სახარება იოანესაგან · თავი 14

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

ნუ შეძრწუნდებიან გულნი თქუენნი, გრწმენინ ღმრთისაჲ და გრწმენინ ჩემდა მომართ.

ნუ შეძრწუნდება თქვენი გული; გწამდეთ ღმერთი და მიწამეთ მე.

2

სახლსა მამისა ჩემისასა სავანე მრავალ არიან. უკუეთუ არა, გარქუმცა თქუენ, ვითარმედ: მე წარვიდე და განგიმზადო თქუენ ადგილი.

მამაჩემის სახლში ბევრი სავანეა. ასე რომ არა, განა გეტყოდით, მივდივარ, რათა ადგილი გაგიმზადოთ-მეთქი?

3

და უკუეთუ წარვიდე და განგიმზადო თქუენ ადგილი, კუალად მოვიდე და წარგიყვანნე თქუენ თავისა ჩემისა თანა, რაჲთა სადაცა მე ვიყო, მუნცა თქუენ იყვნეთ.

ხოლო როცა წავალ და ადგილს გაგიმზადებთ, კვლავ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ, რათა, სადაც მე ვიქნები, თქვენც იქვე იყოთ.

4

და ვიდრე-იგი მე მივალ, უწყით და გზაჲცა იგი იცით.

ხოლო სადაც მე მივდივარ, თქვენ იცით ის გზა.

5

ჰრქუა მას თომა: უფალო, არა ვიცით, ვიდრე ხუალ, და ვითარ შემძლებელ ვართ გზისა მის ცნობად?

უთხრა მას თომამ: უფალო, არ ვიცით, სად მიდიხარ; როგორღა უნდა ვიცოდეთ გზა?

6

ჰრქუა მას იესუ: მე ვარ გზაჲ და მე ვარ ჭეშმარიტებაჲ და ცხორებაჲ; არავინ მოვიდეს მამისა, გარნა ჩემ მიერ.

უთხრა მას იესომ: მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე; ვერავინ მივა მამაჩემთან, თუ არა ჩემს მიერ.

7

უკუეთუმცა მიცოდეთ მე, მამაჲცამცა ჩემი იცოდეთ. ამიერითგან იცით იგი და გიხილავს იგი.

მე რომ მიცნობდეთ, მამაჩემიც გეცნობებოდათ; ამიერიდან კი იცნობთ მას და გიხილავთ იგი.

8

ჰრქუა მას ფილიპე: უფალო, მიჩუენე ჩუენ მამაჲ შენი, და კმა არს ჩუენდა.

ფილიპემ უთხრა: უფალო, გვიჩვენე მამა და საკმარისია ჩვენთვის.

9

ჰრქუა მას იესუ: ესოდენ ჟამ თქუენ თანა ვარ, და არა მიცი მე, ფილიპე? რომელმან მიხილა მე, იხილა მამაჲ ჩემი, და შენ ვითარ მეტყჳ მე: მიჩუენე ჩუენ მამაჲ შენი?

უთხრა მას იესომ: რა ხანია თქვენთანა ვარ და ვერ მიცნობ, ფილიპე? ვინც მე მიხილა, მამაც იხილა; როგორღა ამბობ, მამა გვიჩვენეო?

10

არა გრწამსა, რამეთუ მე მამისა თანა ვარ, და მამაჲ ჩემ თანა არს? სიტყუათა რომელთა გეტყჳ თქუენ, თავით ჩემით არა გეტყჳ, არამედ მამაჲ ჩემი, რომელი ჩემ თანა არს, იგი იქმს საქმესა.

ნუთუ არა გწამს, რომ მე მამაში ვარ და მამა - ჩემში. სიტყვებს, რომლებსაც გეუბნებით, ჩემით როდი გეუბნებით, არამედ ჩემში მყოფი მამა აკეთებს საქმეს.

11

გრწამსა, რამეთუ მე მამისა თანა ვარ, და მამაჲ ჩემ თანა არს? უკუეთუ არა, საქმეთა ამათგან გრწმენინ ჩემი.

მერწმუნეთ, რომ მე მამაში ვარ, მამა კი - ჩემში; თუ არა და, ჩემს საქმეს მაინც ერწმუნეთ.

12

ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: რომელსა ჰრწმენეს ჩემი, საქმესა რომელსა მე ვიქმ, მანცა ქმნეს და უფროჲსიღა ამისსა ქმნეს, რამეთუ მე მამისა მივალ.

ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვისაც მე ვწამვარ, საქმეს, რომელსაც მე ვაკეთებ, თვითონაც გააკეთებს, და მეტსაც გააკეთებს, ვინაიდან მე მამასთან მივალ.

13

და რაჲცა ითხოვოთ სახელითა ჩემითა, იგი ვყო, რაჲთა იდიდოს მამაჲ ძისა თანა.

რასაც ითხოვთ ჩემი სახელით, შეგისრულებთ, რათა იდიდოს მამა ძის მიერ.

14

და უკუეთუ რაოდენი ითხოვოთ სახელითა ჩემითა, მე ვყო.

რაც უნდა მთხოვოთ ჩემი სახელით, შეგისრულებთ.

15

უკუეთუ გიყუარ მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხენით.

თუ გიყვარვართ, დაიცავით ჩემი მცნებანი.

16

და მე ვჰკითხო მამასა ჩემსა, და სხუაჲ ნუგეშინის-მცემელი მოგივლინოს თქუენ, რაჲთა თქუენ თანა დაადგრეს უკუნისამდე.

ვთხოვ მამას და მოგივლენთ სხვა ნუგეშისმცემელს, რათა იყოს თქვენთან უკუნისამდე, -

17

სული იგი ჭეშმარიტებისაჲ, რომელი სოფელსა ვერ ჴელ-ეწიფების მოღებად, რამეთუ არა ჰხედავს მას, არცა იცის იგი, ხოლო თქუენ იცით იგი, რამეთუ თქუენ თანა არს და თქუენ თანა იყოს.

ჭეშმარიტების სულს, რომელსაც ვერ შეიწყნარებს ქვეყანა, რადგანაც ვერ ხედავს და არ იცნობს მას, ხოლო თქვენ იცნობთ, ვინაიდან თქვენთანაა და თქვენში იქნება.

18

არა დაგიტევნე თქუენ ობლად, მოვიდე თქუენდა.

არ დაგტოვებთ ობლად; მოვალ თქვენთან.

19

მცირედღა, და სოფელი ესე არა მხედვიდეს, ხოლო თქუენ მხედვიდეთ მე, რამეთუ მე ცხოველ ვარ, და თქუენცა ცხოველ იყვნეთ.

ცოტაც და, ქვეყანა ვეღარ მიხილავს, თქვენ კი მიხილავთ. ვინაიდან ცოცხალი ვარ და თქვენც იცოცხლებთ.

20

მას დღესა შინა სცნათ თქუენ, რამეთუ მე მამისა ჩემისა თანა, და თქუენ ჩემ თანა, და მე თქუენ შორის.

იმ დღეს შეიცნობთ, რომ მე მამაში ვარ, თქვენ კი - ჩემში, ხოლო მე - თქვენში.

21

რომელსა აქუნდენ მცნებანი ჩემნი და დაიმარხნეს იგინი, იგი არს, რომელსა უყუარ მე. ხოლო რომელსა უყუარდე მე, საყუარელ იყოს მამისა ჩემისა მიერ, და მეცა შევიყუარო იგი და გამოუცხადო მას თავი ჩემი.

ვისაც აქვს ჩემი მცნებანი და იცავს მათ, მას ვუყვარვარ, ხოლო ვისაც მე ვუყვარვარ, შეიყვარებს მას მამაჩემი; მეც შევიყვარებ და ჩემს თავს გამოვუცხადებ მას.

22

ჰრქუა მას იუდა, არა ისკარიოტელმან: უფალო, რაჲ არს, რამეთუ ჩუენ გამოგჳცხადებ თავსა შენსა და არა სოფელსა?

უთხრა მას იუდამ, არა ისკარიოტეღმა: უფალო, რა არის, რომ აპირებ ჩვენ გამოგვიცხადო თავი და არა ქვეყანას?

23

მიუგო იესუ და ჰრქუა მას: უკუეთუ ვისმე უყუარდე მე, სიტყუანი ჩემნი დაიმარხნეს, და მამამანცა ჩემმან შეიყუაროს იგი, და მოვიდეთ მისა და მის თანა დავადგრეთ.

მიუგო იესომ და უთხრა მას: ვისაც ვუყვარვარ, დაიცავს ჩემს სიტყვას, და მამაჩემი შეიყვარებს მას: ჩვენც მივალთ და მასთან დავივანებთ.

24

ხოლო რომელსა არა უყუარდე მე, სიტყუანი ჩემნი არა დაიმარხნეს; და სიტყუანი, რომელ გესმიან, არა ჩემნი არიან, არამედ მომავლინებელისა ჩემისა მამისანი.

ვისაც არ ვუყვარვარ, არ იცავს ჩემს სიტყვებს; ხოლო სიტყვა, რომელსაც ისმენთ, ჩემი კი არ არის, არამედ ჩემი მომავლინებელი მამისა.

25

ამას გეტყოდე თქუენ, რამეთუ თქუენ თანა ვიყავ.

თქვენთან მყოფმა გითხარით ეს.

26

ხოლო ნუგეშინის-მცემელი იგი სული წმიდაჲ, რომელი მოავლინოს სახელითა ჩემითა მამამან, მან გასწაოს თქუენ ყოველი და მოგაჴსენოს თქუენ ყოველი, რაოდენი გარქუ თქუენ.

ხოლო ნუგეშისმცემელი, სული წმიდა, რომელსაც მამა მოავლენს ჩემი სახელით, გასწავლით და მოგაგონებთ ყველაფერს, რაც მე გითხარით.

27

მშჳდობასა დაგიტევებ თქუენ, მშჳდობასა ჩემსა მიგცემ თქუენ; არა ვითარ სოფელმან მისცის, მიგცემ თქუენ. ნუ შეძრწუნდებიან გულნი თქუენნი, ნუცა ეშინინ.

მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, მშვიდთბას ჩემსას გაძლევთ თქვენ: მაგრამ ისე კი არა, როგორც იძლევა ქვეყანა. ნუ შეკრთება თქვენი გული, ნურც შეშინდება.

28

გესმა, რამეთუ გარქუ თქუენ: წარვალ და მოვიდე თქუენდა. უკუეთუმცა გიყუარდი მე, გიხაროდამცა, რამეთუ მივალ მამისა ჩემისა, რამეთუ მამაჲ ჩემი უფროჲს ჩემსა არს.

ხომ გაიგონეთ, რაც გითხარით: მე მივდივარ და კვლავ მოვალ თქვენთან. რომ გიყვარდეთ, გაიხარებდით, რადგანაც ვთქვი: მამასთან მივდივარ-მეთქი. ვინაიდან მამა ჩემზე უმეტესია.

29

და აწ გარქუ თქუენ, ვიდრე ყოფადმდე, რაჲთა, რაჟამს იყოს, გრწმენეს.

აწ გითხარით, ვიდრე ახდებოდეს, რათა ირწმუნოთ, როცა ახდება.

30

არღარა მრავალსა ვიტყოდი თქუენ თანა, რამეთუ მოვალს მთავარი იგი ამის სოფლისაჲ და ჩემ თანა პოოს არარაჲ.

ბევრს ვეღარაფერს გეტყვით, რადგანაც მოდის ამ ქვეყნის მთავარი, და არაფერი აქვს ჩემში.

31

არამედ რაჲთა ცნას სოფელმან, რამეთუ მიყუარს მე მამაჲ, და ვითარცა მამცნო მე მამამან, ეგრეთცა ვყო. აღდეგით და წარვიდეთ ამიერ.

მაგრამ რათა გაიგოს ქვეყანამ, რომ მიყვარს მამა, და როგორც მამამ მამცნო, ისე ვაკეთებ: ადექით, წავიდეთ.