სახარება იოანესაგან · თავი 3

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

იყო ვინმე კაცი ფარისეველთაგანი, სახელით ნიკოდიმოს, მთავარი ჰურიათაჲ.

ფარისეველთა შორის იყო ერთი კაცი, სახელად ნიკოდემე, იუდეველთა მთავარი,

2

ესე მოვიდა იესუჲსა ღამე და ჰრქუა მას: რაბი, უწყით, რამეთუ ღმრთისა მიერ მოსრულ ხარ მოძღურად, რამეთუ ვერვის ჴელ-ეწიფების სასწაულთა ამათ საქმედ, რომელთა შენ იქმ, უკუეთუ არა ღმერთი იყოს მის თანა.

რომელიც ღამით მივიდა იესოსთან და უთხრა: რაბი, ვიცით, რომ ღმრთისაგან მოსულხარ მოძღვრად, ვინაიდან არავის შეუძლია შენს მიერ მოხდენილ სასწაულთა ქმნა, თუკი მასთან არ არის ღმერთი.

3

მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ამენ, ამენ გეტყჳ შენ: უკუეთუ ვინმე არა იშვეს მეორედ, ვერ ჴელ-ეწიფების ხილვად სასუფეველი ცათაჲ.

ხოლო იესომ მიუგო: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც არ დაიბადება ხელახლა, ვერ იხილავს ღმრთის სასუფეველს.

4

ჰრქუა მას ნიკოდიმოს: ვითარ ჴელ-ეწიფების კაცსა ბერსა შობად? ნუუკუე შესაძლებელ არს მუცელსა დედისა თჳსისასა შესლვად მეორედ და შობად?

უთხრა მას ნიკოდემემ: როგორ შეიძლება დაიბადოს მოხუცი კაცი? ხომ არ შეუძლია ხელმეორედ შევიდეს დედის საშოში და კვლავ დაიბადოს?

5

მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ამენ, ამენ გეტყჳ შენ: უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ჴელ-ეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა.

მიუგო იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც არ დაიბადება წყლისა და სულისაგან, ვერ შევა ღმრთის სასუფეველში.

6

შობილი იგი ჴორცთაგან ჴორცი არს და შობილი იგი სულისაგან სული არს.

ხორცის მიერ შობილი ხორცია და სულის მიერ შობილი - სული.

7

ნუ გიკჳრნ, რამეთუ გარქუ შენ ესე: ჯერ-არს თქუენდა მეორედ შობაჲ.

ნუ გიკვირს, რომ გითხარი: ხელახლა უნდა დაიბადოთ-მეთქი.

8

სულსა ვიდრეცა უნებნ, ქრინ, და ჴმაჲ მისი გესმის, არამედ არა იცი, ვინაჲ მოვალს და ვიდრე ვალს. ესრეთ არს ყოველი შობილი სულისაგან.

ქარი, სადაც სურს, ქრის, და გესმის მისი ხმა, მაგრამ არ იცი, საიდან მოდის ან საით მიდის; ასევეა სულის მიერ ყველა შობილიც.

9

მიუგო ნიკოდიმოს და ჰრქუა მას: ვითარ შესაძლებელ არს ყოფად ესე?

მიუგო ნიკოდემემ და უთხრა მას: როგორ შეიძლება ეს მოხდეს?

10

მიუგო იესუ და ჰრქუა მას: შენ ხარ მოძღუარი ისრაჱლისაჲ და ესე არა იცია?

ხოლო იესომ პასუხად თქვა: ისრაელის მოძღვარი ხარ და ეგ არ იცი?

11

ამენ, ამენ გეტყჳ შენ, რამეთუ: რომელი ვიცით, ვიტყჳთ, და რომელი ვიხილეთ, ვწამებთ, და წამებასა ჩუენსა არა შეიწყნარებთ.

ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ჩვენ ვამბობთ იმას, რაც ვიცით, და ვმოწმობთ იმას, რაც გვიხილავს, მაგრამ ჩვენს მოწმობას არ იღებთ.

12

უკუეთუ ქუეყანისაჲ გითხარ თქუენ, და არა გრწამს, ვითარ უკუე ზეცისაჲ გითხრა თქუენ, და გრწმენეს?

თუ მიწისა გითხარით და არ ირწმუნეთ, როგორღა ირწმუნებთ, რომ გითხრათ, ცისას?

13

და არავინ აღჴდა ზეცად, გარნა რომელი-იგი გარდამოჴდა ზეცით – ძე კაცისაჲ, რომელი არს ზეცათა შინა.

არავინ ასულა ზეცად, გარდა ზეცით ჩამოსული კაცის ძისა, რომელიც არის ცაში.

14

და ვითარცა-იგი მოსე აღამაღლა გუელი უდაბნოს, ეგრეთ ჯერ-არს ამაღლებაჲ ძისა კაცისაჲ.

და როგორც მოსემ აღმართა გველი უდაბნოში, ასევე უნდა აღიმართოს ძეც კაცისა.

15

რაჲთა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ.

რათა ყოველი მისი მორწმუნე კი არ წარწყმდეს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.

16

რამეთუ ესრეთ შეიყუარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თჳსი მხოლოდ-შობილი მოსცა მას, რაჲთა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ.

ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყანა, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე კი არ წარწყმდეს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.

17

რამეთუ არა მოავლინა ღმერთმან ძე თჳსი სოფლად, რაჲთა დასაჯოს სოფელი, არამედ რაჲთა აცხოვნოს სოფელი მის მიერ.

რადგანაც ღმერთმა იმისათვის როდი მოავლინა თავისი ძე ამ ქვეყნად, რათა განესაჯა ქვეყანა, არამედ რათა ეხსნა მის მიერ.

18

რომელსა ჰრწმენეს მისი, არა დაისაჯოს; ხოლო რომელსა არა ჰრწმენეს, აწვე დასჯილ არს, რამეთუ არა ჰრწმენა სახელისა მიმართ ძისა ღმრთისა მხოლოდ-შობილისა.

ვისაც სწამს იგი, არ განისჯება, ხოლო ურწმუნო ახლავ განსჯილია, ვინაიდან არ იწამა ღმრთის მხოლოდშობილი ძის სახელი.

19

და ესე არს სასჯელი, რამეთუ ნათელი მოვიდა სოფლად, და შეიყუარეს კაცთა ბნელი, ვიდრე ნათელი, რამეთუ იყვნეს საქმენი მათნი ბოროტ.

სასჯელი კი ისაა, რომ ნათელი მოვიდა ქვეყნად, მაგრამ ხალხმა უფრო შეიყვარა ბნელი, ვიდრე ნათელი, ვინაიდან ბოროტნი იყვნენ მათი საქმენი.

20

რამეთუ ყოველი რომელი ბოროტსა იქმს, სძულს მას ნათელი და არა მოვალს ნათელსა, რაჲთა არა ემხილნენ საქმენი მისნი.

რადგანაც ყველა ბოროტმოქმედს სძულს ნათელი და არ მიელტვის ნათელს, რათა არ გამჟღავნდნენ მისი საქმენი.

21

ხოლო რომელი იქმნ ჭეშმარიტებასა, მოვალს ნათლად, რაჲთა ცხად იყვნენ საქმენი მისნი, რამეთუ ღმრთისა მიერ ქმნულ არიან.

სიმართლის მოქმედი კი მიელტვის ნათელს, რათა გაცხადდნენ მისი საქმენი, ვინაიდან ღმერთში არიან ქმნილნი.

22

ამისა შემდგომად მოვიდა იესუ და მოწაფენი მისნი ქუეყანად ჰურიასტანისა და მუნ იყოფოდა მათ თანა და ნათელ-სცემდა.

შემდგომ ამისა, იესო თავისი მოწაფეებითურთ მივიდა იუდეას მხარეში; იყო იქ და ნათელს სცემდა მათ.

23

იყო იოვანეცა და ნათელ-სცემდა ენონს, მახლობელად სალიმსა, რამეთუ წყალნი ფრიად იყვნეს მუნ, და მოვიდოდეს და ნათელს-იღებდეს მისგან.

იყო იოანეც და ნათელს სცემდა ენონში, სალემის მახლობლად, ვინაიდან ბევრი წყალი იყო იქ; მოდიოდნენ და ნათელს იღებდნენ მისგან.

24

რამეთუ არღა შევრდომილ იყო იოვანე საპყრობილედ.

რადგანაც იოანე ჯერ კიდევ არ ჩაეგდოთ საპყრობილეში.

25

და იყო გამოძიებაჲ მოწაფეთაგან იოვანესთა ჰურიათა თანა განწმედისათჳს.

მაშინ იოანეს მოწაფეებს იუდეველებთან მოუხდათ დავა განწმენდის გამო.

26

და მოვიდეს იოვანესა და ჰრქუეს მას: რაბი, რომელი-იგი იყო შენ თანა წიაღ იორდანესა, რომლისათჳს შენ სწამე, აჰა იგი ნათელ-სცემს, და ყოველნი მივლენან მისა.

მივიდნენ იოანესთან და უთხრეს: რაბი, ვინც შენთან იყო იორდანეს პირას და ვისთვისაც იმოწმე, აჰა, ნათელს სცემს და ყველანი მასთან მიდიან.

27

მიუგო იოვანე და ჰრქუა მათ: ვერ ჴელ-ეწიფების კაცსა მოღებად თავით თჳსით არცა ერთი რაჲ, უკუეთუ არა არს მოცემულ მისა ზეცით.

მიუგო იოანემ და თქვა: ვერაფერს მიიღებს კაცი, თუკი ზეცით არ მისცემია.

28

თქუენ თჳთ მეწამებით მე, რამეთუ ვთქუ: არა ვარ მე ქრისტე, არამედ მოვლინებულ ვარ წინაშე მისსა.

თქვენ თვითონვე დამემოწმებით, რომ ვთქვი: არა ვარ ქრისტე, არამედ - მის წინაშე მოვლინებული.

29

რომელსა აქუნდეს სძალი, იგი სიძე არს; ხოლო მეგობარი სიძისაჲ რომელი დგას და ესმის მისი, სიხარულით უხარის ჴმითა სიძისაჲთა. ესე უკუე სიხარული ჩემი აღსრულებულ არს.

ვისაც სასძლო ჰყავს, სიძეა; ხოლო სიძის მეგობარი, ვინც დგას და ესმის მისი, სიხარულით ხარობს სიძის ხმის გაგონებისას; სწორედ ეს სიხარული აღსრულდა ჩემი.

30

მისა ჯერ-არს აღორძინებად, ხოლო ჩემდა მოკლებად.

ის უნდა იზარდოს, მე კი დავკნინდე.

31

ზეგარდამომავალი იგი ყოველთა ზედა არს. და რომელი არს ქუეყანით, ქუეყანისაგანი არს და ქუეყანისასა იტყჳს, ხოლო ზეცით მომავალი ყოველთა ზედა არს.

მაღლით მომავალი ყველაზე უმაღლესია; მიწისმიერი მიწიერია და მიწისას იტყვის, ხოლო ზეცით მომავალი ყველაზე უზენაესია.

32

და რომელი იხილა და ესმა, ამას წამებს, და წამებასა მისსა არავინ მიიღებს.

რაც უხილავს და სმენია, იმასვე მოწმობს, მაგრამ მის მოწმობას არავინ იღებს.

33

რომელმან მიიღო წამებაჲ მისი, დაჰბეჭდა, რამეთუ ღმერთი ჭეშმარიტ არს.

ვინც მიიღო მისი მოწმობა, ამით დაბეჭდა, რომ ჭეშმარიტია ღმერთი.

34

და რომელი მოავლინა ღმერთმან, სიტყუათა ღმრთისათა იტყჳს, რამეთუ არა ზომით მოსცა ღმერთმან სული.

რადგან ვინც ღმერთმა მოავლინა, ღმრთის სიტყვებს ამბობს, ვინაიდან ღმერთი ზომით როდი იძლევა სულს.

35

მამასა უყუარს ძე და ყოველივე მოსცა ჴელთა მისთა.

მამას უყვარს ძე და ყველაფერი ხელთ მისცა მას.

36

რომელსა ჰრწმენეს ძე, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, ხოლო რომელი ურჩ იყოს ძისა, არა იხილოს ცხორებაჲ, არამედ რისხვაჲ ღმრთისაჲ დადგრომილ არს მის ზედა.

ვისაც სწამს ძე, აქვს საუკუნო სიცოცხლე, ხოლო ვისაც არა სწამს ძე, ვერ იხილავს სიცოცხლეს, და რისხვა ღმრთისა არ დაუტევებს მას.