გამოცხადებაჲ იოვანესი · თავი 8

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

და რაჟამს აღაღო მეშჳდე ბეჭედი, იქმნა დუმილი ცათა შინა, ვითარ ნახევარსა ჟამისასა.

და როცა ახსნა მეშვიდე ბეჭედი, ასე, ნახევარი საათით დუმილი ჩამოვარდა ზეცას.

2

და ვიხილენ შჳდნი იგი ანგელოზნი, რომელნი წინაშე ღმრთისა დგანან, და მიეცნეს მათ შჳდნი საყჳრნი.

და ვიხილე შვიდი ანგელოზი, რომლებიც იდგნენ ღმერთის წინაშე, და მიეცა მათ შვიდი საყვირი.

3

და სხუაჲ ანგელოზი მოვიდა და დადგა საკურთხეველსა ზედა, რომელსა აქუნდა სასაკუმევლე ოქროჲსაჲ; და მიეცა მას საკუმეველი ფრიადი, რაჲთა მისცეს იგი ლოცვასა წმიდათასა საკურთხეველსა მას ზედა ოქროჲსასა, რომელი არს წინაშე საყდარსა.

მაშინ მოვიდა სხვა ანგელოზი, რომელიც დადგა საკურთხეველთან, და ჰქონდა სასაკმევლე ოქროსი; და მიეცა დიდძალი საკმეველი, რათა ყველა წმიდის ლოცვასთან ერთად ტახტის წინ, საკურთხეველზე დაედო იგი.

4

და აღჴდა კუამლი იგი საკუმეველთაჲ ლოცვისა მიმართ წმიდათაჲსა ჴელისაგან ანგელოზისა მის წინაშე ღმრთისა.

და ავიდა საკმევლის კვამლი წმიდათა ლოცვებთან ერთად, ანგელოზის ხელით, ღმერთის წინაშე.

5

და აღიღო ანგელოზმან მან სასაკუმევლე იგი და აღავსო ცეცხლისა მისგან საკურთხეველისა და დაასხა იგი ქუეყანასა ზედა, და იქმნნეს ქუხილნი და ჴმანი და ელვანი და ძრვაჲ.

აიღო ანგელოზმა სასაკმევლე, აავსო იგი საკურთხევლის ცეცხლით და გადმოათხია მიწას; და იქმნა გრგვინვა და გრიალი, ელვა და მიწისძვრა.

6

და ანგელოზთა მათ, რომელთა აქუნდეს შჳდნი იგი საყჳრნი, განჰმზადნეს თავნი თჳსნი ცემად.

და შვიდი ანგელოზი, რომელთაც ჰქონდათ შვიდი საყვირი, გაემზადა საყვირთა ჩასაბერად.

7

და პირველმან მან დასცა, და იქმნა სეტყუაჲ და ცეცხლი, შეერთებული სისხლითა, და მოვიდა ქუეყანად, და მესამედი ქუეყანისაჲ დაიწუა და მესამედი ხეთაჲ დაიწუა და ყოველივე თივაჲ ნედლი დაჲწუა.

პირველმა ჩაჰბერა და იქმნა სეტყვა და ცეცხლი, სისხლში არეული, თავს დაატყდა მიწას და ხეთა მესამედი დაიწვა და მთელი მწვანე ბალახი გადაიბუგა.

8

და მეორემან ანგელოზმან დასცა საყჳრსა და, ვითარცა მთაჲ დიდი, მოტყინარე ცეცხლითა, შთავარდა ზღუად, და მესამედი ზღჳსაჲ იქმნა სისხლ,

მეორე ანგელოზმა ჩაჰბერა და თითქოს უზარმაზარი მთა, ცეცხლით მოლაპლაპე, ჩავარდა ზღვაში, და ზღვის მესამედი სისხლად იქცა.

9

და მოსწყდა მესამედი დაბადებულთა ზღჳსათაჲ, რომელთა თანა არს სული, და მესამედი ნავთაჲ განიხრწნა.

და ამოწყდა სულდგმულთა მესამედი, ზღვაში მცხოვრები, და ხომალდთა მესამედი დაიღუპა.

10

და მესამემან ანგელოზმან დასცა, და გარდამოვარდა ზეცით ვარსკულავი დიდი, მოტყინარე ვითარცა ლამპარი, და დავარდა მესამედსა ზედა მდინარეთასა და წყაროთა ზედა წყალთასა.

მესამე ანგელოზმა ჩაჰბერა და ჩამოვარდა ზეცით ლამპარივით მოელვარე ვეება ვარსკვლავი და დაეცა მესამედს მდინარეთა და წყაროებს წყალთა.

11

და სახელი ვარსკულავისაჲ მის არს აფსინთი. და გარდაიქცა მესამედი წყალთაჲ აფსინთად, და მრავალნი კაცთაგანნი მოსწყდეს წყალთა მიერ, რამეთუ დამწარდეს.

ხოლო სახელად ვარსკვლავისა ითქმის აფსინთი, და წყლის მესამედი აფსინთად იქცა, და ურიცხვი ხალხი ამოწყდა წყალთაგან, რადგანაც მწარენი გახდნენ.

12

და მეოთხემან ანგელოზმან დასცა საყჳრსა, და იწყლა მესამედი მზისაჲ და მესამედი მთოვარისაჲ და მესამედი ვარსკულავთაჲ, რაჲთა დაბნელდეს მესამედი მათი, და მესამედი მათი არღარა გამოჩნდეს. და დღე და ღამე ეგრეთვე.

მეოთხე ანგელოზმა ჩაჰბერა და მოიწყლა მესამედი მზისა, მესამედი მთვარისა და მესამედი ვარსკვლავებისა და დაბნელდა მესამედი მათი; და აღარ ნათობდა მესამედი დღისა, ისევე, როგორც ღამის.

13

და ვიხილე და მესმა ერთისა არწივისა მფრინვალისაჲ ჰაერთა შინა, რომელი იტყოდა ჴმითა დიდითა: ვაჲ არს, ვაჲ არს, ვაჲ არს მკჳდრთა ქუეყანისათა სხუათა მათ ჴმათაგან საყჳრთაჲსა სამთა მათ ანგელოზთა, რომელთა ეგულების ჴმობად!

მაშინ თვალი ვკიდე შუა ცაში მფრინავ არწივს და ჩამესმა საზარელი ყაშყაში მისი: ვაი, ვაი, ვაი მიწის მკვიდრთ საყვირის ხმათაგან დანარჩენი სამი ანგელოზისა, რომელნიც აწი ჩაჰბერენ საყვირს.