ტიმოთეს მიმართ (პირველი) · თავი 1

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

პავლე, მოციქული იესუ ქრისტესი, ბრძანებითა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისაჲთა, და უფლისა იესუ ქრისტეს – სასოებისა ჩუენისაჲთა,

პავლე, მოციქული ქრისტე იესოსი, ღმერთის, ჩვენი მაცხოვრისა და ჩვენი სასოების ქრისტე იესოს ბრძანებით, -

2

ტიმოთეს, ერთგულსა შვილსა სარწმუნოებით, მადლი, წყალობაჲ და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და ქრისტე იესუჲს მიერ, უფლისა ჩუენისა.

ტიმოთეს, ჭეშმარიტ შვილს რწმენაში: მადლი, წყალობა და მშვიდობა მამა ღმერთისა და ჩვენი უფლის ქრისტე იესოსაგან.

3

ვითარცა-იგი გლოცევდ შენ დადგრომად ეფესოს შინა, მირაჲ-ვიდოდე მაკედონიად, რაჲთა ამცნო ვიეთმე, რაჲთა არა სხუასა რასმე მოძღურებდენ,

მაკედონიაში წასვლისას მე გთხოვე ეფესოში დარჩენილიყავი, რათა გემცნო ზოგიერთისთვის, რომ ნუ ასწავლიან სხვა რამეს,

4

არცა ერჩდენ ზღაპართა და ტომის-რაცხათა დაუსრულებელთა, რომელთა-იგი ძიებაჲ შეამთხჳან უფროჲს, ვიდრე მოღუაწებაჲ ღმრთისაჲ, რომელ არს სარწმუნოებით.

და ნუ გადაჰყვებიან არაკებსა თუ გვარტომობის დაუსრულებელ ამბებს, რომლებიც უფრო მეტ დავას იწვევენ, ვიდრე ღვთის შეგონებას რწმენით.

5

ხოლო დასასრული მცნებისაჲ არს სიყუარული გულისაგან წმიდისა და გონებისა კეთილისა და სარწმუნოებისა შეუორგულებელისა,

ხოლო მცნების მიზანია სიყვარული წმიდა გულით, წრფელი სინიდისითა და უპირფერო რწმენით,

6

რომელსა-იგი ვინმე ვერ მიემთხჳნეს და გარდაიქცეს ამაოჲსა სიტყუად.

რასაც ზოგიერთი დაშორდა და ფუჭ მოლაყბედ იქცა.

7

უნდა მათ, რაჲთამცა იყვნეს შჯულის მოძღუარ, და არა იცოდეს, არცა რასა-იგი იტყჳან, არცა ვიეთთჳს დაამტკიცებენ.

რჯულისმოძღვრობა სწადიათ, მაგრამ არც ის ესმით, რასაც ამბობენ, და არც ის, რასაც ამტკიცებენ.

8

ხოლო ესე უწყით, ვითარმედ კეთილ არს შჯული, უკუეთუ ვინმე წესიერად იპყრას იგი;

ხოლო ჩვენ ვიცით, რომ რჯული კეთილია, თუკი ვინმე რჯულიერად მოიხმარს მას.

9

უწყი ესე, რამეთუ მართალსა შჯულ არა უც, არამედ უშჯულოთა და ურჩთა, უმსახურებელთა და ცოდვილთა, უღირსთა და ბილწთა, მამის მაგინებელთა და დედის მაგინებელთა, კაცის-მკლველთა,

რადგანაც გვესმის, რომ რჯული მართლისთვის კი არაა დადგენილი, არამედ ურჯულოთა და ურჩთა, უღმერთოთა და ცოდვილთა, მკრეხელთა და ბილწთა, დედ-მამის მკვლელთა და კაცისმკვლელთათვის,

10

მეძავთა, მამათმავალთა, კაცის მსყიდელთა, მტყუართა, ცრუფიცთა და სხუაჲ, რომელ რაჲმე სიცოცხლისა ამის მოძღურებასა უჴდების,

მეძავთა, მამათმავალთა, კაცის გამყიდველთა, ცრუთა, ფიცის გამტეხთა და ყველა სხვათათვის, თავიანთი ქცევით რომ ეწინააღმდეგებიან საღ მოძღვრებას,

11

სახარებისა მისებრ დიდებისა ნეტარისა ღმრთისა, რომელი მერწმუნა მე.

თანახმად ნეტარი ღვთის დიდებული სახარებისა, რომელიც მე მაქვს მონდობილი.

12

და მადლიერ ვარ მისა, რომელმან-იგი განმაძლიერა მე, ქრისტე იესუჲს უფლისა ჩუენისა, რამეთუ სარწმუნოდ შემრაცხა მე და დამადგინა მე მსახურებასა ამას,

მადლიერი ვარ მისი, ვინც მომცა ძალა, - ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, სარწმუნოდ რომ შემრაცხა და მსახურად დამადგინა,

13

რომელი პირველად ვიყავ მგმობარ და მდევნელ და მაგინებელ, არამედ შევიწყალე, რამეთუ უმეცრებით ვიყავ ურწმუნოებასა შინა.

მე, რომელიც უწინ ვიყავი მგმობელი, მდევნელი და მაგინებელი, მაგრამ შეწყაღებულ ვიქენ, რადგანაც ასე ვიქცეოდი უმეცრებით, ურწმუნოების გამო.

14

ხოლო უფროჲს გარდაემატა მადლი იგი უფლისა ჩუენისაჲ სარწმუნოებითურთ და სიყუარულით ქრისტე იესუჲს მიერ.

ხოლო ჩვენი უფლის მადლმა უფრო მეტად იმრავლა რწმენითა და სიყვარულით ქრისტე იესოში.

15

სარწმუნო არს სიტყუაჲ და ყოვლისა შეწყნარებისა ღირს, რამეთუ ქრისტე იესუ მოვიდა სოფლად ცოდვილთათჳს ცხორებად, რომელთაჲ პირველი მე ვარ.

სარწმუნოა და ყოველგვარი შეწყნარების ღირსია სიტყვა, რომ ქრისტე იესო მოვიდა ქვეყნად, რათა ეხსნა ცოდვილნი, რომელთა შორისაც პირველი მე ვარ.

16

არამედ ამისათჳს შევიწყალე, რაჲთა ჩემდა მომართ აჩუენოს პირველად იესუ ქრისტემან ყოველი სულგრძელებაჲ მისი სახედ მერმეთა მათ მორწმუნეთა მისა მიმართ ცხორებად საუკუნოდ.

მაგრამ სწორედ იმიტომ ვიქენ შეწყალებული, რომ იესო ქრისტეს პირველად ეჩვენებინა ჩემში მთელი დიდსულოვნება მათდა სანიმუშოდ, მომავალში რომ ირწმუნებენ მას საუკუნო სიცოცხლისათვის.

17

ხოლო მეუფესა მას საუკუნეთასა უხრწნელსა, უხილავსა, მხოლოსა ბრძენსა ღმერთსა პატივი და დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ხოლო საუკუნეთა მეუფეს, უხრწნელს, უხილავსა და ერთადერთ ღმერთს - პატივი და დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

18

ამას მცნებასა შეგვედრებ შენ, შვილო ტიმოთე, მსგავსად მიძღუანებულთა მათ შენდა წინაწარმეტყუელებათა, რაჲთა ჰსაგრობდე მას შინა კეთილსა მას საგრობასა,

ამ მცნებას შენ განდობ. შვილო ტიმოთე, შენთვის მოვლენილი წინასწარმეტყველების თანახმად, რათა იომო კეთილი ომით,

19

და გაქუნდეს სარწმუნოებაჲ და კეთილი გონებაჲ, რომელი-იგი ვიეთმე განიშორეს და სარწმუნოებისაგან განცჳვეს;

გქონდეს რწმენა და წრფელი სინიდისი, რაც უარყო ზოგიერთმა და მარცხი იწვნია რწმენაში, როგორც ხომალდმა - ზღვაში.

20

რომელ არიან ჳმენოს და ალექსანდროს, რომელნი-იგი მივსცენ ეშმაკსა, რაჲთა განისწავლნენ არა-გმობად.

მათ შორის ჰიმენეოსმა და აღექსანდრემ, რომელნიც გადავეცი სატანას, რათა თავი ანებონ გმობას.