თესალონიკელთა მიმართ (პირველი) · თავი 4
ამიერითგან, ძმანო ჩემნო, გიკითხავთ და გლოცავთ უფლისა მიერ იესუ ქრისტესა, რაჲთა ვითარცა-იგი ისწავეთ ჩუენგან, ვითარ ჯერ-არს თქუენდა სლვაჲ და სათნო-ყოფაჲ ღმრთისაჲ, რაჲთა უფროჲს ჰმატებდეთ;
ამასთანავე, ძმანო, გთხოვთ და შეგაგონებთ უფალ იესოში, რომ ჩვენი სწავლა - როგორ იქცეოდეთ ღვთის საამებლად, აღასრულოთ მთელი სავსებით.
რამეთუ იცით, ვითარნი მცნებანი მიგცენით თქუენ უფლისა მიერ იესუ ქრისტესა.
რადგანაც იცით, როგორი მცნებები მოგეცით უფალ იესოსაგან.
რამეთუ ესე არს ნებაჲ ღმრთისაჲ, სიწმიდე ეგე თქუენი, განშორებად თქუენდა სიძვისაგან,
ვინაიდან ესაა ღვთის ნება: თქვენი სიწმიდე, რათა განერიდოთ სიძვას,
ცნობად კაცად-კაცადისა თქუენისა თავისა თჳსისა ჭურჭელი მოგებად სიწმიდით და პატივით,
და თვითეულმა თქვენგანმა იცოდეს, როგორ შეინახოს თავისი ჭურჭელი სიწმიდით და პატიოსნებით.
ნუ ვნებითა გულის თქუმისაჲთა, ვითარცა-იგი წარმართნი, რომელთა არა იციან ღმერთი,
და არა ავხორცული ვნებით, წარმართთა მსგავსად, რომელნიც არ იცნობენ ღმერთს;
არა გარდასლვად და მოანგაჰრებად საქმესა ძმისა თჳსისასა, რამეთუ შურის-მეძიებელ არს ღმერთი ამათ ყოველთათჳს, ვითარცა-იგი წინაწარ გარქუთ თქუენ და გიწამებდით.
რათა არავინ დათრგუნოს და არც საქმეში გააცუროს თავისი ძმა, ვინაიდან ღმერთია შურისმაძიებელი ყოველივე ამის გამო, როგორც უწინაც მითქვამს და მიმოწმებია თქვენთვის.
რამეთუ არა გჳჩინნა ჩუენ ღმერთმან არაწმიდებად, არამედ სიწმიდედ.
რადგანაც უწმინდურობისაკენ კი არა, სიწმიდისაკენ გვიხმო ღმერთმა.
აწ უკუე რომელმან შეურაცხ-ყოს, არა კაცსა შეურაცხ-ჰყოფს, არამედ ღმერთსა, რომელმანცა მოგცა სული წმიდაჲ მისი თქუენ ზედა.
ასე რომ, ურჩი კაცს კი არ ეურჩება, არამედ ღმერთს, რომელმაც მოგცათ თავისი სული წმიდა.
ხოლო ძმათ მოყუარებისათჳს არა გჳჴმს მიწერად თქუენდა, რამეთუ თქუენ თჳთ ღმრთივ სწავლულნი ხართ სიყუარულისათჳს ურთიერთარს
ხოლო ძმათმოყვარეობისთვის ზედმეტად მიმაჩნია რამე მოგწეროთ, რადგანაც თვით ღმერთმა გასწავლათ, რომ უნდა გიყვარდეთ ერთმანეთი,
და რამეთუ ჰყოფთცა მას ყოველთა მიმართ ძმათა, რომელნი არიან ყოველსა მაკედონიასა. ხოლო გლოცავ თქუენ, ძმანო, გარდამატებად უფროჲსღა
და ასევე იქცევით ყველა ძმის მიმართ მთელს მაკედონიაში, მაგრამ შეგაგონებთ, ძმანო, კიდევ უფრო მეტად გიყვარდეთ ისინი;
და პატივის-ცემის მოყუარე იყვენით და მყუდრო და იქმოდეთ თჳსსა და შურებოდეთ ჴელითა თქუენითა, ვითარცა-იგი გამცენით თქუენ,
გულმოდგინედ ეცადეთ მშვიდად იცხოვროთ და საკუთარი ხელით აკეთოთ თქვენი საქმე, როგორც ჩვენს მიერ გემცნოთ,
რაჲთა ხჳდოდით შუენიერად გარეშეთა მათ მიმართ, და ნურარაჲ ვის გიჴმნ.
რათა ღირსეულად იქცეოდეთ გარეშეთა მიმართ და არაფერი გაკლდეთ.
ხოლო არა გუნებავს უმეცრებაჲ თქუენი, ძმანო, შესუენებულთა მათთჳს, რაჲთა არა სწუხდეთ, ვითარცა-იგი სხუანი, რომელთა არა აქუს სასოებაჲ.
მაგრამ არ გვინდა, ძმანო, რომ არაფერი იცოდეთ განსვენებუღთა თაობაზე, რათა მათსავით არ წუხდეთ, ვისაც არა აქვს სასოება.
რამეთუ უკუეთუ გურწამს, ვითარმედ იესუ მოკუდა და აღდგა, ეგრეცა ღმერთმან შესუენებულნი იგი იესუჲს მიერ მოიყვანნეს მის თანა.
რადგანაც თუ გწამს, რომ იესო მოკვდა და აღდგა, მაშინ ღმერთი იესოში განსვენებულთაც მოიყვანს მასთან ერთად.
ხოლო ამას გეტყჳ თქუენ სიტყჳთა უფლისაჲთა, ვითარმედ ჩუენ, ცხოველნი ესე, რომელ დაშთომილ ვიყვნეთ მოსლვასა მას უფლისასა, ვერ მივეწინეთ შესუენებულთა მათ,
ხოლო ამას გეუბნებით უფლის სიტყვით, რომ ჩვენ, უფლის მოსვლამდე ცოცხლად შთენილნი, ვერ დავასწრებთ განსვენებულთ.
რამეთუ თავადი უფალი ბრძანებითა და ჴმითა ანგელოზთ მთავრისაჲთა და საყჳრითა ღმრთისაჲთა გარდამოჴდეს ზეცით, და მკუდარნი იგი ქრისტეს მიერნი აღდგენ პირველად;
ვინაიდან თვით უფალი, მბრძანებლური სიტყვით, მთავარანგელოზის ხმობითა და ღვთის საყვირის ხმით, გადმოვა ზეცით, და პირველნი აღდებიან ქრისტეში განსვენებულნი.
და მაშინღა ჩუენ, ცხოველნი ესე, რომელნი დაშთომილ ვიყვნეთ, მათ თანავე აღვიტაცნეთ ღრუბლითა შემთხუევად უფლისა ჰაერთა ზედა და ესრეთ მარადის უფლისა თანა ვიყოფვოდით.
შემდეგ კი ჩვენც, ცოცხლად შთენილთაც, აგვიტაცებენ ღრუბლებს ზემოთ, რათა ჰაერში შევეგებოთ უფალს და, ამრიგად, სამუდამოდ უფალთან ერთად ვიქნებით.
ვინაჲცა ნუგეშინის-სცემდით ურთიერთარს სიტყუათა ამათ მიერ.
ასე რომ, ამ სიტყვებით ანუგეშეთ ერთიმეორე.
