სახარება იოანესაგან · თავი 11

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

იყო ვინმე უძლური ლაზარე ბეთანიაჲთ, დაბისაგან მარიამისა და მართაჲსა, დისა მისისა.

ავად იყო ვინმე ლაზარე, ბეთანიელი, მარიამისა და მისი დის - მართას სოფლელი.

2

ესე იყო მარიამ, რომელმან სცხო ნელსაცხებელი უფალსა და თმითა თჳსითა წარჰჴოცნა ფერჴნი მისნი, რომლისაჲ ძმაჲ მისი ლაზარე სნეულ იყო.

ხოლო მარიამი იყო სწორედ ის, ვინც ნელსაცხებელი სხცო უფალს და თავისი თმებით შეუმშრალა ფეხები. მისი ძმა ლაზარე ავად იყო.

3

მიუვლინეს იესუს დათა მისთა და ჰრქუეს: უფალო, აჰა, რომელი გიყუარს, სნეულ არს.

დებმა კაცი გაუგზავნეს იესოს და შეუთვალეს: უფალო, აჰა, ვინც გიყვარს, ავად არის.

4

ხოლო ვითაცა ესმა იესუს, თქუა: ესე სნეულებაჲ არა არს სასიკუდინე, არამედ დიდებისათჳს ღმრთისა, რაჲთა იდიდოს ძე ღმრთისაჲ მისგან.

ეს რომ გაიგო, იესომ თქვა: ეს სნეულება სასიკვდილო კი არ არის, არამედ რათა იდიდოს ღმერთის ძე მის მიერ.

5

უყუარდა იესუს მართა და დაჲ მისი და ლაზარე.

უყვარდა იესოს მართა, მისი და და ლაზარე.

6

ვითარცა ესმა, რამეთუ სნეულ არს, მაშინ და-ღა-ადგრა ადგილსა მას, სადაცა იყო, ორ დღე.

როდესაც გაიგო, ავად არისო, ორი დღე კიდევ დარჩა იმ ადგილას, სადაც იყო.

7

მერმე ამისა შემდგომად ჰქუა მოწაფეთა თჳსთა: გუალეთ, წარვიდეთ კუალად ჰურიასტანად.

ხოლო ამის შემდეგ თავის მოწაფეებს უთხრა: ავდგეთ და კვლავ წავიდეთ იუდეაში.

8

ჰრქუეს მას მოწაფეთა: მოძღუარ, აწღა გეძიებდეს შენ ჰურიანი ქვისა დაკრებად, და კუალად მუნვე მიხუალა?

მოწაფეებმა მიუგეს: რაბი, იუდეველები ახლახანს ჩაქოლვას გიპირებდნენ და კვლავ იქ მიდიხარ?

9

ჰრქუა მათ იესუ: არა ათორმეტნი ჟამნი არიანა დღისანი? უკუეთუ ვინმე ვიდოდის დღისი, არა წარსცეს ფერჴი, რამეთუ ნათელსა ამის სოფლისასა ხედავს.

იესომ უთხრა მათ: განა თორმეტი საათი არ არის დღეში? ვინც დღისით დადის, არაფერს წამოჰკრავს ფეხს, ვინაიდან ამ ქვეყნის ნათელსა ხედავს.

10

და უკუეთუ ვინმე ვიდოდის ღამესა შინა, უბრკუმეს მას, რამეთუ ნათელი არა არს მას შინა.

ღამით მოარული კი წაიბორძიკებს, ვინაიდან ნათელი არ არის მასში.

11

ესე თქუა და ამისა შემდგომად ჰრქუა მათ: ლაზარე, მეგობარმან ჩემმან, დაიძინა, არამედ მე მივიდე და განვაღჳძო იგი.

ესა თქვა და შემდეგ უთხრა მათ: ლაზარემ, ჩვენმა მეგობარმა, მიიძინა; მაგრამ მივალ და გავაღვიძებ მას.

12

ჰრქუეს მას მოწაფეთა: უფალო, უკუეთუ დაიძინა, ცხონდეს.

ხოლო მისმა მოწაფეებმა თქვეს: უფალო, თუ მიიძინა, მომჯობინდება.

13

ხოლო იესუ ჰრქუა სიკუდილისა მისისათჳს, და მათ ეგონა, ვითარმედ მძინარებისათჳს ძილისა თქუა.

მაგრამ იესო მის სიკვდილს გულისხმობდა, მათ კი ეგონათ, რომ ძილით მიძინებაზე იტყოდა ამას.

14

მაშინ ჰრქუა მათ იესუ განცხადებულად: ლაზარე მოკუდა.

მაშინ იესომ გარკვევით უთხრა მათ: ლაზარე მოკვდა.

15

და მე მიხარის თქვენთჳს, რაჲთა გრწმენეს ჩემი, რამეთუ არა ვიყავ მუნ. არამედ მოგუალედ, მივიდეთ მისა.

და მიხარია თქვენს გამო, რომ იქ არ ვიყავი, რათა ირწმუნოთ; მაგრამ მივიდეთ მასთან.

16

ჰრქუა უკუე თომა, რომელსა ერქუა მარჩბივ, მისთანათა მათ მოწაფეთა: მოგუალეთ, მივიდეთ, რაჲთა მოვსწყდეთ ჩუენცა მისთანა.

ხოლო თომამ, ტყუპისცალად წოდებულმა, თანამოწაფეებს უთხრა: ჩვენც მივიდეთ, რათა მასთან ერთად მოვკვდეთ.

17

და ვითარცა მოვიდა იესუ ბეთანიად, პოვა იგი, რამეთუ ოთხი დღე აქუნდა საფლავსა შინა.

როდესაც მივიდა იესო, ნახა, რომ ის უკვე ოთხი დღეა საფლავში იწვა.

18

ხოლო იყო ბეთანიაჲ მახლობელ იერუსალჱმსა, ვითარ ათხუთმეტ ოდენ უტევენ.

ხოლო ბეთანია იერუსალიმის ახლოს იყო, თხუთმეტიოდე უტევანის მანძილზე.

19

და მრავალნი ჰურიათაგანნი მოსრულ იყვნეს მართაჲსა და მარიამისა, რაჲთა ნუგეშინის-სცენ მათ ძმისა მათისათჳს.

ბევრი იუდეველი მისულიყო მართასა და მარიამთან, რათა ენუგეშებინათ ძმაზე მგლოვიარენი.

20

ხოლო მართას ვითარცა ესმა, რამეთუ იესუ მოვალს, მიეგებვოდა მას, ხოლო მარიამ სახლსა შინა ჯდა.

მართამ რომ გაიგო, იესო მოდისო, გამოეგება; მარიამი კი სახლში იჯდა.

21

ჰრქუა მართა იესუს: უფალო, უკუეთუმცა აქა იყავ, არამცა მომკუდარ იყო ძმაჲ იგი ჩემი.

და უთხრა მართამ იესოს: უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, არ მოკვდებოდა ჩემი ძმა.

22

არამედ და აწცა უწყი, ვითარმედ: რაჲცა-იგი სთხოო ღმერთსა, მოგცეს შენ ღმერთმან.

მაგრამ ახლაც ვიცი: რასაც სთხოვ ღმერთს, მოგცემს შენ ღმერთი.

23

ჰრქუა მას იესუ: აღდგეს ძმაჲ შენი.

უთხრა მას იესომ: აღდგება შენი ძმა.

24

ჰრქუა მას მართა: უწყი, რამეთუ აღდგეს აღდგომასა მას უკუანაჲსკნელსა დღესა.

მართამ მიუგო: ვიცი, რომ აღდგება უკანასკნელ დღეს აღდგომისას.

25

ჰრქუა მას იესუ: მე ვარ აღდგომაჲ და ცხორებაჲ. რომელსა ჰრწმენეს ჩემი, მო-ღათუ-კუდეს, ცხონდესვე.

უთხრა მას იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ვისაც მე ვწამვარ, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს.

26

და ყოველი რომელი ცოცხალ არს და ჰრწმენეს ჩემი, არა მოკუდეს იგი უკუნისამდე. გრწამსა ესე?

ვინც ჩემში ცოცხლობს და სწამს ჩემი, არ მოკვდება უკუნისამდე. გწამს თუ არა ეს?

27

ჰრქუა მას მართა: ჰე, უფალო, მრაწამს, რამეთუ შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისაჲ, მომავალი სოფლად.

მიუგო: დიახ, უფალო, მწამს, რომ შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმრთისა, რომელიც მოდის ამ ქვეყნად.

28

და ვითარცა ესე თქუა, წარვიდა და მოუწოდა მარიამს, დასა თჳსსა, იდუმალ და რქუა მას: მოღძუარი მოსრულ არს და გიწესს შენ.

ეს რომ თქვა, წავიდა. თავის დას - მარიამს უხმო და საიდუმლოდ უთხრა: მოძღვარი მოდის და გიხმობსო.

29

ხოლო მას ვითარცა ესმა, აღდგა ადრე და მივიდოდა მისა.

ხოლო ის, ამის გაგონებისთანავე, ადგა და მისკენ გასწია.

30

რამეთუ არღა მოსრულ იყო იესუ დაბად, არმედ მუნღა იყო ადგილსა მას, სადაცა მიეგებვოდა მას მართა.

რადგანაც იესო ჯერ კიდევ არ მისულიყო სოფელში, არამედ იმ ადგილას იყო, სადაც მიეგება მართა.

31

ხოლო ჰურიანი იგი, რომელნი იყვნეს მისთანა სახლსა შინა და ნუგეშინის-სცემდეს მათ, ვითარცა იხილეს მარიამ, რამეთუ ადრე აღდგა და გამოვიდა, მისდევს მას, ჰგონებდეს, ვითარმედ საფლავად მივალს ტირილდ მისა.

როცა მის სახლში სანუგეშებლად მოსულმა იუდეველებმა დაინახეს, რომ მარიამი საჩქაროდ ადგა და გარეთ გავიდა, თვითონაც უკან მიჰყვნენ, ვინაიდან ეგონათ, საფლავზე მიდის ძმის სატირლადო.

32

ხოლო მარიამ ვითარცა მოვიდა, სადა-იგი იყო იესუ, ვითარცა იხილა იგი, დავარდა ფერჴთა მისთა თანა და ჰრქუა მას: უფალო, უკუეთუმცა აქა ყოფილ იყავ, არამცა მომკუდარ იყო ძმაჲ იგი ჩემი.

მარიამი კი იმ ადგილას მივიდა, სადაც იყო იესო; მისი დანახვისთანავე ფეხქვეშ ჩაუვარდა და უთხრა: უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, არ მოკვდებოდა ჩემი ძმა.

33

ხოლო იესუ ვითარცა იხილა იგი, რამეთუ ტიროდა, და მის თანა მოსრულნი იგი ჰურიანიცა ტიროდეს, შეძრწუნდა სულითა, ვითარცა რისხვით,

როცა იესომ დაინახა, როგორ ტიროდა იგი, და ტიროდნენ მასთან ერთად მოსული იუდეველებიც, შეიძრა სულით და შემკრთალმა თქვა:

34

და ჰრქუა მათ: სადა დასდევით იგი? ჰრქუეს მას: მოვედ და იხილე.

სად დაკრძალეთ? უთხრეს: უფალო, მოდი და ნახე.

35

და ცრემლოოდა იესუცა.

მაშინ აცრემლდა იესო.

36

იტყოდეს უკუე ჰურიანი იგი: აჰა ვითარ სამე უყვარდა იგი!

იუდეველები ამბობდნენ: უყურე, როგორ ჰყვარებია იგი.

37

ვიეთნიმე მათგანნი იტყოდეს: არამცა ეძლო ამას, რომელ მან აღუხილნა თუალნი ბრმასა, ყოფად რაჲმე, რაჲთამცა ესეცა არა მოკუდა?

ზოგმა მათგანმა კი თქვა: ნუთუ არ შეეძლო ბრმის თვალის ამხელს რამე ეღონა, რომ ესეც არ მომკვდარიყო?

38

ხოლო იესუ კუალად, ვითარცა განრისხებული თავსა შორის თჳსსა, მოვიდა საფლავსა მას. ხოლო იყო ქუაბი, და ლოდი ზედა ედვა მას.

ხოლო იესო, კვლავ სულით შეძრული, საფლავთან მივიდა; ეს იყო მღვიმე, რომლისთვისაც ლოდი მიედოთ.

39

ჰრქუა მათ იესუ: აღიღეთ ლოდი ეგე. ჰრქუა მას მართა, დამან მის მკუდრისამან: უფალო, ყროდისღა, რამეთუ მეოთხე დღე არს.

იესომ თქვა: მოაშორეთ ლოდი; ხოლო მართამ, მიცვალებულის დამ, უთხრა: უფალო, უკვე ყარს, ვინაიდან ოთხი დღის წინ დავასაფლავეთ.

40

ჰრქუა მას იესუ: არა გარქუ შენ, ვითარმედ, უკუეთუ გრწმენეს, იხილო დიდებაჲ ღმრთისაჲ?

უთხრა მას იესომ: აკი გითხარი, თუ იწამებ, ღმრთის დიდებას იხილავ-მეთქი.

41

აღიღეს უკუე ლოდი იგი, სადა მდებარე იყო მკუდარი იგი. ხოლო იესუ აღიხილნა თუალნი ზეცად და თქუა: მამაო, გმადლობ შენ, რამეთუ ისმინე ჩემი.

და მოაშორეს ლოდი; ხოლო იესომ ზეცად აღაპყრო თვალი და თქვა: მამაო, გმადლობ, რომ მისმინე.

42

და მე ვიცი, რამეთუ მარადის ისმენ ჩემსა, არამედ ერისა ამისთჳს, რომელი გარე მომადგს მე, ვთქუ, რაჲთა ჰრწმენეს, რამეთუ შენ მომავლინე მე.

მე კი ვიცოდი, რომ ყოველთვის მისმენ, მაგრამ ეს ირგვლივ მდგომი ხალხის გასაგონად ვთქვი, რათა ირწმუნონ, რომ შენ მომავლინე.

43

და ესე ვითარცა თქუა, ჴმითა დიდითა ღაღატ-ყო: ლაზარე, გამოვედ გარე!

ეს რომ თქვა, ხმამაღლა დაიძახა: ლაზარე, გამოდი გარეთ!

44

და გამოვიდა მკუდარი იგი შეკრული ჴელით და ფერჴით სახუევლითა, და პირი მისი დაბურვილ იყო სუდარითა. ჰრქუა მათ იესუ: განჰჴსენით ეგე და უტევეთ, ვიდოდის.

და გამოვიდა მიცვალებული, სახვევით ხელ-ფეხ შეკრული და სახეშესუდრული. უთხრა მათ იესომ: გახსენით და გაუშვით, წავიდეს.

45

მრავალთა უკუე ჰურიათაგანთა, რომელნი მოსულ იყვნეს მარიამისა და მართაჲსა, იხილეს, რომელ-იგი ქმნა იესუ, და ჰრწმენა მისა მიმართ.

მაშინ მარიამთან მისულმა ბევრმა იუდეველმა, რომლებმაც იხილეს, რაც მოახდინა იესომ, ირწმუნა იგი.

46

ხოლო რომელნიმე მათგანნი წარვიდეს და უთხრეს ფარისეველთა მათ, რაჲ-იგი ქმნა იესუ.

ზოგიერთი მათგანი კი წავიდა და უთხრა ფარისევლებს, რაც მოახდინა.

47

და შეკრბეს მღდელთ-მოძღუართა მათ და ფარისეველთა კრებული და იტყოდეს: რაჲ-მე ვყოთ, რამეთუ კაცი ესე მრავალსა სასწაულსა იქმს?

მაშინ შეკრიბეს მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა სინედრიონი და თქვეს: რა ვქნათ? ეს კაცი მრავალ სასწაულს ახდენს.

48

უკუეთუ დაუტეოთ იგი ესრეთ, ყოველთა ჰრწმენეს მისა მიმართ, და მოვიდენ ჰრომნი და მიგჳღონ ჩუენ ადგილიცა ჩუენი და ნათესავიცა.

თუ თავის ნებაზე მივუშვით, ყველა ირწმუნებს: მოვლენ რომაელები და წაგვართმევენ ჩვენს ადგილ-მამულსაც და ხალხსაც.

49

ერთმან ვინმე მათგანმან, კაიაფა, რომელი იყო მღდელთ-მოძღუარი მის წელიწადისაჲ, ჰქუა მათ: თქუენ არა იცით არცა ერთი,

ერთმა მათგანმა, ვინმე კაიაფამ, რომელიც იმ წელიწადს მღვდელმთავარი იყო, უთხრა მათ: არაფერი თქვენ არ გაგეგებათ

50

არცა განგიზრახავს, რამეთუ უმჯობეს არს ჩუენდა, რაჲთა ერთი კაცი მოკუდეს ერისათჳს, და არა ყოველი ნათესავი წარწყმდეს.

და არც იმაზე ფიქრობთ, რომ უმჯობესია ერთი კაცი მოკვდეს ხალხისთვის, ვიდრე მთელი ხალხი დაიღუპოს.

51

ესე თავით თჳსით არა თქუა, არამედ მღდელთ-მოძღუარი იყო მის წელიწადისაჲ და წინაწარმეტყუელა, რამეთუ ეგულებოდა იესუს მოსიკუდიდ ნათესავთათჳს.

ეს თავისით კი არ უთქვამს, არამედ იმ წელიწადს მღვდელმთავრად მყოფმა იწინასწარმეტყველა, რომ იესო უნდა მომკვდარიყო ხალხისათვის.

52

და არა ხოლო ნათესავთათჳს, არამედ რაჲთა შვილნიცა ღმრთისანი განბნეულნი შეკრიბნეს ერთად.

და არა მარტო ხალხისათვის, არამედ იმისთვისაც, რომ ერთად შეეკრიბა ღმრთის გაფანტული შვილები.

53

მიერ დღითგან შეიზრახნეს ჰურიანი, რაჲთა მოკლან იგი.

იმ დღიდან გადაწყვიტეს მოეკლათ იგი.

54

ხოლო იესუ არღარა განცხადებულად ვიდოდა ჰურიათა შორის, არამედ წარვიდა მიერ სოფელსა, მახლობელად უდაბნოსა, ქალაქსა, რომელსა ჰრქჳან ეფრაიმ, და მუნ დაადგრა მოწაფითურთ თჳსით.

ამიტომ იესო ცხადად კი აღარ დადიოდა იუდეველთა შორის, არამედ უდაბნოს მახლობლად მდებარე ქალაქში განმარტოვდა, რომელსაც ჰქვია ეფრაიმი, და იყო იქ თავის მოწაფეებთან ერთად.

55

ხოლო იყო მახლობელ პასექი იგი ჰურიათაჲ, და აღვიდეს მრავალნი იერუსალჱმდ სოფლებისაგან უწინარეს მის პასექისა, რაჲთა განიწმიდნენ თავნი თჳსნი.

ახლოვდებოდა იუდეველთა პასექი, და იმ მხრიდან მრავალი ავიდა იერუსალიმს, რათა პასექის წინ გაწმენდილიყო.

56

ხოლო ჰურიანი ეძიებდეს იესუს და იტყოდეს ურთიერთას, დგეს რაჲ ტაძარსა შინა: ვითარ ჰგონებთ თქუენ, არა-მე მოვიდესა დღესასწაულსა ამას?

ეძებდნენ იესოს და ტაძარში მდგომნი ერთმანეთს ეუბნებოდნენ: როგორ გგონიათ, მოვა თუ არა დღესასწაულზე?

57

რამეთუ მიეცა მცნებაჲ მღდელთ-მოძღუართა მათ და ფარისეველთა, რაჲთა, უკუეთუ ვინმე უწყოდის, სადა არს, აუწყოს მათ, რაჲთა შეიპყრან იგი.

ვინაიდან მღვდელმთავრებსა და ფარისევლებს ბრძანება გაეცათ, რომ თუ ვინმე გაიგებდა, სად იყო, მათთვის უნდა ეცნობებინა, რათა შეეპყროთ.