ეფესელთა მიმართ · თავი 1
პავლე, მოციქული იესუ ქრისტესი ნებითა ღმრთისაჲთა, წმიდათა მაგათ, რომელნი ხართ ეფესოს შინა, და სარწმუნოთა ქრისტე იესუჲს მიერ:
პავლე, ღვთის ნებით იესო ქრისტეს მოციქული, - ეფესოში მყოფ წმიდათ და მორწმუნეთ იესო ქრისტეში:
მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესუ ქრისტესა.
მადლი და მშვიდობა ჩვენი მამა ღმრთისა და უფალ იესო ქრისტესაგან.
კურთხეულ არს ღმერთი და მამაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, რომელმან მაკურთხნა ჩუენ ყოვლითა კურთხევითა სულიერითა ცათა შინა ქრისტეს მიერ.
კურთხეულ იყოს ღმერთი და მამა ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, რომელმაც გვაკურთხა იესო ქრისტეს მიერ ყოველი სულიერი კურთხევით ცაში.
ვითარცა-იგი გამოგჳრჩინა ჩუენ მის მიერ უწინარეს სოფლის დაბადებისა, რაჲთა ვიყვნეთ ჩუენ წმიდა და უბიწო წინაშე მისსა სიყუარულით.
ვინაიდან ქვეყნიერების შექმნამდე ამოგვირჩია მასში, რათა წმიდანი და უბიწონი ვყოფილიყავით მის წინაშე სიყვარულით;
წინაწარ გჳჩინნა ჩუენ შვილებად იესუ ქრისტეს მიერ მისა მიმართ სათნოებისაებრ ნებისა მისისა,
თავისი ნებისამებრ წინასწარვე რომ განსაზღვრა ვეშვილებინეთ იესო ქრისტეს მეშვეობით,
საქებელად დიდებისა მადლისა მისისა, რომლითა მოგუმადლა ჩუენ საყუარელისა მის მიერ,
რათა გვექო დიდება მისი მადლისა, რომელიც მოგვმადლა თავის საყვარელ ძეში,
რომლისა მიერ გუაქუს ჩუენ გამოჴსნაჲ სისხლითა მისითა და მოტევებაჲ ცოდვათა ჩუენთაჲ სიმდიდრისაებრ მადლისა მისისა,
ვის მიერაც გვაქვს გამოსყიდვა მისი სისხლით და ცოდვათა მოტევება მისივე მადლის სიმდიდრით,
რომელი-იგი გარდაჰმატა ჩუენდა მომართ ყოვლითა სიბრძნითა და გონიერებითა.
ესოდენ უხვად რომ გვიბოძა ყოველგვარი სიბრძნითა და გონიერებით,
გუაუწყა ჩუენ საიდუმლოჲ იგი ნებისა მისისაჲ სათნოებისაებრ მისისა, რომელი-იგი წინაჲთვე განაჩინა მას შინა
და გვაუწყა თავისი ნების საიდუმლო თავისივე კეთილმოსურნეობით,
განგებულად აღვსებისა მის ჟამთაჲსა, თავ-ყოფად ყოველივე ქრისტეს მიმართ, რაჲ-იგი არს ცათა შინა და ქუეყანასა ზედა;
რითაც წინასწარ განსაზღვრა თავის თავში, განეგო ჟამთა სისრულე და ყოველივე ზეციურისა და მიწიერისთვის თავი მოეყარა ქრისტეში,
მისა მიმართ, რომელსა შინაცა განვეწესენით და წინაწარ ვიჩინენით ნებითა ღმრთისაჲთა, რომელმან-იგი ყოველივე შექმნა ზრახვისაებრ ნებისა მისისა,
რომელშიაც გავხდით მემკვიდრენი, რაც წინასწარვე განკუთვნილი იყო ჩვენთვის მისი განჩინების თანახმად, ვინც ყველაფერს აღასრულებს თავისი ნებით,
რაჲთა ვიყვნეთ ჩუენ საქებელად დიდებისა მისისა, რომელი-ესე წინაწარ მოსავ ვიყვენით ქრისტესა.
რათა მისი დიდების მაქებარნი ვყოფილიყავით, იმთავითვე ქრისტეს მოიმედენი;
რომლისა მიერ და თქუენცა გესმა სიტყუაჲ იგი ჭეშმარიტებისაჲ, სახარებაჲ იგი ცხორებისა თქუენისაჲ, რომლითაცა-იგი გრწმენა და აღიბეჭდენით სულითა მით წმიდითა აღთქუმისაჲთა.
მასშივე მოისმინეთ თქვენც ჭეშმარიტების სიტყვა, თქვენი ხსნის სახარება, რაც იწამეთ და კიდევაც აღიბეჭდეთ აღთქმული წმიდა სულით,
რომელ-იგი არს წინდი მკჳდრობისა ჩუენისაჲ გამოსაჴსრად შეწევნისა ჩუენისა, საქებელად დიდებისა მისისა.
რომელიც არის ჩვენი მემკვიდრეობის წინდი საბოლოო გამოხსნამდე, როცა დავიმკვიდრებთ ჩვენს წილხვედრს მისი დიდების საქებრად.
ამისთჳს მეცა მესმა თქუენი ეგე სარწმუნოებაჲ უფლისა იესუჲს მიერ და სიყუარული იგი, რომელ გაქუს ყოველთა მიმართ წმიდათა.
ამიტომ მეც, როცა გავიგე თქვენი რწმენა უფალ იესოსადმი და თქვენი სიყვარული ყველა წმიდის მიმართ,
არა დავსცხრები მადლობითა თქუენთჳს, ჴსენებასა თქუენსა ვჰყოფ ლოცვათა შინა ჩემთა,
გამუდმებით მადლს ვწირავ ღმერთს თქვენს გამო და ჩემს ლოცვებში გიხსენებთ,
რაჲთა ღმერთმან და მამამან უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტემან, ღმერთმან დიდებისამან, მოგცეს თქუენ სული სიბრძნისა და გამოცხადებისაჲ მეცნიერებითა მისითა.
რათა მოგცეთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთმა დიდების მამამ, სიბრძნისა და გამოცხადების სული მის შესაცნობად;
და განანათლნეს თუალნი გულისა თქუენისანი, რაჲთა იცოდით თქუენ, რაჲ-იგი არს სასოებაჲ ჩინებისა მისისაჲ, და რაჲ-იგი არს სიმდიდრე დიდებისა მკჳდრობისა მისისაჲ წმიდათა შორის,
და გაანათლოს თქვენი გონების თვალი, რათა შეიცნოთ, რა არის მისი ხმობის იმედი და როგორია მისი დიადი მემკვიდრეობის სიმდიდრე წმიდათა შორის,
და რაჲ-იგი არს გარდამატებული სიმდიდრე ძლიერებისა მისისაჲ ჩუენდა მომართ მორწმუნეთა შეწევნისაებრ სიმტკიცისა ძლიერებისა მისისა,
ან რარიგ განუზომელია მისი ძალმოსილების სიდიადე ჩვენში, რომელთაც გვწამს მისი მძლეთამძლე ძალის წყალობით,
რომელ ქმნა ქრისტეს თანა, რამეთუ აღადგინა იგი მკუდრეთით და დასუა მარჯუენით მისა ზეცათა შინა,
რომლითაც იმოქმედა ქრისტში, მკვდრეთით აღადგინა და მარჯვნივ დაისვა ცაში,
უზეშთაეს ყოველთა მთავრობათა და ჴელმწიფებათა და ძალთა და უფლებათა და ყოვლისავე სახელისა, რომელ სახელ-დებულ არს არა ხოლო თუ ამას სოფელსა, არამედ მერმესაცა მას.
ყველა მთავრობასა თუ ხელმწიფებაზე, ყველა ძალსა თუ უფლებაზე, ყველა იმ სახელზე მაღლა, სახელად რომ ითქმის არა მარტო ამ საწუთროში, არამედ მომავალშიც;
და ყოველივე დაამორჩილა ქუეშე ფერჴთა მისთა და იგი მოსცა მთავრობად ზეშთა ყოველთა ეკლესიასა,
ყველაფერი ფეხქვეშ გაუგო და დაუმორჩილა, და მისცა მას მთავრობა ყოველი ეკლესიისა,
რომელი-იგი არს გუამი მისი, აღსავსებაჲ იგი, რომელმან ყოველივე ყოველსა შინა აღავსო.
რომელიც არის მისი სხეული, ყოვლის აღმვსები ყოვლით.
