გამოცხადებაჲ იოვანესი · თავი 11
და მომეცა მე ლერწამი, მსგავსი კუერთხისაჲ, და მრქუა: აღდეგ და განზომე ტაძარი ღმრთისაჲ და საკურთხეველი და თაყუანის-მცემელნი მას შინა.
მომეცა კვერთხის მსგავი ლერწამი და ითქვა ჩემს მიმართ: ადექი და გაზომე ღვთის ტაძარი და საკურთხეველი, აგრეთვე თაყვანისმცემელნი მასში.
და ეზოჲ იგი, რომელი არს გარეგან ტაძრისა, განაგდე გარე და ნუ განჰზომ მას, რამეთუ მიეცა იგი წარმართთა, და ქალაქი იგი წმიდაჲ დათრგუნონ ორმეოცდაორ თთუე
ტაძრის გარე ეზო კი გამორიცხე და ნუ გაზომავ, ვინაიდან მიეცა იგი წარმართთ და ორმოცდაორი თვის მანძილზე გათელავენ წმიდა ქალაქს.
და მივსცე ორთა მათ მოწამეთა ჩემთა, და წინაწარმეტყუელებდენ ათას ორას და სამეოც დღე, შემოსილნი ძაძითა.
მივცემ ჩემს ორ მოწაფეს და ათას ორას სამოცი დღე იწინასწარმეტყველებენ ძაძით მოსილნი.
ესენი არიან ორნი იგი ზეთისხილნი და ორნი სასანთლენი, მდგომარენი წინაშე უფლისა ყოვლისა ქუეყანისა.
ესენია ორი ზეთისხილი და ორი სასანთლე, რომლებიც დგანან დედამიწის უფლის წინაშე.
და რომელსა უნდეს ვნებად მათა, ცეცხლი გამოვალს პირისაგან მათისა და შესჭამს მტერთა მათთა; და რომელსაცა ენებოს ვნებაჲ მათი, ესრეთ ჯერ-არს მოკუდომაჲ მისი.
თუ ვინმე მოინდომებს მათ ვნებას, ცეცხლი გამოვა მათი პირიდან და შეჭამს მათ მტრებს; თუ ვინმე მოინდომებს მათ ვნებას, მოკლულ უნდა იქნეს.
ამათ აქუს ჴელმწიფებაჲ დაჴშვად ცათა, რაჲთა არა წჳმდეს დღეთა მათ წინაწარმეტყუელებისა მათისათა; და ჴელმწიფებაჲ აქუს წყალთა ზედა, რაჲთა გარდააქციონ სისხლად და რაჲთა შემუსრონ ქუეყანაჲ, რაოდენ-გზისცა ენებოს, ყოვლითავე წყლულებითა.
მათ აქვთ ხელმწიფება ზეცის დახშვისა, რათა არ იწვიმოს მათი წინასწარმეტყველების დღეებში, და აქვთ ხელმწიფება წყალთა მიმართ, რათა სისხლად აქციონ და ათასგვარი წყლულით მოწყლან ქვეყანა, როცა ინებებენ.
და რაჟამს აღასრულონ წამებაჲ მათი, მჴეცმან მან, რომელი აღმოვალს უფსკრულით, ბრძოლა-ყოს მათ თანა და სძლოს და მოკლნეს იგინი.
ხოლო როდესაც აღასრულებენ თავიანთ მოწმობას, უფსკრულიდან ამომავალი მხეცი შეებრძოლება, შემუსრავს და მოაკვდინებს მათ.
და მძორები მათი უბანთა ზედა ქალაქისა მის დიდისათა, რომელსა ეწოდების სულიერად სოდომი და ეგჳპტე, სადა-იგი უფალი მათი ჯუარს-ეცუა.
მათი გვამები ეყრება დიდი ქალაქის მოედანზე, რომელსაც სულიერად ჰქვია სიდომი და ეგვიპტე, სადაც ჯვარს აცვეს მათი უფალიც.
და იხილონ ერთა და ტომთა და ენათა და წარმართთა მძორები მათი სამ დღე და ნახევარ, და არა უტეონ მძორებსა მათსა დადებად სამარებსა შინა.
სხვადასხვა ტომისა და მოდგმის, ენისა და ერის ხალხი სამნახევარ დღეს უყურებს მათ გვამებს და არავის დართავ მათი დამარხვის ნებას.
და მკჳდრთა ქუეყანისათა განიხარონ მათ ზედა და იშუებდენ და ძღუენი მისცენ ურთიერთას, რამეთუ ამათ ორთა წინაჲსწარმეტყუელთა ტანჯნეს მკჳდრნი ქუეყანისანი.
დედამიწის მკვიდრნი იხარებენ და ილხენენ მათ გამო და ძღვენს უძღვნიან ერთმანეთს, რადგანაც ამ ორმა წინასწარმეტყველმა აწამა დედამიწის მკვიდრნი.
და შემდგომად სამისა მის და ნახევრისა დღისა სული ღმრთისაჲ ცხოველი შევიდა მათ თანა; და აღდგეს ფერჴთა ზედა მათთა. და შიში დიდი დაეცა მათ ზედა, რომელნი ჰხედვიდეს მათ.
მაგრამ სამნახევარი დღის შემდეგ სიცოცხლის სული შევიდა მათში ღვთისაგან, და ფეხზე დადგნენ, რამაც თავზარი დასცა ყველას, ვინც კი ხედავდა მათ.
და მესმა ჴმაჲ დიდი ზეცით, რომელი ეტყოდა მათ: აღმოვედით აქა! და აღვიდეს ზეცად ღრუბლითა. და იხილნეს იგინი მტერთა მათთა.
და მოესმათ მგრგვინავი ხმა ზეცით, რომელმაც უთხრა მათ, აქ ამოდითო, და ისინიც, თავიანთი მტრების თვალწინ, ღრუბლით ავიდნენ ზეცას.
მას დღესა შინა იქმნა ძრვაჲ დიდი, და მეათედი ქალაქისაჲ დაეცა, და მოსწყდეს ძრვისა მისგან კაცნი შჳდ ათასნი, და სხუანი იგი შეშინებულ იქმნეს და მისცეს დიდებაჲ ღმერთსა ცათასა.
იმავე საათს საშინელი მიწისძვრა მოხდა, ქალაქის მეათედი დაიქცა და მიწისძვრისას შვიდი ათასი კაცი ამოწყდა, სხვები კი შეძრწუნდნენ და დიდება მიაგეს ცის ღმერთს.
ვაებაჲ იგი მეორე წარჴდა, და აჰა ესერა ვაებაჲ იგი მესამე მოვალს ადრე.
მეორე ვაებამ გადაიარა, და აჰა, მოგელავს მესამე ვაება.
და მეშჳდემან მან ანგელოზმან დასცა საყჳრსა, და იქმნეს ჴმანი დიდნი ცათა შინა, რომელნი იტყოდეს: იქმნა სუფევაჲ სოფლისაჲ უფლისა ჩუენისაჲ და ქრისტჱს მისისაჲ.
მეშვიდე ანგელოზმა ჩაბერა საყვირს და გაისმა ცაში გრგვინვა, რომელიც ხმობდა: ქვეყნის სამეფო ჩვენი უფლისა და მისი ქრისტეს სამეფო გახდა, და იმეფებს უკუნითი უკუნისამდე.
და კუალად ოც და ოთხნი იგი მღდელნი, რომელნი სხენან წინაშე საყდარსა ღმრთისასა საყდართა ზედა მათთა, დავარდეს პირსა ზედა და თაყუანის-სცეს ღმერთსა,
ოცდაოთხი უხუცესი, თავიანთ ტახტებზე რომ სხედან ღვთის წინაშე, პირქვე დაემხო და თაყვანი სცა ღმერთს.
და თქუეს: გმადლობთ შენ, უფალო ღმერთო, ყოვლისა მპყრობელო, რომელი ხარ, და რომელი-ეგე იყავ, რამეთუ მიიღე ძალი ეგე შენი დიდი და ჰსუფევ.
და თქვეს: მადლს გწირავთ, უფალო ღმერთო, ყოვლისმპყრობელო, რომელიც ხარ, რომელიც იყავი და რომელიც მოხვალ, რომ მოიღე შენი დიადი ძალი და დაამკვიდრე შენი სუფევა.
და წარმართნი განრისხნეს. და მოვიდა რისხვაჲ შენი და ჟამი მკუდართა შჯისაჲ, და მიცემად სასყიდელი მონათა შენთა - წინაჲსწარმეტყუელთა და წმიდათა და მოშიშთა სახელისა შენისათა, მცირეთა და დიდთა.
წარმართნი გაშმაგდნენ და მოვიდა ჟამი შენი რისხვისა, რათა სანაცვლო მიაგო შენს მონებს - წინასწარმეტყველთ, წმიდათა და შენი სახელის მოშიშთ, დიდსა თუ მცირეს, და დაღუპო ქვეყნის დამღუპველნი.
და განეღო ტაძარი ღმრთისაჲ ცათა შინა, და იხილვა კიდობანი იგი აღთქუმისა ღმრთისაჲ ტაძარსა შინა მისსა. და იქმნნეს ელვანი და ქუხილნი და ჴმანი და სეტყუაჲ დიდი.
მაშინ გაიღო ტაძარი ცაში და გამოჩნდა კიდობანი მისი აღთქმისა მისსავ ტაძარში. და იქმნა ელვა და ქუხილი, გრგვინვა, მიწისძვრა და სასტიკი სეტყვა.
