კორინთელთა მიმართ (მეორე) · თავი 9
რამეთუ მსახურებისა მისთჳს წმიდათაჲსა ნამეტნავ არს ჩემდა მიწერად თქუენდა.
რაც შეეხება წმიდათა სამსახურს, ამის თაობაზე ზედმეტად მიმაჩნია მოგწეროთ რამე.
რამეთუ ვიცი გულს-მოდგინებაჲ თქუენჲ, რომელი-იგი თქუენთჳს ვიქადე მაკედონელთა თანა, ვითარმედ აქაიაჲ განმზადებულ არს შრანდითგან, და თქუენმან მან შურმან აღაბაძვნა მრავალნი.
რადგანაც ვიცი თქვენი გულმოდგინება და ვიქადი კიდეც ამას მაკედონელთა წინაშე: აქაია შარშანდელს აქეთ მზადაა-მეთქი. და თქვენმა გულმოდგინებამ აღძრა მრავალნი.
ხოლო მივავლინენ ძმანი, რაჲთა არა სიქადული იგი ჩუენი თქუენთჳს ცუდ იყოს ამის ჯერისათჳს, რაჲთა, ვითარცა-იგი ვიტყოდე, განმზადებულ იყვნეთ.
ძმები კი იმიტომ წარმოგვგზავნე, რომ არ გაცუდდეს ჩემი სიქადული თქვენით და, როგორც ვთქვი, მართლაც მზად იყოთ,
ნუ-უკუე, მო-რაჲ-ვიდენ ჩემ თანა მაკედონელნი და გპოვნენ თქუენ განუმზადებელნი, მრცხუენოდის ჩუენ, რაჲთა არა გეტყოდით თქუენ, - ამის ჯერისათჳს სიქადულისა.
რათა, ჩემთან ერთად რომ მოვლენ მაკედონელნი, მოუმზადებელი არ დახვდეთ, თორემ თქვენ კი არა, ჩვენ შევრცხვებით, რაკიღა ასე დაბეჯითებით დავიქადეთ.
უმჯობესად უკუე შევჰრაცხე, რაჲთა ვევედრო ძმათა, რაჲთა წინაწარ მივიდენ თქუენდა და წინაწარ განგაკრძალნენ და დაამტკიცონ პირველ აღთქუმული იგი ევლოგიაჲ თქუენი, რაჲთა ესე განმზადებულ იყოს, ვითარცა ევლოგიაჲ და არა ვითარცა ანგაჰრებაჲ.
ამიტომ საჭიროდ მივიჩნიე მეთხოვა ძმებისთვის, რომ მოსულიყვნენ და გაემზადებინათ თქვენს მიერ აღთქმული ძღვენი, რათა მზად - ყოფილიყო, როგორც ძღვენი და არა როგორც ანგარება.
ხოლო ესე: რომელმან სთესოს რიდობით, რიდობითცა მოიმკოს, და რომელმან სთესოს კურთხევით, კურთხევითცა მოიმკოს.
ამასაც გეტყვით: ვინც ძუნწად თესავს, ძუნწად მოიმკის, ხოლო ვინც უხვად თესავს, უხვად მოიმკის.
კაცად-კაცადსა ვითარცა გამოურჩევიეს გულითა, ნუ მწუხარებით, ნუცა უნებლებით; რამეთუ მხიარულებით მისაცემელი უყუარს უფალსა.
ყველამ გაიღოს გულის კარნახით და არა მწუხარებითა თუ ძალდატანებით, ვინაიდან ღმერთს უყვარს ის, ვინც სიხარულით გასცემს.
ხოლო ძალ-უც ღმერთსა ყოველივე საჴმარი გარდამატებად თქუენდა, რაჲთა ყოველსა შინა მარადის ყოველივე უნაკლულოდ გაქუნდეს, და ჰმატებდეთ ყოველსა ზედა საქმესა კეთილსა.
ხოლო ღმერთს ძალუძს უხვად მოგაგოთ ყოველგვარი მადლი, რათა ყოველთვის და ყველაფერში ყოველივე საკმაოდ გქონდეთ და, ამრიგად, ამრავლოთ თქვენი კეთილი საქმე.
ვითარცა წერილ არს: განაბნია და მისცა იგი გლახაკთა, და სიმართლე მისი ჰგიეს უკუნითი უკუნისამდე.
როგორც დაწერილია: „გაანიავა, მისცა გლახაკებს; სიმართლე მისი წარუვალია უკუნისამდე“.
ხოლო რომელმან იგი მოსცის თესლი მთესვარსა და პური საზრდელად, მოგეცინ და განამრავლენ თესლი თქუენი და აღაორძინენ ნაყოფი სიმართლისა თქუენისაჲ.
ხოლო ის, ვინც თესლს აძლევს მთესველს და პურს - საზრდოდ, ზღვად აქცევს თქვენს ნათესსაც და ამრავლებს თქვენი სიმართლის ნაყოფს,
ყოველსა შინა განგამდიდრენინ ყოვლითა უხუებითა, რომელი-იგი შეიქმნების ჩუენ მიერ სამადლობელად ღმრთისა.
რათა ყველაფრით გამდიდრდეთ ყოველგვარი გულუხვობისთვის, ჩვენი მეშვეობით რომ გადებს მადლიერებას ღვთის მიმართ.
რამეთუ მსახურებაჲ ესე შესაწირავისაჲ ამის არა თუ აღმავსებელ ხოლო არს ნაკლულევანებისა მის წმიდათაჲსა, არამედ აღმატებაცა მრავალთათჳს სამადლობელად ღმრთისა.
რადგანაც ამ საქმის სამსახური არა მარტო შეავსებს წმიდათა ნაკლულებას, არამედ ღვთის მიმართ მადლიერებასაც ამრავლებს,
გამოცდილებითა მით ამის მსახურებისაჲთა ადიდებდით ღმერთსა, დამორჩილებითა მით აღსარებისა თქუენისაჲთა სახარებასა მას ქრისტესსა და უხუებითა მით ზიარებისაჲთა მათდა მიმართ და ყოველთა.
რამდენადაც ამ სამსახურის გამოცდილებით ადიდებენ ღმერთს, როცა იხილავენ თქვენს მორჩილებას ქრისტეს სახარების აღსარებისას და თქვენი ურთიერთობის სიწრფელეს არა მარტო მათდამი, არამედ ყველას მიმართაც;
და მათი იგი ლოცვაჲ თქუენთჳს, ჰსურის მათ თქუენდა გარდარეულისა მისთჳს მადლისა ღმრთისა, რომელ არს თქუენ ზედა.
და თქვენზე მლოცველნი თავიანთ სიყვარულს არ მოგაკლებენ ღვთის მადლის გამო, ესოდენ უხვად რომ გადმოსულა თქვენზე.
ხოლო მადლი ღმერთსა გამოუთქუმელთა მათ ნიჭთა მისთა ზედა.
მადლობა ღმერთს მისი ენათუთქმელი საბოძვრის გამო.
