კორინთელთა მიმართ (პირველი) · თავი 2
და მე მო-რაჲ-ვედ თქუენდა, ძმანო, არა მოვედ მეტნობისა სიტყჳთა სიბრძნისაჲთა მითხრობად თქუენდა წამებაჲ იგი ღმრთისაჲ.
ასე რომ, როცა თქვენთან მოვედი, ძმანო, მოვედი, რათა ღვთის მოწმობა მეუწყებინა თქვენთვის, მაგრამ არა ამაღლებული სიტყვით ან სიბრძნით;
რამეთუ არარაჲ სხუაჲ დავიდევ გულსა ჩემსა უწყებად თქუენდა, გარნა ქრისტე იესუ და ესეცა ჯუარ-ცუმული.
რადგანაც გადავწყვიტე არაფერი მცოდნოდა თქვენს შორის, გარდა იესო ქრისტესი და ისიც ჯვარცმულისა.
და მე უძლურებასა შინა და შიშსა და ძრწოლასა მრავალსა ვიყავ თქუენდა მიმართ.
და ვიყავი თქვენთან უძლურებაში, შიშსა და სასტიკ ძრწოლაში.
და სიტყუაჲ ჩემი და ქადაგებაჲ ჩემი არა რწმუნებითა კაცობრივისა სიბრძნისა სიტყუათაჲთა, არამედ გამოცხადებითა სულისაჲთა და ძალითა,
ჩემი სიტყვა და ჩემი ქადაგება ადამიანური სიბრძნის დამაჯერებელ სიტყვებს როდი ჰგავდა, არამედ ვცდილობდი მეჩვენებინა სული და ძალა ღვთისა,
რაჲთა სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი არა იყოს სიბრძნითა კაცთაჲთა, არამედ ძალითა ღმრთისაჲთა.
რათა ადამიანური სიბრძნით კი არა, ღვთის ძალით განმემტკიცებინა თქვენი რწმენა.
ხოლო სიბრძნესა ვიტყჳთ სრულთა მათ მიმართ, ხოლო სიბრძნესა არა ამის სოფლისასა, არცა მთავართა მათ სოფლისათა, რომელნი განქარვებად არიან,
სიბრძნეს კი ჩვენ ვქადაგებთ სულიერად მოწიფულთა შორის, მაგრამ არა ამქვეყნიურსა თუ ამა ქვეყნის წარმავალ მთავართა სიბრძნეს,
არამედ ვიტყჳთ სიბრძნესა ღმრთისასა, საიდუმლოდ დაფარულსა მას, რომელი-იგი პირველადვე განაჩინა ღმერთმან უწინარეს საუკუნეთა სადიდებელად ჩუენდა.
არამედ სიბრძნეს ღვთისას, საიდუმლოსა და დაფარულს, საუკუნეთა უწინარეს, ჩვენდა სადიდებლად რომ განაწესა ღმერთმა;
რომელი-იგი არავინ მთავართაგანმან ამის სოფლისამან იცნა, რამეთუ უკუეთუმცა ეცნა, არამცა უფალი იგი დიდებისაჲ ჯუარს-ეცუა.
სიბრძნეს, რომელიც ვერ შეიცნო ვერცერთმა მთავარმა ამა ქვეყნისა, ვინაიდან, რომ შეეცნოთ, ჯვარს აღარ აცვამდნენ დიდების უფალს.
არამედ ვითარცა წერილ-არს: რომელი თუალმან არა იხილა, და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუჴდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა თჳსთა.
არამედ, როგორც დაიწერა: „რაც არ უხილავს თვალს, არ სმენია ყურს და არც კაცს გაუვლია გულში, ის განუმზადა ღმერთმა თავის მოყვარეთ“.
ხოლო ჩუენ ღმერთმან გამოგჳცხადა სულისა მიერ თჳსისა; რამეთუ სული ყოველსავე გამოეძიებს და სიღრმესაცა ღმრთისასა.
ჩვენ კი თავისი სულით გაგვიცხადა ღმერთმა, რადგანაც სული ყველაფერს იკვლევს, თვით ღვთის სიღრმესაც.
რამეთუ ვინ-მე უკუე იცის კაცმან კაცისაჲ, გარნა სულმანვე კაცისამან, რომელი არს მის თანა? ეგრეთცა ღმრთისაჲ არავინ იცის, გარნა სულმანვე ღმრთისამან.
და მართლაც, რომელმა ჩვენგანმა იცის, რა არის ჩვენში, თუ არა ჩვენმავე სულმა? ასევე ღვთისაც არავინ არაფერი იცის, გარდა მისივე სულისა.
ხოლო ჩუენ სული არა ამის სოფლისაჲ მოგჳღებიეს, არამედ სული იგი, რომელ არს ღმრთისაგან, რაჲთა ვიცოდით ღმრთისა მიერ მონიჭებული იგი ჩუენდა;
ხოლო ჩვენ ამ ქვეყნის სული კი არ მიგვიღია, არამედ სული, რომელიც არის ღვთისაგან, რათა ვიცოდეთ, რა მოგვანიჭა ღმერთმა.
რომელსაცა-ესე ვიტყჳთ არა სწავლულებითა კაცობრივისა სიბრძნისა სიტყუათაჲთა, არამედ სწავლითა სულისა წმიდისაჲთა, სულიერთა სულიერად შევატყუებთ.
ასე რომ, რაზედაც ვმსჯელობთ, კაცური სიბრძნით ნასწავლი სიტყვით კი არ ვმსჯელობთ, არამედ სიტყვით, რომელიც გვისწავლია სული წმიდისგან, და სულიერით განვმარტავთ სულიერს.
ხოლო მშჳნვიერი კაცი არა შეიწყნარებს სულისა ღმრთისაჲსა, რამეთუ სიცოფე უჩნნ მას, და ვერ შემძლებელ არს ცნობად, რამეთუ სულიერად განიკითხვინ.
მაგრამ მშვინვიერი კაცი არ შეიწყნარებს იმას, რაც ღვთის სულისაგან არის, რადგანაც სიშლეგედ მიაჩნია და ვერ მიმხვდარა, რომ ეს სულიერად უნდა განსაჯო.
ხოლო სულიერი განიკითხავს ყოველსავე, და იგი არავისგან განიკითხვის.
ხოლო სულიერი ყველაფერს განსჯის, თვითონ კი არავისგან არ განისჯება.
რამეთუ ვინ ცნა გონებჲ უფლისაჲ, რაჲთამცა აზრახა მას? ხოლო ჩუენ გონებაჲ ქრისტესი გუაქუს.
რადგანაც ვინ შეიცნო ქრისტეს აზრი, რომ ასწავლოს მას? ჩვენ კი ქრისტეს აზრი გვაქვს.
