კორინთელთა მიმართ (პირველი) · თავი 8

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

ხოლო კერპთ-ნაზორევთა მათთჳს ვიცით, რამეთუ ყოველთა მეცნიერებაჲ გუაქუს. მეცნიერებაჲ განალაღებს, ხოლო სიყუარული აღაშენებს.

ხოლო კერპთათვის შენაწირისა ვიცით, რადგანაც ყველას გვაქვს ცოდნა; მაგრამ ცოდნა აამპარტავნებს, სიყვარული კი აშენებს კაცს.

2

უკუეთუ ვისმე ჰგონიეს, ვითარმედ იცის რაჲმე, არღასადა უცნობიეს, ვითარ-იგი ჯერ-არს ცნობაჲ.

ვისაც ჰგონია, რომ რაღაცა იცის, ჯერ კიდევ არაფერი ისე არ იცის, როგორც უნდა იცოდეს.

3

ხოლო რომელსა უყუარს ღმერთი, იგი ცნობილ არს მის მიერ.

მაგრამ ვისაც ღმერთი უყვარს, კიდეც შეიცნობა მის მიერ.

4

ხოლო ჭამისათჳს ნაკერპავთაჲსა უწყით, რამეთუ არარაჲ არს კერპ სოფელსა შინა, და ვითარმედ არავინ არს ღმერთ სხუაჲ, გარნა მხოლოჲ იგი ერთი ღმერთი.

რაც შეეხება კერპთათვის შენაწირის ჭამას, ვიცით, რომ კერპი არაფერია ამ ქვეყნად და არ არსებობს სხვა ღმერთი, გარდა ერთისა.

5

რამეთუ დაღაცათუ არიან რაჲმე სახელ-დებულ ღმერთნი გინა თუ ცათა შინა, გინა თუ ქუეყანასა ზედა, ვითარცა არიან ღმერთნი მრავალ და უფალნი მრავალ,

რადგან თუკიღა არიან ეგრეთწოდებული ღმერთები მიწაზე თუ ცაში (როგორც არის მრავალი ღმერთი და მრავალი უფალი),

6

არამედ ჩუენდა ერთ არს ღმერთი მამაჲ, რომლისაგან არს ყოველი, და ჩუენ - მისა მიმართ. და ერთ არს უფალი იესუ ქრისტე, რომლისა მიერ ყოველი და ჩუენ - მის მიერ.

ჩვენ ერთი გვყავს მამა ღმერთი, ვისგანაც არის ყოველი და ვისთვისაც ვართ ჩვენ, და ერთი უფალი, იესო ქრისტე, ვის მიერაც არის ყოველი და ვის მიერაც ვართ ჩვენც.

7

არამედ არა ყოველთა თანა არს მეცნიერებაჲ; ხოლო რომელნიმე იჭჳთ ვიდრე აქამომდე კერპთასა მას, ვითარცა ნაკერპავსა, ჭამენ, და გონებაჲ იგი მათი უძლური შეიგინების.

მაგრამ ყველას როდი აქვს ცოდნა, რადგანაც ზოგიერთნი, ჩვეულებისამებრ, აქამდე ჭამენ კერპთათვის შენაწირს, და მათი უძლური სინიდისი იბღალება.

8

ხოლო საჭმელმან ჩუენ არა წარგუადგინნეს ღმრთისა. რამეთუ დაღათუ ვჭამოთ, არაჲ გუემატოს; და არა თუ ვჭამოთ, არაჲ დაგუაკლდეს.

მაგრამ საჭმელი როდი გვაახლოებს ღმერთთან, რადგანაც ჭამით არაფერი გვემატება და უჭმელობითაც არა გვაკლდება რა.

9

ხოლო ეკრძალენით, ნუუკუე ჴელმწიფებაჲ ეგე თქუენი დაბრკოლება ექმნეს უძლურთა მათ.

მაინც სიფრთხილე გმართებთ, რათა ეგ თქვენი თავისუფლება საცთური არ შეიქნეს უძლურთათვის.

10

რამეთუ უკუეთუ ვინმე გიხილოს შენ, რომელსა გაქუს მეცნიერებაჲ, საკერპოსა შინა ინაჴითმჯდომარე, არა-მეა გონებაჲ იგი უძლურისაჲ მის აღეშენოს ნაკეპავისა მის ჭამად?

რადგან თუ ვინმე დაგინახავს, რომ შენ, რომელსაც გაქვს ცოდნა, საკერპოში ინახად ზიხარ, განა მისი უძლური სინიდისი არ განაწყობს კერპთშეწირულობის ჭამად?

11

და წარწყმდეს ძმაჲ იგი უძლური შენითა მით მეცნიერებითა, რომლისათჳს ქრისტე მოკუდა.

და შენი ცოდნით წარწყმდება შენი უძლური ძმა, ვისთვისაც მოკვდა ქრისტე.

12

ესრეთ რაჲ სცოდვიდეთ ძმათა მიმართ და ჰგუემდეთ გონებასა მათსა უძლურსა, ქრისტეს მიმართ სცოდავთ.

ასე რომ, თუ ამნაირად შესცოდავთ ძმათა მიმართ და მოსწყლავთ მათ უძლურ სინიდისს, ქრისტეს მიმართაც სცოდავთ.

13

ამისთჳსცა, უკუეთუ საჭმელი დააბრკოლებდეს ძმასა ჩემსა, არა ვჭამო ჴორცი უკუნისამდე, რაჲთა არა ძმაჲ ჩემი დავაბრკოლო.

ამიტომაც თუ საჭმელი აცთუნებს ჩემს ძმას, აღარასოდეს შევჭამ ხორცს, რათა არ ვაცთუნო იგი.