სახარება იოანესაგან · თავი 10

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: რომელი არა შევალს კარით ეზოსა ცხოვართასა, არამედ სხჳთ კერძო შევალს, იგი მპარავი არს და ავაზაკი.

ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც კარით არ შედის ფარეხში, არამედ სხვა გზით მიძვრება, ქურდია და ყაჩაღი.

2

ხოლო რომელი შევალს კარით, მწყემსი არს ცხოვართაჲ.

ხოლო ვინც კარით შედის, ცხვრების მწყემსია.

3

ამას მეკარემანცა განუღის, და ცხოვართა ჴმისა მისისაჲ ისმინიან, და თჳსთა ცხოვართა უწესნ სახელით და განიყვანნის იგინი.

მას მეკარეც უღებს და ცხვრებსაც ესმით მისი ხმა; სახელით უხმობს თავის ცხვრებს და გამოჰყავს ისინი.

4

და ოდეს თჳსნი იგი ყოველნი განიყვანნის, წინაშე მათსა ვიდოდის, და შეუდგენ მას ცხოვარნი იგი, რამეთუ იციან ჴმაჲ მისი.

ხოლო როცა გამოიყვანს, წინ მიუძღვის თავის ცხვრებს, და ისინიც მისდევენ, ვინაიდან იცნობენ მის ხმას.

5

ხოლო უცხოსა არა შეუდგენ, არამედ ივლტოდიან მისგან, რამეთუ არა იციან ჴმაჲ უცხოჲსაჲ მის.

უცხოს კი არ მისდევენ, არამედ გაურბიან, რადგანაც ვერ იცნობენ უცხოს ხმას.

6

ამას იგავსა ეტყოდა მათ იესუ, და მათ არა გულისჴმა-ყვეს, რასა-იგი ეტყოდა მათ.

ეს იგავი უთხრა მათ იესომ. მაგრამ ისინი ვერ მიხვდნენ, რას გულისხმობდა.

7

ხოლო იესუ მერმეცა ჰრქუა მათ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: მე ვარ კარი ცხოვართაჲ.

კვლავ უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მე ვარ კარი ცხვართა.

8

ყოველნი, რომელნი ჩემსა პირველად მოვიდეს, მპარავნი იყვნეს და ავაზაკნი, არამედ არა ისმინეს მათი ცხოვართა.

ყველა, ვინც ჩემზე წინ მოვიდა, ქურდია და ყაჩაღი; და არ უსმინეს მათ ცხვრებმა.

9

მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხონდეს; შევიდეს და გამოვიდეს და საძოვარი პოვოს.

მე ვარ კარი; ვინც ჩემით შევა, ცხონდება: შევა და გამოვა, და ჰპოვებს საძოვარს.

10

ხოლო მპარავი იგი არა მოვიდის, არამედ რაჲთა იპაროს და დაკლას და წარწყმიდოს. ხოლო მე მოვედ, რაჲთა ცხორებაჲ აქუნდეს და უმეტესი აქუნდეს.

ქურდი მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. ხოლო მე მოვედი, რათა ჰქონდეთ სიცოცხლე და ჭარბადაც ჰქონდეთ.

11

მე ვარ მწყემსი კეთილი: მწყემსმან კეთილმან სული თჳსი დადვის ცხოვართათჳს.

მე ვარ მწყემსი კეთილი: კეთილი მწყემსი თავის სულს დადებს ცხვრებისთვის.

12

ხოლო სასყიდლით-დადგინებულმან და რომელი არა არნ მწყემსი, რომლისა არა არიედ ცხოვარნი თჳსნი, იხილის რაჲ მგელი მომავალი, დაუტევნის ცხოვარნი და ივლტინ, და მგელმან წარიტაცნის იგინი და განაბნინის ცხოვარნი.

ხოლო მოქირავე, ვინც არ არის მწყემსი და ვისიც არ არიან ცხვრები, მომავალი მგლის დანახვისას მიატოვებს ცხვრებს და გარბის; მგელი კი წარიტაცებს და გაფანტავს ცხვრებს.

13

ხოლო სასყიდლით დადგინებული იგი ივლტინ, რამეთუ სასყიდლით დადგინებული არნ და არარაჲ სჭირნ მას ცხოვართათჳს.

მოქირავე იმიტომ გარბის, რომ მოქირავეა და არ ედარდება ცხვრები.

14

მე ვარ მწყემსი კეთილი და ვიცნი ჩემნი იგი, და მიციან ჩემთა მათ.

მე ვარ მწყემსი კეთილი, და ვიცნობ ჩემს ცხვრებს, ჩემები კი მიცნობენ მე.

15

ვითარცა მიცის მე მამამან, ვიცი მეცა მამაჲ და სულსა ჩემსა დავსდებ ცხოვართათჳს.

როგორც მე მიცნობს მამა, ასევე ვიცნობ მეც მამას, და დავდებ ჩემს სულს ცხვრებისთვის.

16

და სხუანიცა ცხოვარნი მიდგან, რომელნი არა არიან ამის ეზოჲსაგანნი, იგინიცა ჯერ-არიან მოყვანებად ჩემდა, და ჴმისა ჩემისაჲ ისმინონ და იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს.

სხვა ცხვრებიც მყვანან, რომლებიც არ არიან ამ ფარეხისა; მათი მოყვანაც მმართებს, რათა ისმენდნენ ჩემს ხმას, და იქნება ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი.

17

ამისთჳს უყუარ მე მამასა, რამეთუ მე დავსდებ სულსა ჩემსა, რაჲთა კუალად მოვიღო იგი.

იმიტომ ვუყვარვარ მე მამას, რომ დავდებ ჩემს სულს, რათა კვლავ დავიბრუნო იგი.

18

არავინ მიმიღოს იგი ჩემგან, არამედ მე დავსდებ მას თავით ჩემით. ჴელ-მეწიფების დადებად მისა და ჴელ-მეწიფების კუალად მოღებად მისა. ესე მცნებაჲ მომიღებიეს მამისა ჩემისაგან.

ვერავინ წამართმევს მას, არამედ დავდებ მას ჩემით. შემიძლია მისი დადება და შემიძლია კვლავ დაბრუნება მისი. ეს მცნება მიმიღია მამაჩემისგან.

19

და იყო განწვალებაჲ კუალად ჰურიათა მათ შორის ამის სიტყჳსათჳს.

ამ სიტყვების გამო კვლავ ჩამოვარდა განხეთქილება იუდეველებს შორის.

20

და იტყოდეს მრავალნი მათგანნი: ეშმაკეულ არს და ცბის. რაჲსა ისმინეთ მისსა?

ბევრი მათგანი ამბობდა: ეშმაკეულია და შმაგობს; რად უსმენთ მას?

21

და სხუანი იტყოდეს: ესე სიტყუანი არა ეშმაკეულისანი არიან. ნუუკუე ეშმაკსა ჴელ-ეწიფების ბრმისა თუალთა ახილვად?

სხვები კი ამბობდნენ: ეს სიტყვები ეშმაკეულისა არ არის. სად შეუძლია ემშაკს თვალი აუხილოს ბრმებს?

22

და იყო მაშინ სატფურებაჲ იერუსალჱმს; ზამთარი იყო.

ხოლო იერუსალიმში იყო განახლების დღესასწაული; ზამთარი იდგა.

23

და იქცეოდა იესუ ტაძარსა მას შინა და სტოასა სოლომონისსა.

და დადიოდა იესო ტაძარში, სოლომონის ბჭესთან.

24

გარე მოადგეს მას ჰურიანი იგი და ეტყოდეს: ვიდრემდის სულთა ჩუენთა წარგუჴდი? უკუეთუ შენ ხარ ქრისტე, გჳთხარ ჩუენ განცხადებულად.

გარს შემოერტყნენ იუდეველები და უთხრეს: სანამდის უნდა გვიმწარებდე სულს? თუ ქრისტე ხარ, გვითხარი ნათლად.

25

მიუგო იესუ და ჰრქუა: გარქუ თქუენ, და არა გრწამს; საქმეთა, რომელთა ვიქმ სახელითა მამისა ჩემისაჲთა, ესენი წამებენ ჩემთჳს.

მიუგო მათ იესომ: გითხარით და არ მერწმუნეთ; საქმენი, რომელთაც ვაკეთებ მამის სახელით, თვითონვე მოწმობენ ჩემთვის.

26

და თქუენ არა გრწამს ჩემი, რამეთუ არა ხართ ცხოვართა ჩემთაგანნი, ვითარცა გარქუ თქუენ.

მაგრამ თქვენ არ გჯერათ, ვინაიდან არა ხართ ჩემი ცხვართაგანნი, როგორც გითხარით.

27

ცხოვართა ჩემთა ჴმისა ჩემისაჲ ისმინიან, და მე ვიცნი იგინი, და მომდევენ მე.

ჩემს ცხვრებს ჩემი ხმა ესმით; მე ვიცნობ მათ, და ისინიც მომდევენ.

28

და მე ცხორებაჲ საუკუნოჲ მივსცე მათ, და არა წარწმყდენ უკუნისამდე, და არავინ მიმტაცნეს იგინი ჴელთაგან ჩემთა.

მე ვაძლევ მათ საუკუნო სიცოცხლეს; არ წარწყმდებიან უკუნისამდე და ვერავინ მომტაცებს მათ.

29

მამაჲ ჩემი, რომელმან მომცნა იგინი, უფროჲს ყოველთასა არს, და არავის ჴელ-ეწიფების მიტაცებად მათა ჴელთაგან მამისა ჩემისათა.

მამაჩემი, რომელმაც მომცა ისინი, ყველაზე უმეტესია; და მისი ხელიდან ვერავინ წარიტაცებს მათ.

30

მე და მამაჲ ჩემი ერთ ვართ.

მე და მამა ერთი ვართ.

31

აქუნდა კუალად ქვები ჰურიათა მათ, რაჲთამცა დაჰკრიბეს მას.

მაშინ იუდეველებმა კვლავ ქვებს დასტაცეს ხელი მის ჩასაქოლად.

32

მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: მრავალი საქმე კეთილი გიჩუენე თქუენ მამისა ჩემისა მიერ; რომლისა მათგანისა საქმისათჳს ქვასა დამკრებთ მე?

იესომ მიუგო მათ: მრავალი კეთილი საქმე გიჩვენეთ მამაჩემის მიერ; რომელი მათგანისათვის მიპირებთ ჩაქოლვას?

33

მიუგეს ჰურიათა და ჰრქუეს მას: კეთილისა საქმისათჳს ქვასა არა დაგკრებთ შენ, არამედ გმობისათჳს, და რამეთუ კაცი ხარ შენ და გიყოფიეს თავი შენი ღმერთ.

მიუგეს იუდეველებმა და თქვეს: კეთილი საქმისთვის კი არ ჩაგქოლავთ, არამედ ღმრთის გმობისთვის, ვინაიდან კაცი ხარ და ღმერთად კი მოგაქვს თავი.

34

მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არა წერილ არსა სჯულსა, ვითარმედ: მე ვთქუ: ღმერთნი სამე ხართ?

მიუგო მათ იესომ: განა თქვენს რჯულში არ გიწერიათ: მე ვთქვი, რომ ღმერთები ხართ?

35

უკუეთუ იგინი თქუნა ღმრთად, რომელთა მიმართ იყო სიტყუაჲ ღმრთისაჲ, და ვერ ჴელ-ეწიფების დაჴსნად წერილი.

ხოლო თუ ღმერთები უწოდა მათ, ვის მიმართაც იყო ღმრთის სიტყვა (წერილი კი ურღვევია),

36

და რომელი-იგი მამამან წმიდა-ყო და მოავლინა სოფლად, თქუენ იტყჳთ, ვითარმედ: გმობს, რამეთუ ვთქუ, ვითარმედ: ძე ღმრთისაჲ ვარი მე.

მას, ვინც წმიდა-ყო და ამ ქვეყნად მოავლინა მამამ, ეუბნებით, ღმერთსა გმობო, რაკიღა ვთქვი: მე ვარ ძე ღმრთისა?

37

უკუეთუ არა ვიქმ საქმესა მამისა ჩემისასა, ნუ გრწამნ ჩემი.

თუ არ ვაკეთებ მამაჩემის საქმეს, ნუ მერწმუნებით.

38

უკუეთუ ვიქმ, დაღაცათუ ჩემი არა გრწამს, საქმენი გრწმენედ, რაჲთა სცნათ და უწყოდით, რამეთუ მამაჲ ჩემ თანა არს, და მე მამისა თანა.

და თუ ვაკეთებ, მე რომ არ მერწმუნოთ, საქმეებს მაინც რწმუნეთ, რათა შეიცნოთ და ირწმუნოთ, რომ მამა ჩემშია, ხოლო მე - მასში.

39

ეძიებდეს კუალად შეპყრობად მას, და განვიდა ჴელთაგან მათთა.

მაშინ კვლავ დააპირეს მისი შეპყრობა, მაგრამ ხელიდან დაუსხლტა მათ.

40

და წიაღჴდა მიერ იორდანესა, ადგილსა მას, სადა ნათელ-სცემდა პირველად იოვანე, და დაადგრა მუნ.

და კვლავ გავიდა იორდანეს გაღმა, იმ ადგილას, სადაც უწინ ნათელს სცემდა იოანე, და დარჩა იქ.

41

და მრავალნი მოვიდოდეს მისა და იტყოდეს, ვითარმედ: იოვანე სასწაული არარჲ ქმნა; ხოლო ყოველი, რომელი თქუა იოვანე ამისთჳს, ჭეშმარიტ იყო.

ბევრი მიდიოდა მასთან და ეუბნებოდა, რომ იოანეს არ მოუხდენია არავითარი სასწაული, მაგრამ ყველაფერი, რაც მასზე თქვა, მართალი იყო.

42

და მრავალთა ჰრწმენა მისი მუნ.

და იქ ბევრმა ირწმუნა იგი.