ფილიპელთა მიმართ · თავი 1

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

პავლე და ტიმოთე, მონანი იესუ ქრისტესნი, ყოველთა წმიდათა ქრისტე იესუჲს მიერ, რომელნი ხართ ფილიპეს შინა, ეპისკოპოსთა თანა და დიაკონთა:

პავლე და ტიმოთე, იესო ქრისტეს მონები, - ყველა წმიდას ქრისტე იესოში, რომელნიც არიან ფილიპეში, ეპისკოპოსებითა და დიაკვნებითურთ:

2

მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესუ ქრისტესა.

მადლი თქვენდა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან.

3

ვჰმადლობ ღმერთსა ყოველსა ზედა ჴსენებისა თქუენსა;

მადლობას ვწირავ ჩემს ღმერთს თქვენი ყოველი გახსენებისას.

4

მარადის ყოველთა შინა ლოცვათა ჩემთა თქუენ ყოველთათჳს სიხარულით ლოცვასა ვჰყოფ

ყოველთვის, ჩემი ყოველი ლოცვისას, სიხარულით ვლოცულობ თქვენთვის,

5

ზიარებისა მაგის თქუენისათჳს სახარებასა მას პირველით დღითგან მოაქმადე.

რადგანაც ჩემი თანამოზიარენი იყავით სახარებაში, პირველი დღიდან აქამდე.

6

და ამის მებრვე სასოებისათჳს, ვითარმედ რომელმან იწყოს თქუენ შორის საქმე კეთილისაჲ, აღასრულენ ვიდრე დღედმდე უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა.

მწამს, რომ თქვენს შორის კეთილი საქმის დამწყები კიდევაც აღასრულებს მას იესო ქრისტეს დღემდე.

7

ვითარცა არს სამართალ ჩემდა ზრახვად ესე თქუენ ყოველთათჳს, რამეთუ მაჴსოვთ მე თქუენ გულსა ჩემსა კრულებათა შინა ჩემთა და სიტყჳს-გებათა და დამტკიცებასა მას სახარებისასა, რაჲთა ზიარ ჩემ თანა მადლისა მის თქუენ ყოველნი იყვნეთ.

რადგანაც გულში მყავხართ ყველანი, ჩემი ტყვეობისას თუ სახარების დაცვისას და განმარტებისას, როგორც ჩემი მადლის თანაზიარნი.

8

რამეთუ მოწამე ჩემდა არს ღმერთი, ვითარ-იგი მსურის თქუენ ყოველთათჳს მოწყალებითა ქრისტე იესუჲსითა;

ვინაიდან ღმერთი მყავს მოწმედ, როგორ მიყვარხართ ყველანი იესო ქრისტეს სიყვარულით;

9

და ამას ვილოცავ, რაჲთა სიყუარული ეგე თქუენი უფროჲს და უმეტეს გარდაერიოს მეცნიერებითა და ყოვლითა ფრთხილებითა,

და ვლოცულობ, რომ თქვენი სიყვარული სულ უფრო იზრდებოდეს შემეცნებასა და ყოველგვარ შეგრძნებაში,

10

რაჲთა გამოიცადოთ თქუენ უმჯობესი იგი, რაჲთა იყვნეთ თქუენ ჭეშმარიტ და დაუბრკოლებელ დღედმდე ქრისტე იესუჲსა,

რათა შეიცნოთ, რა არის უმჯობესი და, ამრიგად, წრფელნი და შეუმცთარნი იყოთ ქრისტეს დღეს,

11

აღსავსენი ნაყოფითა სიმართლისაჲთა იესუ ქრისტეს მიერ სადიდებელად და საქებელად ღმრთისა.

სიმართლის ნაყოფით აღვსილნი იესო ქრისტეს მიერ, ღვთის საქებრად და სადიდებლად.

12

უწყებაჲ თქუენი მნებავს, ძმანო, რამეთუ ჩემთჳს უფროჲსღა წარსამატებელად სახარებისა მისთჳს მოივლინა,

მინდა იცოდეთ, ძმანო, რომ ყოველივე იმან, რაც თავს გადამხდა, დიდად შეუწყო ხელი სახარების წარმატებას.

13

ვიდრეღა კრულებანი ესე ჩემნი განცხადებულ იქმნნეს ქრისტეს მიერ ყოველსა მას ტაძარსა და სხუათა მიმართ ყოველთა,

ასე რომ, ჩემი ტყვეობა ქრისტეში ცხადი შეიქნა მთელი პრეტორიუმისა და ყველა დანარჩენისთვის,

14

და უმრავლესთა ძმათა უფლისა მიერ, მოსავთა მათ ჩემთა კრულებათასა, უმეტესღა ვიკადრებ უშიშად სიტყუასა მას ღმრთისასა სიტყუად.

რის შედეგადაც, ძმათა უმრავლესობამ, ჩემი ბორკილებით განმტკიცებულმა უფალში, უფრო თამამად და გაბედულად დაიწყო ღვთის სიტყვის ქადაგება.

15

რომელნიმე შურით და ჴდომით, რომელნიმე და სათნოებისათჳსცა ქრისტესა ქადაგებენ.

თუმცა ზოგიერთნი შურით და ურთიერთჯიბრით, ზოგიერთნი კი კეთილგანწყობით ქადაგებენ ქრისტეს.

16

რომელნი-იგი ჴდომით ქრისტესა მიუთხრობენ არაწმიდებით, ჰგონებენ ჭირთა მოწევნად კრულებათა ამათ ჩემთა;

ერთნი ჯიბრით ქადაგებენ ქრისტეს არაწმიდად, რათა ურვა მიუსართონ ჩემს ბორკილებს.

17

ხოლო რომელნიმე - სიყუარულით: უწყიან, რამეთუ სიტყჳს-გებად სახარებისა მის ვდგა მე.

მეორენი კი - სიყვარულით, რადგანაც იციან, რომ სახარების დამცველად ვდგავარ.

18

აწ უკუე რაჲ? ყოვლითავე სახითა, გინა თუ მიზეზით გინა თუ ჭეშმარიტებით, ქრისტე იქადაგების, და ამისთჳს მიხარის და მიხაროდისცა.

მერედა, რა? როგორც უნდა იქადაგებოდეს ქრისტე, პირმოთნეობით თუ ჭეშმარიტებით, მე ვხარობ და კვლავაც ვიხარებ,

19

რამეთუ უწყი, ვითარმედ ესე მექმნას მე საცხორებელად თქუენითა ვედრებითა და შეწევნითა სულისა ქრისტე იესუჲსითა,

რადგანაც ვიცი, რომ ეს წამადგება სახსნელად, თქვენი ლოცვებითა და იესო ქრისტეს სულის შეწევნით,

20

მოსალოდებელითა მით და სასოებითა ჩემითა, რამეთუ არარაჲ მრცხუენის მე, არამედ ყოვლითა კადნიერებითა, ვითარცა მარადის და აწცა იდიდოს ქრისტე ჴორცთა ზედა ჩემთა, გინა თუ ცხორებით გინა თუ სიკუდილით.

თანახმად ჩემი მოლოდინისა და სასოებისა, რომ არაფერში შევრცხვები, არამედ მთელი სითამამით, როგორც ყოველთვის, ისე ახლაც იდიდება ქრისტე ჩემს სხეულში, სიცოცხლით იქნება თუ სიკვდილით.

21

რამეთუ ჩემდა ცხორებაჲ ქრისტე არს, და სიკუდილი – შესაძინელ.

რადგანაც ჩემთვის სიცოცხლე ქრისტეა, სიკვდილი კი - მონაგები.

22

ხოლო ცხორებაჲ ესე ჴორცითა ამის ესე არს ჩემდა ნაყოფ საქმისა, და რომელი გამოვირჩიო, არა უწყი.

მაგრამ თუ ხორციელად სიცოცხლე ნაყოფს შემატებს ჩემს საქმეს, არც კი ვიცი, რომელი ვირჩიო.

23

ხოლო შეპყრობილ ვარ ორთა ამათგან: გული მეტყჳს განსლვად და ქრისტეს თანა ყოფად, უფროჲს და უმჯობეს ფრიად,

ერთიც მიზიდავს და მეორეც: გული მითქვამს, რომ გასვლა და ქრისტესთან ყოფნა ათასწილ უმჯობესია.

24

ხოლო დადგრომაჲ ჴორცთა შინა უნებელადრე თქუენთჳს.

ხორციელად ყოფნა კი უფრო საჭიროა თქვენთვის.

25

და ესე სასოებით უწყი, რამეთუ დავადგრე და გგებდე თქუენ ყოველთა წარმატებისა თქუენისათჳს და სიხარულისა მის სარწმუნოებისა,

თუმცა დანამდვილებით ვიცი, რომ დავრჩები და ყველა თქვენგანთან ვიქნები თქვენი წარმატებისა და თქვენივე რწმენის სიხარულისთვის,

26

რაჲთა სიქადული ეგე თქუენი აღემატოს ქრისტე იესუჲს მიერ ჩემდა მომართ ჩემითა მით მისლვითა კუალად თქუენდა მიმართ.

რათა თქვენმა სიქადულმა ჩემი მეოხებით იმრავლოს ქრისტე იესოში, როცა ხელახლა გეწვევით.

27

გარნა ღირსად ხოლო სახარებისა მის ქრისტესისა ვიდოდეთ, რაჲთა გინა თუ მოვიდე და გიხილნე თქუენ, გინა თუ შორს ვიყო და მესმას თქუენთჳს, ვითარმედ სდგათ თქუენ ერთითა სულითა და ერთითა გონებითა და თანა-იღუწით სარწმუნოებასა მას სახარებისასა,

მაგრამ ისე კი იცხოვრეთ, როგორც შეჰფერის ქრისტეს სახარებას, რათა, მოვალ და გიხილავთ, თუ შორს ვიქნები, მხოლოდ ის მესმოდეს თქვენზე, რომ ერთსულოვნად დგახართ და ერთობლივად იღვწით სახარების რწმენისთვის.

28

და არა ჰფრთხებით არარაჲთ მჴდომთა მათგან, რომელი-იგი არს მათდა სახე წარწყმედისაჲ, ხოლო თქუენდა – ცხორებისა; და ესე ღმრთისა მიერ.

ნურაფერში შეუკრთებით თქვენს წინააღმდგომთ; მათთვის ეს წარწყმედის ნიშანია, თქვენთვის კი - ხსნისა, და ეს ღვთისაგან არის.

29

რამეთუ თქუენ მიგემადლა ქრისტჱსთჳს არა ხოლო მისა მიმართ სარწმუნოებაჲ, არამედ მისთჳს ვნებაჲცა.

რადგანაც ქრისტეს გულისთვის მარტო რწმენა კი არ მოგეცათ, არამედ ვნებაც მისთვის,

30

იგივე ღუაწლი გაქუნდინ, რომელი იხილეთ ჩემ თანა და აწ გესმის ჩემ მიერ.

იმავე ღვაწლით, რა ღვაწლიც ჩემში გიხილავთ და ახლაც გესმით, რომ ვიღვწი.