კორინთელთა მიმართ (პირველი) · თავი 4

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

ესრეთ შემრაცხენინ ჩუენ კაცმან, ვითარცა მსახურნი ქრისტესნი და მნენი საიდუმლოთა ღმრთისათანი.

ამრიგად, ჩვენ უნდა შეგვრაცხოს კაცმა, როგორც ქრისტეს მსახურნი და ღვთის საიდუმლოთა მნენი.

2

ხოლო აქა ამიერითგან საძიებელ არს მნეთა მათ შორის, რაჲთა სარწმუნო ვინმე იპოვოს.

მნეთაგან კი იმას მოითხოვენ, რომ თვითეული მათგანი სანდო იყოს.

3

ხოლო ჩემდა საწუნელება არს, უკუეთუ თქუენ მიერ განვიკითხო გინა თუ კაცობრივისაგან დღისა; არამედ არცაღა თავსა ჩემსა განვიკითხავ.

პირადად ჩემთვის სულერთია, თქვენ განმსჯით თუ კაცთა მსჯავრნი. მე თვითონაც არ განვსჯი ჩემს თავს.

4

რამეთუ არარაჲ თავსა ჩემსა შემიცნობიეს, არამედ არა თუ ამით განვმართლდები; ხოლო განმკითხველი ჩემი უფალი არს.

რადგანაც არაფერი მაქვს სინიდისის საქენჯნი, მაგრამ ამით როდი ვიმართლებ თავს, რადგანაც უფალია ჩემი განმკითხველი.

5

ამისთჳს ნუ წინაწარ ჟამსა რას განიკითხავთ, ვიდრემდის მოვიდეს უფალი, რომელმანცა განანათლოს დაფარული იგი ბნელისაჲ და განაცხადნეს ზრახვანი იგი გულთანი, და მაშინ ქებაჲ იყოს კაცად-კაცადისაჲ ღმრთისა მიერ.

ამიტომ ნუ განსჯით უდროოდ, ვიდრე არ მოვა უფალი, ნათელს რომ მოჰფენს ბნელში დაფარულს და გაამჟღავნებს გულის ზრახვებს; მაშინ თვითეულს მიეგება ქება ღვთის მიერ.

6

ხოლო ესე, ძმანო, სახედ დავდევ თავისა ჩემისა და აპოლოჲსა თქუენთჳს, რაჲთა ჩუენ მიერ ისწაოთ არა უფროჲს წერილისა მის ზრახვად, რაჲთა არა ერთი-ერთსა ზედა განჰლაღნეთ მოყუსისათჳს.

ხოლო ეს ჩემზე და აპოლოსზე მოგახსენეთ, ძმანო, რათა ნიმუშად გვიგულოთ და ისწავლოთ ჩვენგან, რომ ზღვარს არ გადასცდეთ და ქედმაღლობით აღძრულნი ერთმანეთს არ აეშალოთ.

7

რამეთუ ვინ განგიკითხავს შენ? ანუ რაჲ გაქუს, რომელი არა მიგიღებიეს? ხოლო უკუეთუ მიგიღებიეს, რაჲსა იქადი, ვითარცა არა-მიღებულსა?

რადგანაც ვინ განგასხვავებს? რა გაქვს ისეთი, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რაღას იქადი, თითქოს არ მიგეღოს?

8

აწვე განმაძღარ ხართ და აწვე განჰმდიდრდით და თჳნიერ ჩუენსა სუფევდით! და თუმცა სუფევდით, რაჲთა ჩუენცა თქუენ თანა ვსუფევდეთ!

აწ უკვე გამძღარხართ, გამდიდრებულხართ და უჩვენოდ სუფევთ. ნეტა მართლა გქონდეთ სუფევა, რომ ჩვენც თქვენთან ერთად ვსუფევდეთ.

9

რამეთუ ვჰგონებ, ვითარმედ ღმერთმან ჩუენ მოციქულნი უკანაჲსკნელად გამოგუაჩინნა ვითარცა სასიკუდინენი, რამეთუ სახილველ ვიქმნენით სოფლისა და ანგელოზთა და კაცთა.

რადგანაც ვფიქრობ, რომ ჩვენ, მოციქულნი, ღმერთმა სულ ბოლოს გამოგვიყვანა, როგორც სიკვდილმისჯილნი, ქვეყნიერების, ანგელოზთა და კაცთა სასეიროდ.

10

ჩუენ სულელ ქრისტესთჳს, ხოლო თქუენ ბრძენ ქრისტეს მიერ; ჩუენ უძლურ, ხოლო თქუენ ძლიერ; თქუენ დიდებულ, ხოლო ჩუენ გინებულ.

ჩვენ - შლეგნი ქრისტეს გულისთვის, ხოლო თქვენ - ბრძენნი ქრისტეში; ჩვენ - უძლურნი, თქვენ კი - ძლიერნი; თქვენ - დიდებულნი, ჩვენ კი - გინებულნი,

11

ვიდრე აქა ჟამადმდე გუშიისცა და გუწყურისცა და შიშუელ ვართ და ვიქენჯნებით, და განუსუენებელ ვართ და ვშურებით,

თვით დღემდე რომ ვითმენთ შიმშილს და წყურვილს, სიშიშვლეს, გვემასა და მიუსაფრობას.

12

რამეთუ ვიქმთ ჴელითა ჩუენითა. მაგინებელთა ჩუენთა ვაკურთხევთ; ვიდევნებით და თავს-ვიდებთ;

ვწვალობთ და საკუთარი ხელით ვმუშაობთ; გვაგინებენ და ვლოცავთ; გვდევნიან და ვითმენთ.

13

მგმობართა ჩუენთა ულოცავთ; ვითარცა ნარჩევნი სოფლისანი შევიქმნენით, ყოველთა ნასხურ მოაქამდე.

გვაყივნებენ და ვანუგეშებთ; თითქოს ნაგავი ვართ ქვეყნისა, ყველას მიერ ნაქელი მტვერი.

14

არა საკდემელად თქუენდა მივსწერ ამას, არამედ ვითარცა შვილთა ჩემთა საყუარელთა გასწავებ.

თქვენდა სარცხვენად როდი გწერთ ამას, არამედ როგორც ჩემი საყვარელი შვილების შესაგონებლად.

15

რამეთუ დაღათუ ბევრ მზარდულ გესხნენ ქრისტეს მიერ, არამედ არა მრავალ მამა, რამეთუ ქრისტე იესუჲს მიერ სახარებისა მისგან მე გშვენ თქუენ.

შეიძლება მრავალი მზრდელი გყავდეთ ქრისტეში, მაგრამ არა მრავალი მამა; რადგანაც ქრისტე იესოში სახარებით მე გშობეთ თქვენ.

16

გლოცავ თქუენ: მობაძავ ჩემდა იყვენით.

ამიტომაც შეგაგონებთ, რომ მე მომბაძოთ.

17

ამისთჳს მივავლინე თქუენდა ტიმოთე, რომელ არს შვილი ჩემი საყუარელი და სარწმუნოჲ უფლისა მიერ, რომელმან მოგაჴსენნეს თქუენ გზანი ჩემნი ქრისტეს მიერ, ვითარცა-იგი ყოველთა ადგილთა, ყოველთა ეკლესიათა ვასწავებ.

სწორედ ამიტომ გამოგიგზავნეთ ტიმოთე, ჩემი საყვარელი და სარწმუნო შვილი უფალში, რათა გაგახსენოთ ჩემი გზები ქრისტე იესოს მიერ, თუ როგორ ვასწავლი ყველგან, ყველა ეკლესიაში.

18

რაჲთა არა მოსლვასა მას ჩემსა თქუენდა გან-ვიეთნიმე-ლაღნენ.

ზოგიერთს ისე გაუვიდა თავს, თითქოს არც ვაპირებდე თქვენთან მოსვლას.

19

ხოლო მოვიდე ადრე თქუენდა, უფალსა თუ უნდეს, და ვცნა არა სიტყუაჲ იგი განლაღებულთაჲ მათ, არამედ ძალი,

მაგრამ, თუ ღმერთმა ინება, მალე მოვალ და გამოვცდი თავგასულთა სიტყვას კი არა, არამედ ძალას.

20

რამეთუ არა სიტყჳთა არს სასუფეველი ღმრთისაჲ, არამედ ძალითა.

რადგანაც ღვთის სასუფეველი სიტყვით კი არ არის, არამედ ძალით.

21

რაჲ გნებავს? კუერთხითა მოვიდე თქუენდა, ანუ სიყუარულითა და სულითა მშჳდობისაჲთა?

რა გსურთ? კვერთხით მოვიდე თქვენთან თუ სიყვარულითა და თვინიერების სულით?