ტიმოთეს მიმართ (პირველი) · თავი 4
ხოლო სული წმიდაჲ ცხადად იტყჳს, რამეთუ უკუანაჲსკნელთა ჟამთა გან-ვინმე-დგენ სარწმუნოებისაგან და ერჩდენ იგინი სულთა მათ მაცთურთა და მოძღურებასა ეშმაკთასა
ხოლო სული ცხადად მეტყველებს, რომ უკანასკნელ ჟამს რწმენისაგან განდგებიან ზოგიერთნი და შეუდგებიან მაცდურ სულთა და დემონთა მოძღვრებას
ორგულებითა სიტყჳთა ტყუილისაჲთა, შემწუარნი თჳსითა გონებითა,
ცრუმეტყველთა თვალთმაქცობით, რომელთაც დადაღეს თავიანთი სინიდისი;
აყენებდენ ქორწილსა და განაშორებდენ საჭმელთა, რომელნი ღმერთმან დაჰბადნა მისაღებელად მადლობით მორწმუნეთათჳს და რომელთა იციან ჭეშმარიტებაჲ.
რომელნიც კრძალავენ ქორწინებას და იმის ჭამას, რაც შექმნა ღმერთმა, რათა მორწმუნენი და ჭეშმარიტების მცოდნენი მადლიერებით ჭამდნენ.
რამეთუ ყოველი დაბადებული ღმრთისაჲ კეთილ არს, და არარაჲ არს განსაგდებელ, მადლობით მიღებული,
რადგანაც კეთილია ღმერთის ყოველი ქმნილება და არ არის უარსაყოფი, თუკი მიიღება მადლიერებით,
რამეთუ განწმიდნების სიტყჳთა ღმრთისაჲთა და ლოცვითა.
ვინაიდან ღვთის სიტყვით და ლოცვით განიწმიდება.
ამას ასწავებდ ძმათა და იყო კეთილად მსახურ ქრისტე იესუჲსა და იზარდებოდი სიტყჳთა სარწმუნოებისაჲთა და კეთილითა მოძღურებითა, რომელსაცა შეუდგ.
ამას ასწავლიდე ძმებს და იქნები კეთილი მსახური იესო ქრისტესი, რწმენის სიტყვით და კეთილი მოძღვრებით ნაზარდი, რომლის მიმდევარიც გახდი.
ხოლო შეგინებულთა მათ და დედაბერებრთა ზღაპართაგან იჯმენ. ხოლო იწუართე თავი შენი ღმრთის მსახურებასა,
ხოლო უწმინდურთა და დედაბერთა ზღაპრებს ერიდე და ღვთისმოსაობაში გაიწაფე თავი.
რამეთუ ჴორციელი წურთილებაჲ წუთერთ ჟამ სარგებელ არს; ხოლო ღმრთის მსახურებაჲ ყოვლითავე სარგებელ არს, რამეთუ აღთქუმაჲ აქუს ცხორებისაჲ აწინდელისა და მერმისაჲ.
ვინაიდან სხეულის წვრთნა ცოტა რამეში თუ წაგადგება, ღვთისმოსაობა კი ყოველმხრივ სასარგებლოა, რაკიღა აწინდელი სიცოცხლის აღთქმაცა აქვს და მერმისისაც.
სარწმუნო არს სიტყუაჲ და ყოვლისა შეწყნარებისა ღირს.
სარწმუნოა ეს სიტყვა და ღირსი სრული შეწყნარებისა.
რამეთუ ამისთჳს ვშურებით და ვიყუედრებით, რამეთუ ვესავთ ღმერთსა ცხოველსა, რომელ არს მაცხოვარი ყოველთა კაცთაჲ, უფროჲსღა მორწმუნეთაჲ.
ვინაიდან იმისთვის ვშრომობთ და ვიღვწით, რომ ვესავთ ცოცხალ ღმერთს, რომელიც არის ყოველი კაცისა და, მით უმეტეს, მორწმუნეთა მხსნელი.
ამცნებდ ამას და ასწავებდ.
ამას ამცნებდე და ასწავლიდე.
ნუმცა ვინ სიჭაბუკესა შენსა შეურაცხ-ჰყოფნ; არამედ სახე ექმენ მორწმუნეთა მათ სიტყჳთა, სლვითა, სიყუარულითა, სულითა, სარწმუნოებითა, სიწმიდითა.
ნურავის დაამცირებინებ შენს სიჭაბუკეს, არამედ ნიმუშად ექმენ მორწმუნეთ სიტყვით, ქცევით, სიყვარულით, სულით, რწმენით, სიწმიდით;
ვიდრემდე მოვიდე, ეკრძალე საკითხავსა, ნუგეშინის-ცემასა, მოძღურებასა;
ვიდრე მოვიდოდე, გამუდმებით იკითხე, შეაგონე, დამოძღვრე.
ნუ უდებ-ჰყოფ, რომელ-ეგე არს შენ თანა მადლი, რომელი მოგეცა შენ წინაწარმეტყუელებითა, დასხმითა ჴელთა ხუცობისათა.
ნუ უგულებელყოფ შენთვის ბოძებულ ნიჭს, რომელიც მოგეცა წინასწარმეტყველებითა და უხუცესთა ხელდასხმით.
ამას იწურთიდ და ამას შინა იყავ, რაჲთა წარმატებულებაჲ ეგე შენი ცხად იყოს ყოველსა შინა.
ამაზე იზრუნე და ასე იყავი, რათა შენი წარმატება ცხადი შეიქნეს ყველასთვის.
ეკრძალე თავსა შენსა და მოძღურებითა მით დაადგერ მათ ზედა, რამეთუ ამას რაჲ ჰყოფდე, თავიცა შენი აცხოვნო და მორჩილნიცა შენნი.
გაუფთხილდი შენს თავსა და მოძღვრებას, დამკიდრდი მათში, რადგანაც ამით თავსაც იხსნი და შენს მსმენელთაც.
