სახარება მარკოზისაგან · თავი 6
და გამოვიდა მიერ და მოვიდა თჳსა მამულად, და მოსდევდეს მას მოწაფენი მისნი.
წამოვიდა იქიდან და მოწაფეების თანხლებით მივიდა თავის მამულში.
და იყო შაბათი, და იწყო შესაკრებელსა მათსა სწავლად მათა. და მრავალთა, რომელთა ესმოდა, განუკჳრდებოდა და იტყოდეს: ვინაჲ არს ესე ამისა? ანუ რაჲ არს სიბრძნე ესე მოცემული ამისა, და ძალნი ესოდენნი, ჴელთაგან ამისთა რომელნი იქმნებიან?
შაბათ დღეს დაიწყო სწავლება სინაგოგაში და მრავალი მსმენელი გაოცებული ამბობდა: ვინ მისცა ყოველივე ეს, ან რა სიბრძნე აქვს ბოძებული, რომ ამნაირი სასწაულები ხდება მისი ხელით?
ანუ არა ესე არსა ხუროჲსაჲ მის და ძე მარიამისი და ძმაჲ იაკობისი და იოსესი, იუდაჲსი და სიმონისი? და დანი მისნი ყოველნი ჩუენ თანა არიან? და დაჰბრკოლდებოდეს მისა მიმართ.
განა ხურო არ არის, მარიამის ძე და იაკობის, იოსეს, იუდასა და სიმონის ძმა? მისი დებიც ხომ აქვე არიან, ჩვენს შორის? და ცდებოდნენ მასში.
ხოლო იესუ ეტყოდა: არა არს წინაწარმეტყუელი შეურაცხ, გარნა თჳსსა სოფელსა და ნათესავთა შორის მისთა და სახლსა შინა თჳსსა.
ხოლო იესომ უთხრა მათ: არ არსებობს წინასწარმეტყველი პატივის გარეშე, თუ არა თავის მამულში, თავისიანებს შორის და თავის სახლში.
და არა ქმნა მუნ ძალი არცა ერთი, გარნა მცირედთა სნეულთა ჴელი დასდვა და განკურნნა იგინი.
და არ მოუხდენია იქ არავითარი სასწაული. მხოლოდ რამდენიმე სნეულს დაადო ხელი და განკურნა.
და დაუკჳრდა ურწმუნოებაჲ იგი მათი და მიმოიქცეოდა გარემო სოფლებსა მას და ასწავებდა მათ.
უკვირდა მათი ურწმუნოება, ახლომახლო სოფლებში დადიოდა და ასწავლიდა მათ.
და მოუწოდა ათორმეტთა მათ და იწყო წარვლინებად მათა ორ-ორისა და მისცემდა ჴელმწიფებასა სულთა ზედა არაწმიდათა.
მოუხმო თორმეტს, წყვილ-წყვილად დაუწყო წარგზავნა, და მისცა მათ უწმინდურ სულთა დათრგუნვის ძალა.
და ამცნებდა მათ, რაჲთა არარაჲ მიიღონ გზასა ზედა, გარნა კუერთხი ხოლო: ნუცა ვაშკარანი, ნუცა პური, ნუცა სარტყელსა რვალი.
და ამცნო მათ, არაფერი წაეღოთ გზაში, გარდა არგნისა; არცა აბგა, არც პური, არც რვალი სარტყლით:
და რაჲთა ესხნენ სანდალნი, და ნუცა შემოსად ორი სამოსელი.
არამედ სცმოდათ მხოლოდ ხამლები, და ნუ იგულებდნენ ორ ხელ სამოსს.
და ეტყოდა მათ: ვიდრეცა შეხჳდეთ სახლსა, მუნ დაადგერით, ვიდრე მიერ გამოსლვადმდე.
და უთხრა მათ: თუ სადმე შეხვალთ სახლში, იქვე დარჩით, სანამ არ გამოხვალთ იქიდან.
და რაოდენთა არა შეგიწყნარნენ თქუენ და არცა ისმინონ თქუენი, გამო-რაჲ-ხჳდოდით მიერ, განიყარეთ მტუერი ფერჴთაგან თქუენთა საწამებელად მათა. ამენ გეტყჳ თქუენ: უმოლხინეს იყოს სოდომისა და გომორისა დღესა მას სასჯელისასა, ვიდრე ქალაქისა მის.
ხოლო თუ არავინ მიგიღოთ და არც ისმინოს თქვენი, იქიდან გამოსვლისას, მათ სამოწმებლად ჩამოიბერტყეთ თქვენი ფეხიდან მტვერი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: განკითხვის დღე სოდომისა და გომორისთვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე იმ ქალაქისათვის.
და გამოვიდეს და ქადაგებდეს, რაჲთა შეინანონ.
და წავიდნენ ისინი სინანულის საქადაგებლად.
და ეშმაკნი მრავალნი განასხნეს და სცხებდეს ზეთსა მრავალთა სნეულთა და განჰკურნებდეს.
აძევებდნენ მრავალ ეშმაკს, ზეთს სცხებდნენ და ჰკურნავდნენ უამრავ სნეულს.
და ესმა ჰეროდეს მეფესა, რამეთუ განცხადნა სახელი მისი, და იტყოდა, ვითარმედ: იოვანე ნათლის-მცემელი მკუდრეთით აღდგომილ არს, და მისთჳს იქმნებიან ძალნი მისნი თანა.
ჰეროდე მეფემ გაიგო ეს (ვინაიდან გაცხადდა მისი სახელი) და თქვა: იოანე ნათლისმცემელი აღმდგარა მკვდრეთით და ამიტომ ძალნი მძლავრობენ მასში.
და სხუანი იტყოდეს: ელია არს გინა ვითარცა ერთი წინაწარმეტყუელთაგანი პირველთაჲ.
სხვები ამბობდნენ: ეს ელიაა; ზოგი კი ამბობდა: წინასწარმეტყველია, ანდა როგორც ერთი წინასწარმეტყველთაგანი.
ესმა რაჲ ჰეროდეს, თქუა, ვითარმედ: რომელსა მე თავი მოვჰკუეთე იოვანეს, იგი აღდგომილ არს მკუდრეთით.
ხოლო ჰეროდემ რომ გაიგო, თქვა: ეს იოანეა, რომელსაც მე მოვკვეთე თავი; მკვდრეთით აღმდგარა.
რამეთუ ამან ჰეროდე მიავლინა და შეიპყრა იოვანე, შებორკილა იგი და შესუა საპყრობილედ ჰეროდიადაჲსთჳს, ცოლისა ფილიპესა, ძმისა მისისა, რამეთუ იგი შეირთო ცოლად.
ვინაიდან ჰეროდემ თვითონ წარგზავნა ხალხი, შეაპყრობინა იოანე, შეკრა და საპყრობილეში ჩააგდო ჰეროდიადას, თავისი ძმის, ფილიპეს ცოლის გამო, ცოლად რომ შეერთო მას.
რამეთუ ეტყოდა იოვანე ჰეროდეს, ვითარმედ: არა ჯერ-არს შენდა, ვითარმცა ცოლად გესუა ძმის-ცოლი შენი.
რადგან იოანე ეუბნებოდა ჰეროდეს: არ უნდა გყავდესო შენი ძმის ცოლი.
ხოლო ჰეროდიას გულსა დაედვა მისთჳს და უნდა მოკლვაჲ მისი და ვერ ჴელ-ეწიფა.
ამიტომ ჰეროდიადა სდევნიდა მას და ცდილობდა მოეკლა იგი, მაგრამ არ შეეძლო.
რამეთუ ჰეროდეს ეშინოდა იოვანესა და იცოდა იგი, რამეთუ კაცი მართალი და წმიდაჲ არს, და სცვიდა მას და ისმინის მისი და მრავალსა პატივსა უყოფდა და ჯეროვნად ისმენდა მისსა.
რადგანაც ჰეროდეს ეშინოდა იოანესი, ვინაიდან იცოდა, რომ მართალი და წმიდა კაცი იყო და უფრთხილდებოდა; ბევრ რამეს აკეთებდა მისი რჩევით და სიამოვნებით უსმენდა მას.
და ვითარცა იყო დღე მარჯუჱ, ოდეს ჰეროდე ჟამსა შობისა მისისასა სერი უმზადა მთავართა მისთა და ათასისთავთა მისთა და აზნაურთა გალილეაჲსათა,
მაგრამ ქალმა დრო იხელთა, როცა ჰეროდემ თავისი დაბადების დღეს წვეულება გაუმართა თავის დიდებულებს, ათასისთავებსა და გალილეველ წარჩინებულებს;
და შევიდა ასული ჰეროდიაჲსი და როკვიდა; და სთნდა ჰეროდეს და მის თანა მიენაჴეთა. და ჰრქუა ჰეროდე მეფემან ქალსა მას: მთხოვე, რაჲცა გნებავს, და მიგცე შენ.
გამოვიდა ჰეროდიადას ასული, იცეკვა და მოხიბლა ჰეროდეც და მისი თანამეინახენიც. და უთხრა მეფემ ქალწულს: მითხარი, რაც გსურს, და მოგცემო.
და ეფუცა მას, ვითარმედ: რაჲცა ითხოო, მიგცე შენ, ვიდრე ზოგადმდე მეფობისა ჩემისა.
და შეჰფიცა: რაც უნდა მთხოვო, მოგცემ, თუნდაც ჩემს ნახევარ სამეფოსო.
ხოლო იგი გამოვიდა და ჰკითხა დედასა თჳსსა, ვითარმედ: რაჲ ვითხოო? ხოლო მან ჰრქუა მას: თავი იოვანე ნათლის-მცემელისაჲ.
ხოლო ის გავიდა და დედამისს ჰკითხა: რა ვთხოვოო? და მან მიუგო: იოანე ნათლისმცემლის თავი.
და შევიდა ქალი იგი მსრწაფლ მეფისა და ჰრქუა: მნებავს, რაჲთა აწვე მომცე მე ლაკნითა თავი იოვანე ნათლის-მცემელისაჲ.
მსწრაფლ შემობრუნდა მეფესთან და უთხრა: მინდა ახლავე მომართვა ლანგრით იოანე ნათლისმცემლის თავი.
და მწუხარე იქმნა ჰეროდე მეფე, ხოლო ფიცისა მისთჳს და მის თანა მეინაჴეთა არა ინება შეურაცხ-ყოფაჲ ქალისაჲ მის.
შეწუხდა მეფე, მაგრამ ფიცისა და თანამეინახეთა რიდით ვერ იკადრა გაეწბილებინა იგი.
და მეყსეულად წარავლინა მეჴრმლე მისი და უბრძანა მოღებად თავი მისი.
მაშინვე გაგზავნა თავისი მცველი და უბრძანა მოეტანა იოანეს თავი.
ხოლო იგი წარვიდა და მოჰკუეთა თავი საპყრობილესა შინა და მოიღო თავი მისი ფეშხუენითა და მისცა ქალსა მას, და ქალმან მან მიართუა დედასა თჳსსა.
ისიც წავიდა, თავი მოჰკვეთა მას საპყრობილეში და ლანგრით მიართვა ქალწულს, ხოლო ქალწულმა მისცა დედამისს.
და ესმა მოწაფეთა მისთა, მოვიდეს და შემოსეს გუამი მისი და დაჰფლეს საფლავსა.
ეს რომ გაიგეს, იოანეს მოწაფეები წავიდნენ, გამოიტანეს მისი ნეშტი და ჩაასვენეს იგი სამარხში.
და მოვიდეს და შემოკრბეს მოციქულნი იესუჲსა და უთხრეს მას ყოველი, რაოდენი ქმნეს და ასწავეს.
შეიკრიბნენ მოციქულები იესოსთან და უამბეს ყველაფერი, რაც ექმნათ და ესწავლებინათ.
და ჰრქუა მათ იესუ: მოვედით თქუენ თჳსაგან უდაბნოსა ადგილსა და განისუენეთ მცირედ. რამეთუ იყვნეს მომავალნი და წარმავალნი მრავალ და არცაღა პურისა ჭამად აცალებდეს.
ხოლო იესომ უთხრა მათ: წადით, განმარტოვდით უდაბურ ადგილას და ცოტა დაისვენეთ; - რადგან ბევრი იყო მომსვლელ-წამსვლელი და ჭამის დროც არ ჰქონდათ.
და წარვიდეს უდაბნოსა ადგილსა ნავითა თჳსაგან.
და მარტონი გაემგზავრნენ უდაბურ ადგილას ნავით.
და იხილა ერმან მან, წარ-ღა-ვიდოდეს, და გულისჴმა-ყვეს მრავალთა, და მკჳრცხლ ყოვლისაგან ქალაქებისა შეკრბა მუნ და მოვიდეს მათა.
მაგრამ ხალხმა დაინახა მიმავალნი, ბევრმა იცნო იგი და ქალაქებიდან ფეხდაფეხ მიჰყვნენ სირბილით, დაწინაურდნენ და მათზე ადრე მივიდნენ იქ.
და გამოვიდა იესუ და იხილა ერი მრავალი და შეეწყალნეს იგინი, რამეთუ იყვნეს, ვითარცა ცხოვარნი, რომელთა არა აქუნ მწყემსი. და იწყო სწავლად მათდა ფრიად.
გამოვიდა იესო, დაინახა დიდძალი ხალხი და შეებრალა ისინი, რადგანაც იყვნენ, როგორც უმწყემსო ცხვრები; და დაიწყო მათთვის მრავალი რამის სწავლება.
და ვითარ მრავალი ჟამი წარსულ იყო, მოვიდეს მოწაფენი მისნი და ეტყოდეს მას, ვითარმედ: უდაბნო არს ადგილი ესე, და ჟამი არსღა ფრიად.
და რაკი დიდმა დრომ განვლო, მოწაფეები მივიდნენ და უთხრეს მას: უდაბურია ეს ადგილი და თანაც გვიანია უკვე;
განუტევე ერი ესე, რაჲთა წარვიდენ გარემო სოფლებსა და სანახებსა და იყიდონ თავისა მათისა საზრდელი, რამეთუ რაჲმცა ჭამეს, არა აქუს.
გაუშვი ისინი, რათა წავიდნენ ახლომახლო სოფლებსა თუ დაბებში პურის საყიდლად, ვინაიდან არაფერი აქვთ საჭმელი.
ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: ეცით თქუენ მაგათ ჭამადი. ხოლო მათ ჰრქუეს მას: წარვიდეთ და ვიყიდოთ ორასისა დრაჰკნისა პური და ვსცეთ მათ ჭამადი.
ხოლო მან პასუხად თქვა: თქვენ თვითონ მიეცით საჭმელი. მათ უთხრეს: რა ვქნათ, წავიდეთ, ვიყიდოთ ორასი დინარის პური და ამათ მივცეთ საჭმელად?
ხოლო იესუ ჰრქუა მათ: რაოდენი გაქუს პური? მივედით და იხილეთ. და იხილეს და ჰრქუეს: ხუთი პური და ორი თევზი.
მან კი იკითხა: რამდენი პური გაქვთ? წადით და ნახეთ. მათაც ნახეს და მოახსენეს: „ხუთი პური და ორი თევზი“.
და უბრძანა მან დასხდომაჲ მათ ყოველთაჲ პურისმტედ-პურისმტედ მწუანვილსა ზედა თივისასა.
მაშინ უბრძანა მათ, მწვანე მდელოზე ჯგუფ-ჯგუფად დაესხათ ხალხი.
და დასხდა მწყობრად-მწყობრად ას-ასი და ერგასის-ერგასისი.
და დასხდნენ რიგ-რიგად. ას-ასი და ორმოცდაათ-ორმოცდაათი.
და მოიღო ხუთი იგი პური და ორი თევზი და აღიხილნა ზეცად და აკურთხა და დამუსრა პური იგი და მისცემდა მოწაფეთა თჳსთა, რაჲთა დაუგონ მათ; და ორი იგი თევზი ეგრეთვე განუყო ყოველთა.
აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ზეცად აღაპყრო თვალნი, აკურთხა, დატეხა პურები და მისცა თავის მოწაფეებს, რათა ჩამოერიგებინათ მათთვის; და ორი თევზიც უწილადა ყველას.
და ჭამეს ყოველთა და განძღეს.
ყველამ ჭამა და გაძღა.
და აღიღეს ნეშტი ნამუსრევი ათორმეტი გოდორი სავსებით; და თევზისა მისგანცა.
და გაავსეს პურისა და თევზის ნარჩენებით თორმეტი კალათი.
და იყვნეს, რაოდენთა-იგი ჭამეს, ვითარ ხუთ ათას კაცნი.
ხოლო იყო პურის მჭამელი ასე ხუთი ათასამდე კაცი.
და მეყსეულად აიძულა მოწაფეთა შესლვად ნავსა, რაჲთა წინა-წარუძღუენ მას წიაღკერძო ზღუასა მას ბეთსაიდად, ვიდრემდე განუტეოს მან ერი იგი.
მაშინვე აიძულა თავისი მოწაფეები, ნავში ჩამსხდარიყვნენ და მასზე ადრე გასულიყვნენ გაღმა, ბეთსაიდას, სანამდის თვითონ გაისტუმრებდა ხალხს.
და უჯმნა მათ და აღვიდა მთასა ლოცვად.
ხოლო როდესაც გაისტუმრა ისინი, მთაზე ავიდა სალოცავად.
და ვითარცა შემწუხრდა, იყო ნავი იგი შუა ოდენ ზღუასა მას, და იგი თავადი – მარტოჲ ქუეყანასა.
მწუხრის ჟამს ნავი შუაგულ ზღვაში იყო, თვითონ კი მარტო იდგა ხმელეთზე.
და იხილნა იგინი, რამეთუ იურვოდეს სლვასა მას ნავისასა, რამეთუ იყო ქარი იგი პირით კერძო მათსა. და მეოთხესა საჴუმილავსა ღამისასა მოვიდა მათა იესუ სლვით ზღუასა ზედა და უნდა თანა-წარსლვად მათგან.
და დაინახა, რომ გაუჭირდათ ცურვა, ვინაიდან პირქარი ქროდა; ხოლო ღამის მეოთხე გუშაგობისას ზღვაზე სვლით მივიდა მათთან და დააპირა უკან მოეტოვებინა ისინი.
ხოლო მათ ვითარცა იხილეს იგი, ვიდოდა რაჲ ზღუასა ზედა, ჰგონებდეს, ვითარმედ საოცარი რაჲმე არს, და ღაღად-ყვეს.
ხოლო მათ, ზღვაზე მომავალი რომ დაინახეს, მოჩვენება ეგონათ და ყვირილი მორთეს;
რამეთუ ყოველთა იხილეს იგი და შეძრწუნდეს. და მეყსეულად ეტყოდა მათ და ჰრქუა: გულ-პყრობილ იყვენით, მე ვარ, ნუ გაშინინ!
რადგან მისმა ხილვამ თავზარი დასცა ყველას. და მაშინვე შეეხმიანათ იესო: მხნედ იყავით; მე ვარ, ნუ გეშინიათ.
და აღვიდა მათ თანა ნავსა, და დასცხრა ქარი იგი; და უმეტესად დაუკჳრდებოდა მოწაფეთა მისთა.
ნავში ჩაუჯდა მათ და ქარიც ჩადგა, რამაც კიდევ უფრო განაცვიფრა ისინი.
რამეთუ ვერ გულისჴმა-ყვეს პურთა მათ ზედა, რამეთუ იყვნეს გულნი მათნი დასულებულ.
რადგან ვერ მიმხვდარიყვნენ პურობის სასწაულს, ვინაიდან გამქისებულიყო მათი გული.
და წიაღჴდეს და მოვიდეს ქუეყანად გენესარეთად.
გავიდნენ გაღმა და მიადგნენ გენესარეთის მხარეს.
და ვითარ გამო-ოდენ-ვიდეს მიერ ნავით, მეყსეულად იცნეს იგი კაცთა მათ მის ადგილისათა.
ნავიდან გადმოსვლისთანავე იცნეს იგი იქაურებმა.
და მიმორბიოდეს ყოველსა მას სოფლებსა და იწყეს მოღებად ყოველთა სნეულთა ცხედრებითა, სადაცა ესმის, ვითარმედ მუნ არს.
შემოირბინეს მთელი ეს მხარე, და ყველგან, სადაც კი ესმოდათ, აქ არისო, სარეცლებით მიჰყავდათ მასთან სნეულნი.
და ვიდრეცა შევიდოდა დაბნებსა და ქალაქებსა და აგარაკებსა, უბანთა ზედა დასდგმიდეს უძლურთა მათთა და ევედრებოდეს მას, რაჲთა ფესუსა ოდენ სამოსლისა მისისასა შეახონ. და რაოდენნი შეეხებოდეს, ცხონდებოდეს.
სადაც უნდა შესულიყო - სოფლებში, დაბებსა თუ ქალაქებში, მოედნებზე აწვენდნენ თავიანთ სნეულთ და სთხოვდნენ, ნება მიეცი, შენი სამოსის კალთას შეეხონო; და ყველა, ვინც მას ეხებოდა, იკურნებოდა.
