ფილიმონის მიმართ · თავი 1
პავლე, კრული ქრისტე იესუჲსი, და ტიმოთე ძმაჲ ფილიმონს, საყუარელსა და თანა-შემწესა ჩუენსა,
პავლე, იესო ქრისტეს ტყვე, და ძმა ტიმოთე - ფილემონს, ჩვენს საყვარელ თანაშემწეს,
და აპფიას, დასა და საყუარელსა, და არქიპოსს, თანა-მოსაგრესა ჩუენსა, და სახლისა შენისა კრებულთა.
აპფიას, საყვარელ დას, არქიპოსს, ჩვენს თანამოღვაწეს, და შენს შინაურ ეკლესიას:
მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესუ ქრისტესა.
მადლი თქვენდა და მშვიდთბა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან.
ვჰმადლობ ღმერთსა ჩემსა მარადის ჴსენებასა შენსა ვჰყოფ ლოცვათა შინა ჩემთა.
ვმადლობ ღმერთს ჩემსას და გამუდმებით გიხსენებ ჩემს ლოცვებში,
მესმის შენი ეგე სიყუარული და სარწმუნოებაჲ, რომელი გაქუს უფლისა მიმართ იესუ ქრისტესა და ყოველთა მიმართ წმიდათა,
რადგანაც მესმის შენი სიყვარული და რწმენა, რომელიც გაქვს უფალ იესოსა და ყველა წმიდის მიმართ.
რაჲთა ზიარებაჲ სარწმუნოაბისა შენისაჲ შეწევნულ იყოს მეცნიერებითა ყოვლისა კეთილისაჲთა, რომელ არს ჩუენ შორის ქრისტე იესუჲს მიმართ.
რათა ზიარება შენი რწმენისა შეეწიოს ყოველივე კეთილის შემეცნებას, რაც არის ჩვენში ქრისტესათვის.
რამეთუ სიხარულში დიდი მაქუს და ნუგეშინის-ცემაჲ სიყუარულისა შენისათჳს, რამეთუ ნაწლევნი წმიდათანი განსუენებულ არიან შენთჳს, ძმაო.
ვინაიდან დიდი სიხარული და ნუგეში მოგვანიჭა შენმა სიყვარულმა, ძმაო, რადგანაც შენ გაამხნევე წმიდათა გული.
ვინაჲცა მრავალი კადნიერებაჲ მაქუს ქრისტეს მიერ ბრძნებად შენდა ჯეროვნისა;
ამიტომ, თუმცა დიდი სითამამე მაქვს ქრისტეში, გიბრძანო შენ, რაც გმართებს,
სიყუარულისათჳს უფროჲსღა გლოცავ ესევითარი ესე, ვითარცა პავლე მოხუცებული, ხოლო აწ კრულიცა ქრისტე იესუჲსი.
მაგრამ სიყვარულით უფრო გთხოვ, სხვა კი არა, მე - მხცოვანი პავლე, ხოლო აწ ქრისტე იესოს ტყვეც.
გლოცავ შენ შვილისა ჩემისათჳს, რომელი ვშევ კრულებათა შინა ჩემთა ონისიმე,
ჩემი შვილის ონისიმესათვის გთხოვ, რომელიც შემეძინა ტყვეობაში;
რომელი-იგი ოდესმე უჴმარ შენდა, ხოლო აწ შენდა და ჩემდა საჴმარ, რომელი-იგი მივავლინე შენდა,
ოდესღაც ურგები რომ იყო შენთვის, ხოლო აწ შენთვისაც სარგოა და ჩემთვისაც;
ხოლო შენ შეიწყნარე, ესე იგი არს ნაწლევი ჩემი,
გიგზავნი მას, ანუ ჩემს გულს.
რომლისაჲ მეგულებოდა დაყენებად ჩემ თანა, რაჲთა შენ წილ მმსახურებდეს მე კრულებათა ამათ შინა სახარებისათა.
მინდოდა გვერდით მყოლოდა იგი, რათა შენს ნაცვლად ჩემთვის გაეწია სამსახური ამ ვირთებაში, რასაც ვიტან სახარების გამო.
ხოლო თჳნიერ ცნობისა შენისა არა ვინებე ყოფად, რაჲთა არა უნებლებით კეთილი იგი შენი იყოს, არამედ ნეფსით.
მაგრამ შენთან შეუთანხმებლად არაფრის ქმნა არ ვისურვე, რათა შენი სიკეთე იძულებითი კი არ ყოფილიყო, არამედ ნებსითი.
ვინ უწყის, გან-ვე ამისთჳს-გეშორა ჟამერთ, რაჲთა საუკუნოდ მიიყვანო იგი,
ვინ იცის, იქნებ დროებით იმიტომ დაგშორდა, რომ სამუდამოდ მიგეღო იგი.
არღარა ვითარცა მონაჲ, არამედ უფროჲსღა მონისა, საყუარელი ძმაჲ. ვინაჲთგან ჩემდა ესრეთ, რაოდენ უფროჲს შენდა ჴორციელადცა და უფლისა მიერცა!
მაგრამ უკვე არა როგორც მონა, არამედ მონაზე უმეტესი, საყვარელი ძმა, მეტადრე ჩემთვის და, მით უმეტეს, შენთვის, ხორციელადაც და უფლის მიერაც.
უკუეთუ შეგირაცხიე მე თანა-ზიარად, შეიწყნარე ეგე, ვითარცა მე.
ასე რომ, თუ თანაზიარად მიგაჩნივარ, ისე მიიღე, თითქოს მე ვიყო.
ხოლო უკუეთუ რაჲმე შეგცოდა გინა თანა-აც, იგი მე შემირაცხე.
ხოლო თუ რამე გაწყენინა, ან მართებს შენი, მე მომკითხე.
მე, პავლე, დავწერე ჴელითა ჩემითა: მე გარდავიჴადო; რაჲთა არა გრქუა შენ, ვითარმედ თავიცა შენი თანა-გაც ჩემდა.
მე, პავლემ, დავწერე ჩემი ხელით: მე გადავიხდი, რათა არ გითხრა, რომ ამაზე მეტიც გმართებს ჩემი: თვით შენი თავი.
ჰე, ძმაო, მე მოგიპოვე შენ უფლისა მიერ; განუსუენე ნაწლევთა ჩემთა ქრისტეს მიერ.
ჰო, ძმაო, შემეწიე უფალში, ახარე ჩემი გული უფალში.
სასოებითა მორჩილებისა შენისაჲთა მივწერე შენდა, უწყი, რამეთუ რომლისათჳს-ესე გეტყჳ, ჰყოცა.
შენს მორჩილებაში დარწმუნებულმა მოგწერე ეს, რადგანაც ვიცი, რომ უფრო მეტსაც შემისრულებ, ვიდრე მე გთხოვ.
და მის თანა განმიმზადე მე ვანიცა; რამეთუ ვესავ, ვითარმედ ლოცვითა თქუენითა მიგემადლო თქუენ.
ამასთანავე გამიმზადე ბინაც, რადგანაც იმედი მაქვს, რომ თქვენი ლოცვით მოგემადლებით.
გიკითხვენ შენ ეპაფრა, ჩემი თანა-ტყუე ქრისტე იესუჲს მიერ,
მოგიკითხავენ ეპიფრასი, ჩემი თანა-ტყვე ქრისტე იესოში;
მარკოზ, არისტარხოს, დიმა, ლუკა, თანა-შემწენი ჩემნი.
მარკოზი, არისტარქე, დემასი და ლუკა, ჩემი თანაშემწენი.
მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი სულისა თქუენისა თანა. ამინ.
მადლი ჩვენი უფლის იესო ქრისტესი თქვენს სულს. ამინ.
