კორინთელთა მიმართ (მეორე) · თავი 2
და ესე ვსაჯე თავისა ჩემისა, რაჲთა არა კუალად მწუხარებით მოვიდე თქუენდა.
ამიტომაც გადავწყვიტე, დამწუხრებული აღარ მოვსულიყავი თქვენთან.
რამეთუ უკუეთუ მე შეგაწუხნე თქუენ, და ვინ არს იგი, რომელმან მახაროს მე, არა თუ მან, რომელი-იგი შეწუხებულ იყოს ჩემ მიერ?
რადგანაც თუ მე გამწუხრებთ, მაშ, ვინღა გამახარებს, თუ არა ის, ვინც ჩემს მიერ წუხს?
და მივწერე თქუენდა ესევე, რაჲთა არა, რაჟამს მივიდე, მწუხარებაჲ მაქუნდეს, რომელთაგან ღირდა ჩემდა სიხარული; გესავ თქუენ ყოველთა, რამეთუ სიხარული ჩემი თქუენ ყოველთაჲ არს.
სწორედ ეს მოგწერეთ, რათა ჩემი მოსვლისას აღარა მქონდეს წუხილი მათგან, ვის მიერაც უნდა მეხარა; რადგანაც ყველას გიცნობთ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი სიხარული ყოველი თქვენგანის სიხარულია.
რამეთუ მრავლისაგან მწუხარებისა და შეურვებულისა გულისა მივწერე თქუენდა მრავლითა ცრემლითა, არა რაჲთა შესწუხნეთ, არამედ რაჲთა სცნათ სიყუარული იგი გარდარეული, რომელ მაქუს თქუენდა მიმართ.
ვინაიდან ესოდენ დიდი მწუხარებით, გულისტკივილითა და ცრემლების ფრქვევით იმიტომ კი არ გწერდით, რომ დამემწუხრებინეთ, არამედ იმიტომ, რომ გეგრძნოთ, რა უსაზღვროა ჩემი სიყვარული თქვენდამი.
ხოლო უკუეთუ ვინმე შემაწუხა, არა მე შემაწუხა, არამედ ზოგს-რაჲმე, რაჲთა არა დაგიმძიმო, - თქუენ ყოველთა.
ხოლო თუ ვინმემ დამამწუხრა, მე კი არ დამამწუხრა, არამედ, რომ არ გადავაჭარბო, ნაწილობრივ ყველა თქვენგანიც.
კმა-არს ეგევითარისა მის შერისხვაჲ ესე მრავალთაჲ.
მის სასჯელად ისიცა კმარა, რომ დაიგმო მრავალთა მიერ.
ხოლო აწ წინააღმდგომი უფროჲსღა თქუენდა მიმადლებად და ნუგეშინის-ცემად, ნუუკუე უმეტესითა მწუხარებითა დაინთქას ეგევითარი იგი.
ასე რომ, პირიქით, გმართებთ უმალ მიუტევოთ და ანუგეშოთ, რათა მეტისმეტ მწუხარებას არ მიეცეს.
ამისათჳს გლოცავ თქუენ, განამტკიცეთ მის ზედა სიყუარული.
ამიტომაც შეგაგონებთ, თქვენი სიყვარული დაუდასტუროთ.
რამეთუ მი-ვე ამისთჳს-ვწერე, რაჲთა ვცნა გამოცდილებაჲ თქუენი, უკუეთუ ყოვლისათჳს-ძი მორჩილ ხართა?
მეც სწორედ ამიტომ მოგწერეთ, რომ გამომეცადეთ, რამდენად მორჩილნი ხართ ყველაფერში.
ხოლო რაჲ-იგი მოჰმადლოთ თქუენ, და მეცა; და რამეთუ მეცა რაჲ-იგი მიმიმადლებიეს, მი-ვე-მიმადლებიეს თქუენ ძლით წინაშე პირსა ქრისტესსა,
ხოლო ვისაც რას მიუტევებთ, ასევე მეც; რადგან ვისაც რა მივუტევე, თქვენი გულისთვის მივუტევე ქრისტეს წინაშე.
რაჲთა არა მივიანგაჰრნეთ ჩუენ ეშმაკისაგან, რამეთუ არა გონებასა მისსა უმეცარ ვართ.
რათა არ ვიძლიოთ სატანის მიერ, ვინაიდან ჩვენთვის ცნობილია მისი ზრახვანი.
ხოლო მო-რაჲ-ვედ ტროადად სახარებითა ქრისტესითა და კარი განმეღო მე უფლისა მიერ,
ხოლო მე, ტროას ჩასულმა ქრისტეს სახარებლად, - თუმცა კი გამეღო კარი უფლის მიერ, -
არა მაქუნდა ლხინებაჲ სულისა ჩემისაჲ, რამეთუ არა ვპოვე მე ტიტე, ძმაჲ იგი ჩემი, არამედ ვიჯმენ მათგან და გამოვედ მაკედონიად.
ვერ მოვუპოვე ლხინება ჩემს სულს, რადგანაც ვერ შევხვდი იქ ჩემს ძმას ტიტეს; ამიტომაც დავემშვიდობე მათ და მაკედონიისკენ გავწიე.
ხოლო მადლი ღმერთსა, რომელმან მარადის განმაცხადნის ჩუენ ქრისტეს მიერ და სული იგი მეცნიერებისა მისისაჲ გამოაჩინის ჩუენ მიერ ყოველსა ადგილსა.
მაგრამ მადლობა ღმერთს, რომელიც ყოველთვის გვანიჭებს ძლევას ქრისტეს მიერ და ჩვენი მეოხებით ავრცელებს ყველგან თავისი შემეცნების სურნელს;
რამეთუ ქრისტეს სურნელებანი ვართ ღმრთისა მიერ ცხორებულთა მათ შორის და წარწყმედულთა:
რადგანაც ქრისტეს სურნელი ვართ ღვთის წინაშე, როგორც ხსნის, ისე დაღუპვის გზაზე დამდგართათვის.
რომელთამე სულად სიკუდილითი სიკუდილად და რომელთამე სულად ცხორებითი ცხორებად. და ამის მიმართ ვინ-მე შემძლებელ არს?
ზოგისთვის სიკვდილის სურნელი სასიკვდილოდ, ზოგისთვის სიცოცხლის სურნელი სასიცოცხლოდ; სხვას ვის შესწევს ამისი ძალი?
რამეთუ არა ვართ ვითარცა-იგი მრავალნი ვაჭარ სიტყუასა მას ღმრთისასა, არამედ ვითარცა წადიერებისაგან, არამედ ვითარცა ღმრთისაგან, წინაშე ღმრთისა ქრისტეს მიერ ვიტყჳთ.
ვინაიდან მრავალთა მსგავსად როდი ვბღალავთ ღვთის სიტყვას, არამედ წრფელად, როგორც ღვთისგან, ღვთის წინაშე ვქადაგებთ ქრისტეს მიერ.
