კორინთელთა მიმართ (პირველი) · თავი 15
ხოლო გაუწყებთ თქუენ, ძმანო, სახარებასა მას, რომელი გახარე თქუენ, რომელცა-იგი მიგიღებიეს, რომელსაცა ზედა სდგათ.
თქვენ კი გაუწყებთ, ძმანო, სახარებას, რომელიც მიიღეთ ჩემი ხარებით და რომელშიც დგახართ.
რომლითაცა სცხონდებით, რომელი სიტყუაჲ გახარე თქუენ, უკუეთუ გაჴსოვს, გარნა თუ ცუდად რაჲმე გრწმენა.
მისითვე ცხონდებით, თუკი ისე ინახავთ სიტყვას, როგორც გახარეთ, და თუ ამაოდ არ ირწმუნეთ.
რამეთუ მიგეც თქუენ პირველად, რომელცა-იგი მოვიღე, რამეთუ ქრისტე მოკუდა ცოდვათა ჩუენთათჳს, ვითარცა წერილ არს,
რადგანაც თავდაპირველად გადმოგეცით ის, რაც თვითონვე მივიღე, რომ ქრისტე, წერილის მიხედვით, ჩვენი ცოდვებისათვის მოკვდა,
და რამეთუ დაეფლა და რამეთუ აღდგა მესამესა დღესა, ვითარცა წერილ არს,
დაკრძალულ იქნა და, წერილისავე მიხედვით, მესამე დღეს აღდგა,
და რამეთუ ეჩუენა კეფას და მერმე ათერთმეტთა მათ,
და გამოეცხადა კეფას, მერე კი - თორმეტს;
და მერმე ეჩუენა უმრავლეს ხუთასისა ძმათა ერთ-გზის, რომელთაგანნი უმრავლესნი ცოცხალ არიან აქამომდე და რომელთამე შეისუენეს,
ხოლო შემდეგ ერთდროულად ეჩვენა ხუთასზე მეტ ძმას რომელთა უმრავლესობა დღესაც ცოცხალია, ზოგმა კი განისვენა;
მერმე ეჩუენა იაკობს და მერმე მოციქულთა ყოველთა,
მერე ეჩვენა იაკობს, შემდეგ კი - ყველა მოციქულს;
უკუანაჲსკნელ ყოველთასა, ვითარცა ნარჩევსა, მეჩუენა მეცა.
ხოლო ყველაზე ბოლოს მეც მეჩვენა, როგორც უდღეურს.
რამეთუ მე ვარ ნარჩევი მოციქულთაჲ, რომელი არა ვარ ღირს წოდებად მოციქულად, რამეთუ ვსდევნიდ ეკლესიათა ღრმთისათა.
რადგანაც უმცირესი ვარ მოციქულთა შორის და არა ვარ მოციქულად წოდების ღირსი, ვინაიდან ვსდევნიდი ღვთის ეკლესიას.
ხოლო მადლითა ღმრთისაჲთა ვარ, რაჲ-იგი ვარ; და მადლი იგი მისი, რომელი ჩემდა მომართ იყო, არა ცუდად რაჲ იყო, არამედ უმეტეს მათ ყოველთასა დავშუერ; არა მე, არამედ მადლი იგი ღმრთისაჲ, რომელი იყო ჩემ თანა.
მაგრამ ღვთის მადლით, ისა ვარ, რაცა ვარ, და მისი მადლი ჩემდამი არ ყოფილა ფუჭი, რადგანაც ყველა მათგანზე მეტი ვიღვაწე, თუმცა მე კი არა, არამედ ღვთის მადლმა, რომელიც არის ჩემთან.
აწ უკუე გინა თუ მე, გინა თუ იგინი ესრეთ ვქადაგებთ, და ესრეთ გრწმენა თქუენ.
ამრიგად, მეც და ისინიც ასე ვქადაგებთ და ასევე ირწმუნეთ თქვენც.
ხოლო უკუეთუ ქრისტე იქადაგების, ვითარმედ მკუდრეთით აღდგომილ არს, ვითარ იტყჳან ვინმე თქუენ შორის, ვითარმედ აღდგომაჲ მკუდართაჲ არა არს?
ხოლო თუ ქრისტეზე იქადაგება, რომ მკვდრეთით აღდგა, როგორღა ამბობს ზოგიერთი თქვენგანი, რომ არ არის მკვდრეთით აღდგომა?
უკუეთუ აღდგომაჲ მკუდართაჲ არა არს, არცა ქრისტე აღდგომილ არს.
თუ მკვდრეთით აღდგომა არ არის, მაშინ არც ქრისტე აღმდგარა.
უკუეთუ ქრისტე არა აღდგომილ არს, ცუდად სამე არს ქადაგებაჲ ესე ჩუენი და ცუდად არს სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი.
ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, ფუჭია ჩვენი ქადაგება და ფუჭია თქვენი რწმენაც.
ვიპოვენით უკუე ცრუ-მოწამეცა ღმრთისა, რამეთუ ვწამებთ ღმრთისათჳს, ვითარმედ აღადგინა ქრისტე, რომელი არა აღადგინა, უკუეთუ ნანდჳლვე მკუდარნი არა აღდგებიან.
მაშინ ჩვენ ცრუმოწმენი ვყოფილვართ ღვთის მიმართ, რადგანაც ვმოწმობთ, რომ მან აღადგინა ქრისტე, რომელიც არ აღუდგენია, თუკი მართლა არ აღდგებიან მკვდრები.
რამეთუ უკუეთუ მკუდარნი არა აღდგებიან, არცა ქრისტე აღდგომილ არს. და უკუეთუ ქრისტე არა აღდგომილ არს, ამაო არს სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი;
ვინაიდან თუ მკვდრები არ აღდგებიან, არც ქრისტე აღმდგარა.
ცოდვათავე სამეღა შინა თქუენთა ხართ აქამომდე.
ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, ფუჭია თქვენი რწმენა: ჯერ კიდევ თქვენსავ ცოდვებში ხართ.
და შესუენებულნი იგი ქრისტეს მიერ წარ-ვე სამე-წყმდენ.
და ისინიც წარწყმედილან, ვინც განისვენა ქრისტეში.
უკუეთუ ამას ხოლო ცხორებასა ვართ მოსავ ქრისტესა, უსაწყალობელეს ყოველთა კაცთასა ვართ.
თუ მხოლოდ ამ ცხოვრებაში ვართ ქრისტეს მოიმედენი, კაცთა შორის ყველაზე საწყალობელნი ვყოფილვართ.
ხოლო აწ ქრისტე აღდგა მკუდრეთით და იქმნა იგი დასაბამ შესუენებულთა.
მაგრამ აწ აღდგა მკვდრეთით ქრისტე, განსვენებულთა პირმშო.
რამეთუ კაცისა მიერ იყო სიკუდილი, და კაცისა მიერ - აღდგომაჲ მკუდართაჲ.
ვინაიდან როგორც კაცის მიერ იქმნა სიკვდილი, ასევე კაცის მიერ - მკვდრეთით აღდგომაც.
და ვითარცა-იგი ადამის გამო ყოველნი მოსწყდებიან, ეგრეთცა ქრისტეს მიერ ყოველნი ცხოველ იქმნენ.
და როგორც ადამში კვდებიან ყველანი, ისე ქრისტეში იცოცხლებს ყველა.
ხოლო თჳთოეული თჳსითა წესითა: პირველად ქრისტე და მერმე ქრისტესნი იგი მოსვლასა მას მისსა.
მაგრამ თვითეული თავისი წესით: ჯერ პირმშო - ქრისტე, შემდეგ კი - ქრისტესნი, მისი მოსვლისას.
მაშინღა აღსასრული, რაჟამს მოსცეს სუფევაჲ ღმერთსა და მამასა, რაჟამს განაქარვნეს ყოველნი მთავრობანი და ყოველნი ჴელმწიფებანი და ძალნი.
და ბოლოს, დასასრული, როცა სუფევას გადასცემს ღმერთსა და მამას, მას შემდეგ, რაც გააუქმებს ყოველგვარ მთავრობას, ხელმწიფებას და ძალს.
რამეთუ ჯერ-არს მისა სუფევაჲ, ვიდრემდის დაისხნეს ყოველნი მტერნი მისნი ქუეშე ფერჴთა მისთა.
რადგანაც მას მართებს სუფევა, ვიდრე ფეხქვეშ არ მოიქცევს თავის მტრებს.
უკუანაჲსკნელ მტერი იგი განქარდეს - სიკუდილი,
და განქარდება უკანასკნელი მტერი - სიკვდილი.
რამეთუ ყოველივე დაამორჩილა ქუეშე ფერჴთა მისთა. ხოლო რაჟამს თქუას, ვითარმედ: ყოველივე დაამორჩილა, ცხად არს, რამეთუ თჳნიერ მისა, რომელმან-იგი დაამორჩილა მას ყოველი.
რადგანაც ღმერთმა ყველაფერი მას დაუმორჩილა და ფეხქვეშ დაუმხო. ხოლო რაკი ითქვა, რომ ყველაფერი მას ემორჩილება, ცხადია, მის გარდა, ვინც ყველაფერი დაუმორჩილა მას.
ხოლო რაჟამს დაემორჩილოს მას ყოველი, მაშინ თავადიცა ძე დაემორჩილოს მას, რომელმან-იგი დაამორჩილა მას ყოველი, რაჲთა იყოს ღმერთი ყოვლად ყოველსა შინა.
ხოლო როდესაც ყველაფერს მას დაუმორჩილებს, მაშინ თვით ძეც დაემორჩილება იმას, ვინც ყველაფერი დაუმორჩილა მას, რათა ღმერთი ყველაფერი იყოს ყოველში.
უკუეთუ არა, რაჲ-მე ყონ, რომელნი-იგი ნათელს-იღებენ მკუდართათჳს? უკუეთუ ყოვლად მკუდარნი არა აღდგებიან, რაჲსაღა ნათელს-იღებენ მკუდართათჳს?
თორემ რას იზამენ მკვდრებისთვის ნათელღებულნი? თუკი მკვდრები არ აღდგებიან, რატომღა ინათლებიან იმათთვის?
ანუ ჩუენ რაჲსა-მე-ღა ვიჭირვით ყოველსა ჟამსა?
ან ჩვენ რისთვისღა გვემუქრება საფრთხე ყოველ წამს?
მარადღე მოვკუდები, ვფუცავ თქუენსა სიქადულსა, რომელ მაქუს ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა.
მე ყოველდღე ვკვდები, ვფიცავ თქვენს სიქადულს, ძმანო, რომელიც მაქვს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ.
უკუეთუ კაცობრივ მჴეცთა ბრძოლა-ვყავ ეფესოს, რაჲ-მე სარგებელ არს ჩემდა, უკუეთუ მკუდარნი არა აღდგენ? ვჭამოთ და ვსუათ, რამეთუ ხვალე მოვსწყდებით!
თუ ეფესოში კაცურად ვებრძოდი მხეცებს, რას მარგებს, თუკი მკვდრები არ აღდგებიან? ვჭამოთ და ვსვათ, რადგანაც ხვალ აღარ ვიქნებით.
ნუ სცთებით: განხრწნიან წესთა კეთილთა ზრახვანი ბოროტნი.
ნუ შეცდებით: უკეთური ურთიერთობანი ხრწნიან კეთილ ზნე-ჩვევებს.
განიფრთხვეთ სიმართლით და ნუ სცოდავთ; რამეთუ უმეცრებაჲ ღმრთისაჲ ვიეთმე აქუს, საკდემელად თქუენდა ვიტყჳ.
ჯეროვნად იფხიზლეთ და ნუ სცოდავთ, ვინაიდან ზოგიერთი თქვენგანი არც იცნობს ღმერთს. თქვენდა სარცხვენად ვამბობ.
არამედ თქუას ვინმე, ვითარმედ: ვითარ-მე აღდგენ მკუდარნი? ანუ რომლითა-მე ჴორცითა მოვიდენ?
მაგრამ მავანი იტყვის: როგორ აღდგებიან მკვდრები, ან რომელი სხეულით მოვლენ?
უგუნურო, შენ, რომელი დასთესი, არა ცხოვნდის, ვიდრემდე არა მოკუდის.
უგუნურო, რასაც შენ თესავ, ვერ იცოცხლებს, თუკი არ მოკვდა.
და რომელი-იგი დასთესი, არა თუ იგი გუამი რომელ ყოფად არნ დასთესი, არამედ შიშუელი მარცუალი გინა თუ იფქლისაჲ, ანუ თუ სხუაჲ რომელიმე თესლი.
და როცა თესავ, მომავალ სხეულს კი არ თესავ, არამედ შიშველ მარცვალს, სულერთია, იქნება ეს პურისა თუ სხვა მარცვლეულის თესლი.
ხოლო ღმერთმან მოსცის მას გუამი, ვითარცა უნებნ, და თჳთოეულსა თესლსა თჳსი გუამი.
მაგრამ ღმერთი აძლევს მას სხეულს, როგორიც ნებავს, თვითეულ თესლს - საკუთარ სხეულს.
არა ყოველი ჴორცი ერთ ჴორც არს, არამედ სხუა არს კაცთაჲ და სხუაჲ ჴორცი არს პირუტყუთაჲ და სხუაჲ ჴორცი არს მფრინველთაჲ და სხუაჲ ჴორცი არს თევზთაჲ,
ყოველი ხორცი ერთი და იგივე ხორცი როდია, არამედ სხვაა კაცთა ხორცი და სხვა - პიურტყვთა ხორცი, სხვა - თევზებისა, სხვა - ფრინველების.
და ჴორცნი იგი ზეცისათანი და ჴორცნი იგი ქუეყანისათანი; არამედ სხუა არს ზეცისათა მათ დიდებაჲ და სხუა არს ქუეყანისათაჲ.
არიან სხეულნი ზეციურნი და სხეულნი მიწიერნი, მაგრამ სხვაა ზეციერთა დიდება და სხვა - მიწიერთა.
სხუაჲ დიდებაჲ არს მზისაჲ და სხუა დიდებაჲ არს მთოვარისაჲ და სხუაჲ დიდებაჲ არს ვარსკულავთაჲ; რამეთუ ვითარცა-იგი ვარსკულავი ვარსკულავსა ჰმატს დიდებითა,
სხვაა დიდება მზისა, სხვაა დიდება მთვარისა, სხვა - ვარსკვლავების; და თვით ვარსკვლავიც ვარსკვლავისაგან განსხვავდება დიდებით.
ეგრეთცა აღდგომაჲ მკუდართაჲ, დაეთესვის ხრწნილებით და აღდგების უხრწნელებით;
ასევე მკვდართა აღდგომაც: ითესება ხრწნილებით, აღდგება უხრწნელობით.
დაეთესვის გინებით და აღდგების დიდებით; დაეთესვის უძლურებით და აღდგების ძლიერებით;
ითესება დამცირებით, აღდგება დიდებით; ითესება უძლურებით, აღდგება ძლიერებით.
დაეთესვის ჴორცი მშჳნვიერი და აღდგების ჴორცი სულიერი. არს ჴორცი მშჳნვიერი და არს ჴორცი სულიერი.
ითესება სხეული მშვინვიერი, აღდგება სხეული სულიერი; არის სხეული მშვინვიერი და არის სხეული სულიერი.
ეგრეთცა წერილ არს: იყო პირველი იგი კაცი ადამ სამშჳნველად ცხოველად, ხოლო უკუანაჲსკნელი ადამ - სულად განმაცხოველებელად.
ასეც სწერია: „პირველი კაცი ადამი შეიქმნა ცოცხალ მშვინვად“, უკანასკნელი ადამი კი - ცხოველმყოფელ სულად.
არამედ არა პირველად სულიერი იგი, არამედ მშჳნვიერი, მაშინღა სულიერი.
მაგრამ პირველად არა სულიერი, არამედ მშვინვიერი, შემდეგ კი სულიერი.
პირველი იგი კაცი ქუეყანისაგან მიწისაჲ, ხოლო მეორე იგი კაცი უფალი ზეცით.
პირველი კაცი მიწისაგან, მიწიერი, მეორე კაცი - ზეციერი.
ვითარცა-იგი მიწისაგანი, ეგრეთცა მიწისაგანნი, და ვითარცა იგი ზეცისაჲ, ეგრეთცა ზეცისაგანნი იგი.
როგორც მიწიერი, ისევე მიწიერნი, და როგორც ზეციერი, ისევე ზეციერნი.
და ვითარცა იგი შევიმოსეთ ხატი იგი მიწისაგანისაჲ, შევიმოსოთ ხატიცა იგი ზეცისაგანისაჲ.
და როგორც ვატარეთ მიწიერის ხატი, ასევე ვატარებთ ზეციერის ხატსაც.
ხოლო ამას ვიტყჳ, ძმანო, რამეთუ ჴორცთა და სისხლთა სასუფეველი ღმრთისაჲ დამკჳდრებად ვერ ძალ-უც, არცა ხრწნილებამან უხრწნელებაჲ დაიმკჳდროს.
ამას კი გეტყვით, ძმანო, რომ ხორცი და სისხლი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს, და ვერც ხრწნილება დაიმკვიდრებს უხრწნელობას.
აჰა ესერა საიდუმლოსა გითხრობ თქუენ: ყოველთავე უკუე არა შევისუენოთ, ხოლო ყოველნივე განვახლდეთ
აჰა, გეტყვით თქვენ საიდუმლოს: ყველანი როდი მოვკვდებით, მაგრამ ყველანი შევიცვლებით, -
მეყსა შინა წამსა თუალისა უკუანაჲსკნელითა მით საყჳრითა, რამეთუ საყჳრსა დაეცეს, და მკუდარნი იგი აღდგენ უხრწნელნი, და ჩუენ განვახლდეთ.
ერთ წამში, თვალის დახამხამებაში, როცა ახმიანდება უკანასკნელი საყვირი; რადგანაც ახმიანდება და მკვდრები აღდგებიან უხრწნელნი, ხოლო ჩვენ შევიცვლებით.
რამეთუ ჯერ-არს ხრწნილისა ამის შემოსად უხრწნელებაჲ, და მოკუდავისა ამის შემოსად უკუდავებაჲ.
რადგანაც ამ ხრწნადმა უნდა შეიმოსოს უხრწნელობა და ამ მოკვდავმა უნდა შეიმოსოს უკვდავება.
ხოლო რა ჟამს განხრწნადმან ამან შეიმოსოს უხრწნელებაჲ და მოკუდავმან ამან შეიმოსოს უკუდავებაჲ, მაშინ აღესრულოს სიტყუაჲ იგი წერილისაჲ: დაინთქა სიკუდილი ძლევითა.
ხოლო როდესაც ეს ხრწნადი შეიმოსავს უხრწნელობას და ეს მოკვდავი შეიმოსავს უკვდავებას, მაშინ აღსრულდება დაწერილი სიტყვა: „დაინთქა სიკვდილი ძლევით;
სადა არს, სიკუდილო, საწერტელი შენი? სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაჲ შენი?
სად არის, სიკვდილო, ნესტარი შენი? სად არის, ჯოჯოხეთო, ძლევა შენი?“
რამეთუ საწერტელ სიკუდილისა - ცოდვაჲ, ხოლო ძალ ცოდვისა - შჯული.
ხოლო სიკვდილის ნესტარი ცოდვაა, ცოდვის ძალა კი - რჯული.
ხოლო ღმერთსა მადლი, რომელმან მომცა ჩუენ ძლევაჲ ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა.
მაგრამ მადლობა ღმერთს რომელმაც მოგვცა ძლევა ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ.
ამიერითგან, ძმანო ჩემნო საყუარელნო, მტკიცე იყვენით და შეურყეველ და ჰმატებდით საქმესა უფლისასა. მარადის უწყოდეთ, რამეთუ შრომაჲ ეგე თქუენი არა ცუდად იყოს უფლისა მიერ.
ამიტომ, ჩემო საყვარელო ძმანო, მტკიცენი იყავით, ურყევნი და უფლის საქმეში მარად მოუღლელნი; იცოდეთ, რომ თქვენი შრომა ფუჭი როდია უფლის წინაშე.
