ებრაელთა მიმართ · თავი 3
ვინაჲცა, ძმანო წმიდანო, ჩინებისა მის ზეცათაჲსა ზიარნო, განიცადეთ მოციქული იგი და მღდელთმოძღუარი აღსარებისა ჩუენისაჲ, იესუ ქრისტე,
ამიტომ, ძმანო წმიდანო, ზეციური ხმობის ზიარნო, დაუკვირდით მოციქულსა და ჩვენი აღსარების მღვდელმთავარს, ქრისტე იესოს,
რომელი სარწმუნო არს შემოქმედისა თჳსისა, ვითარცა-იგი მოსეცა ყოველსა მას სახლსა მისსა.
რომელიც ისეთივე ერთგულია თავისი შემოქმედისა, როგორც მოსე ღვთის სახლში.
რამეთუ უმრავლესსა დიდებასა ესე ღირს იყო უფროჲს მოსესსა, ვითარცა-იგი უფროჲსი პატივი აქუნ სახლისაჲ მის მაშენებელსა მას მისსა.
ვინაიდან მოსესთან შედარებით უფრო მეტი დიდების ღირსი შეიქნა, ისევე, როგორც სახლთან შედარებით მეტი პატივი აქვს მის ამშენებელს.
რამეთუ ყოველი სახლი აღეშენის ვისგანმე; ხოლო რომელმან ყოველივე აღაშენა, ღმერთი არს.
რადგანაც ყველა სახლს ვიღაც აშენებს, ყოვლის ამშენებელი კი ღმერთია.
და მოსეცა სარწმუნო იყო ყოველსავე სახლსა მისსა, ვითარცა მსახური მოწამედ თქმულთა მათ.
მოსე ერთგული იყო მთელ მის სახლში, როგორც მსახური, რათა ემოწმებინა, რაც უნდა თქმულიყო,
ხოლო ქრისტე, - ვითარცა ძე სახლსა ზედა მისსა; რომლისა სახლ ვართ ჩუენ, უკუეთუ კადნიერებაჲ იგი და სიქადული სასოებისაჲ მის ვიდრე აღსასრულადმდე მტკიცედ შევიკრძალოთ.
ქრისტე კი - როგორც ძე მის სახლში. ხოლო მისი სახლი ჩვენა ვართ, თუკი ბოლომდე მტკიცედ დავიცავთ სითამამესა და სასოების სიქადულს.
ამისთჳს, ვითარცა იტყჳს სული წმიდაჲ, დღეს თუ ჴმისა მისისაჲ ისმინოთ,
ამიტომ, როგორც იტყვის სული წმიდა: „დღეს, როცა მოისმენთ მის ხმას,
ნუ განიფიცხებთ გულთა თქუენთა, ვითარცა-იგი განმწარებასა მას დღისა მისებრ გამოცდისა უდაბნოსა ზედა,
ნუ გაიქვავებთ თქვენს გულებს, როგორც დრტვინვის ჟამს, უდაბნოში გამოცდის დღეს,
სადა-იგი განმცადეს მე მამათა თქუენთა; გამომცადეს მე და იხილნეს საქმენი ჩემნი ორმეოც წელ.
სადაც გამომცადეს თქვენმა მამებმა და ხედავდნენ ჩემს საქმეებს ორმოც წელიწადს.
ამისთჳს მოვიწყინე ნათესავი იგი და ვთქუ: მარადის სცთებიან იგინი გულითა მათითა და მათ არა იცნნეს გზანი ჩემნი.
ამიტომაც მოვიძულე ეს მოდგმა და ვთქვი: მარადჟამ ცდებიან გულით, და ვერ შეიცნეს ჩემი გზა.
ვითარცა ვფუცე რისხვითა ჩემითა, ვერ შევიდენ იგინი განსასუენებელსა ჩემსა.
ასე დავიფიცე ჩემი რისხვით, რომ არ ეღირსებათ ჩემს სიმშვიდეში შემოსვლა“.
ეკრძალენით, ძმანო, ნუუკუე სადამე იყოს ვისმე თქუენთაგანსა თანა გული უკეთური ურწმუნოებისაჲ განდგომად ღმრთისაგან ცხოველისა.
იფხიზლეთ, ძმანო, რომ არცერთ თქვენგანს არ ჰქონდეს უკეთური და ურწმუნო გული, რათა არ განუდგეს ცოცხალ ღმერთს.
არამედ ნუგეშინის-სცემდით თავთა თჳსთა დღითი დღედ, ვიდრე-ესე დღესღა ჰრქჳან, რაჲთა არა გან-ვინმე-ფიცხნეს თქუენგანი საცთურითა მით ცოდვისაჲთა.
არამედ ყოველდღე შეაგონეთ ერთმანეთს, ვიდრე არ ითქმის „დღესო“, რათა არცერთი თქვენგანი არ გაქვავდეს ცოდვის საცდურით.
რამეთუ თანა-ზიარ ქრისტესა ვიქმნენით, უკუეთუ დასაბამი იგი ძლიერებისაჲ აღსასრულადმდე მტკიცედ შევიკრძალოთ.
რადგანაც ქრისტეს თანაზიარნი გავხდით, თუკი არსობის საწყისს ბოლომდე დავიცავთ მტკიცედ.
რაჟამს იტყოდის: დღეს თუ ჴმისა მისისაჲ ისმინოთ, ნუ განიფიცხებთ გულთა თქუენთა, ვითარცა-იგი განმწარებასა მას.
ვიდრე არ ითქმის: „დღეს, როცა მოისმენთ მის ხმას, ნუ გაიქვავებთ თქვენს გულებს, როგორც დრტვინვისას“.
რამეთუ ესმა ვიეთმე და განამწარეს, არამედ არა ყოველთა, რომელნი გამოვიდეს ეგჳპტით მოსეს მიერ.
ვინაიდან ზოგმა ისმინა და დრტვინვას მოჰყვა; მაგრამ ყველა კი არა, ვინც მოსეს მეოხებით გამოვიდა ეგვიპტიდან.
ხოლო ვიეთი მოიწყინა ორმეოც წელ? ანუ არა რომელთა-იგი შესცოდესა, რომელთაჲ-იგი ძუალები დაცჳვა უდაბნოსა ზედა?
მაშ, ვის გამო მრისხანებდა ორმოც წელიწადს, თუ არა შემცოდეთა გამო, რომელთა ძვლებიც უდაბნოში დაცვივდნენ?
ანუ ვიეთ ეფუცა არა-შესლვად განსასუენებელსა მისსა? არა-მე ურჩთა მათ?
ან ვის მიმართ დაიფიცა, რომ ვერ ეღირსებოდნენ მის სიმშვიდეში შესვლას, თუ არა ურჩთა მიმართ?
და ვხედავთ, რამეთუ ვერ შეუძლეს შესლვად ურწმუნოებითა.
და ჩვენ ვხედავთ, რომ ურწმუნოების გამო მართლაც ვერ ეღირსნენ შესვლას.
