ეფესელთა მიმართ · თავი 4
გლოცავ თქუენ მე, კრული ესე უფლისა მიერ, რაჲთა ღირსად ხჳდოდით ჩინებითა მით, რომლითა იჩინენით,
ამრიგად, შეგაგონებთ მე, ტყვე უფლისა, მოიქეცით იმ ხმობის ღირსად, რომლითაცა ხართ ხმობილნი.
ყოვლითა სიმდაბლითა და სიმშჳდითა და სულგრძელებითა, თავს-იდებდით ურთიერთარს სიყუარულითა,
მთელი ქედმოდრეკილობით და თვინიერებით, დიდსულოვნებითა და სიყვარულით შეიწყნარეთ ერთმანეთი.
ისწრაფდით დამარხვად ერთობასა მას სულისასა საკრველითა მით მშჳდობისაჲთა.
ეცადეთ მშვიდობის საკვრელით შეინარჩუნოთ სულის ერთობა.
ერთ ჴორც და ერთ სულ, ვითარცა-იგი იჩინენით ერთითა მით სასოებითა ჩინებისა თქუენისაჲთა;
ერთია ხორცი და ერთია სული, ისევე, როგორც ხმობილნი ხართ თქვენი ხმობის ერთი იმედით.
ერთ არს უფალ, ერთ სარწმუნოება, ერთ ნათლის-ღებაჲ,
ერთია უფალი, ერთია რწმენა, ერთია ნათლისღება.
ერთ არს ღმერთი და მამაჲ ყოველთაჲ, რომელი ყოველთა ზედა არს და ყოველთა მიერ და ჩუენ ყოველთა შორის.
ერთია ღმერთი და ყოველთა მამა, ყველაზე უზენაესი, ყოვლის გამრიგე და ყველაში დავანებული.
ხოლო თითოეულსა კაცად-კაცადსა ჩუენსა მოცემულ არს მადლი საზომისაებრ ნიჭისა ქრისტესისა.
ხოლო თვითეულ ჩვენგანს ქრისტესმიერი ნიჭის ზომისამებრ მიეცა მადლი.
რომლისათჳს იტყჳს: აღჴდა მაღალსა, წარმოტყუენა ტყუე და მისცა იგი ნიჭად კაცთა.
ამიტომაც თქმულა: „ავიდა მაღლა, წამოასხა ტყვენი და საბოძვარი უბოძა ხალხს“.
ხოლო „აღსლვაჲ იგი“ რაჲ-მე არს, არა თუ ესე, რამეთუ შთაჴდა იგი პირველად ქუესკნელთა ქუეყანისათა?
მაგრამ რას ნიშნავს „ავიდა“, თუ არა იმას, რომ უფრო უმალ ქვესკნელში უნდა ჩასულიყო?
რომელი გარდამოჴდა, იგივე არს, რომელი ამაღლდა ზედა ყოველთა ცათა, რაჲთა აღავსნეს ყოველნი.
ჩასული კი იგივეა, რაც ყველა ცაზე მაღლა ასული, რათა აღავსოს ყოველი.
და მან მოსცნა, რომელნიმე მოციქულნი, რომელნიმე წინაწარმეტყუელნი, რომელნიმე მახარებელნი, რომელნიმე მწყემსნი და მოძღუარნი
მანვე დაადგინა ზოგი მოციქულად, ზოგი წინასწარმეტყველად, ზოგი მახარებლად, ზოგნიც მწყემსებად და მოძღვრებად.
დასამტკიცებელად წმიდათა, საქმედ მსახურებისა, აღსაშენებელად გუამისა ქრისტესისა,
რათა სრულეყოთ წმიდანი მსახურების საქმისათვის - ქრისტეს სხეულის ასაშენებლად,
ვიდრემდე მივიწინეთ ყოველნი ერთობასა სარწმუნოებისასა და მეცნიერებასა ძისა ღმრთისასა, მამაკაცად სრულად, საზომად ჰასაკისა სავსებისა მის ქრისტესისა,
ვიდრე ყველანი მივაღწევდეთ რწმენის ერთობას და ღმერთის ძის შემეცნებას სრულყოფილ კაცად, ქრისტეს ასაკის სისრულის ზომას,
რაჲთა არღარა ვიყვნეთ ყრმა ჩჩჳლ, ღელვა-აღტეხილ და მიმოტაცებულ ყოველსა მას ქარსა მოძღურებისასა სივერაგითა კაცათაჲთა და ზაკულებითა მანქანებისა მის მიმართ საცთურებისა,
რათა აღარ ვიყოთ ბალღები, რომელთაც არყევს და იტაცებს მოძღვრების ყოველი ქარი, კაცთა ცბიერებითა და ცდუნების მზაკვრული ხერხით,
არამედ ჭეშმარიტ ვიყვნეთ სიყუარულსა ზედა და აღვაორძინებდეთ მისა მიმართ ყოველსა, რომელ არს თავ მისა ქრისტე,
არამედ სიყვარულით მივსდევდეთ ჭეშმარიტებას და ყოველმგრივ ვიზრდებოდეთ მასში, ვინც არის თავი - ქრისტე,
რომლისაგან ყოველი გუამი შენაწევრებულ და შემტკიცებულ არს ყოვლითა შეახლებითა უხუებისაჲთა შეწევნისაებრ საზომისა თჳთოეულისა ასოჲსა; სიორძილსა მას გუამისასა ჰყოფდით აღსაშენებელად თავისა თქუენისა სიყუარულით.
ვის მიერაც მთელი სხეული, ურთიერთმჭიდე სახსრებით მტკიცედ შეკრული, თვითეული ასოს ზომიერი ურთიერთშეწევნით იზრდება, რათა აღეშენოს სიყვარულში.
ამას უკუე ვიტყჳ და ვწამებ უფლისა მიერ, რაჲთა ნუღარამცა ხუალთ, ვითარცა სხუანი იგი წარმართნი ვლენან ამაოებითა გონებისა მათისაჲთა,
ამას ვამბობ და ვმოწმობ უფალში, რათა აღარ იქცეოდეთ ისე, როგორც თავიანთი გონების ამაოებით იქცევიან წარმართნი.
დაბნელებულნი გულითა, უცხო-ქმნულნი ცხორებისაგან ღმრთისა, უმეცრებითა მით, რომელ არს მათ თანა საბრმითა გულისა მათისაჲთა.
გონებადაბნელებულნი და საღმრთო სიცოცხლისაგან გაუცხოებულნი, თავიანთი უმეცრებისა და გულქვაობის გამო,
რომელთა წარიწირნეს თავნი მათნი და მისცნეს ბილწებასა საქმედ არაწმიდებისა ყოვლისა ანგაჰრებისა.
გარყვნილებას რომ მისცემიან გრძნობამიხდილნი და მზად არიან ყოველგვარი უწმინდურება ჩაიდინონ გაუმაძღრობით.
ხოლო თქუენ არა ეგრეთ გისწავიეს ქრისტე.
ხოლო თქვენ ასე როდი შეგიცვნიათ ქრისტე,
უკუეთუ გასმიეს იგი და მისა მიმართ გისწავიეს, ვითარცა-იგი არს ჭეშმარიტებაჲ იესუჲს თანა,
რადგანაც არა მარტო მოგისმენიათ, კიდევაც გისწავლიათ მისგან (ვინაიდან იესოშია ჭეშმარიტება), -
განიშორეთ თქუენგან პირველისა მისებრ სლვისა თქუენისა ძუელი იგი კაცი, განხრწნილი გულის თქუმისა მისებრ საცთურისა,
განშორებოდით მაცდურ გულისთქმათაგან გახრწნილი ძველი კაცის უწინდელ ყოფას,
და განახლდებოდეთ თქუენ სულითა მით გონებისა თქუენისაჲთა
განახლებულიყავით თქვენი გონების სულით
და შეიმოსეთ ახალი იგი კაცი, ღმრთისა მიერ დაბადებული, სიმართლითა და სიწმიდითა ჭეშმარიტებისაჲთა.
და შეგემოსათ ახალი კაცი, ღვთის მსგავსად შექმნილი სამართლიანობითა და ჭეშმარიტების სიწმინდით.
ამისთჳს განიშორეთ ტყუილი, იტყოდეთ ჭეშმარიტსა კაცად-კაცადი მოყუსისა თჳსისა თანა, რამეთუ ვართ ურთიერთარს ასოებ.
მაშ, განიშორეთ სიცრუე და თვითეული თქვენგანი ჭეშმარიტებას აუწყებდეს თავის მოყვასს, რადგანაც ერთმანეთის ასოები ვართ.
გული გიწყრებოდენ, და ნუ სცოდავთ: მზე ნუ დაჰვალნ განრისხებასა თქუენსა.
მრისხანებისას ნუ სცოდავთ; ნუ ჩაესვენება მზე თქვენი რისხვით.
ნუცა სცემთ ადგილ ეშმაკსა.
ადგილს ნუ დაუთმობთ ეშმაკს.
მპარავი იგი ნუღარა იპარავნ, არამედ უფროჲსღა შურებოდენ და იქმოდენ კეთილსა თჳსითა ჴელითა, რაჲთა აქუნდეს მიცემად, ვის-იგი უჴმდეს.
მპარავი ნუღარ მოიპარავს, არამედ იშრომოს და თავისი ხელით კეთილი საქმე აკეთოს, რათა შეეძლოს გაიკითხოს გაჭირვებული.
ყოველი სიტყუაჲ უშუერი პირით თქუენით ნუ გამოვალნ, არამედ რაჲ-იგი იყოს კეთილ აღსაშენებელად საჴმრისა მის, რაჲთა მისცეს მადლი მსმენელთა მათ.
ნურავითარი უგვანი სიტყვა ნუ დასცდება თქვენს ბაგეს, არამედ მხოლოდ კეთილიშესაგონებლად, რათა მადლი მიაგოს მსმენელთ.
და ნუ შეაწუხებთ სულსა წმიდასა ღმრთისასა, რომლითაცა-იგი აღიბეჭდენით დღედ გამოჴსნისა.
ნუ შეაჭირვებთ წმიდა სულს ღვთისას, რომლითაც აღიბეჭდეთ გამოხსნის დღისთვის.
ყოველი სამწარე და რისხვაჲ და გულის წყრომაჲ და ღაღადებაჲ და გმობაჲ მოისპენ თქუენ შორის ყოვლითურთ უკეთურებით.
ყოველგვარი სიმწარე, მრისხანება, ყვირილი, გმობა შორს იყოს თქვენგან ყოველივე ბოროტთან ერთად.
იყვენით ურთიერთარს ტკბილ, მოწყალე, მიმმადლებელ თავთა თჳსთა, ვითარცა-იგი ღმერთმან ქრისტეს მიერ მოგუმადლა ჩუენ.
არამედ კეთილნი და ლმობიერნი იყავით ერთურთის მიმართ და მიუტევეთ ერთმანეთს, როგორც ქრისტეში მოგიტევათ თქვენ ღმერთმა.
