კორინთელთა მიმართ (მეორე) · თავი 10
მე, თავადი პავლე, გლოცავ თქუენ სიმშჳდითა მით და სახიერებითა ქრისტესითა, რომელი-ესე პირისპირ მდაბალ თქუენ შორის, ხოლო შორით ვიკადრებ თქუენდა მიმართ.
ხოლო მე, პავლე, თქვენს შორის პირისპირ ყოფნისას - მდაბალი, შორიდან კი - თქვენს მიმართ თამამი, ქრისტეს თვინიერებითა და სიკეთით შეგაგონებთ და გევედრებით:
ხოლო გლოცავ, რაჲთა არა პირისპირ ვიკადრო სასოებით, გინა შე-რაჲმე-ვჰრაცხო კადრებად ვიეთმე ზედა, რომელთა ვჰგონიეთ ჩუენ, ვითარცა ჴორციელად მავალნი.
ნუ მაიძულებთ, რომ თქვენთან მოსვლისას მივმართო იმ სიმკაცრეს, რითაც ვაპირებ ჭკუა ვასწავლო ზოგიერთ თქვენგანს, ხორციელად მოარულნი რომ ვგონივართ ჩვენ.
რამეთუ ჴორციელად თუ ვიქცევით, არამედ არა ჴორციელად განწესებულ ვართ.
ვინაიდან ხორციელადაც რომ ვიარებოდეთ, ხორციელადვე როდი ვიბრძვით.
რამეთუ საჭურველი ჩუენისა მის მჴედრობისაჲ - არა ჴორციელ არს, არამედ ძლიერ ღმრთისა მიერ დასარღუეველად ძნელოვანთა, გულის სიტყუათა დავარღუევთ
რადგანაც ჩვენი საომარი საჭურველი ხორციელი კი არ არის, არამედ ღვთის მიერ ძლევით მოსილი ყოველგვარი სიმაგრის შესამუსრავად.
და ყოველსა სიმაღლესა, ამაღლებულსა მეცნიერებასა ზედა ღმრთისასა, და წარმოვსტყუენავთ ყოველსავე ცნობასა მორჩილებად ქრისტესა,
მისი წყალობით ვამხობთ ყოველგვარ ზრახვას და, ქედმაღლობას, ღვთის შემეცნების წინააღმდეგ აღძრულს, და მისითვე ვატყვევებთ ყოეელგვარ აზრსაც, რათა დაემორჩილოს ქრისტეს.
და განმზადებულად გუაქუს შურის-გებად ყოვლისა ურჩებისა, რაჟამს აღესრულოს თქუენი ეგე მორჩილებაჲ.
ასე რომ, მზადა ვართ შური ვიძიოთ ყოველგვარ ურჩობაზე, როცა აღსრულდება თქვენი მორჩილება.
კაცად-კაცადისა პირსა ხედევდით. ვინ-იგი ესავს თავსა თჳსსა ქრისტესა ყოფად, ესე განიზრახენ კუალად თავით თჳსით, რამეთუ ვითარცა იგი ქრისტესი არს, ეგრეთცა ჩუენ ქრისტესნი.
დაუკვირდით, რაც თვალწინ გიძევთ. ვისაც ჰგონია, ქრისტესი ვარო, თავად განსაჯოს ისიც, რომ როგორც თვითონ არის ქრისტესი, ასევე ჩვენც ქრისტესნი ვართ.
რამეთუ, უკუეთუ უმეტეს რაჲ ვიქადო ჴელმწიფებისა ამის ჩუენისა-თჳს, რომელი მომცა ჩუენ უფალმან აღსაშენებელად და არა დასარღუეველად თქუენდა, არა მრცხუენეს,
რადგანაც მე რომ უფრო მეტად ვიქადოდე ჩვენი ხელმწიფებით, თქვენს დასაქცევად კი არა, ასაშენებლად რომ მოგვცა ღმერთმა, განა შერცხვენილი არ დავრჩებოდი?
ხოლო, რაჲთა არა საგონებელ ვიქმნა, ვითარმედ გაშინებ რასმე თქუენ წიგნითა ამით.
მაგრამ ნუ გგონიათ, თითქოს წერილებით გაშინებდეთ.
რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: წიგნები ესე რეცა მძიმე და ძლიერ, ხოლო მოსლვაჲ ჴორცითა უძლურ, და სიტყუაჲ შეურაცხ.
შეიძლება ზოგიერთმა თქვას: მისი წერილი დიახაც მკაცრია და მძლავრი, მაგრამ თვითონ, პირისპირ, უძლურია, სიტყვა კი - უფასურიო.
და ესე განიზრახე ეგევითარმან მან, რამეთუ ვითარცა-იგი ვართ სიტყჳთა წიგნებისაჲთა შორით, ეგრეთცა მახლობელად საქმითა.
ამნაირებმა იცოდნენ, რომ, როგორიცა ვართ შორიდან - წერილის სიტყვით, ისეთივე ვართ პირისპირ - საქმით.
რამეთუ ვერ ვიკადრებთ თავთა თჳსთა განკითხვად გინა შეტყუებად ვიეთმე თანა, რომელნი-იგი თავთა თჳსთა ეწამებიან. არამედ იგინი თჳთ თავთა თჳსთა განიზომენ და თანა-შეატყუებენ თავთა თჳსთა თავით თჳსით და ვერ გულისჴმა-ჰყოფენ.
რადგანაც ვერ ვბედავთ თავი მივაკუთვნოთ ან შევადაროთ მათ, დიდ ვინმედ რომ მოაქვთ თავი: ეს უგუნურნი თავიანთი თავით ზომავენ საკუთარ თავს და თავიანთ თავსვე ედრებიან.
ხოლო ჩუენ არა უსაზომოდ ვიქადოთ, არამედ საზომითა მით წესისაჲთა, რომელი-იგი განგჳყო ჩუენ ღმერთმან საზომითა მით მიწდომად ვიდრე თქუენდამდე.
ხოლო ჩვენ უსაზომოდ კი არ მოვყვებით ქადილს, არამედ იმ ზომით, რომელიც ღმერთმა გვიწილადა, რათა მოგვეღწია თქვენამდის.
რამეთუ არა ვითარცა ვერ მიწდომილნი თქუენდა მიმართ. უმეტეს განვირთხამთ თავთა თჳსთა, რამეთუ ვიდრე თქუენდამდეცა მივსწუეთით სახარებითა ქრისტესითა.
ამიტომაც არ გადავალთ ზღვარს, რათა თქვენამდე მოვაღწიოთ, რაკიღა თქვენც მოგწვდით ქრისტეს სახარებით.
არა უსაზომოდ მოქადულნი სხჳსა შრომილსა ზედა, არამედ სასოებაჲ გუაქუს ჩუენ აღორძინებულისა მის სარწმუნოებისა თქუენისა თქუენ შორის განდიდებად კანონისაებრ ჩუენისა ნამეტნავად,
არც უსაზომოდ ვიქადით და არც სხვისი შრომით, არამედ იმედი გვაქვს, რომ, თქვენი რწმენის ზრდისამებრ, უხვად ვამრავლებთ ჩვენს წილხვედრს თქვენში.
მიერ კერძო თქუენსა სახარებად არა სხჳსა კანონსა ზედა მზასა სიქადულად.
ასე რომ, თქვენს მიღმაც ვიქადაგებთ სახარებას და არ მოვყვებით ქადილს იმით, რაც გამზადებული დაგვხვდება სხვისი ღვაწლის წყალობით.
ხოლო რომელი-იგი იქადოდის, უფლისა მიერ იქადოდენ.
ვინც იქადის, უფლით იქადოდეს.
რამეთუ არა რომელი-იგი თავსა თჳსსა ეწამებოდის, იგი არს გამოცდილი, არამედ რომელსა-იგი უფალი ეწამოს.
რადგანაც ღირსეული ის კი არ არის, ვინც თავს იქებს, არამედ ვისაც აქებს უფალი.
