სახარება იოანესაგან · თავი 17
ამას იტყოდა იესუ და აღიხილნა თუალნი თჳსნი ზეცად და თქუა: მამაო, მოიწია ჟამი ჩემი, ადიდე ძე შენი, რაჲთა ძემანცა შენმან გადიდოს შენ.
ასე რომ იუბნა იესომ, ზეცად აღაპყრო თვალი და თქვა: მამაო, მოვიდა ჟამი: განადიდე შენი ძე, რათა ძემაც განგადიდოს შენ.
ვითარცა-ესე მოეც მას ჴელმწიფებაჲ ყოველთა ჴორციელთაჲ, რაჲთა ყოველი რომელი მოეც მას, მისცეს მათ ცხორებაჲ საუკუნოჲ.
რადგანაც მიეცი ხელმწიფება ყველა ხორციელზე, რათა ყველაფერს, რაც მიეცი, საუკუნო სიცოცხლე მისცეს.
და ესე არს ცხორებაჲ საუკუნოჲ, რაჲთა გიცოდიან შენ მხოლოჲ ჭეშმარიტი ღმერთი და რომელი მოავლინე იესუ ქრისტე.
საუკუნო სიცოცხლე კი ის არის, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და იმას, ვინც შენ მოავლინე - იესო ქრისტეს.
მე გადიდე შენ ქუეყანასა ზედა, საქმე აღვასრულე, რომელი მომეც მე, რაჲთა ვყო.
მე განგადიდე დედამიწაზე; აღვასრულე საქმე, რომელიც მომეცა აღსასრულებლად.
და აწ მადიდე მე, მამაო, თავისა შენისა თანა დიდებითა მით, რომელი მაქუნდა წინაშე შენსა უწინარეს სოფლის დაბადებისა.
ახლა კი შენ განმადიდე, მამაო, იმავ დიდებით, შენთან რომ მქონდა ქვეყნის შექმნამდე.
გამოუცხადე სახელი შენი კაცთა, რომელნი მომცენ მე სოფლისა ამისგან; შენნი იყვნეს და მე მომცენ იგინი, და სიტყუჲ შენი დაუმარხავს.
გამოვუცხადე შენი სახელი ადამიანებს, რომლებიც მომეცა ქვეყნისაგან; შენი იყვნენ და მე მომეცი, და დაიცვეს შენი სიტყვა.
და აწ უცნობიეს, რამეთუ ყოველი, რომელი მომეც მე, შენგან არს.
ახლა შეიცნეს, რომ ყველაფერი, რაც მომეცი, შენგანაა.
რამეთუ სიტყუანი, რომელნი მომცენ მე, მივსცენ მათ, და მათ მიიხუნეს და ცნეს ჭეშმარიტად, რამეთუ შენგან გამოვედ, და ჰრწმენა, რამეთუ შენ მომავლინე მე.
რადგანაც შენგან მოცემული სიტყვები მათ მივეცი, ხოლო მათ მიიღეს და სცნეს ჭეშმარიტად, რომ შენგან გამოვედი, და ირწმუნეს, რომ შენ მომავლინე.
მე მათთჳს გკითხავ; არა თუ სოფლისათჳს გკითხავ, არამედ მათთჳს, რომელნი მომცენ მე, რამეთუ შენნი არიან.
მათთვის გევედრები; ქვეყნისთვის კი არ გევედრები, არამედ მათთვის, ვინაიდან შენი არიან.
და ჩემი ყოველი შენი არს, და შენი ჩემი არს, და დიდებულ ვარ მე მათ შორის.
ყველაფერი ჩემი შენია, შენი კი - ჩემი; და მე ვიდიდე მათში.
და არღარა ვარ მე სოფელსა ამას, და ესენი სოფელსა შინა არიან, და მე შენდა მოვალ. მამაო წმიდაო, დაიცვენ ესენი სახელითა შენითა, რომელნი მომცენ მე, რაჲთა იყვნენ ერთობით, ვითარცა ჩუენ.
მე უკვე აღარა ვარ ამ ქვეყნად, ისინი კი არიან; ხოლო მე შენთან მოვდივარ, წმიდა მამაო; დაიცავი ისინი შენი სახელით, ვინც მე მომეცი, რათა იყვნენ ჩვენსავით ერთნი.
ოდეს ვიყავ მათ თანა სოფელსა შინა, მე ვსცევდ მათ სახელითა შენითა; რომელნი მომცენ მე, დავიცვენ, და არავინ მათგანი წარწყმდა, გარნა ძე იგი წარწყმედისაჲ, რაჲთა წერილი აღესრულოს.
როცა მათთან ვიყავი, შენი სახელით ვიცავდი მათ, ვინც მე მომეცი: დავიფარე ისინი და არცერთი არ დამიღუპავს, გარდა დაღუპვის ძისა, რათა აღსრულდეს წერილი.
ხოლო აწ შენდა მოვალ და ამას ვიტყჳ სოფელსა შინა, რაჲთა აქუნდეს მათ სიხარული ჩემი სავსებით.
ახლა კი შენთან მოვდივარ და ამას ვამბობ ქვეყნად, რათა ჰქონდეთ სრულად ჩემი სიხარული.
მე მივსცენ მათ სიტყუანი შენნი, და სოფელმან მოიძულნა იგინი, რამეთუ არა არიან სოფლისა ამისგანნი, ვითარცა მე არა ვარ სოფლისა ამისგან.
მე მათ მივეცი შენი სიტყვები და ქვეყანამ მოიძულა ისინი, ვინაიდან ამ ქვეყნისანი არ არიან, როგორც მე არა ვარ ამქვეყნიერი.
არა ვიტყჳ, რაჲთა აღიხუნე იგინი სოფლისაგან, არამედ რაჲთა დაიცვნე იგინი ბოროტისაგან.
არ გევედრები, რომ აიტაცო ისინი ამ ქვეყნიდან, არამედ, რათა ბოროტისაგან დაიფარო ისინი.
სოფლისაგანნი არა არიან, ვითარცა მე არა სოფლისაგანი ვარ.
ამ ქვეყნისანი არ არიან, როგორც მე არა ვარ ამქვეყნიერი.
წმიდა-ყვენ ესენი ჭეშმარიტებითა, რამეთუ სიტყუაჲ შენი ჭეშმარიტ არს.
გაწმინდე ისინი ჭეშმარიტებით, რადგანაც ჭეშმარიტია შენი სიტყვა.
ვითარცა მომავლინე მე სოფლად, მეცა წარვავლინებ მათ სოფლად.
როგორც შენ მომავლინე ამ ქვეყნად, ისე მე მივავლინე ისინი ქვეყნად.
და მათთჳს წმიდა-ვჰყოფ თავსა ჩემსა, რაჲთა იგინიცა იყვნენ წმიდა ჭეშმარიტებით.
მე მათთვის გავწმენდ ჩემს თავს, რათა ისინიც წმიდანი იყვნენ ჭეშმარიტებით.
და არა ამათთჳს ხოლო გკითხავ, არამედ ყოველთათჳს, რომელთა ჰრწმენეს სიტყჳთა მათითა ჩემდა მომართ;
მარტო მათთვის როდი გევედრები, არამედ ყველასთვის, ვისაც ვწამვარ მათივე სიტყვით.
რაჲთა ყოველნი ერთ იყვნენ, ვითარცა შენ, მამაო, ჩემდამო, და მე შენდამი, რაჲთა იგინიცა ჩუენ შორის ერთ იყვნენ, რაჲთა სოფელსა ჰრწმენეს, რამეთუ შენ მომავლინე მე.
რათა ყველანი ერთი იყვნენ, როგორც შენ, მამაო, ჩემში, ხოლო მე - შენში, და ირწმუნოს ქვეყანამ, რომ შენ მომავლინე.
და მე დიდებაჲ, რომელი მომეც მე, მივეც მათ, რაჲთა იყვნენ ერთ, ვითარცა ჩუენ ერთ ვართ.
დიდება, რომელიც შენ მომეცი, მე მათ მივეცი, რათა იყვნენ ჩვენსავით ერთი.
მე მათ შორის, და შენ ჩემ თანა, რაჲთა იყვნენ სრულ ერთობითა, და რაჲთა უწყოდის სოფელმან, რამეთუ შენ მომავლინე მე და შეიყუარენ იგინი, ვითარცა მე შემიყუარე.
მე მათში, ხოლო შენ - ჩემში, რათა სრულნი იყვნენ ერთობით, და შეიცნოს ქვეყანამ, რომ შენ მომავლინე და ისე შეიყვარე ისინი, როგორც მე შემიყვარე.
მამაო, რომელნი-ესე მომცენ მე, მნებავს, რაჲთა, სადაცა მე ვიყო, იგინიცა ჩემ თანა იყვნენ, რაჲთა ხედვიდენ დიდებასა ჩემსა, რომელი მომეც მე, რამეთუ შემიყუარე მე უწინარეს სოფლის დაბადებისა.
მამაო, სადაც მე ვიქნები, მსურს იქვე იყვნენ ისინიც, ვინც მე მომეცი, რათა ხედავდნენ ჩემს დიდებას, შენ რომ მომეცი, რადგანაც შემიყვარე ქვეყნის შექმნამდე.
მამაო მართალო, და სოფელმან შენ არა გიცნა, ხოლო მე გიცან შენ, და მათცა ცნეს, რამეთუ შენ მომავლინე მე.
მამაო მართალო! ქვეყანამ ვერ გიცნო, მე კი გიცანი, და მათაც სცნეს, რომ შენ მომავლინე.
და ვაუწყე სახელი შენი და ვაუწყო, რაჲთა სიყუარულითა მით რომლითა შემიყუარე მე, მათ შორის იყოს, და მე მათ თანა.
მე ვაუწყე მათ შენი სახელი და კვლავაც ვაუწყებ, რათა სიყვარული, რომლითაც შემიყვარე, მათში იყოს და მეც ვიყო მათში.
