სახარება მარკოზისაგან · თავი 3

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

და მერმე შევიდა შესაკრებელსა, და იყო მუნ კაცი, რომელსა ჴელი განჴმელ ედგა.

კვლავ შევიდა სინაგოგაში, და იყო იქ ხელგამხმარი კაცი.

2

და უმზირდეს მას, უკუეთუ შაბათსა განკურნოს იგი, რაჲთა შეასმინონ იგი.

და უთვალთვალებდნენ მას, ვნახოთ, შაბათს თუ განკურნავსო, რათა ბრალი დაედოთ მისთვის.

3

და მას ჟამსა ჰრქუა იესუ კაცსა მას, რომელსა ჴელი განჴმელ ედგა: აღდეგ და წარმოდეგ შორის!

ხოლო მან უთხრა ხელგამხმარ კაცს: შუაში დადექ.

4

და ჰრქუა მას იესუ: ჯერ-არს შაბათსა შინა კეთილისა საქმე ანუ ბოროტისაჲ? სულისა ცხოვნებაჲ ანუ მოკლვაჲ? ხოლო იგინი დუმნეს.

მათ კი უთხრა: რისი ქმნა შეიძლება შაბათს: კეთილისა თუ ბოროტისა? სულის ცხონება თუ წარწყმედა? ხოლო ისინი დუმდნენ.

5

და მიმოიხილა მათდა რისხვით და მწუხარედ სიბრმისათჳს გულთა მათთაჲსა და ჰრქუა კაცსა მას: განირთხ ჴელი შენი! და მან განირთხა, და კუალად მოეგო ჴელი იგი, ვითარცა ერთი იგი.

რისხვით მოავლო თვალი შეკრებილთ, მათი გულქვაობით დამწუხრებულმა, და უთხრა ხელგამხმარ კაცს: გაიწოდე შენი ხელი! მანაც გაიწოდა და კვლავ გაუმრთელდა, როგორც მეორე.

6

და ვითარცა გამოვიდეს მიერ ფარისეველნი იგი ჰეროდიანელთა თანა, და ზრახვა-ყვეს მისთჳს, რაჲთა წარწყმიდონ იგი.

გამოვიდნენ თუ არა ფარისევლები, სასწრაფოდ მოითათბირეს ჰეროდელებთან ერთად, როგორ დაეღუპათ იგი.

7

ხოლო იესუ მოწაფითურთ განეშორა მათგან და მოვიდა ზღჳს-კიდედ. და მრავალი ერი შეუდგა მას გალილეაჲთ და ჰურიასტანით,

მაგრამ იესო მოწაფეებითურთ ზღვის პირას გავიდა; და მიჰყვა მას დიდძალი ხალხი გალილეიდან და იუდეიდან,

8

იერუსალჱმით, იდუმიაჲთ, წიაღ-იორდანით და ტჳროსით კერძო და სიდონით. ესმა მრავალსა სიმრავლესა, რაოდენსა-იგი იქმოდა, და მოვიდეს მისა.

იერუსალიმიდან, იდუმეიდან და იორდანეს გაღმიდან. ტიროსისა და სიდონის მხარის მცხოვრებთაც შეიტყეს მისი საქმენი, და მრავალი მივიდა მასთან.

9

და ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა, რაჲთა ნავი განუმზადონ მას ერისა მისთჳს, რაჲთა არა შეაიწრონ იგი.

და, ხალხმრავლობის გამო, თავის მოწაფეებს უთხრა, ნავი გამიმზადეთო, რათა არ შეევიწროებინათ იგი.

10

რამეთუ მრავალთა განჰკურნებდა, ვითარმედ ზედაცა დაესხმოდა მას ერი იგი, რაჲთა შე-ოდენ-ეხნენ. და რაოდენთა აქუნდა უძლურებაჲ და შეეხნეს, განიკურნებოდეს.

ვინაიდან მრავალი განეკურნა: ასე რომ, ყველა სნეული აწყდებოდა, რათა შეხებოდა მას.

11

და სულები იგი არაწმიდაჲ ხედვიდეს მას და შეუვრდებოდეს, ღაღადებდეს და იტყოდეს: შენ ხარ ძე ღმრთისაჲ.

მისი შემყურე უწმინდური სულები მის წინაშე ემხობოდნენ და ყვიროდნენ: შენა ხარ ძე ღმრთისა.

12

და ფრიად შეჰრისხნა მათ იესუ, რაჲთა არა გამოაცხადონ იგი.

ხოლო იესომ მკაცრად უბრძანა მათ, არ გამთქვათო.

13

და აღვიდა მთასა და მოუწოდა, რომელთაჲ უნდა მას; და მოვიდეს მისა.

მერე ავიდა მთაზე და მოუხმო მათ, ვინც თვითონ სურდა; და მივიდნენ მასთან.

14

და ყვნა ათორმეტნი იგი, რაჲთა იყვნენ მის თანა და წარავლინნეს იგინი ქადაგებად

აირჩია თორმეტი, რათა ყოფილიყვნენ მასთან და საქადაგებლად წარეგზავნა ისინი,

15

და რაჲთა აქუნდეს ჴელმწიფებაჲ განსხმად ეშმაკთა.

და რათა პქონოდათ სნეულთა განკურნებისა და ეშმაკთა განდევნის ძალა.

16

და დასდვა სახელები: სიმონს პეტრე,

აირჩია თორმეტი, და სიმონს სახელად უწოდა პეტრე.

17

და იაკობ ზებედესი და იოვანე, ძმაჲ იაკობისი; და დასდვა მათ სახელები: ბანერგეს, რომელ არს: ძენი ქუხილისანი;

ხოლო იაკობს ზებედესას და იაკობის ძმას იოანეს უწოდა ბოანერგეს, რაც ნიშნავს: ქუხილის ძენი;

18

ანდრეა და ფილიპე, ბართლომე და მატთეოს, თომა და იაკობ ალფესი, თადეოს და სიმონ კანანელი

ანდრია და ფილიპე, ბართლომე და მათე, თომა და იაკობ ალფესი, თადეოსი და სიმონ კანანელი.

19

და იუდა ისკარიოტელი, რომელმანცა მისცა იგი.

და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი.

20

და მოვიდეს სახლსა, და შეკრბა კუალად მისა ერი, ვიდრემდის ვერ ჴელ-ეწიფებოდა მათ ვერცაღა პურისა ჭამად.

მივიდა სახლში, და კვლავ შეგროვდა იმდენი ხალხი, რთმ პურის ჭამა ვეღარ შეიძლეს.

21

და ესმა მის კერძოჲსათა და გამოვიდეს შეპყრობად მისა, რამეთუ იტყოდეს, ვითარმედ: განკრთომილ არს.

გაიგეს მისმა ახლობლებმა და მოვიდნენ, რათა შეეპყროთ იგი, ვინაიდან ამბობდნენ, შეიშალაო.

22

და მწიგნობარნი იგი, რომელნი იერუსალჱმით შთამოსრულ იყვნეს, იტყოდეს, ვითარმედ: ბელზებული მის თანა არს, და მთავრითა ეშმაკთაჲთა განასხამს ეშმაკთა.

ხოლო იერუსალიმიდან ჩამოსული მწიგნობრები ამბობდნენ: ბელზებული ჰყავს და ეშმაკთა მთავრის შეწევნით აძევებსო ეშმაკთ.

23

და მოუწოდა მათ და იგავით ეტოდა: ვითარ ჴელ-ეწიფების ეშმაკსა ეშმაკისა განჴდად?

მაშინ მოუხმო და იგავით უთხრა მათ: როგორ შეუძლია სატანას სატანის გაძევება?

24

და უკუეთუ მეუფებაჲ მეუფებასა განევლთას, ვერ ჴელ-ეწიფების დამტკიცებად მეუფებაჲ იგი.

თუ სამეფო თავის თავს განეყოფა, ვერ გაძლებს ის სამეფო.

25

და უკუეთუ სახლი სახლსა განევლთას, ვერ ჴელ-ეწიფების სახლი იგი დამტკიცებად.

და თუ სახლი თავის თავს განეყოფა, ვერ გაძლებს ის სახლი.

26

და უკუეთუ ეშმაკი თავსა თჳსსა ზედა აღდგომილ არს და განყოფილ არს, ვერ ჴელ-ეწიფების დამტკიცებად, არამედ აღსასრული აქუს.

ხოლო თუ სატანა წინ აღუდგება და განეყოფა თავის თავს, ვერ გაძლებს, არამედ ახლოა მისი აღსასრული.

27

და არცა ვის ჴელ-ეწიფების შესლვად სახლსა ძლიერისასა და ჭურჭელი მისი გამოტყუენვად, არა თუ პირველად ძლიერი იგი შეკრას და მაშინღა სახლი მისი გამოტყუენოს.

ვერც ვერავინ შევა ძლიერის სახლში და გაძარცვავს მას, თუკი თავდაპირველად არ შებოჭავს ძლიერს. მხოლოდ ამის შემდეგ თუ შესძლებს გაძარცვოს მისი სახლი.

28

ამინ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ ყოველივე მიეტეოს ძეთა კაცთა ცოდვანი და გმობანი, რაოდენსაცა ჰგმობდენ;

ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევება კაცთ, რამდენსაც უნდა ჰგმობდნენ.

29

ხოლო რომელმან თქუას გმობაჲ სულისა წმიდისათჳს, არა აქუს მიტევებაჲ უკუნისამდე, არამედ თანამდებ არს იგი საუკუნოჲსა სასჯელისა.

მაგრამ ვინც იტყვის სულის წმიდის გმობას, არა აქვს მიტევება უკუნისამდე, არამედ ღირსია საუკუნო სასჯელისა.

30

რამეთუ იტყოდეს, ვითარმედ: სული არაწმიდაჲ არს მის თანა.

ასე თქვა, იმიტომ რომ ამბობდნენ: უწმინდური სული ჰყავსო.

31

მოვიდეს უკუე ძმანი მისნი და დედაჲ მისი და გარეშე დგეს და მოუვლინეს მას და გამოხადოდეს.

მოვიდნენ მისი დედა და ძმები, გარეთ გაჩერდნენ და კაცი შეუგზავნეს დასაძახებლად.

32

და სხდა გარემო მისა ერი მრავალი; და ვითარცა ჰრქუეს მას: აჰა დედაჲ შენი და ძმანი შენნი გარე დგანან და გეძიებენ შენ,

დიდძალი ხალხი ეხვია გარს, როდესაც უთხრეს: აჰა, დედაშენი და შენი და-ძმანი გარეთ დგანან და გკითხულობენო.

33

მიუგო იესუ და ჰრქუა: ვინ არს დედაჲ ჩემი ანუ ძმანი ჩემნი?

ხოლო იესომ მიუგო მათ: ვინ არის დედაჩემი, ან ჩემი ძმები?

34

და მიმოიხილა გარემო მისა მოწაფეთა თჳსთა მსხდომარეთა და ჰრქუა: აჰა დედაჲ ჩემი და ძმანი ჩემნი!

თვალი მოავლო ირგვლივ მსხდომთ და თქვა: აი, დედაჩემი და ჩემი ძმები.

35

რამეთუ რომელმან ყოს ნებაჲ ღმრთისაჲ, ესე არს ძმაჲ ჩემი დაჲ ჩემი და დედაჲ ჩემი.

რადგან ვინც აღასრულებს ღმერთის ნებას, იგია ჩემი ძმაც, ჩემი დაცა და დედაც.