სახარება იოანესაგან · თავი 12
ხოლო იესუ უწინარეს ექუსისა დღისა ვნებისა მის მოვიდა ბეთანიად, სადა-იგი იყო ლაზარე მომკუდარი, რომელი-იგი აღადგინა მკუდრეთით.
პასექამდე ექვსი დღით ადრე მივიდა იესო ბეთანიაში, სადაც იყო ლაზარე, რომელიც აღადგინა მკვდრეთით.
და მოუმზადეს მას მუნ სერი, და მართა ჰმსახურებდა მას, ხოლო ლაზარე იყო ერთი მეინაჴეთაგანი მის თანა.
იქ მოუმზადეს ვახშამი და ემსახურებოდა მართა, ლაზარე კი მისი ერთადერთი თანამეინახე იყო.
ხოლო მარიამ მოიღო ლიტრაჲ ერთი ნელსაცხებელი ნარდისა სარწმუნოჲსაჲ მრავალ-სასყიდლისაჲ და სცხო ფერჴთა იესუჲსთა და თმითა თჳსითა წარჰჴოცნა ფერჴნი მისნი, და სახლი იგი ყოველი აღივსო სულნელებითა მის ნელსაცხებელისაჲთა.
ხოლო მარიამმა აიღო ერთი ლიტრა წმინდა ნარდის ძვირფასი ნელსაცხებელი, ფეხებზე სცხო იესოს და თავისი თმებით შეუმშრალა ფეხები; და ნელსაცხებლის სურნელებით აივსო სახლი.
თქუა ვინმე ერთმან მოწაფეთა მისთაგანმან, იუდა სიმონისმან, ისკარიოტელმან, რომელსა ეგულებოდა მიცემაჲ მისი:
მაშინ ერთმა მისმა მოწაფეთაგანმა, იუდა ისკარიოტელმა, რომელსაც უნდა გაეცა იგი, თქვა:
რაჲსათჳს ნელსაცხებელი ესე არა განისყიდა სამასის დრაჰკნის და მიეცა გლახაკთა?
რატომ არ გაიყიდა ეს ნელსაცხებელი სამას დინარად და გლახაკებს არ მიეცა ფული?
ხოლო ესე თქუა, არა თუ გლახაკთაჲ რაჲმე ზრუნვაჲ ედვა გულსა მისსა, არამედ რამეთუ მპარავი იყო და გუადრუცი იგი მას აქუნდა და შთასადებელი იგი მას ჰკიდავნ.
ხოლო ეს იმიტომ კი არ თქვა, რომ გლახაკებზე ზრუნავდა, არამედ იმიტომ, რომ ქურდი იყო; მას ჰქონდა ყულაბა, და რასაც შიგ ყრიდნენ, იპარავდა.
და თქუა იესუ: უტევე მაგას, დღედ დაფლვისა ჩემისა დამიმარხა ეგე.
იესომ უთხრა: მოეშვი; ეგ ჩემი დამარხვის დღისათვის შემოინახა.
რამეთუ გლახაკნი მარადის თქუენ თანა არიან, ხოლო მე არა მარადის თქუენ თანა ვარ.
ვინაიდან გლახაკნი ყოველთვის გვერდითა გყავთ, მე კი ყოველთვის როდი გეყოლებით.
აგრძნა უკუე ყოველმან ერმან ჰურიათამან, რამეთუ იესუ მუნ არს; მოვიდეს არა ხოლო თუ იესუჲსთჳს, არამედ რაჲთა ლაზარეცა იხილონ, რომელ-იგი აღადგინა მკუდრეთით.
იუდეველთაგან ძალიან ბევრმა გაიგო, აქ არისო, და მოვიდნენ არა მარტო იესოს, არამედ ლაზარეს სანახავადაც, რომელიც აღადგინა მკვდრეთით.
ხოლო ზრახვა-ყვეს მღდელთ-მოძღუართა მათ, რაჲთა ლაზარეცა მოკლან.
ხოლო მღვდეღმთავრებმა განიზრახეს ლაზარეს მოკვლაც.
რამეთუ მრავალნი ჰურიათაგანნი მისთჳს მოვიდოდეს და ირწმუნებდეს იესუჲსსა.
ვინაიდან მის გამო მრავალი იუდეველი მოდიოდა და აღიარებდა იესოს.
ხვალისაგან ერი მრავალი რომელ-იგი მოსრულ იყვნეს დღესასწაულსა მას, რამეთუ ესმა, ვითარმედ იესუ მოვალს იერუსალჱმდ,
მეორე დღეს დღესასწაულზე მოსუღმა დიდძალმა ხალხმა, რაკი გაიგო, იესო იერუსალიმს მოდისო,
მოიღეს რტოები დანაკისკუდთაგან და განვიდეს მიგებებად მისა, ღაღადებდეს და იტყოდეს: ოსანა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა, მეუფე ისრაჱლისაჲ!
აიღო პალმის რტოები და შესაგებებლად გამოეფინა; ღაღადებდნენ და ამბობდნენ: ოსანა! კურთხეულია მომავალი უფლის სახელით, მეუფე ისრაელისა!
და პოვა იესუ ვირი და დაჯდა მას ზედა, ვითარცა წერილ არს:
იესომ კი იპოვა ერთი ჩოჩორი და ზედ შეჯდა, როგორც დაწერილია:
ნუ გეშინინ, ასულო სიონისაო! აჰა ესერა მეუფე შენი მოვალს შენდა და ზე ზის იგი კიცუსა ვირისასა.
ნუ გეშინია, ასულთ სიონისაო! აჰა, მოდის შენი მეუფე, ჩოჩორზე მჯდარი!
ხოლო ესე არა ეცნა მოწაფეთა მისთა პირველად, არამედ ოდეს იდიდა იესუ, მაშინ მოეჴსენა, რამეთუ ესრეთ წერილ იყო მისთჳს, და ესე უყვეს მას.
მისი მოწაფეები კი პირველად ვერ მიხვდნენ ამას, მაგრამ როცა განდიდებულ იქნა იესო, მაშინღა გაიხსენეს, რომ ასე იყო დაწერილი მისთვის, და ასევე მოექცნენ მას.
და ეწამებოდა მას ერი იგი, რომელი იყო მისთანა, რაჟამს ლაზარეს უწოდა საფლავით და აღადგინა იგი მკუდრეთით,
მასთან მყოფი ხალხი მოწმობდა, რომ საფლავიდან გამოიხმო ლაზარე და მკვდრეთით აღადგინა იგი.
ამისთჳსცა მიეგებვოდა მას ერი იგი, რამეთუ ესმინა, ვითარმედ ესე სასწაული ქმნა იესუ.
ამიტომაც გამოეგება ხალხი, ვინაიდან გაეგო, რომ მან მოახდინა ეს სასწაული.
ხოლო ფარისეველთა მათ თქუეს ურთიერთას: ხედავთა, რამეთუ არა ირგებთ არარას? აჰა ესერა სოფელი ყოველი მივიდა შედგომად მისა.
ხოლო ფარისევლებმა ერთმანეთს უთხრეს: ხომ ხედავთ, რომ ვერაფერს ვხდებით? აჰა, ქვეყნის ხალხი მიჰყვება მას.
იყვნეს ვინმე წარმართთაგანიცა აღმოსრულთა მათგანნი, რაჲთა თაყუანის-სცენ დღესასწაულსა მას.
დღესასწაულზე თაყვანისცემად ამოსულთა შორის ბერძნებიც იყვნენ.
ესენი მოვიდეს ფილიპესა, რომელი-იგი იყო ბეთსაიდაჲთ გალილეაჲსაჲთ, და ეტყოდეს მას: უფალო, გუნებავს იესუჲსი ხილვაჲ.
მიადგნენ ფილიპეს, რომელიც გალილეის ქალაქ ბეთსაიდიდან იყო, და უთხრეს მას: ბატონო, იესოს ნახვა გვსურს.
მივიდა ფილიპე და ჰრქუა ანდრეას; და მოვიდეს ანდრეა და ფილიპე და ჰრქუეს იესუს.
მივიდა ფილიპე და უთხრა ეს ანდრიას, ფილიპემ და ანდრიამ კი იესოს უთხრეს.
ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: მოიწია ჟამი, რაჲთა იდიდოს ძე კაცისაჲ.
იესომ პასუხად მიუგო მათ: მოაწია კაცის ძის განდიდების ჟამმა.
ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: უკეთუ არა მარცუალი იფქლისაჲ დავარდეს ქუეყანასა და მოკუდეს, იგი მარტოჲ ხოლო ეგოს; ხოლო უკუეთუ მოკუდეს, მრავალნ ნაყოფნი გამოიღოს.
ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუკი მიწაზე დავარდნილი პურის მარცვალი არ მოკვდა, ცალად დარჩება, ხოლო თუ მოკვდა, უამრავ ნაყოფს გამოიღებს.
რომელსა უყვარდეს სული თჳსი, წარიწყმიდოს იგი; და რომელსა სძულდეს სული თჳსი ამას სოფელსა, ცხორებად საუკუნოდ დაიმარხოს იგი.
ვისაც თავისი სული უყვარს, დაკარგავს მას: და ვისაც თავისი სული სძულს ამ ქვეყნად, საუკუნო სიცოცხლისათვის შეინახავს მას.
უკუეთუ ვინმე მე მმსახურებდეს, მე შემომიდეგინ; და სადაცა მე ვიყო, მუნცა მსახური ჩემი იყოს. და უკუეთუ ვინმე მე მმსახურებდეს, პატივ-სცეს მას მამამან ჩემმან.
ვინც მე მემსახურება, მევე გამომყვეს, და სადაც მე ვიქნები, იქვე იყოს ჩემი მსახურიც. ვინც მე მემსახურება, მას პატივს მიაგებს მამა.
აწ სული ჩემი შეძრწუნებულ არს და რაჲ-მე ვთქუა? მამაო, მიჴსენ მე ჟამისა ამისაგან. არამედ ამისთჳს მოვედ ჟამსა ამას.
აწ შეძრწუნდა ჩემი სული და რა უნდა ვთქვა? მამაო, მიხსენ ამ ჟამისაგან; მაგრამ სწორედ ამისთვის მოვედი ამ ჟამს.
მამაო, ადიდე ძე შენი. მოიწია მისა ჴმაჲ ზეცით: და ვადიდე და კუალადცა ვადიდო.
მამაო, განადიდე შენი სახელი! და გაისმა ხმა ზეცით: განვადიდე და კვლავაც ვადიდებ!
ხოლო ერი იგი, რომელი დგა და ესმა, იტყოდეს, ვითარმედ: ქუხილი იყო; ხოლო სხუანი იტყოდეს: ანგელოზი ეტყოდა მას.
იქ მდგომმა ხალხმა ამის გაგონებაზე თქვა: იქუხაო; სხვები კი ამბობდნენ: ანგელოზი ეუბნა მას.
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არა ჩემთჳს იყო ჴმაჲ ესე, არამედ თქუენთჳს.
მიუგო იესომ და თქვა: ჩემთვის კი არ იყო ეს ხმა, არამედ თქვენთვის.
აწ არს სასჯელი ამის სოფლისაჲ, აწ მთავარი იგი ამის სოფლისაჲ განვარდეს გარე.
აწ განისჯება ეს ქვეყანა, აწ განდევნიან ამ ქვეყნის მთავარს.
და მე ოდეს ავმაღლდე ქუეყანით, ყოველნი მოვიზიდნე ჩემდა.
და როცა ავმაღლდები ქვეყნით, ყველას ავიტაცებ ჩემთან.
ხოლო ამას რაჲ იტყოდა, აუწყებდა, რომლითა სიკუდილითა ეგულებოდა სიკუდილად.
ხოლო ამას ამბობდა, რათა ენიშნებინა, როგორი სიკვდილით უნდა მომკვდარიყო.
მიუგო მას ერმან მან და რქუა: ჩუენ გუასმიეს სჯულისაგან, ვითარმედ ქრისტე უკუნისამდე ეგოს. და შენ ვითარ იტყჳ, ვითარმედ ჯერ-არს ამაღლებაჲ ძისა კაცისაჲ? ვინ არს ესე ძე კაცისაჲ?
მიუგო ხალხმა: რჯულიდან გვსმენია, რომ ქრისტე უკუნისამდე უნდა ეგოს: მაშ, როგორღა ამბობ, კაცის ძე ამაღლდებაო? ვინ არის ეს კაცის ძე?
რქუა მათ იესუ: მცირედ ჟამ ნათელი თქუენ თანა არს. ვიდოდეთ, ვიდრე ნათელი გაქუსღა, რაჲთა არა გეწიოს თქუენ ბნელი, რამეთუ რომელი ვალნ ბნელსა, არა უწყინ, ვიდრე ვალნ.
უთხრა მათ იესომ: ცოტა ხანს კიდევ იქნება ნათელი თქვენთან. იარეთ, სანამ გინათებთ, რათა არ მოგიცვათ ბნელმა: ვინაიდან ბნელში მოარულმა არ იცის, საით მიდის.
ვიდრე ნათელი გაქუს, გრწმენინ ნათელი, რაჲთა ძე ნათლის იყვნეთ. ამას ეტყოდა იესუ და წარვიდა და დაეფარა მათგან.
სანამ გინათებთ გწამდეთ ნათელი, რათა გახდეთ ძენი ნათლისა. ეს რომ თქვა იესომ, წავიდა და გაუჩინარდა მათგან.
და ესოდენნი სასწაულნი ქმნნა წინაშე მათსა, და არა ჰრწმენა მისა მიმართ.
ამდენი სასწაული მოახდინა მათ წინაშე, მაგრამ არ იწამეს იგი.
რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი ესაია წინაწარმეტყუელისაჲ, რომელსა იტყჳს: უფალო, ვის-მე ჰრწმენა სასმენელი ჩუენი? და მკლავი უფლისაჲ ვის გამოეცხადა?
რათა აღსრულდეს სიტყვა ესაია წინასწარმეტყველისა, რომელმაც თქვა: უფალო, ვინ იწამა ჩემი ნათქვამი? ან ვის გამოეცხადა მკლავი უფლისა?
ამისთჳს ვერ ჰრწმენდა, რამეთუ მერმეცა თქუა ესაია:
ამიტომაც ვერ იწამეს, რომ ესეც თქვა ესაიამ:
დაუბრმეს მათ თუალნი მათნი, რაჲთა ვერ იხილონ თუალითა, და დაუსულბეს გულნი მათნი, რაჲთა არა გულისჴმა-ყონ გულითა და მოიქცენ, და მე განვკურნნე იგინი.
დაუვსო მათ თვალი და გაუქვავა გული, რათა არ იხილონ თვალით, არ იგრძნონ გულით და არ მოიქცნენ, რომ განვკურნო ისინი.
ესე თქუა ესაია, ოდეს-იგი იხილა დიდებაჲ მისი და იტყოდა მისთჳს.
ესა თქვა ესაიამ, როცა იხილა მისი დიდება და იუბნა მისთვის.
ხოლო მთავართაგანთაცა მრავალთა ჰრწმენა მისა მიმართ, არამედ ფარისეველთათჳს ვერ აღიარეს, რაჲთა არა კრებულისაგან განასხნენ.
ასევე მთავართაგანაც მრავალმა იწამა იგი, მაგრამ ფარისეველთა გამო ვეღარ აღიარეს, სინაგოგიდან მოკვეთის შიშით.
რამეთუ შეიყუარეს დიდებაჲ კაცთაჲ უფროჲს, ვიდრე დიდებაჲ ღმრთისაჲ.
რადგანაც კაცთა დიდება უფრო შეიყვარეს, ვიდრე დიდება ღმრთისა.
ხოლო იესუ ღაღატ-ყო და თქუა: რომელსა ვჰრწმენე მე, არა მე ვჰრწმენე, არამედ მომავლინებელი ჩემი.
ხოლო იესომ შეღაღადა და თქვა: ვისაც მე ვწამვარ, მე კი არ ვწამვარ, არამედ ჩემი მომავლინებელი.
და რომელმან მიხილა მე, იხილა მომავლინებელი ჩემი.
და ვინც მე მხედავს, ჩემს მომავლინებელს ხედავს.
მე ნათელი სოფლად მოვივლინე, რაჲთა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს ჩემი, ბნელსა შინა არა დაადგრეს.
მე, ნათელი, მოვედი ქვეყნად, რათა არცერთი მათგანი, ვისაც მე ვწამვარ, არ დარჩეს ბნელში.
და რომელმან ისმინნეს სიტყუანი ჩემნი და არა ჰრწმენენ, მე არა ვსაჯო იგი, რამეთუ არა მოვედ მე სჯად სოფლისა, არამედ რაჲთა ვაცხოვნო სოფელი.
თუ ვინმე მოისმენს ჩემს სიტყვებს და არ დაიცავს, არ განვსჯი მას, ვინაიდან ქვეყნის განსასჯელად კი არ მოვსულვარ, არამედ ქვეყნის სახსნელად.
ხოლო რომელმან შეურაცხ-მყოს მე და არა შეიწყნარნეს სიტყუანი ჩემნი, აქუს მსაჯული თჳსი: სიტყუასა რომელსა ვიტყოდე, მან საჯოს იგი უკუანაჲსკნელსა დღესა.
ხოლო მას, ვინც უარმყოფს და არ შეიწყნარებს ჩემს სიტყვებს, თავისი მსაჯული ჰყავს: სიტყვა, რომელიც მე ვთქვი; ის განსჯის უკანასკნელ დღეს.
რამეთუ მე თავით თჳსით არარას ვიტყოდე, არამედ რომელმან მომავლინა მე, მამამან, მან მომცა მე მცნებაჲ, რაჲ ვთქუა და რასა ვიტყოდი.
ვინაიდან ჩემდა თავად არაფერი მითქვამს, არამედ მამამ, რომელმაც მომავლინა, მომცა მე მცნება, რა ვთქვა, ან რა ვილაპარაკო.
და უწყი, რამეთუ მცნებაჲ მისი ცხორება საუკუნო არს. და რომელსა ვიტყჳ მე, ვითარცა მამცნო მე მამამან, ეგრეცა ვიტყჳ.
მე ვიცი, რომ მისი მცნება საუკუნო სიცოცხლეა, და რასაც ვიტყვი, როგორც მამამ მაუწყა, ისე ვიტყვი.
