ებრაელთა მიმართ · თავი 1
მრავლით კერძო და მრავლით სახით მაშინვე ღმერთი ეტყოდა მამათა წინაწარმეტყუელთა მიერ, ხოლო უკუანაჲსკნელთა ამათ დღეთა მეტყოდა ჩუენ ძისა მიერ თჳსისა,
ღმერთი, რომელიც მრავალგზის და მრავალგვარად ელაპარაკებოდა მამებს წინასწარმეტყველთა პირით,
რომელი-იგი დაადგინა მკჳდრად ყოველთა, რომლისაგანცა შექმნნა საუკუნენი,
ამ უკანასკნელ დღეებში გველაპარაკა ჩვენ ძის მიერ, რომელიც დაადგინა ყოვლის მემკვიდრედ და რომლის მეშვეობითაც შექმნა საუკუნენი,
რომელი-იგი არს ბრწყინვალებაჲ დიდებისაჲ და ხატი ძლიერებისა მისისაჲ, უტჳრთვან ყოველნივე სიტყჳთა მით ძლიერებისა მისისაჲთა, თავისა მიერ თჳსისა განწმედაჲ ცოდვათა ჩუენთაჲ ყო; და დაჯდა იგი მარჯუენით სიმდიდრესა მისსა მაღალთა შინა;
რომელიც არის ბრწყინვალება დიდებისა და მისი არსების აღნაბეჭდი, თავისი ძალმოსილების სიტყვით ყოვლის მტვირთველი და, ცოდვებისგან ჩვენი განწმედის შემდეგ, ზესკნელს სიდიადის მარჯვნივ მჯდომელი,
ესოდენ უმჯობეს იყო ანგელოზთა, რაოდენცა უმჯობესი მათსა დაიმკჳდრა სახელი.
ანგელოზებზე იმდენადვე უზენაესი, რამდენადაც მათზე უდიადესი დაიმკვიდრა სახელი.
რამეთუ ოდეს-სადა ვის ჰრქუა ანგელოზთაგანსა: ძე ჩემი ხარი შენ, და მე დღეს მიშობიე შენ? და მერმე იტყჳს: მე ვიყო მისა მამა, და იგი იყოს ჩემდა ძე.
ვინაიდან რომელი ანგელოზისთვის უთქვამს ოდესმე: „ძე ხარ შენ ჩემი, დღეს გშობე შენ“; ანდა: „მე ვიქნები მისი მამა, და ის იქნება ჩემი ძე“.
და ოდეს კუალად შემოჰყავს პირმშოჲ იგი სოფლად, იტყჳს: და თაყუანის-სცემდენ მას ყოველნი ანგელოზნი ღმრთისანი.
ასევე, როცა კვლავ შემოჰყავს პირმშო ქვეყნად, ამბობს: „დე, თაყვანი სცეს მას ყველა ანგელოზმა ღვთისა“.
ხოლო ანგელოზთათჳს იტყჳს: რომელმან შექმნნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი ალად ცეცხლისა.
ხოლო ანგელოზებზე ამბობს: „რომელიც ქმნის თავის ანგელოზებს სულებად და თავის მსახურთ - ალად ცეცხლისა“.
ხოლო ძისათჳს იტყჳს: საყდარი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდე; კუერთხი განგებისაჲ და კუერთხი სუფევისა შენისაჲ.
ძეზე კი: „ტახტი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდე, და კვერთხი სიმართლისა - შენი სუფევის კვერთხი“.
შეიყუარე სიმართლე და მოიძულე უშჯულოებაჲ. ამისთჳს გცხოს შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან საცხებელი სიხარულისაჲ უმეტეს მოყუასთა შენთა.
„შეიყვარე სიმართლე და მოიძულე ურჯულოება, ამიტომაც გცხო ღმერთმა, შენმა ღმერთმა სიხარულის ზეთი უფრო უხვად, ვიდრე შენს თანაზიართ“.
და: შენ დასაბამსა, უფალო, ქუეყანაჲ დააფუძნე, და ქმნულნი ჴელთა შენთანი ცანი არიან;
და: „თავდაპირველად შენ დააფუძნე, უფალო, მიწა, და შენი ხელით შეიქმნენ ცანი.
იგინი წარჴდენ, ხოლო შენ ეგო უკუნისამდე; და ყოველნი ვითარცა სამოსელნი დაძუელდენ,
ისინი გარდავლენ, ხოლო შენ წარუვალი ხარ, და ყველაფერი დაძველდება, როგორც სამოსი.
და ვითარცა შესამოსელნი სცვალნე იგინი, და იცვალნენ. ხოლო შენ თავადი იგივე ხარ, და წელიწადთა შენთა არაჲ მოაკლდეს.
სამოსივით შეგრაგნი მათ და შეიცვლებიან, თავად კი უცვლელი ხარ, და არასდროს დასრულდება შენი წლები“.
ოდეს-სადა ვის ანგელოზთაგანსა ჰრქუა სადამე: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშა ფერჴთა შენთა?
რომელი ანგელოზისთვის უთქვამს ოდესმე: „დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე ფეხქვეშ დაგიმხობ მტრებს“?
ანუ არა ყოველნივე არიანა მოხარკე სულებ, მსახურად მოვლინებულ მათთჳს, რომელთაჲ-იგი დამკჳდრებად არს ცხორებაჲ?
განა ყველანი მომსახურე სულები არ არიან, მათდა სამსახურად მოვლინებულნი, რომელთაც უნდა დაიმკვიდრონ საუკუნო სიცოცხლე?
