ფილიპელთა მიმართ · თავი 2
რაოდენი რაჲ ნუგეშინის-ცემაჲ არს ქრისტეს მიერ, და რაოდენი ნუგეშინის-ცემაჲ სიყუარულისაჲ, რაოდენი რაჲ ზიარებაჲ სულისაჲ, რაოდენი რაჲ მოწყალებაჲ და წყალობაჲ,
ამრიგად, თუ არის რაიმე ნუგეში ქრისტეში, თუ არის რაიმე სიამე სიყვარულისა, თუ არის რაიმე თანაზიარობა სულისა, თუ არის რაიმე თანალმობა ან წყალობა,
აღავსეთ სიხარული ჩემი, რაჲთა მასვე ჰზრახვიდეთ და იგივე სიყუარული გაქუნდეს; ერთ-სულ და ერთ-ზრახვა იყვენით,
აღავსეთ ჩემი სიხარული, რათა იყოთ თანამზრახველნი, ერთი და იმავე სიყვარულით გულშეძრულნი, ერთსულოვანნი და თანამოაზრენი.
ნურარაჲთ ჴდომით გინა ზუაობით, არამედ სიმდაბლით ურთიერთას უმეტეს შეჰრაცხდით თჳთოეული თავისა თჳსისასა.
ნურას ჩაიდენთ ცილობით და ცუდმედიდობით, არამედ, ქედმოდრეკილნი, საკუთარ თავზე უმეტესად მიიჩნევდეთ ერთიმეორეს.
ნუ თავისა თჳსისასა ხოლო კაცად-კაცადი თქუენი ეძიებნ, არამედ მოყუსისაცა თჳთოეული თქუენი.
მარტო თავის თავზე ნუკი ზრუნავს თვითეული თქვენგანი, არამედ სხვებზეც იზრუნოს.
ესე ზრახვაჲ იზრახებოდენ თქუენ შორის, რომელცა-იგი ქრისტე იესუჲს მიერ.
იგივე ზრახვები გქონდეთ, როგორიც ქრისტე იესოს,
რომელი-იგი ხატი ღმრთისაჲ იყო, არა ნატაცებად შეირაცხა ყოფად იგი სწორებად ღმრთისა,
რომელსაც, თუმცა ღვთის ხატი იყო, ნაძარცვად არ შეურაცხავს ღვთის სწორად ყოფნა.
არამედ თავი თჳსი დაიმდაბლა და ხატი მონისაჲ მიიღო და მსგავს კაცთა იქმნა და ხატითა იპოვა ვითარცა კაცი;
მაგრამ თავი დაიმცრო, მონის ხატი შეიმოსა და გარეგნობით კაცის მსგავსებად იქცა.
დაიმდაბლა თავი თჳსი და იქმნა იგი მორჩილ ვიდრე სიკუდიდმდე და სიკუდილითა მით ჯუარისაჲთა.
თავი დაიმდაბლა და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე, ჯვარცმით სიკვდილამდე.
ამისთჳსცა იგი ღმერთმან უმეტესად აღამაღლა და მიანიჭა მას სახელი უზეშთაესი უფროჲს ყოველთა სახელთაჲსა,
ამიტომაც აღამაღლა იგი ღმერთმა და ყველა სახელზე უზენაესი სახელი მისცა,
რაჲთა სახელისა მიმართ იესუ ქრისტესისა ყოველი მუჴლი მოდრკეს ზეცისათანი და ქუეყანისათანი და ქუესკნელთანი,
რათა იესოს სახელის წინაშე მოიდრიკოს ყოველი მუხლი, ზეცისაც, ქვეყნისაც და ქვესკნელისაც,
და ყოველმან ენამან აღუაროს, რამეთუ უფალი იესუ ქრისტე სადიდებელად ღმრთისა მამისა.
და ყველა ენამ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი, სადიდებლად ღვთის და მამისა.
ვინაჲცა, საყუარელნო ჩემნო, ვითარცა-ეგე ყოვლადვე მორჩილ ხართ, ნუ ხოლო მისლვასა მას ჩემსა, არამედ აწ უფროჲსღა შორს ყოფასა ამას ჩემსა შიშით და ძრწოლით თჳსსა ცხორებასა იქმოდეთ.
ამრიგად, ჩემო საყვარელნო, როგორც ყოველთვის მორჩილნი იყავით, არა მარტო ჩემი მანდ ყოფნისას, არამედ, მით უმეტეს, ახლა, როცა შორსა ვართ თქვენგან, - შიშით და ძრწოლით აღასრულეთ თქვენი ხსნის საქმე.
რამეთუ ღმერთი არს, რომელი შეიქმს თქუენ თანა ნებასაცა და შეწევნასა სათნოებისათჳს.
რადგან ღმერთია ის, ვინც ბადებს თქვენში ნდომასაც და ქმედებასაც თავისი კეთილნებელობით.
ყოველსავე იქმოდეთ თჳნიერ დრტჳნვისა და გულის სიტყუათა,
ყველაფერი აღასრულეთ უდრტვინველად და უყოყმანოდ,
რაჲთა იყვნეთ უბრალო და უმანკო, შვილ ღმრთისა, შეუგინებელ შორის ნათესავსა დრკუსა და გულარძნილსა, რომელთა მიერ შჩნდეთ, ვითარცა მთიებნი სოფელსა შინა.
რათა იყოთ უბიწონი და უმანკონი, ღვთის უმწიკვლო შვილნი უკუღმართ და გახრწნილ მოდგმაში, რომელშიც ნათობთ, როგორც მნათობნი სამყაროში,
სიტყუაჲ ცხორებისაჲ გაქუნდინ სიქადულად ჩემდა დღესა მას ქრისტესსა, რამეთუ არა ცუდად ვრბიოდე, არცა ცუდად დავშუერ.
სიცოცხლის სიტყვის მფლობელნი, რათა ქრისტეს დღეს დავიქადო, რომ ამაოდ არ ვრბოდი და არც ამაოდ ვიღვწოდი.
არამედ დაღათუ შევიწირვი მსხუერპლსა მას ზედა და მსახურებასა სარწმუნოებისა თქუენისისა, მიხარის და მიხაროდისცა თქუენ ყოველთა თანა.
მაგრამ სისხლადაც რომ ვესხურო თქვენი რწმენის მსხვერპლს და მსახურებას, თქვენთან ერთად ვილხენ და ვხარობ.
ეგრეთვე და თქუენცა გიხაროდენ და ჩემ თანა გიხაროდენ.
მაშ, თქვენც ილხენდეთ და ხარობდეთ ჩემთან ერთად.
ხოლო ვესავ ქრისტე იესუჲს მიერ ტიმოთესსაცა ადრე მივლინებასა თქუენდა, რაჲთა მეცა გულ-მხიარულად ვცნა თქუენთჳს.
იმედი მაქვს, თუ უფალმა ჩვენმა ქრისტემ ინება, მალე გაახლოთ ტიმოთე, რათა შევიტყო თქვენი ამბავი და მეც გავმხნევდე სულით.
რამეთუ არავინ მაქუს სხუაჲ ერთგული, რომელმანმცა თქუენთჳს გულითად იზრუნა.
რადგანაც სხვა არავინ მყავს ჩემი სულის თანაზიარი, მასავით წრფელად რომ ზრუნავდეს თქვენზე.
რამეთუ ყოველნი თავთა თჳსთასა ეძიებენ და არა ქრისტე იესუჲსასა.
ვინაიდან ყველა თავისას ეძებს და არა იესო ქრისტესას.
ხოლო გამოცდილებაჲ იგი მისი იცით, რამეთუ ვითარცა მამასა შვილმან, ეგრე ჰმონა ჩემ თანა სახარებასა მას.
მის გამოცდილებას კი იცნობთ, ვინაიდან, როგორც მამას - შვილი, ისე ემსახურა სახარებას ჩემთან ერთად.
ამისსა უკუე ვესავ მივლინებასა, რაჟამს განვიგო თავისა ჩემისაჲ მისგან.
ასე რომ, იმედი მაქვს მალე გაახლოთ, როგორც კი გავიგებ, რა მელის.
ხოლო ვესავ უფალსა, ვითარმედ მეცა ადრე მოვიდე.
მჯერა უფლისა, რომ თვითონაც მალე გეწვევით.
უმჯობესადრე შევჰრაცხე ეპაფროდიტეს ძმისა ჩემისა და თანა-შემწისა და თანა-მოსაგრისა ჩემისა, ხოლო თქუენისა მოციქულისა და მსახურისა მის საჴმართა ჩემთაჲსა, მოვლინებად თქუენდა,
მაგრამ საჭიროდ მივიჩნიე გამომეგზავნა ეპაფროდიტოსი, ჩემი ძმა, ჩემი თანამოსაქმე და თანამებრძოლი, იგივე თქვენი მოციქული და ჩემი გაჭირვების მსახური.
ვინაჲთგან სურვიელცა იყო თქუენ ყოველთა ხილვად და ზრუნვიდა, რამეთუ გასმიოდა, ვითარმედ დასნეულდა.
რადგანაც გულით უნდოდა ყველა თქვენგანის ნახვა და ძალზე შეწუნდა, როცა გაიგო, რომ თქვენამდეც მოუღწევია მისი ავადმყოფობის ამბავს.
და ნანდჳლვე დასნეულდა ვიდრე სიკუდიდმდე; არამედ ღმერთმან შეიწყალა იგი და არა ხოლო თუ იგი, არამედ მეცა, რაჲთა არა მწუხარებაჲ მწუხარებასა ზედა დამერთოს.
და მართლაც, ისე ავად იყო, რომ კინაღამ ხელიდან გამოგვეცალა, მაგრამ ღმერთმა შეიწყალა ის, და არა მარტო ის, არამედ მეც, რათა მწუხარება მწუხარებაზე არ დამრთვოდა.
მოსწრაფედ უკუე მივავლინე ეგე, რაჲთა იხილოთ ეგე და კუალად გიხაროდის, და მე უჭუვარ ვიყო.
ამიტომ საჩქაროდ გამოვგზავნე, რომ გაგეხარათ მისი ხილვით და მეც მომკლებოდა სადარდელი.
შეიწყნარეთ ეგე უფლისა მიერ ყოვლითა სიხარულითა, და ეგევითარნი ეგე პატიოსნად იპყრენით,
მთელი სიხარულით შეიწყნარეთ იგი უფალში და პატივი ეცით მისთანებს.
რამეთუ საქმისათჳს ქრისტესისა სიკუდილადმდე მიიწია წინა-დაპყრობად სულითა, რაჲთა აღავსოს თქუენი იგი დაკლებული ჩემდა მომართ მსახურებისაჲ.
ვინაიდან ქრისტეს სამსახურისათვის გადადო და სასიკვდილოდ გასწირა თავი, რათა ჩემდამი თქვენი სამსახურის დანაკლისი შეევსო.
