კორინთელთა მიმართ (მეორე) · თავი 3
კუალად ვიწყებთ თავთა თჳსთა წამებად. ანუ გჳჴმს-მე რაჲ, ვითარ-იგი ვიეთმე საწამებელი წიგნი აქუს თქუენდა მიმართ ანუ თუ თქუენგან ეგრეთვე საწამებელი?
ნუთუ ხელახლა უნდა წარმოგიდგინოთ თავი? ნუთუ ზოგიერთებივით წარდგენის წერილი გვჭირდება თქვენდამი ან თქვენგან?
ანუ არა წიგნ ჩუენდა თქუენ ხართა უფლისა მიერ, დაწერილ გულთა შინა ჩუენთა, უწყებულ და აღმოკითხულ ყოველთა მიერ კაცთა?
ჩვენი წერილი თქვენა ხართ, ჩვენს გულებში ჩაწერილი, ყოველი კაცისთვის გასაგები და მათ მიერვე წაკითხული.
საცნაურ ქმნილ, რამეთუ ხართ წიგნ სამოციქულო ქრისტესა, რომელი იმსახურა ჩუენ მიერ, დაწერილნი არა მელნითა, არამედ სულითა ღმრთისა ცხოველისაჲთა, არა ფიცართა შინა ქვისათა, არამედ ფიცართა შინა გულისა ჴორციელისათა.
თქვენ ცხადყოფთ, რომ ქრისტეს წერილი ხართ, ჩვენი მეშვეობით შეთხზული და მელნით კი არა, ცოცხალი ღვთის სულით დაწერილი, არა ქვიფილაზე, არამედ ხორციელი გულის ფიცარზე.
ხოლო სასოებაჲ ესევითარი გუაქუს ქრისტეს მიერ ღმრთისა მიმართ.
ასეთი ნდობა გვაქვს ქრისტეს მიერ ღვთის მიმართ.
არა თუ თავით თჳსით შემძლებელ ვართ შერაცხად რასმე, რეცათუ ჩუენგან, არამედ შეძლებაჲ ჩუენი ღმრთისაგან არს,
იმიტომ კი არა, ვითომ შეგვეძლოს ჩვენით ვიაზრებდეთ რამეს, თითქოს ღვთისაგან კი არა, ჩვენგანვე გვქონდეს ამის უნარი;
რომელმან-იგი შემძლებელ მყვნა ჩუენ მსახურებად ახლისა შჯულისა, არა წიგნისა, არამედ სულისა, რამეთუ წიგნი მოაკუდინებს, ხოლო სული აცხოვნებს.
არა, ღმერთმა მოგვცა იმისი ძალა, რომ ახალი აღთქმის მსახურნი ვიყოთ; არა ასოსი, არამედ სულისა, ვინაიდან ასო კლავს, ხოლო სული აცოცხლებს.
ხოლო უკუეთუ მსახურებაჲ იგი სიკუდილისაჲ, წიგნითა გამოსახული ფიცართა შინა, იქმნა დიდებულ, ვიდრეღა ვერ შემძლებელ იყვნეს ძენი ისრაჱლისანი თუალთა შედგმად პირსა მოსესსა დიდებითა მით პირისა მისისაჲთა, რომელ განქარვებად იყო,
და თუ მსახურება სიკვდილისა, ქვაზე ასოებივით გამოსახული, იმდენად სასახელო იყო რომ ისრაელის ძენი თვალს ვერ უსწორებდნენ მოსეს სახეს, მისი დიდებული იერის გამო, რომელიც, თავისი დიდებულების მიუხედავად, მაინც წარმავალი გახლდათ, -
რაოდენ-მე არა უფროჲს მსახურებაჲ იგი სულისაჲ იყოს დიდებით?
რამდენად უფრო სასახელი იქნება სულის მსახურება დიდებით?
რამეთუ უკუეთუ მსახურებაჲ იგი დაშჯისაჲ დიდება, რაოდენ უფროჲს აღემატოს მსახურებაჲ იგი სიმართლისაჲ დიდებითა.
რადგანაც, თუ განკითხვის მსახურება დიდებაა, მით უფრო მეტი იქნება დიდება სამართლიანობის მსახურებისა,
და რამეთუ არღა დიდებულ არს დიდებადი იგი ამით ჯერითა გარდარეულისა მისთჳს დიდებისა.
იმდენად, რომ იმ დიდებას აღარც კი ეთქმის დიდება ამ უზენაეს დიდებასთან შედარებით.
რამეთუ უკუეთუ განქარვებადი იგი იყო დიდებით, რაოდენ უფროჲს, რომელი-იგი ჰგიეს დიდებით.
ვინაიდან თუ წარმავალს ჰქონდა დიდება, რამდენად უფრო მეტია დიდება წარუვალისა.
ვინაჲთგან უკუე გუაქუს ესევითარი სასოებაჲ, მრავალი გაცხადებულებაჲ ვიჴუმიოთ.
ამიტომ ასეთი სასოების მქონენი უფრო თამამად ვმოქმედებთ,
და არა ვითარ-იგი მოსე საფარველი დაიბურის პირსა თჳსსა, რაჲთა არა ხედვიდენ ძენი ისრაჱლისანი დასასრულსა მას განქარვებისასა.
და არა როგორც მოსე, რიდე რომ ჩამოიფარა სახეზე, რათა ისრაელის ძეთ არ ეხილათ დასასრული წარმავალისა.
არამედ დაბრმეს გონებანი მათნი, რამეთუ ვიდრე დღენდელად დღედმდე იგივე საბურველი საკითხავსა მას ზედა ძუელისა შჯულისასა ჰგიეს აღუძარცუელად, რამეთუ ქრისტეს მიერ განქარდების.
მაგრამ დაჩლუნგდა მათი გონება, რადგანაც იგივე რიდე, ძველი აღთქმის კითხვისას, დღემდე ჩამოუხსნელი რჩება, ვინაიდან მხოლოდ ქრისტეში იხსნება იგი.
არამედ დღენდელად დღედმდე, რაჟამს აღმოიკითხვის მოსესთჳს, საბურველი გულსა მათსა ძეს.
ასე რომ, დღემდე, მოსეს კითხვისას, იგივე რიდე უბურავთ გულს.
ხოლო რაჟამს მოიქცეს უფლისა, მოეძარცუვის საბურველი იგი.
მაგრამ როცა უფლის მიმართ მიიქცევიან, ჩამოეხსნებათ საბურველი.
ხოლო უფალი სულ არს; ხოლო სადა სული უფლისაჲ, მუნ აზნაურებაჲ არს.
უფალი სულია, ხოლო სადაც უფლის სულია, იქვეა თავისუფლება.
ხოლო ჩუენ ყოველნი განცხადებულითა პირითა დიდებასა უფლისასა განვიცდით, მასვე ხატსა მივიცვალებით დიდებითი დიდებად, ვითარცა-იგი უფლისაგან სულად.
ჩვენ კი, დაუბურავი სახით რომ ვჭვრეტთ უფლის დიდებას, როგორც სარკეში, იმავე სახედ გარდავისახებით დიდებიდან დიდებაში, როგორც უფლის სულისგან.
