სახარება მარკოზისაგან · თავი 16
და ვითარცა გარდაჴდა შაბათი იგი, მარიამ მაგდალენელმან და მარიამ იაკობისმან და სალომე იყიდეს ნელსაცხებელი, რაჲთა მოვიდენ და სცხონ მას.
და როცა გავიდა შაბათი, მარიამ მაგდალელმა, მარიამ იაკობისამ და სალომემ იყიდეს ნელსაცხებელი, რათა მისულიყვნენ და ეცხოთ მისთვის.
და ნიად განთიადსა მას ერთშაბათისასა მოვიდეს საფლავსა მას ზედა მერმეცა აღმოსლვასა ოდენ მზისასა.
კვირის პირველ დღეს, დილაადრიან, მზის ამოსვლისას მივიდნენ სამარხთან.
და იტყოდეს ურთიერთას: ვინ გარდაგჳგორვოს ჩუენ ლოდი იგი კარისა მისგან საფლავისა?
და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: ვინ გადმოგვიგორებს ლოდს სამარხის კარიდანო?
და მიჰხედეს და იხილეს, რამეთუ გარდაგორვებულ იყო ლოდი იგი, რომელი იყო დიდ ფრიად.
მაგრამ დაინახეს, რომ ლოდი გადაგორებულია, ხოლო ის ძალიან დიდი იყო.
და შე-რაჲ-ვიდეს საფლავსა მას, იხილეს ჭაბუკი მჯდომარე მარჯუენით კერძო, შემოსილი სამოსლითა სპეტაკითა, და განჰკრთეს.
შევიდნენ სამარხში და იხილეს მარჯვნივ მჯდომარე ჭაბუკი, თეთრი სამოსით მოსილი, და შეკრთნენ.
ხოლო მან ჰრქუა მათ: ნუ განჰკრთებით! იესუს ეძიებთ ნაზარეველსა, ჯუარ-ცუმულსა; აღდგა, არა არს აქა. აჰა ადგილი, სადა დადვეს იგი.
ხოლო მან უთხრა: ნუ შეკრთებით! თქვენ ეძებთ ჯვარცმულ იესო ნაზარეველს; აღსდგა, აქ აღარ არის; აი, ამ ადგილას ესვენა იგი.
არამედ წარვედით და უთხართ მოწაფეთა მისთა და პეტრეს, ვითარმედ: აჰა ესერა წინა-გიძღჳს თქუენ გალილეას, მუნ იხილოთ იგი, ვითარცა გრქუა თქუენ.
მაშ, წადით, უთხარით მის მოწაფეებს და პეტრეს: წინ წაგიძღვებათ გალილეისკენ, და იქ იხილავთ, როგორც გაუწყათ თქვენ.
და იმათ ვითარცა ესმა ესე, გამოვიდეს და ივლტოდეს მიერ საფლავით, რამეთუ შეძრწუნებულ იყვნეს და დაკჳრვებულ და არარაჲ ვის უთხრეს, რამეთუ ეშინოდა.
გამოვიდნენ და სირბილით გაშორდნენ საფლავს; ცახცახს და ძრწოლას მოეცვა ისინი, და არავისთვის არა უთქვამთ რა, რადგან ეშინოდათ.
ხოლო აღ-რაჲ-დგა განთიად პირველსა მას შაბათსა, ეჩუენა პირველად მარიამს მაგდალენელსა, რომლისაგან განსრულ იყვნეს შჳდნი ეშმაკნი.
ხოლო კვირის პირველ დღეს დილაადრიანად აღმდგარი იესო პირველად ეჩვენა მარიამ მაგდალელს, რომლისგანაც გაეძევებინა შვიდი ეშმაკი.
იგი წარვიდა და უთხრა მის თანა მყოფთა მათ, რომელნი იგლოვდეს და ტიროდეს.
ისიც წავიდა და აუწყა მასთან მყოფთ, რომელნიც ტიროდნენ და მოთქვამდნენ.
და მათ რაჲ ესმა, რამეთუ ცხოველ არს და ეჩუენა, მათ არა ჰრწმენა.
მათ კი, თუმცა გაიგეს, რომ ცოცხალია და მან იხილა იგი, არ ირწმუნეს.
ხოლო ამისა შემდგომად ორთა მათგანთა სლვასა შინა გამოეცხადა სხჳთა ხატითა, მი-რაჲ-ვიდოდეს დაბასა.
ამის შემდეგ სხვა სახით ეჩვენა ორ მათგანს, სოფელში რომ მიდიოდნენ.
და იგინი მოვიდეს და უთხრეს სხუათა მათ, და არცა მათი ჰრწმენა.
ხოლო ისინი დაბრუნდნენ და აუწყეს დანარჩენთ; მაგრამ არც მათ ერწმუნენ.
უკუანაჲსკნელ მსხდომარეთა ათერთმეტთა მათ ეჩუენა და აყუედრა ურწმუნოებაჲ მათი და გულ-ფიცხელობაჲ, რამეთუ რომელთა იგი იხილეს აღდგომილი, მათი არა ჰრწმენა.
დაბოლოს, ეჩვენა თვით ინახად მსხდომ თერთმეტს, და დაჰგმო მათი ურწმუნოება და გულქვაობა, რადგან არ ერწმუნენ არავის, ვინც აღმდგარი იხილა იგი.
და ჰრქუა მათ: წარვედით ყოველსა სოფელსა და უქადაგეთ სახარებაჲ ესე ყოველსა დაბადებულსა.
და უთხრა მათ: წადით, მოიარეთ მთელი ქვეყანა და უქადაგეთ სახარება ყველა ქმნილებას.
რომელსა ჰრწმენეს და ნათელ-იღოს, ცხოვნდეს; და რომელსა არა ჰრწმენეს, დაისაჯოს.
ვინც იწამებს და ნათელს იღებს, ცხონდება, ვინც არა და, განიკითხება.
ხოლო სასწაული მორწმუნეთა მათ ესე შეუდგეს: სახელითა ჩემითა ეშმაკთა განასხმიდენ, ენათა ახალთა იტყოდიან,
ხოლო მორწმუნეთაგან განუყრელნი იქნებიან ეს სასწაულნი: ჩემი სახელით განდევნიან ეშმაკთ და ახალ ენებზე იმეტყველებენ.
გუელთა შეიპყრობდენ; დაღათუ სასიკუდინე რაჲმე სუან, არარაჲ ავნოს მათ; სნეულთა ზედა ჴელსა დასდებდენ, და განცოცხლდებოდიან.
აიყვანენ გველებს, და თუ სასიკვდილოს დალევენ რასმე, არ ავნებს მათ; ხელს დაადებენ სნეულთ და განიკურნებიან ისინი.
ხოლო უფალი შემდგომად სიტყუათა ამათ მათდა მიმართ ამაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯუენით ღმრთისა.
ასე, მათთან საუბრის შემდეგ, ამაღლდა უფალი ზეცად, და დაჯდა ღმრთის მარჯვნივ.
ხოლო იგინი გამოვიდეს და ქადაგებდეს ყოველსა ქუეყანასა უფლისა შეწევნითა და სიტყჳსა ამის დამტკიცებითა მის მიერ, რომელნი-იგი შეუდგეს მას სასწაულნი.
ხოლო ისინი წავიდნენ და ქადაგებდნენ ყველგან უფლის შეწევნით, რომელიც განამტკიცებდა სიტყვას მათი თანმხლები სასწაულებით, ამინ.
