კორინთელთა მიმართ (პირველი) · თავი 11
მობაძავ ჩემდა იქმნენით, ვითარცა მე ქრისტესა.
მე მომბაძეთ, როგორც მე ვბაძავ ქრისტეს.
ხოლო გაქებთ თქუენ, ძმანო, რამეთუ ჩემი ყოველივე გაჴსოვს, და ვითარცა-იგი მიგეც თქუენ, მოძღურებაჲ იგი შეიკრძალეთ.
იმისთვის გაქებთ, ძმანო, რომ ჩემი ყველაფერი გახსოვთ და, როგორც გადმოგეცით, ისე ინახავთ გადმოცემას.
და მნებავთ თქუენი უწყებაჲ, რამეთუ ყოვლისა მამაკაცისა თავ ქრისტე არს; ხოლო თავ დედაკაცისა - ქმარი; და თავ ქრისტესა - ღმერთი.
ისიც მინდა გაუწყოთ, რომ ყოველი კაცის თავი ქრისტეა, ქალის თავი - კაცი, ხოლო ქრისტეს თავი - ღმერთი.
ყოველი მამაკაცი, რომელი ილოცვიდეს გინა თუ წანაწარმეტყუელებდეს თავ-დაბურვილად, არცხუენს თავსა თჳსსა.
ყოველი კაცი, რომელიც თავდაბურული ლოცულობს ან წინასწარმეტყველებს, თავს ირცხვენს.
და ყოველივე დედაკაცი, რომელი ილოცვიდეს გინა წანაწარმეტყუელებდეს თავ-დაუბურველად, არცხუენს იგი თავსა თჳსსა, რამეთუ ერთ არს და იგივე არს დაყუენილიცა იგი.
და ყოველი ქალი, რომელიც თავდაუბურავი ლოცულობს ან წინასწარმეტყველებს, თავს ირცხვენს, რადგანაც ეს იგივეა, რომ თავგადაპარსული იყოს.
რამეთუ უკუეთუ არა დაიბურავს დედაკაცი იგი, და იკუეცენცა; ხოლო უკუეთუ საძაგელ არს დედაკაცისა კუეცაჲ გინა დაყუენვაჲ, დაიბურენ მან.
ხოლო თუ ქალი თავს არ იბურავს, თმა შეიკვეცოს; მაგრამ თუ ქალს თმის შეკვეცა ან გაპარსვა ერცხვინება, თავი დაიბუროს.
მამაკაცისაჲ უკუე არა ჯერ-არს დაბურვაჲ თავისაჲ, რამეთუ ხატი და დიდებაჲ ღმრთისაჲ არს, ხოლო დედაკაცი დიდებაჲ ქმრისა არს.
ამრიგად, კაცი თავდაუბურავი უნდა იყოს, ვინაიდან ხატია და დიდება ღვთისა, ხოლო ქალი ქმრის დიდებაა.
რამეთუ არა არს მამაკაცი დედაკაცისაგან, არამედ დედაკაცი მამაკაცისაგან;
რადგანაც კაცი კი არ არის ქალისაგან, არამედ ქალი - კაცისაგან.
და რამეთუ არა დაებადა მამაკაცი დედაკაცისათჳს, არამედ დედაკაცი მამაკაცისათჳს.
და კაცი კი არ შეიქმნა ქალისთვის, არამედ ქალი - კაცისთვის.
ამისთჳს ჯერ-არს დედაკაცისა, რაჲთა ფლობაჲ აქუნდეს თავსა თჳსსა ზედა ანგელოზთათჳს.
ამიტომაც მართებს ქალს ფლობის ნიშანი ჰქონდეს თავზე ანგელოზების გულისთვის.
ხოლო არცა მამაკაცი თჳნიერ დედაკაცისა, არცა დედაკაცი თჳნიერ მამაკაცისა უფლისა მიერ.
თუმცა არც კაცია ქალის გარეშე და არც ქალი კაცის გარეშე უფალში.
რამეთუ ვითარცა-იგი დედაკაცი ქმრისაგან არს, ეგრეთცა ქმარი - ცოლისათჳს; ხოლო ყოველივე ღმრთისაგან არს.
ვინაიდან როგორც ქალია კაცისგან, ასევეა კაციც ქალისგან, ხოლო ყველაფერი ღვთისაგან არის.
თჳთ თქუენ შორისღა განიკითხეთ ესე: შუენისა დედაკაცსა დაუბურველად წინაშე ღმრთისა ლოცვაჲ?
თავად განსაჯეთ, განა შეშვენის ქალს, თავდაუბურავად ლოცულობდეს ღვთის წინაშე?
არცაღა თჳთ იგი ბუნებაჲ გასწავებს თქუენ, რამეთუ მამაკაცმან თუ გარდაუტეოს თმაჲ გრძელად, უშუერება არს მისა.
განა თვით ბუნება არ გასწავლით, რომ თუ კაცი გრძლად უშვებს თმას, ეს საძრახისია მისთვის?
ხოლო დედაკაცმან თუ გარდაუტეოს, დიდება არს მისა, რამეთუ თმაჲ იგი სამკაულად მოეცა მას.
ხოლო თუ ქალი უშვებს დიდებაა მისთვის, რადგანაც თმა საბურავად მიეცა.
ხოლო უკუეთუ ვისმე ცილობის ჰნებავს, ჩუენ ეგევითარი ჩუეულებაჲ არა გუაქუს, არცა ეკლესიათა ღმრთისათა.
მაგრამ თუ ვინმე დავას აპირებს, ეს არც ჩვენ გვჩვევია და არც ეკლესიებს ღვთისას.
ამას რაჲ გამცნებ, არა გაქებ, რამეთუ არა უმჯობესად, არამედ უნაკლულევანესად შეჰკრბებით.
ამას საქებრად როდი გამცნობთ, რადგანაც უარესისთვის იკრიბებით და არა უკეთესისთვის.
პირველად უკუე, რამეთუ შეკრებასა მას თქუენსა ეკლესიად მესმის, ვითარმედ წვალება არიან თქუენ შორის, და ზოგს-რაჲმე მრწამს.
ვინაიდან, ჯერ ერთი, მესმის, რომ როდესაც ეკლესიაში იკრიბებით, თქვენს შორის განხეთქილება ხდება, რაც ნაწილობრივ მჯერა კიდეც.
რამეთუ წვალებაცა ყოფად არიან თქუენ შორის, რაჲთა რჩეულნი იგი თქუენ შორის გამოჩნდენ.
ვინაიდან თქვენში განხეთქილებაც საჭიროა, რათა გამოცდილნი გამოჩნდნენ თქვენს შორის.
შეკრებასა მას უკუე თქუენსა ერთად არა არს ეკლესიაჲ პურის საჭმელ.
ეგეც არ იყოს, როცა იკრიბებით, უფლის სერობისთვის როდი იკრიბებით.
რამეთუ კაცად-კაცადმან თჳსი იგი სერი წინაწარ წარიღის ჭამად, და რომელსამე ჰშიინ და რომელსამე სთრავნ.
რადგანაც ყველა ცდილობს სხვაზე უმალ შეჭამოს თავისი წილი, ასე რომ, ზოგი ჯერ კიდევ მშიერია, ზოგი კი უკვე მთვრალი.
ნუუკუე სახლებ არა გიდგსა ჭამად და სუმად? ანუ ეკლესიასა ღმრთისასა შეურაცხ-ჰყოფთ და არცხუენთ მათ, რომელთა არარაჲ აქუს? რაჲ-მე გრქუა თქუენ? გაქებდეა ამისთჳს? არა გაქებ.
ნუთუ სახლები არა გაქვთ, რომ შინ სვათ და ჭამოთ? თუ უგულებელყოფთ ღვთის ეკლესიას და არცხვენთ უპოვართ? რა გითხრათ ამისთვის? გაქოთ? ვერა, ვერ გაქებთ.
რამეთუ მე მოვიღე უფლისაგან, რომელიცა მიგეც თქუენ, რამეთუ უფალი იესუ ქრისტე ღამესა მას რომელსა მიეცემოდა, მოიღო პური.
რადგან მე უფლისაგან მივიღე ის, რაც გადმოგეცით: რომ უფალმა იესომ თავისი გაცემის ღამეს აიღო პური,
ჰმადლობდა, განტეხა და თქუა: მიიღეთ და ჭამეთ; ესე არს ჴორცი ჩემი, თქუენთჳს განტეხილი; ამას ჰყოფდით მოსაჴსენებელად ჩემდა.
მადლი შესწირა, გატეხა და თქვა: მიიღეთ და ჭამეთ; ეს არის ჩემი სხეული, თქვენთვის დამტვრეული; ეს ჰყავით ჩემს მოსახსენებლად,
ეგრეთვე სასუმელი იგი შემდგომად სერობისა, და თქუა: ესე სასუმელი ახალი რჩული არს სისხლისა ჩემისაჲ; ამას ჰყოფდით, რაოდენ-გზისცა სუმიდეთ, ჩემდა მოსაჴსენებელად.
ასევე სერობის შემდეგაც აიღო სასმისი და თქვა: ეს სასმისი არის ახალი აღთქმა ჩემს სისხლში; ეს ჰყავით ყოველთვის, როცა სვამთ ჩემს მოსახსენებლად.
რამეთუ რაოდენ-გზისცა შჭამდეთ პურსა ამას და სუმიდეთ სასუმელსა ამას, სიკუდილსა უფლისასა მიუთხრობდით, ვიდრემდის მოვიდეს.
ვინაიდან ყოველთვის, როცა ამ პურს ჭამთ და ამ სასმისს სვამთ, უფლის სიკვდილს იუწყებით მისსავ მოსვლამდე.
ამიერითგან, რომელი ჭამდეს პურსა ამას და სუმიდეს სასუმელსა ამას უფლისასა უღირსებით, თანა-მდებ არს იგი ჴორცსა და სისხლსა უფლისასა.
ამიტომ ვინც ამ პურს შეჭამს ან უფლის სასმისს შესვამს უღირსად, დამნაშავე იქნება უფლის სხეულისა და სისხლის წინაშე.
გამო-ღა-იცადენ კაცმან თავი თჳსი და ესრეთ პურისა მისგან ჭამენ და სასუმელისა მისგან სუნ.
მაშ, გამოსცადოს კაცმა თავისი თავი და ისე ჭამოს ამ პურიდან და ამ სასმისისგან სვას.
ხოლო რომელი არა ღირსად ჭამდეს და სუმიდეს, დასაშჯელად თავისა თჳსისა ჭამს და სუამს, რამეთუ არა გამოიკითხნა ჴორცნი უფლისანი.
რადგან ვინც უღირსად ჭამს და სვამს, თავისსავე განკითხვას ჭამს და სვამს, რაკიღა ვერ არჩევს უფლის სხეულს.
ამისთჳს მრავალ არიან თქუენ შორის უძლურ და სნეულ, და წვანან მრავალნი.
ამიტომ თქვენს შორის ბევრია უძლური, ბევრი - სნეული, და ბევრიც კვდება.
რამეთუ უკუეთუმცა თავთა თჳსთა განვიკითხევდით, არამცა განვიკითხენით.
რადგანაც ჩვენს თავს რომ განვიკითხავდეთ, აღარ ვიქნებოდით განკითხულნი.
ხოლო გან-თუ-ვიკითხვით, უფლისა მიერ განვისწავლებით, რაჲთა არა სოფლისა თანა დავისაჯნეთ.
განკითხულნი კი უფლის მიერ განვისწავლებით, რათა ქვეყანასთან ერთად არ განვისაჯოთ.
ამიერითგან, ძმანო ჩემნო, შე-რაჲ-ჰკრბებოდით ჭამად, ურთიერთას ჰგებდით.
ასე რომ, ძმანო, როცა სერობად შეიკრიბებით, ერთმანეთს დაელოდეთ.
ხოლო უკუეთუ ვისმე შიოდის, სახლსა შინა ჭამენ, რაჲთა არა დასაშჯელად შეჰკრბეთ. ხოლო სხუაჲ იგი, ოდეს მოვიდე, მაშინ ვბრძანო.
ხოლო თუ ვინმეს შია, შინ ჭამოს, რათა განსაკითხავად არ შეიკრიბოთ. დანარჩენს კი, როცა მოვალ, მაშინ მოვაგვარებ.
