეთილი, რაჲთა, რომლითა-იგი ძჳრსა იტყოდიან თქუენთჳს, ვითარცა ძჳრის მოქმედთასა, კეთილთა საქმეთაგან შეიკდიმონ და ადიდებდენ ღმერთსა დღესა მას მოხედვისასა.
კეთილად მოიქეცით წარმართთა შორის, რათა, ნაცვლად იმისა, რომ ბოროტმოქმედებად გსახავდნენ და დრტვინავდნენ თქვენზე, თქვენი კეთილი საქმის შემყურეთ ადიდონ ღმერთი მოხილვის დღეს.
დაემორჩილენით უკუე ყოველსავე კაცობრივსა დაბადებულსა უფლისათჳს: გინა თუ მეფესა, რამეთუ ყოველთა ზედა არს;
ღვთის გულისათვის, დაემორჩილეთ კაცთა ყოველგვარ ხელმწიფებას, გინდა მეფეს, როგორც უზენაეს მბრძანებელს,
გინა თუ მთავართა, ვითარცა მის მიერ მოვლინებულთა შურის მეძიებელად ბოროტის მოქმედთათჳს, ხოლო მაქებელად კეთილის მოქმედთათჳს.
გინდაც მთავრებს, როგორც მის მიერ წარმოგზავნილთ ბოროტმოქმედთა დასასჯელად და კეთილის მოქმედთა საქებად.
რამეთუ ესრეთ არს ნებაჲ ღმრთისაჲ კეთილის მოქმედთათჳს დადუმებად უგუნურთა კაცთა უმეცრებასა.
ვინაიდან ღმერთმა ისე ინება, რომ კეთილი საქმით ვუკრავდეთ პირს უგუნურ კაცთა უმეცრებას.
ვითარცა აზნაურნი და ნუ ვითარცა საფარველად გაქუნ უკეთურებისა აზნაურებჲ ეგე, არამედ ვითარცა მონანი ღმრთისანი
როგორც იქცევიან თავისუფალნი: ბოროტების დასაფარავად როდი იყენებენ თავისუფლებას, არამედ არიან, როგორც ღვთის მონები.
ყოველთა პატივ-სცემდით, ძმათა ჰყუარობდით, ღმრთისა გეშინოდენ, მეფესა პატივ-სცედით.
პატივი ეცით ყველას, გიყვარდეთ საძმო, ღვთის შიში გქონდეთ და პატივი მიაგეთ მეფეს.
მონანი დაემორჩილენით ყოვლითა მოშიშებითა თჳსთა უფალთა, ნუ ხოლო სახიერთა და ტკბილთა, არამედ უსახურთაცა.
მსახურნო, გულმოშიშებით დაემორჩილეთ ბატონებს, არა მარტო კეთილთა და ლმობიერთ არამედ მკაცრთაც.
რამეთუ ესე არს მადლი ღმრთისაგან: უკუეთუ გონებისაგან კეთილისა ღმრთისათჳს დაითმინნეს ვინმე მწუხარებანი, ევნებინ თუ სიცრუით.
რადგანაც მადლი ის არის როცა ვინმე, უსამართლოდ ტანჯული, ღვთის წინაშე არ ღალატობს სინიდისს და უდრტვინველად იტანს გასაჭირს.
რამეთუ რაჲ უმჯობეს არს უკუეთუ სცოდვიდეთ და დაიქენჯნებოდით და მოითმენდეთ? არამედ უკუეთუ კეთილსა იქმოდით და გევნებოდის და მოითმენდეთ, ესე არს მადლი ღმრთისაგან.
მართლაცდა, თუკი შეცოდებისათვის გცემენ და ითმენთ, ვითომ რა საქები საქციელია? ხოლო თუ სიკეთის ქმნისათვის გაწამებენ და ითმენთ, ეს კი მადლია ღვთის წინაშე.
და იჩინენითცა მებრ ამისთჳსვე, რამეთუ ქრისტემანცა ივნო ჩუენთჳს და თქუენ დაგიტევა ჴელით წერილი, რაჲთა შეუდგეთ კუალთა მისთა;
ამისთვისა ხართ ხმობილნი, ვინაიდან ქრისტეც ჩვენთვის ევნო და დაგიტოვათ მაგალითი, რათა მისდიოთ მის კვალს.
რომელმან-იგი ცოდვაჲ არა ქმნა, არცა იპოვა ზაკუვაჲ პირსა მისსა;
არც შეუცოდავს და არც დასჩენია ზაკვა მის ბაგეს,
რომელი-იგი იგინებოდა და იგი არავის აგინებდა, ევნებოდა და არავის უთქუმიდა, მიეცა მართალი იგი მსაჯულსა;
ვისაც ჰგმობდნენ და სანაცვლოდ არავის ჰგმობდა, აწამებდნენ და არ იმუქრებოდა, არამედ თავის თავს ანდობდა მართლად გამკითხეს;
რომელმან ცოდვანი ჩუენნი აღიხუნა ჴორცითა თჳსითა ჯუარსა ზედა, რაჲთა ცოდვათა განვეშორნეთ და სიმართლით ვცხონდებოდით, რომლისა-იგი წყლულებითა განიკურნენით.
ვინც ჩვენი ცოდვები თავისი სხეულით აზიდა ძელზე, რათა ცოდვისგან თავდახსნილთ სიმართლით გეცხოვრათ; და ვისი წყლულებითაც განიკურნეთ.
რამეთუ იყვენით, ვითარცა ცხოარნი შეცთომილნი, არამედ აწ მოიქეცით მწყემსისა მის მიმართ და მოღუაწისა სულთა თქუენთაჲსა.
ვინაიდან გზადაბნეული ცხვრებივით იყავით, ახლა კა დაუბრუნდით მწყემსსა და თქვენი სულების ზედამხედველს.
