რომაელთა მიმართ · თავი 13

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

ყოველი სული ჴელმწიფებასა მას უმთავრესისასა დაემორჩილენ, რამეთუ არა არს ჴელმწიფებაჲ, გარნა ღმრთისაგან, და რომელნი-იგი არიან ჴელმწიფებანი, ღმრთისა მიერ განწესებულ არიან.

დაე, ყოველი სული უზენაეს ხელმწიფებას დაემორჩილოს, რადგანაც არ არსებობს ხელმწიფება თუ არა ღვთისაგან; ყოველი ხელმწიფება ღვთის მიერ დადგენილია.

2

ამიერითგან რომელი ადგებოდის ჴელმწიფებასა, ღმრთისა ბრძანებასა ადგების. ხოლო რომელნი-იგი ადგებოდიან, თავისა თჳსისა საშჯელი მიიღონ.

ამიტომ, ვინც ეწინააღმდეგება ხელმწიფებას, ღვთის განჩინებას ეწინააღმდეგება; ხოლო წინააღმდგომნი თავიანთ თავზე თვითონვე მოიწევენ სასჯელს.

3

რამეთუ მთავარნი იგი არა არიან საშინელ კეთილის მოქმედთა, არამედ ბოროტის მოქმედთა. გნებავს თუ, რაჲთა არა გეშინოდის ჴელმწიფებისაგან? კეთილსა იქმოდე და მოიღო ქებაჲ მისგან,

ვინაიდან მთავარნი კეთილის მოქმედთათვის კი არა, ბოროტმოქმედთათვის არიან საშიშნი. შენ გინდა, არ გეშინოდეს ხელმწიფებისა? კეთილი აკეთე და ნაქები იქნები მისგან.

4

რამეთუ ღმრთის მსახური არს შენდა კეთილისათჳს. ხოლო უკუეთუ ბოროტსა იქმოდი, გეშინოდენ, რამეთუ არა ცუდად ჴრმალ აბს; რამეთუ ღმრთის მსახურ არს შენდა, რისხვისათჳს შურის მეძიებელ ბოროტის მოქმედთათჳს.

რადგანაც ის ღვთის მსახურია შენდა სასიკეთოდ. მაგრამ თუ ბოროტს სჩადიხარ, გეშინოდეს, ვინაიდან ტყუილად როდი არტყია ხმალი, არამედ იმიტომ, რომ ღვთის მსახურია, რისხვით შურისმგებელი ბოროტმოქმედთა მიმართ.

5

ვინაჲცა ჯერ-არს დამორჩილებაჲ არა ხოლო რისხვისათჳს, არამედ გონებისათჳსცა იჭჳსა.

ამიტომაც გვმართებს მორჩილება, არა მარტო სასჯელის შიშით, არამედ სინიდისითაც.

6

ამისთჳს ხარკსაცა მისცემდით, რამეთუ მსახურნი ღმრთისანი არიან, ამისთჳსცა მოღუაწებასა განკრძალულ არიან.

სწორედ იმიტომ იხდით ხარკს, რომ ღვთის მსახურნი არიან ამ საქმეზე გადაგებულნი.

7

მისცემდით უკუე ყოველთა თანა-ნადებსა: სახარკოსა - ხარკი, საზუერესა - ზუერი, საშინელსა - შიში, პატივსა - პატივი.

ამრიგად, ყველას მიაგეთ მისი კუთვნილი: ვისაც ხარკი ეგება - ხარკი, ვისაც ბაჟი - ბაჟი, საშიშარს - შიში, პატივსაცემს - პატივისცემა.

8

ნურაჲმცა ვისი თანა-გაც, გარნა ურთიერთას სიყუარული, რამეთუ რომელსა უყუარდეს მოყუასი თჳსი, მან შჯული აღასრულა,

არავისი არა გემართოთ რა, გარდა ურთიერთსიყვარულისა, რადგან ვისაც უყვარს მოყვასი, მან აღასრულა რჯული.

9

ვითარმედ: არა იმრუშო, არა კაც-ჰკლა, არა იპარო, არა გული გითქუმიდეს, და სხუაჲ თუ რაჲმე მცნებაჲ არს, ამითვე სიტყჳთა აღესრულების, ვითარმედ: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი.

ვინაიდან: „არა იმრუშო, არა კაც-ჰკლა, არა-იპარო, არა ცილი სწამო, არა ინდომო“ და ყველა სხვა მცნება ამ სიტყვებშია მოქცეული: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“.

10

სიყუარულმან მოყუასსა თჳსსა ბოროტი არა უყვის; აღმასრულებელი სჯულისაჲ სიყუარული არს.

სიყვარული ბოროტს არ უზამს მოყვასს; რჯულის აღსრულება სიყვარულია.

11

და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა.

მაშ, ასე მოიქეცით, რაკიღა იცით დრო, ვინაიდან მოახლოვდა ძილისგან თქვენი გამოფხიზლების ჟამი, და ხსნა ახლა უფრო ახლოა ჩვენთან, ვიდრე მაშინ, როცა ვირწმუნეთ.

12

ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.

ღამე მიიწურა და მოახლოვდა დღე; მაშ, განვიშოროთ ბნელის საქმენი და შევიმოსოთ ნათლის საჭურვლით.

13

და ვითარცა დღესა შინა, შუენიერად ვიდოდით ნუ სიმღერითა და მთრვალობითა, ნუ საწოლითა და ბილწებითა, ნუ ჴდომითა და შურითა,

და როგორც დღისით, ღირსეულად ვიაროთ: არა ღორმუცელობით და სიმთვრალით, არა სიმრუშით და სიბილწით, არა შუღლით და შურით,

14

არამედ შეიმოსეთ უფალი იესუ ქრისტე და ჴორცთა ზრახვასა ნუ ჰყოფთ გულის სათქუმელ.

არამედ შეიმოსეთ უფალი ქრისტე, და ხორცზე ზრუნვას ნუ აქცევთ ავხორცობად.