წმ. მოციქულისა პეტრესი (პირველი) · თავი 3

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

ეგრეთვე ცოლნი დაემორჩილენით თჳსთა ქმართა, რაჲთა დაღათუ ვინმე ურჩ არიან სიტყჳსა მის, დედათა სლვისა მისგან თჳნიერად სიტყჳსა შეიძინნენ,

ასევე ცოლებიც დაემორჩილეთ ქმრებს, რათა თვით ისინიც კი, რომელნიც ეურჩებიან სიტყვას, შეძენილ იქნენ თავიანთი ცოლების ქცევით, სიტყვის გარეშე,

2

ხედვიდენ რაჲ იგინი შიშით წმიდასა მას სლვასა თქუენსა,

როცა იხილავენ თქვენს უბიწო და ღვთისმოშიშ ქცევას.

3

რომელი იყავნ არა გარეშითა მით განთხზვითა თმათაჲთა და შესხმითა ოქროჲსაჲთა, გინა შემოსითა სამოსლისაჲთა, შემკობაჲ,

დაე, თქვენი სამშვენისი ნუ იქნება გარეგნული იერი: თმაწნულობა, ოქროს სამკაულები თუ მორთულ-მოკაზმული სამოსი,

4

არამედ დაფარული იგი გულისა კაცი, უხრწნელითა მით მშჳდისა მის და მყუდროჲსა სულისა წესითა, რომელ არს წინაშე ღმრთისა ფრიად პატიოსან.

არამედ გულის ფარული სიწმიდე, უხრწნელი სამკაული მშვიდი და თვინიერი სულისა, რაც ესოდენ ძვირფასია ღვთის წინაშე.

5

რამეთუ ესრეთვე ოდესმე წმიდანი იგი დედანი, რომელნი ესვიდეს ღმერთსა, შეიმკობდეს თავთა თჳსთა და დამორჩილებულ იყვნეს თჳსთა ქმართა,

ასე იმკობდნენ თავს ოდესღაც ღვთისმოსავი წმიდა ქალები, რომლებიც ემორჩილებოდნენ თავიანთ ქმრებს.

6

ვითარცა-იგი სარრა ერჩდა აბრაჰამს და უფლით ხადინ მას, რომლისა-იგი იქმნენით შვილ კეთილის მოქმედ და ნუ გეშინინ ნუცა ერთისა შიშისა.

ასე დაემორჩილა სარაც და ბატონი უწოდა აბრაამს, ვისი შვილებიცა ხართ, როცა კეთილ საქმეს აკეთებთ და არაფრის შიში არ გაკრთობთ.

7

ქმარნი ეგრეთვე მსგავსად თანა-მკჳდრ ეყვენით შენდობით, ვითარცა უუძლურესსა ჭურჭელსა, დედათა მისცემდით პატივსა, ვითარცა თანა-მკჳდრთა მადლისა ცხორებისათა, რაჲთა არა დაჰბრკოლდებოდინ ლოცვასა თქუენსა.

და, თქვენც, ქმრებო, სათუთად მოეპყარით ცოლებს, როგორც უმყიფეს ჭურჭელს, და პატივი ეცით, როგორც სიცოცხლის მადლის თანამემკვიდრეთ, რათა ლოცვა არ დაგიბრკოლდეთ.

8

ხოლო დასასრულსა ყოველნი ერთ-ზრახვა იყვენით, მოწყალე, ძმათ მოყუარე, შემწყნარებელ, მდაბალ.

და ბოლოს, ყველანი თანამოაზრენი, თანამლმობნი, ძმათმოყვარენი, შემწყნარეაელნი და თავმდაბალნი იყავით.

9

ნუ მიაგებთ ბოროტსა ბოროტისა წილ, ნუცა გინებასა გინებისა წილ, არამედ წინააღმდგომსა აკურთხევდით და უწყოდეთ, რამეთუ ამისთჳს მებრ იჩინენით, რაჲთა კურთხევაჲ დაიმკჳდროთ.

ნუ მიაგებთ ბოროტს ბოროტის წილ, ნურც გინებას გინების წილ, არამედ აკურთხეთ წინააღმდგომნი, ვინაიდან იმისთვისა ხართ ხმობილნი, რომ კურთხევა დაიმკვიდროთ.

10

რამეთუ რომელსა ჰნებავს სიყუარული ცხორებისაჲ და ხილვად დღენი კეთილისანი, დააცხრვენ ენაჲ თჳსი ბოროტისაგან და ბაგენი მისნი ნუ იტყჳედ ზაკუვასა,

რადგან ვისაც სურს უყვარდეს სიცოცხლე და იხილოს კეთილდღეობა, ნუ მისცემს ენას ბოროტის თქმის ნებას და ნურც მისი ბაგენი იტყვიან ზაკვას;

11

მოიქეცინ ბოროტისაგან, ქმენინ კეთილი, მოიძიენ მშჳდობაჲ და მისდევდინ მას,

ერიდოს ბოროტს, აკეთოს სიკეთე, ეძიოს მშვიდობა და ელტვოდეს მას.

12

რამეთუ თუალნი უფლისანი მართალთა ზედა და ყურნი მისნი ლოცვასა მათსა ზედა, ხოლო პირი უფლისაჲ მოქმედთა ზედა ძჳრისათა.

რადგანაც უფლის თვალი მიპყრობილია მართალთა მიმართ, მისი ყური კი - მათი ლოცვა-ვედრების მიმართ, ხოლო მისი სახე რისხვით დაჰყურებს ბოროტმოქმედთ.

13

და ვინ-მე არს ბოროტის მყოფელ თქუენდა, უკუეთუ თქუენ კეთილის მობაძავ იქმნენით?

ვინ შეგამთხვევთ ბოროტს, თუ კეთილს ესწრაფით?

14

და დაღაცათუ გევნებოდის სიმართლისათჳს, ნეტარ ხარ, ხოლო შიშისა მის მათისაგან ნუ გეშინინ, ნუცა შესძრწუნდებით.

მაგრამ, კიდევაც რომ ევნოთ სიმართლისათვის, ნეტარნი ხართ; მაშ, ნუ შიშობთ მათი შიშით და ნურცა ძრწით.

15

არამედ უფალი ღმერთი წმიდა ყავთ გულთა შინა თქუენთა; განმზადებულ იყვენით მარადის სიტყჳს მიგებად ყოვლისა, რომელი ეძიებდეს თქუენგან სიტყუასა თქუენ შორის სასოებისა მისთჳს, სიმშჳდით და შიშით.

არამედ უფალი ქრისტე წმიდა-ყავით თქვენს გულში და მარადჟამ მზად იყავით, რომ თვინიერად და მოწიწებით მიუგოთ ყველას, ვინცა გთხოვთ თქვენი სასოების ახსნას.

16

გონებაჲ გაქუნდინ კეთილი, რაჲთა, რომელნი-იგი ძჳრსა იტყოდიან თქუენთჳს, ვითარცა ძჳრის მოქმედთათჳს, ჰრცხუენოდის, რომელნი-იგი ჰმძლავრობდენ თქუენსა მას კეთილსა ქრისტეს მიერ სლვასა.

წრფელი იყოს თქვენი სინიდისი, რათა თვით იქაც კი, სადაც ბოროტი სიტყვით გახსენებენ როგორც ბოროტმოქმედთ, შერცხვენილნი დარჩნენ ისინი, ვინც გმობენ თქვენს კეთილ ქცევას ქრისტეში.

17

რამეთუ უმჯობეს არს, კეთილსა თუ იქმოდით, ეგრე თუ ჯერ-უჩნდეს ნებასა ღმრთისასა ვნებაჲ თქუენი, ვიდრე-ღა არა ბოროტსა თუ იქმოდით.

ვინაიდან, თუ ნებავს ღმერთს, უმჯობესია კეთილ საქმეთათვის ევნოთ, ვიდრე ბოროტთათვის.

18

რამეთუ ქრისტემანცა ერთ გზის ცოდვათა ჩუენთათჳს ივნო, მართალმან მან ცრუთათჳს, რაჲთა ჩუენ წარგუადგინნეს ღმრთისა, მოკუდა ჴორცითა და ცხოველ იქმნა სულითა,

რადგან ერთხელ ქრისტეც ჩვენი ცოდვებისათვის ევნო, მართალი - არამართალთათვის, რათა მივეყვანეთ ღმერთთან; მოკვდა ხორცით და გაცოცხლდა სულით,

19

რომლითაცა საპყრობილესა მას სულთა მივიდა და ქადაგა.

რომლითაც მივიდა საპყრობილეში მყოფ სულებთან და უქადაგა მათაც,

20

რომელნი-იგი ურჩ ოდესმე იყვნეს, რაჟამს ერთ გზის თავს-ედვა სულ-გრძელებასა მას ღმრთისასა დღეთა მათ ნოვესთა, შემზადებასა მას კიდობნისასა, რომელსა შინა მცირედნი, ესე იგი არს რვანი სულნი განერნეს წყლისაგან.

გაკერპებულნი რომ ურჩობდნენ ჯერ კიდევ მაშინ, როცა ნოეს დროს მოელოდნენ ღვთის სულგრძელობას, ვიდრე იგებოდა კიდობანი, რომლითაც ცოტა, ესე იგი, მხოლოდ რვა სული გადაურჩა წარღვნას.

21

რომლისა სახედ აწ თქუენცა გაცხოვნებს ნათლის-ღებაჲ, არა ჴორცთაგან განშორებაჲ მწინკულისაჲ, არამედ გონებისა კეთილისა ტრფიალებაჲ ღმრთისა მიმართ აღდგომითა იესუ ქრისტესითა,

ეს იყო ხატება ნათლისღებისა, რაც ამჟამად გიხსნით (არა ჭუჭყის ჩამორეცხვა ხორციდან, არამედ წრფელი სინიდისის სწრაფვა ღვთის მიმართ) იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის წყალობით,

22

რომელი არს მარჯუენით ღმრთისა, რომელი აღმაღლდა ზეცად და დაემორჩილნეს მას ანგელოზნი, ჴელმწიფებანი და ძალნი.

რომელიც ცად ამაღლების შემდეგ დაჯდა მამის მარჯვნივ და დაემორჩილნენ მას ანგელოზნი, ხელმწიფებანი და ძალნი.