რომაელთა მიმართ · თავი 11

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

ვიტყჳ უკუე: ნუ განიშორა-მეა ღმერთმან ერი თჳსი? ნუ იყოფინ და რამეთუ მეცა ისრაიტელი ვარ თესლისაგან აბრაჰამისა, ტომისაგან ბენიამენისა.

ამრიგად, ვამბობ: ნუთუ ღმერთმა უარყო თავისი ხალხი? არამც და არამც. რადგან მეც ისრაელიტი ვარ, აბრაამის თესლისაგან, ბენიამინის ტომიდან.

2

არა განიშორა ღმერთმან ერი თჳსი, რომელი-იგი წინაწარ იცნა. ანუ არა უწყითა ელიაჲსი, რასა-იგი იტყჳს წიგნი? ვითარ-იგი შეემთხუევის ღმერთსა შესმენად ისრაჱლისა და იტყჳს:

არ უარუყვია ღმერთს თავისი ხალხი, რომელიც წინასწარ იცნო. ან იქნებ არ იცით, რას ამბობს წერილი ელიაზე? როგორ შესჩივის ღმერთს ისრაელის გამო:

3

უფალო, წინაწარმეტყუელნი შენნი მოსწყჳდნეს და საკურთხეველნი შენნი დაარღჳნეს; და მე დაშთომილ ვარ მარტოჲ, და ეძიებენ სულსაცა ჩემსა.

„უფალო, შენი წინასწარმეტყველნი მოკლეს და დაანგრიეს შენი საკურთხეველნი. მარტო მე დავრჩი, და ეძებენ ჩემს სულს“.

4

არამედ რასა ეტყჳს მას ბრძანებაჲ იგი სიტყჳსაჲ მის? დამიტევებიეს თავისა ჩემისა შჳდ ათასი მამაკაცი, რომელთა არა მოუდრეკიან მუჴლნი მათნი ბაალისა.

მაგრამ რას ეუბნება პასუნი ღვთისა? „მე დავიტოვე შვიდი ათასი კაცი, რომელთაც მუხლი არ მოუყრიათ ბაალის წინაშე.

5

ეგრეცა უკუე და აწცა ჟამსა ამას ნეშტი რჩევით მადლითა მით იქმნა.

ამჯერადაც მადლისმიერი არჩევანით დარჩა ნატამალი.

6

ხოლო უკუეთუ მადლით, არღარა საქმეთაგან; უკუეთუ არა, მადლი იგი არღარა შეირაცხების მადლად; უკუეთუ კულა საქმეთაგან, არღარა არს მადლი, ვინაჲთგან საქმე იგი არღარა არს საქმე.

მაგრამ თუ მადლის მიერ, უკვე არა საქმეთა მიერ, თორემ მადლი აღარაა მადლი.

7

აწ უკუე რაჲ? რომელსა ეძიებს ისრაჱლი, ამას ვერ მიემთხჳა; ხოლო რჩეული იგი მიემთხჳა, და სხუანი იგი დაბრმეს.

მერედა, რა? რასაც ეძებდა ისრაელი, ვერ ეწია; მხოლოდ რჩეულნი ეწივნენ; დანარჩენებს კი ქვად ექცათ გული.

8

ვითარცა წერილ არს: მოსცა მათ ღმერთმან სული მწუხარებისაჲ, თუალნი, რაჲთა არა ჰხედვიდენ, და ყურნი, რაჲთა არა ესმოდის, ვიდრე დღენდელად დღედმდე.

როგორც წერია: „მისცა მათ ღმერთმა მთვლემარე სული; თვალი, რათა ვერ ხედავდნენ, და ყური, რათა არ ესმოდეთ დღევანდელ დღემდე“.

9

და დავით იტყჳს: იქმენინ ტაბლაჲ მათი მათ წინაშე საფრჴე და სანადირო და მისაგებელ და საცდურ მათდა.

ხოლო დავითი ამბობს: „დაე, ტაბლა მახედ და ბადედ ექცეთ, საცდურად და მათ საზღაურად;

10

დაუბნელდედ თუალნი მათნი, რაჲთა არა ხედვიდენ, და ზურგი მათი მარადის შედრიკე!

დაევსოთ თვალი, რომ ვეღარ ხედავდნენ, და მოდრიკე მათი ზურგი სამარადისოდ“.

11

ხოლო ვიტყჳ: ნუუკუე შეუბრკუმა, რაჲთა დაეცნენ? ნუ იყოფინ! არამედ მათითა მით შეცოდებითა ცხორებაჲ წარმართაჲ იქმნა საშურებელად მათდა.

მე ვამბობ: ნუთუ ისე წაიბორძიკეს, რომ დაეცნენ? არამც და არამც. მაგრამ მათი დაცემა ხსნად ექცა წარმართთ, რათა აღძრულიყო მათში საღმრთო შური.

12

ხოლო უკუეთუ შეცოდებაჲ იგი მათი სიმდიდრე სოფლისა, და ძლეულებაჲ იგი მათი სიმდიდრე წარმართთა, რაოდენ უფროჲს სავსებაჲ იგი მათი!

ხოლო თუ მათი დაცემა ქვეყნის სიმდიდრეა, მათი სიმწირე კი - წარმართთა სიმდიდრე, რამდენად უფრო მეტი იქნება სავსება მათი.

13

ხოლო თქუენ გეტყჳ, წარმართთა მაგათ: რაოდენ-ესე ვარ მე წარმართთა მოციქულ, მსახურებაჲ ესე ჩემი ვადიდო.

თქვენ გეუბნებით, წარმართნო: რამდენადაც წარმართთა მოციქული ვარ, ჩემს მსახურებას ვადიდებ.

14

ვაშურო ხოლო თუ ჴორცთა ჩემთა და ვაცხოვნნე ვინმე მათგანნი?

იქნებ ასე მაინც შევძლო საღმრთო შური აღვძრა ჩემსავე თვისტომთა შორის და ვიხსნა ზოგიერთი მათგანი.

15

რამეთუ უკუეთუ განვრდომაჲ იგი მათი დაგება სოფლისა, რაოდენ-მე შეწყნარებაჲ მათი, არა თუ ცხორებაჲ მკუდართაგან?

რადგან თუ მათი განშორება ქვეყნის დაზავებაა, რაღა იქნება მათი შემოერთება, თუ არა სიცოცხლის აღდგომა მკვდრეთით?

16

ხოლო უკუეთუ დასაბამი იგი წმიდა არს, და თბეცა; და უკუეთუ ძირი იგი წმიდა არს, და რტონიცა მისნი.

თუ პირველნაყოფი წმიდაა, ასევე - ცომიც; და თუ ფესვი წმიდაა, ასევე - რტონიც.

17

ხოლო უკუეთუ რტოთა მათგანნი ვინმე გარდასტყდეს, ხოლო შენ ველური ზეთის ხილი იყავ და დაემყენ მათ ზედა და თანა-ზიარ ძირისა და სიპოხისა ზეთის ხილისა იქმენ,

ხოლო თუ ზოგიერთი რტო მოტყდა და შენ, ველური ზეთისხილი, მათ ადგილას დაემყენ, ასე რომ, ზეთისხილის ფესვისა და წვენის თანაზიარი გახდი,

18

ნუ ექადი რტოთა მათ. ხოლო უკუეთუ ექადი, არა თუ შენ ძირი იგი გიტჳრთავს, არამედ ძირსა მას - შენ.

ნუ იქადი რტოთა წინაშე, ხოლო თუ მაინც იქადი, გახსოვდეს, რომ შენ კი არ გიტვირთავს ფესვი, არამედ ფესვმა გიტვირთა შენ.

19

სთქუა უკუე: გარდასტყდეს რტონი იგი, რაჲთა მე დავემყნა,

იტყვი: რტოები გადატყდნენ, რათა მე დავმყნილიყავიო.

20

კეთილ! იგინი ურწმუნოებითა მათითა გარდასტყდეს, ხოლო შენ სარწმუნოებითა სდგა; ნუ ჰმაღლოი, არამედ გეშინოდენ.

კეთილი. ისინი ურწმუნოებით გადატყდნენ, ხოლო შენ რწმენითა დგახარ. ნუ ქედმაღლობ, არამედ გეშინოდეს.

21

უკუეთუ ღმერთმან ბუნებითთა მათ რტოთა არა ჰრიდა, ნუუკუე შენცა არა გრიდოს.

რადგან თუ ღმერთმა ბუნებრივი რტოები არ დაინდო, არც შენ დაგინდობს.

22

აწ უკუე იხილე სიტკბოებაჲ და სასტიკებაჲ ღმრთისაჲ: დაცემულთა მათ ზედა - სასტიკებაჲ, ხოლო შენ ზედა - სიტკბოებაჲ, უკუეთუ ეგო სიტკბოებასა მას ზედა; უკუეთუ არა, შენცა მო-ვე-ეკუეთო.

ხომ ხედავ სიკეთეს და სიმკაცრეს ღვთისას: სიმკაცრეს - დაცემულთა, ხოლო სიკეთეს - შენს მიმართ, თუკი მის სიკეთეში მკვიდრობ; არა და, შენც მოიკვეთები.

23

და იგინი, თუ არა დაადგრენ ურწმუნოებასა მათსა ზედა, და-ვე-ემყნენ; რამეთუ შემძლებელ არს ღმერთი კუალად დამყნად მათდა.

მაგრამ, თუ ურწმუნოებაში არ დარჩნენ, ისინიც დაემყნობიან, რადგან ღმერთს კვლავაც ძალუძს მათი დამყნობა.

24

უკუეთუ შენ ბუნებითისა მისგან მოეკუეთე ველურისა ზეთის ხილისა და გარეშე ბუნებისა დაემყენ კეთილსა ზეთის ხილსა, რავდენ უფროჲს იგინი ბუნებითსა მას დაემყნენ თჳსსავე მას ზეთის ხილსა!

ვინაიდან თუ შენ მოიკვეთე თავისი ბუნებით ველური ზეთისხილისგან და არაბუნებრივად დაემყნე შინაურ ზეთისხილს, განა ბუნებრივი რტონი მით უმეტეს არ დაემყნობიან თავიანთ საკუთარ ღეროს?

25

არა მნებავს უმეცრებაჲ თქუენი, ძმანო, საიდუმლოჲსა ამის, - რაჲთა არა იყვნეთ თავით თვსით ბრძენ, - რამეთუ სიბრძნე ჟამად-ჟამად შეჰყვა ისრაჱლსა, ვიდრემდე სავსებაჲ იგი წარმართთაჲ შემოჴდეს.

რადგანაც არ მინდა, ძმებო, რომ თქვენთვის უცნობი დარჩეს ეს საიდუმლო, რათა თავს არ გაგივიდეთ: ისრაელის სიბრმავე ნაწილობრივია და დროებითი, ვიდრე არ შემოგვიერთდება წარმართთა მთელი სიმრავლე.

26

და ესრეთ ყოველი ისრაჱლი ცხონდეს, ვითარცა წერილ არს: მოვიდეს სიონით მჴსნელი და მოაქციოს უღმრთოებისაგან იაკობი.

ასე გადარჩება მთელი ისრაელი, როგორც წერია: „მოვა სიონით მხსნელი და უღმერთოებას მიაქცევს ისრაელისგან.

27

და ესე არს ჩემ მიერი იგი მათდა მიმართ აღთქუმაჲ, რაჟამს მოვსპნე ცოდვანი მათნი.

ეს არის ჩემი აღთქმა მათდამი, როდესაც წარვხოცავ მათ ცოდვებს“.

28

სახარებისა მისგან - მტერ თქუენდა, ხოლო რჩეულებისა მისგან - საყუარელ მამათათჳს.

სახარების მიხედვით, ისინი მტრები არიან თქვენს გამო, ხოლო არჩევის გულისთვის - საყვარელნი მამათა გამო.

29

რამეთუ შეუნანებელ არიან მადლნი იგი და ჩინებანი ღმრთისანი.

რადგანაც უცვალებელია ნიჭი და მოწოდება ღვთისა.

30

რამეთუ ვითარცა-იგი თქუენცა ოდესმე ურჩ ექმნენით ღმერთსა, ხოლო აწ შეიწყალენით მათითა მით ურჩებითა,

ვინაიდან როგორც თქვენ ეურჩეთ ოდესღაც ღმერთს, ახლა კი შეწყალებულნი ხართ მათი ურჩობის გამო,

31

ეგრეთე ესენი ურჩ ექმნეს აწ თქუენისა შეწყალებისათჳს, რაჲთა იგინიცა შეიწყალნენ.

ასევე ურჩობენ ახლა ისინიც, რათა იმ მოწყალებით, თქვენ რომ გხვდათ წილად, თვითონაც შეწყალებულ იქნენ.

32

რამეთუ შეაყენნა ღმერთმან ყოველნივე ურჩებასა, რაჲთა ყოველნი შეიწყალნეს.

რადგანაც ღმერთმა ყველანი ურჩობაში გამოამწყვდია, რათა ყველანი შეიწყალოს.

33

ჵ სიღრმე სიმდიდრისა და სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისაჲ! ვითარ გამოუძიებელ არიან განკითხვანი მისნი და გამოუკულეველ არიან გზანი მისნი!

ეჰა, ღმერთის სიუხვის, სიბრძნისა და ცოდნის სიღრმე! რაოდენ გონებამიუწვდომელნი არიან მისი მსჯავრნი და მიუკვლეველი მისი გზანი!

34

რამეთუ ვინ ცნა გონებაჲ უფლისაჲ? ანუ ვინ თანა-მზრახველ ეყო მას?

რადგანაც ვინ შეიცნო აზრი უფლისა, ან ვინ იყო მისი მრჩეველი?

35

ანუ ვინ წინაწარ მი-რაჲმე-სცა მას და კუალად მიეგოს მას?

ანდა ვინ მისცა წინასწარ, რომ შემდეგ მიაგოს?

36

რამეთუ მისგან და მის მიერ და მისა მიმართ არს ყოველი. მისა დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

რადგანაც მისგან, მის მიერ და მის მიმართაა ყოველი. დიდება მას უკუნითი უკუნისამდე. ამინ.