თესალონიკელთა მიმართ (მეორე) · თავი 3
ამიერითგან, ძმანო, ილოცევდით ჩუენთჳს, რაჲთა სიტყუაჲ ღმრთისაჲ რბიოდეს და იდიდებოდის, ვითარცა-იგი თქუენდა მიმართ,
მაშ, ილოცეთ, ძმანო, ჩვენთვის, რათა სიტყვა ღვთისა განავრცოს და იდიდოს, როგორც თქვენს შორის,
და რაჲთა განვერნეთ უწესოთა და უკეთურთა კაცთაგან, რამეთუ არა ყოველთაჲ არს სარწმუნოებაჲ.
რათა განვერიდოთ უწესო და უკეთურ ხალხს, ვინაიდან ყველას როდი აქვს რწმენა.
ხოლო სარწმუნო არს უფალი, რომელმან მტკიცე გყვნეს თქუენ და დაგიცვნეს ბოროტისაგან.
მაგრამ სარწმუნოა უფალი, რომელიც განგამტკიცებთ და დაგიცავთ ბოროტისაგან.
ხოლო ვესავთ უფალსა თქუენთჳს, რამეთუ რომელსა-ესე გამცნებთ თქუენ, და ჰყოფთცა და ჰყოთცა.
ხოლო ჩვენ გენდობით უფალში, რომ ასრულებთ და კვლავაც აღასრულებთ, რასაც გამცნობთ.
ხოლო უფალმან წარუმართენ გულთა თქუენთა სიყუარულსა ღმრთისასა და მოთმინებასა ქრისტესსა.
უფალმა წარმართოს თქვენი გულები ღვთის სიყვარულისა და ქრისტეს მოთმინებისკენ.
გამცნებ თქუენ, ძმანო, სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა განშორებად თქუენდა ყოვლისავე მისგან ძმისა, რომელი უწესოდ ვიდოდის, და არა მოძღურებისა მისებრ, რომელი ისწავა ჩუენგან.
ჩვენ კი მცნებად გისახავთ, ძმანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, რომ განეშოროთ ყველა ძმას, უწესოდ მოარულს და არა იმ მოძღვრებისამებრ, ჩვენგან რომ მიგიღიათ.
რამეთუ თქუენ უწყით, ვითარ-იგი ღირს ბაძვად ჩუენდა; რამეთუ არარაჲ უჯეროჲ ვყავთ თქუენ შორის;
რადგანაც თქვენ თვითონ იცით, თუ როგორ უნდა მოგვბაძთთ, ვინაიდან უწესოდ როდი ვიქცეოდით თქვენს შორის.
და არცაღა ცუდად პური ვისგანმე ვჭამეთ, არამედ შრომითა და რუდუნებითა ღამე და დღე ვიქმოდეთ, რაჲთა არავის თქუენგანსა დაუმძიმოთ,
არავის პური არ გვიჭამია მუქთად, არამედ დღედაღამ ვშრომობდით, რომ ტვირთად არ დავწოლოდით რომელიმე თქვენგანს.
არათუ რამეთუ არა გუაქუს ჴელმწიფებაჲ, არამედ რაჲთა თავნი თჳსნი სახედ მიგცნეთ თქუენ, რაჲთა მბაძვიდეთ ჩუენ.
იმიტომ კი არა, რომ ამის უფლება არ გვქონდა, არამედ იმიტომ, რომ მისაბაძ ნიმუშად დაგვესახა თქვენთვის თავი.
და რამეთუ რაჟამს-იგი ვიყავ თქუენ თანა, ამასვე გამცნებდი თქუენ, ვითარმედ: უკუეთუ ვისმე არა უნებს საქმის, ნუცა ჭამნ.
ვინაიდან თქვენთან ყოფნისას ამას გისახავდით მცნებად: ვისაც შრომა არ სურს, მაშინ ნურც ჭამს.
რამეთუ მესმის ვიეთთჳსმე, რომელნი იქცევიან თქუენ შორის უწესოდ, არარას იქმან, არამედ მიმოიწულილვენ.
მაგრამ გვესმის, რომ ზოგიერთი თქვენგანი უწესოდ იქცევა, არაფერს აკეთებს და ფუჭად ფაციფუცობს.
ესევითართა უკუე მათ ვამცნებთ და ვჰლოცავთ უფლისა ჩუენისა მიერ იესუ ქრისტესა, რაჲთა მყუდროებით შურებოდინ და თჳსსა პურსა ჭამდენ.
ამნაირებს გამცნობთ და შევაგონებთ ჩვენს უფალ იესო ქრისტეში, რომ მშვიდი შრომით ჭამონ თავიანთი პური.
ხოლო თქუენ, ძმანო, ნუ გეწყინების კეთილის ყოფად.
თქვენ კი, ძმანო, ნუ მოგბეზრდებათ სიკეთის ქმნა.
და უკუეთუ ვინმე არა ერჩის სიტყუასა ჩუენსა წიგნითა ამით, იგი შეისწავეთ და ნუ თანააღერევით მას, რაჲთა შეიკდიმოს.
ხოლო თუ ვინმე არ შეისმენს ამ ჩვენი წერილის სიტყვებს, დაიხსომეთ და ნუღარ გაიკარებთ, რათა შერცხვენილ იქნეს.
და ნუ ვითარცა მტერსა შეჰრაცხთ მას, არამედ ასწავებდით ვითარცა ძმასა.
მაგრამ მტრად კი ნუ მიიჩნევთ, არამედ ძმასავით დაარიგეთ.
ხოლო თავადმან ღმერთმან მშჳდობისამან მოგეცინ თქუენ მშჳდობაჲ მარადის ყოვლითავე სახითა; უფალი თქუენ ყოველთა თანა!
თვით მშვიდობის უფალმა მოგცეთ მშვიდობა ყველგან და ყოველთვის. უფალი იყოს ყველა თქვენგანთან.
კითხვაჲ ჩემითა ჴელითა პავლესითა, რომელ არს სასწაული ყოველსა წიგნსა; ესრეთ მივწერე:
მოკითხვა ჩემი, პავლეს ხელით, რაც ყველა ჩემი წერილის ნიშანია: მე ასე ვწერ.
მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი თქუენ ყოველთა თანა. ამინ.
ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი ყველა თქვენგანთან. ამინ.
