თესალონიკელთა მიმართ (პირველი) · თავი 2

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

რამეთუ თქუენ თჳთ უწყით, ძმანო, შემოსლვაჲ იგი ჩუენი თქუენდა მიმართ, რამეთუ არა ცუდად რაჲ იყო;

თქვენ თვითონ იცით, ძმანო, რომ ჩვენი შემოსვლა თქვენთან არ იყო ფუჭი.

2

არამედ წინაწარ ვივნეთ და ვიგინენით, ვითარცა-იგი უწყით, ფილიპეს შინა, განვეცხადენით ღმრთისა ჩუენისა მიერ სიტყუად თქუენდა მიმართ სახარებასა მას ღმრთისასა მრავლითა ღუაწლითა.

არამედ მანამდე ფილიპეში ვნებულნი და შეგინებულნი, როგორც მოგეხსენებათ, ისე გავკადნიერდით, რომ ჩვენი ღმერთის მიერ სახარება გვექადაგა თქვენთვის მრავალი ღვაწლით.

3

რამეთუ ნუგეშინის-ცემაჲ ესე ჩუენი არა საცთურისაგან, არცა არა-წმიდებისა, არცა ზაკუვით,

რადგანაც ჩვენს შეგონებაში არც ცთომაა, არც ცბიერება და უწმინდურება.

4

არამედ, ვითარცა-იგი გამოცდილ ვართ ღმრთისა მიერ რწმუნებად ჩუენდა სახარებაჲ იგი, ეგრეთცა ვიტყჳთ, არა ვითარცა კაცთა სათნო-ვეყოფვით, არამედ ღმერთსა, რომელი-იგი არს გამომცდელი გულითა ჩუენითაჲ.

არამედ, როგორც გამოვუცდივართ ღმერთს, რათა მოგვნდობოდა სახარება, ისევე ვქადაგებთ, კაცთა საამებლად კი არა, არამედ ღვთისა, რომელიც გამოსცდის ჩვენს გულებს.

5

რამეთუ არცა სადა სიტყჳთა ლიქნისაჲთა ვიყვენით, ვითარცა-ეგე თქუენ უწყით, არცა მიზეზითა ანგაჰრებისაჲთა, ღმერთი მოწამე არს.

ამიტომ, როგორც მოგეხსენებათ, არასოდეს გვიხმარია ლიქნის სიტყვა და არც ანგარებისთვის მიგვიმართავს, ღმერთია მოწმე.

6

არცა ვეძიებთ კაცთაგან დიდებასა, არცა თქუენგან და არცა სხუათაგან; და ესეღა ჴელ-გუეწიფების, და- თუმცა რაჲმე-გამძიმეთ, ვითარცა ქრისტეს მოციქულთა,

არც ვეძებთ კაცთაგან დიდებას, არც თქვენგან და არც სხვებისგან.

7

არამედ ვიქმნენით ჩუენ მშჳდ და მყუდრო თქუენ შორის, ვითარცა მზრდელი რაჲ ჰფუფუნებენ თჳსთა შვილთა.

თუმცაღა, როგორც ქრისტეს მოციქულებს, შეგვეძლო მძიმე ტვირთად დაგწოლოდით, მაგრამ მშვიდად ვიყავით თქვენს შორის, როგორც ძიძა, თავს რომ ევლება თავის პატარებს.

8

ეგრეთ მოსურნე ვიყვენით თქუენდა და ჯერ-გჳჩნდა მიცემად თქუენდა არა ხოლო სახარებაჲ იგი ღმრთისაჲ, არამედ თჳსთაცა სულთა, რამეთუ საყუარელ ჩუენდა იქმნენით.

ასევე ჩვენც, თქვენდამი კეთილგანწყობის გამო, მოვისურვეთ გადმოგვეცა თქვენთვის არა მარტო სახარება ღვთისა, არამედ ჩვენი სული, ვინაიდან საყვარელნი გახდით ჩვენთვის.

9

მოიჴსენენით, ძმანო, შურომანი ჩუენნი და რუდუნებანი, რამეთუ ღამე და დღე ვიქმოდეთ, რაჲთა არავის დაუმძიმოთ თქუენგანსა, და ესრეთ ვქადაგეთ თქუენდა მიმართ სახარებაჲ იგი ღმრთისაჲ.

ხომ გახსოვთ, ძმანო, ჩვენი შრომა და რუდუნება: დღე და ღამეს ვასწორებდით, რომ არ შეგვეწუხებინეთ, და ასე გიქადაგებდით ღვთის სახარებას.

10

თქუენ მოწამე ხართ და ღმერთი, ვითარ-იგი ღირსად და მართლად და უბიწოდ თქუენ მორწმუნეთა მიმართ ვიყვენით,

თქვენთან ერთად, ღმერთია მოწმე, თუ რა წმინდად, სამართლიანად და უმწიკვლოდ ვიქცეოდით თქვენს მიმართ, რომელთაც გწამთ,

11

ვითარცა-ეგე იცით, ვითარ კაცად-კაცადსა თქუენსა, ვითარცა მამაჲ თჳსსა შვილსა, ეგრეთ გლოცევდით თქუენ და ნუგეშინის-გცემდით

ვინაიდან თვითონვე იცით, რომ, როგორც მამა - შვილებს, ისე შევაგონებდით თვითეულ თქვენგანს,

12

და გიწამებდით, რაჲთა ხჳდოდით თქუენ ღირსად ღმრთისა, რომელმან-იგი გიჩინნა თქუენ თჳსსა მას სასუფეველსა და დიდებასა.

განუგეშებდით და გარწმუნებდით, რომ გევლოთ ღვთის ღირსად, რომელმაც თავისი სასუფევლისა და დიდებისათვის გიხმოთ.

13

ამისთჳს ჩუენცა ვჰმადლობთ ღმერთსა მოუკლებელად, რამეთუ მიიღეთ თქუენ სიტყუაჲ იგი სმენისა ღმრთისაჲ ჩუენ მიერ და შეიწყნარეთ არა თუ სიტყუაჲ კაცთაჲ, არამედ ვითარცა არს ჭეშმარიტად სიტყუაჲ ღმრთისაჲ, რომელიცა-იგი შეწევნასა აჩუენებს თქუენ შორის მორწმუნეთა მაგათ.

ამიტომ ჩვენც განუწყვეტლივ მადლს ვწირავთ ღმერთს, რადგანაც მიიღეთ სიტყვა, ჩვენი წყალობით რომ ისმინეთ, და კაცთა სიტყვად კი არ აღიქვით იგი, არამედ მისი ნამდვილი სახით, ესე იგი, ღვთის სიტყვად, რომელიც კიდეც მოქმედებს თქვენში, მორწმუნენო.

14

რამეთუ თქუენ მობაძავ იქმნენით, ძმანო, ეკლესიათა მათ ღმრთისათა, რომელნი არიან ჰურიასტანს ქრისტე იესუჲს მიერ, რამეთუ ეგრეთვე გევნო თქუენცა თჳსთაგან ტომთა, ვითარცა-იგი მათ ჰურიათაგან,

რადგანაც, ძმანო, მიმბაძველნი გახდით ღვთის ეკლესიებისა, რომლებიც არიან იუდეაში ქრისტე იესოს მიერ, ვინაიდან იგივე დაითმინეთ თვისტომთაგან, რაც მათ - იუდეველთაგან,

15

რომელთა-იგი უფალი მოკლეს იესუ და თჳსნი წინაწარმეტყუელნი და ჩუენ გამოგუდევნნეს და ღმერთსა არა სათნო-ეყვნეს და ყოველთა კაცთა წინააღმდგომ არიან

რომელთაც მოკლეს უფალი იესოც და მისი წინასწარმეტყველნიც, ხოლო ჩვენ გამოგვაძევეს, რადგანაც არას დაგიდევენ ღმერთს და ყოველი კაცის მტრები არიან.

16

და ჩუენ მაბრკოლებენ წარმართთა მიმართ სიტყუად, რაჲთა ცხონდენ, რაჲთა აღესრულნენ ცოდვანი მათნი მარადის; რამეთუ მოიწია მათ ზედა რისხვაჲ სრულიად.

ვინაიდან გვიკრძალავენ ვუქადაგოთ წარმართთ და, ამრიგად, ვიხსნათ ისინი. ასე რომ, გამუდმებით ავსებენ თავიანთ ცოდვათა საწყაულს, რისთვისაც უკვე თავს ატყდებათ რისხვა.

17

ხოლო ჩუენ, ძმანო, ობოლ ღათუ ვიქმნენით თქუენგან წუთერთ ჟამ პირითა და არა გულითა, უმეტესად ვისწრაფეთ პირისა თქუენისა ხილვად მრავლითა წადიერებითა.

ხოლო ჩვენ, ძმანო, თვალით და არა გულით ერთხანს თქვენგან განშორებულნი, მით უფრო მეტად ვესწრაფვით თქვენს პირისპირ ხილვას.

18

ვინაჲცა ვინებეთ მისლვაჲ თქუენდა მე, პავლე, ერთ-გზის და ორ-გზის, და დამაბრკოლნა ჩუენ სატანა.

ამიტომაც იყო, რომ ჩვენ, მეტადრე, მე - პავლემ, დავაპირეთ თქვენთან წამოსვლა, მაგრამ სატანამ დაგვაბრკოლა.

19

რამეთუ რაჲ-მე არს სასოებაჲ ჩუენი ანუ სიხარული ანუ გჳრგჳნი სიქადულისაჲ? ანუ არა-მე თქუენა წინაშე უფლისა იესუ ქრისტესა მისსა მას მოსლვასა?

ვინაიდან, რა არის ჩვენი სასოება, ან სიხარული, ან სიქადულის გვირგვინი, თუ არა თქვენ, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს წინაშე. მისი მოსვლისას?

20

რამეთუ თქუენ ხართ დიდებაჲ ჩუენი და სიხარული.

რადგანაც თქვენა ხართ ჩვენი დიდება და სიხარული.