გალატელთა მიმართ · თავი 6

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

ძმანო, უკუეთუ ვინმე დაეპყრას კაცი რომელსამე ბრალსა, თქუენ, სულიერთა მაგათ, დაამტკიცეთ ეგევითარი იგი სულითა მით მშჳდობისაჲთა; ეკრძალე თავსა შენსა, ნუუკუე შენცა განიცადო.

ძმანო, თუ კაცმა რაიმე ცოდვაში ჩაიდგა ფეხი, თქვენ, ვინცა ხართ სულიერნი, შეაგონეთ მას თვინიერების სულით; დაუკვირდი შენსავე თავს, რათა თავადაც არ ჩავარდე განსაცდელში.

2

ურთიერთარს სიმძიმე იტჳრთეთ და ესრეთ აღასრულეთ შჯული იგი ქრისტესი.

ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს რჯული.

3

რამეთუ უკუეთუ ვისმე ეგონოს, ვითარმედ არს რაჲმე, და იგი არაჲ იყოს, თავსა თჳსსა აცთუნებს.

რადგან ვისაც რაიმედ მოაქვს თავი და არარა კია, თავისსავე თავს იტყუებს.

4

არამედ საქმენი თჳსნი გამოიცადენინ კაცად-კაცადმან, და მაშინ თავისა თჳსისა ხოლო ქებაჲ აქუნდეს, და არა მოყუსისა მიმართ,

თვითეულმა თქვენგანმა გამოსცადოს თავისი საქმე და მაშინ ექნება იმის საბაბი, რომ თავისი თავით იქადოდეს და არა სხვისით.

5

რამეთუ კაცად-კაცადმან თჳსი ტჳრთი იტჳრთოს.

რადგანაც თვითეული თავის საკუთარ ტვირთს იტვირთავს.

6

ხოლო ეზიარებოდენ უმეცარი იგი სიტყუასა მასწავლელისასა ყოველსა შინა კეთილსა.

სიტყვით დამოძღვრილი ყოველივე კეთილს უზიარებდეს თავის დამმოძღვრავს.

7

ნუ სცთებით, ღმერთი არა შეურაცხ-იქმნების. რამეთუ რაჲ-ცა-იგი სთესოს კაცმან, იგიცა მოიმკოს.

ნუ შეცდებით, ღმერთს ვერ შეურაცხყოფთ, რადგანაც ვინც რას დასთესს, მასვე მოიმკის.

8

რამეთუ რომელმან სთესოს ჴორცთა შინა თჳსთა, ჴორცთა მიერ თჳსთა მოიმკოს ხრწნილებაჲ; ხოლო რომელმან სთესოს სულსა თჳსსა, სულისაგან თჳსისა მოიმკოს ცხორებაჲ საუკუნოჲ.

ვინც ხორცისთვის თესავს, ხორცისგან მოიმკის ხრწნილებას, ხოლო ვინც სულისთვის თესავს, სულისგან მოიმკის საუკუნო სიცოცხლეს.

9

ხოლო კეთილისა საქმე ნუმცა გუეწყინების, რამეთუ თჳსსა ჟამსა მოვიმკოთ, არა თუ მოვმედგრდეთ.

სიკეთის ქმნა ნუ მოგვბეზრდება, რადგანაც თავის დროზე მოვიმკით, თუ არ მოვიქანცეთ.

10

აწ უკუე, ვიდრე ჟამი გუაქუს-ღა, ვიქმოდით კეთილსა ყოველთა მიმართ, ხოლო უფროჲსად სახლეულთა მათ მიმართ სარწმუნოებისათა.

მაშ, სანამ დრო გვაქვს, ყველა მოყვასის, უმეტესად კი ჩვენსავე თანამორწმუნეთა სასიკეთოდ ვიღვწოდეთ.

11

აწ იხილეთ, რაოდენი წიგნები მივწერე თქუენდა ჴელითა ჩემითა.

ხომ ხედავთ, რამდენი რამ მოგწერეთ ჩემივე ხელით.

12

რომელთა-იგი ჰნებავს პირ-შუენიერებაჲ ჴორცითა, იგინი გაიძულებენ თქუენ წინადაცუეთად, გარნა ხოლო რაჲთა ჯუარსა ქრისტესსა არა შეუდგენ.

ხორცით თავმოწონების მოსურნენი გაიძულებენ წინადაიცვითოთ, მხოლოდ იმიტომ, რომ არ იდევნებოდნენ ქრისტეს ჯვრისათვის.

13

რამეთუ არცაღა თჳთ იგი წინადაცუეთილნი შჯულსა იმარხვენ, არამედ ჰნებავს თქუენი წინადაცუეთაჲ, რაჲთა თქუენითა მით ჴორცითა იქადოდიან.

ვინაიდან თვით წინადაცვეთილნიც არ იცავენ რჯულს, არამედ უნდათ, რომ წინადაიცვითოთ, რათა იქადოდნენ თქვენი ხორცით.

14

ხოლო ჩემდა ნუ იყოფინ სიქადულ, გარნა ჯუარითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისათჳს სოფელი ჩემდამო ჯუარ-ცუმულ არს და მე - სოფლისა.

ხოლო მე ღმერთმა დამიფაროს, რომ სხვა რამით ვიქადოდე და არა ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ჯვრით, რითაც ქვეყანა ჯვარცმულია ჩემთვის, მე კი - ქვეყნისთვის.

15

რამეთუ ქრისტე იესუჲს მიერ არცა წინადაცუეთილებაჲ რას შემძლებელ არს, არცა წინადაუცუეთელობაჲ, არამედ ახალი დაბადებული.

რადგანაც ქრისტე იესოში არც წინადაცვეთილობა ნიშნავს რასმე და არც წინადაუცვეთელობა, არამედ მხოლოდ ახალი ქმნილება.

16

და რაოდენნი წესსა ამას ზედა ეგნენ, მშჳდობაჲ მათ ზედა და წყალობაჲ და ისრაელსა ზედა ღმრთისასა.

ვინც ამ წესისამებრ იქცევა, მშვიდობა და წყალობა, ისევე, როგორც ისრაელს ღვთისას.

17

ამიერითგან შრომასა ნუვინ შემამთხუევნ მე; რამეთუ მე საწრეტელნი იგი უფლისა იესუჲსნი ჴორცთა შინა ჩემთა მიტჳრთვან.

ამას იქით ნუღარავინ შემაწუხებს, რადგანაც ჩემი სხეულით ვზიდავ უფალ იესოს წყლულებს.

18

მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი სულისა თქუენისა თანა, ძმანო. ამინ.

ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი იყოს თქვენს სულთან, ძმანო. ამინ.