თესალონიკელთა მიმართ (მეორე) · თავი 1

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

პავლე და სილოანე და ტიმოთე ეკლესიასა თესალონიკელთასა ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესუ ქრისტესა:

პავლე, სილვანუსი და ტიმოთე - თესალონიკეღთა ეკლესიას ჩვენს მამა ღმერთსა და უფალ იესო ქრისტეში:

2

მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესუ ქრისტესა.

მადლი თქვენდა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან.

3

მადლობაჲ გჳღირს ღმრთისა მარადის თქუენთჳს, ძმანო, ვითარცა-იგი ღირს არს, რამეთუ უმეტესად აღორძნდების სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი და განმრავლდების სიყუარული კაცად-კაცადისა თქუენისაჲ ურთიერთარს,

მოვალენი ვართ, ძმანო, მარადჟამ ვმადლობდეთ ღმერთს თქვენთვის, როგორც ჯერ-არს, ვინაიდან უმეტესად იზრდება თქვენი რწმენა და მრავლდება ყოველი თქვენგანის სიყვარული ერთურთის მიმართ.

4

ვიდრეღა ჩუენ თჳთ თქუენთჳს ვიქადეთ ეკლესიათა შინა ღმრთისათა მოთმინებისა მის თქუენისათჳს და სარწმუნოებისა ყოველთა მათ შინა დევნულებათა თქუენთა და ჭირთა, რომელთა თავს-იდებთ

ასე რომ, თვითონვე ვიქადით თქვენით ღვთის ეკლესიებში, თქვენი მოთმინებისა და რწმენის გამო ყოველგვარ დევნილობასა და გასაჭირში, რასაც იტანთ,

5

სახედ სიმართლისა, საშჯელისა ღმრთისა, რაჲთა ღირს იქმნეთ თქუენ სასუფეველსა ღმრთისასა, რომლისათჳსცა გევნების.

იმის დასტურად, რომ იქნება ღვთის მართალი მსჯავრი, რათა ღირსნი გახდეთ ღვთის სასუფევლისა, რისთვისაც ევნებით კიდეც.

6

უკუეთუ სამართალ არს ღმრთისა მიერ მიგებად მაჭირვებელთა თქუენთა ჭირი,

რადგანაც სამართლიანია ღვთის წინაშე, რომ ჭირი მიეგოს თქვენს შემაჭირვებელთ,

7

და თქუენ, ჭირვეულთა, ლხინი ჩუენ თანა გამოჩინებასა მას უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა ზეცით ანგელოზთა თანა ძლიერებისა მისისათა,

ხოლო თქვენ, შეჭირვებულთ, - განსვენება ჩვენთან ერთად, როცა უფალი ჩვენი იესო თავისი ძალის ანგელოზებითურთ გამოგვეცხადება ზეცით,

8

ცეცხლითა ალისაჲთა მიგებად შურის-გებისა, რომელთა-იგი არა იციან ღმერთი და რომელნი-იგი არა დაემორჩილებიან სახარებასა მას უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა,

რათა ცეცხლის ალით იძიოს შური მათზე, ვინც არ სცნობს ღმერთს და ეურჩება ჩვენი უფლის იესოს სახარებას,

9

რომელთა-იგი საშჯელი მიეჴადოს, მომსრველი საუკუნოჲ, პირისაგან უფლისა და დიდებისაგან ძლიერებისა მისისა,

ვინც სასჯელად მიიზღავს საუკუნო წარწყმედას უფლის სახისა და მისი ძალმოსილების დიდებისაგან,

10

რაჟამს მოვიდეს დიდებად შორის წმიდათა მისთა და საკჳრველებად ყოველთა შორის მორწმუნეთა მისთა, რამეთუ სარწმუნო იქმნა წამებაჲ ჩუენი თქუენდა მიმართ მას დღესა შინა,

იმ დღეს, როდესაც მოვა, რათა განდიდებულ იქნეს თავის წმიდათა შორის და მიეგოს პატივი ყოველი მორწმუნისაგან, რადგანაც ირწმუნეთ ჩვენი მოწმობა თქვენს მიმართ.

11

რომლისათჳს ვილოცავთ მარადის თქუენთჳს, რაჲთა ღირს გყვნეს თქუენ ღმერთმან ჩინებისა მის და აღგავსნეს ყოვლითა სათნოებითა სახიერებისაჲთა, საქმითა სარწმუნოებისაჲთა და ძალითა,

ამიტომაც მარადჟამ ვლოცულობთ თქვენთვის, რათა ჩვენმა ღმერთმა ხმობის ღირსნი გყოთ და თავისი ძალმოსილებით აღასრულოს მთელი სათნოება, სიკეთისა და რწმენის საქმე;

12

რაჲთა იდიდოს სახელი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი თქუენ შორის, და თქუენ მის მიერ, მადლითა მით ღმრთისა ჩუენისაჲთა და უფლისა იესუ ქრისტესითა.

რათა იდიდოს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელი თქვენში, ხოლო თქვენ - მასში, ჩვენი ღმერთისა და უფალ იესო ქრისტეს მადლით.