სახარება იოანესაგან · თავი 13

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

და უწინარეს დღესასწაულისა მის პასექისა იცოდა იესუ, რამეთუ მოიწია ჟამი მისი, რაჲთა განვიდეს ამიერ სოფლით და მივიდეს მამისა, რამეთუ შეიყუარნა თჳსნი იგი ამას სოფელსა შინა და სრულიად შეიყუარნა იგინი.

პასექის დღესასწაულის წინ იცოდა იესომ, რომ მოაწია მისმა ჟამმა, რათა გასულიყო ამ ქვეყნიდან მამამისთან მისასვლელად, ვინაიდან შეიყვარა თავისიანები, რომლებიც იყვნენ ამ ქვეყნად, და შეიყვარა ისინი აღსასრულამდე.

2

და ვითარცა სერობაჲ იგი იყო, და ეშმაკი შესრულ იყო გულსა იუდაჲსსა, სიმონ ისკარიოტელისასა, რაჲთა განსცეს იგი.

სერობის ჟამს, როცა ეშმაკს უკვე ჩაენერგა სიმონის იუდას, ისკარიოტელის გულში მისი გაცემა,

3

იცოდა იესუ, რამეთუ ყოველივე მოსცა მას მამამან ჴელთა მისთა, და რამეთუ ღმრთისაგან გამოვიდა და ღმრთისა მივალს.

იესო, რომელმაც იცოდა, რომ მამამ ყველაფერი ხელთ მისცა და ღმრთისგან გამოსული ღმრთისკენვე მიდის,

4

აღდგა სერობისა მისგან და დადვა სამოსელი თჳსი და მოიღო არდაგი და მოირტყა იგი.

წამოდგა სერობიდან, მოიძრო მოსასხამი, აიღო პირსახოცი და წელზე მოირტყა.

5

და მოიღო წყალი და შთაასხა საბანელსა მას და იწყო ბანად ფერჴთა მოწაფეთა თჳსთა და წარჰჴოცდა არდაგითა მით, რომელი მოერტყა.

მერე საბანელში ჩაასხა წყალი და შეუდგა მოწაფეთა ფეხების ბანას და პირსახოცით შემშრალებას, წელზე რომ ერტყა.

6

და მოვიდა სიმონ-პეტრესა. ჰრქუა მას პეტრე: უფალო, შენ დამბანა ფერჴთა ჩემთა?

მივიდა სიმონ-პეტრესთან, და უთხრა პეტრემ: უფალო, შენა მბან ფეხებს?

7

მიუგო იესუ და ჰრქუა: რომელსა მე ვიქმ, არა იცი აწ, ხოლო სცნა ამისა შემდგომად.

მიუგო იესომ და უთხრა მას: რასაც ვაკეთებ, ჯერ არ იცი, მხოლოდ ამის შემდეგ გაიგებ.

8

ჰრქუა მას პეტრე: არა დამბანნე ფერჴნი ჩემნი უკუნისამდე. ჰრქუა მას იესუ: უკუეთუ არა დაგბანნე შენ ფერჴნი, არა გაქუნდეს ნაწილი ჩემ თანა.

უთხრა მას პეტრემ: არ დამბან ფეხებს უკუნისამდე. მიუგო მას იესომ: თუკი არ დაგბან, ჩემთან არ გექნება წილი.

9

ჰრქუა მას სიმონ-პეტრე: უფალო, ნუ ხოლო ფერჴნი ჩემნი, არამედ ჴელნიცა და თავიცა ჩემი.

უთხრა მას სიმონ-პეტრემ: უფალო, მარტო ფეხებს კი არა, არამედ ხელებსაც და თავსაც.

10

ჰრქუა მას იესუ: განბანილსა მას არა უჴმს, გარნა ფერჴნი ხოლო დაბანად, რამეთუ ყოვლად წმიდა არს იგი, და თქუენცა წმიდა ხართ, არამედ არა ყოველნი.

უთხრა მას იესომ: განბანილს არაფერი სჭირდება, ფეხების დაბანის გარდა, ვინაიდან სულ მთლად სუფთაა, და თქვენც სუფთანი ხართ, მაგრამ ყველანი არა.

11

რამეთუ იცოდა იესუ მიმცემელი იგი. ამისთჳს თქუა, ვითარმედ: არა ყოველნი წმიდა ხართ.

ვინაიდან იცნობდა თავის გამცემს. ამიტომაც თქვა: ყველანი როდი ხართ სუფთანიო.

12

და ოდეს დაჰბანნა ფერჴნი მათნი, მოიღო სამოსელი თჳსი და ინაჴ-იდგა და მერე ჰრქუა მათ: უწყითა, რაჲ-ესე გიყავ თქუენ?

ფეხები, რომ დაბანა მათ, აიღო თავისი მოსასხამი, კვლავ ინახად დაჯდა და უთხრა მათ: იცით, რა გიყავით?

13

თქუენ მხადით მე: მოძღუარო და უფალო, და კეთილად სთქუთ, რამეთუ ვარ.

თქვენ მე მოძღვარსა და უფალს მიწოდებთ, და სწორსაც ამბობთ, რადგანაც ვარ.

14

უკუეთუ მე დაგბანენ ფერჴნი, უფალმან და მოძღუარმან, თქუენცა თანა-გაც ურთიერთას დაბანად ფერჴთა.

ხოლო თუ მე, მოძღვარმა და უფალმა, დაგბანეთ ფეხები, თქვენც ასევე უნდა ჰბანდეთ ფეხებს ერთმანეთს.

15

რამეთუ სახე მიგეც თქუენ, რაჲთა, ვითარცა-ესე მე გიყავ თქუენ, ეგრეთვე თქუენცა ჰყოფდეთ.

რადგან მაგალითი მოგეცით, რათა, როგორც მე მოგექეცით, თქვენც ასევე მოიქცეთ.

16

ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: არა არს მონაჲ უფროჲს უფლისა თჳსისა, არცა მოციქული უფროჲს მომავლინებელისა თჳსისა.

ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ არის მონა თავის მბრძანებელზე უმეტესი, და არც მოციქული - თავის მომავლინებეღზე უპირატესი.

17

ესე თუ სცნათ, ნეტარ ხართ, უკუეთუ ჰყოფდეთ ამას.

თუ ეს იცით, ნეტარნი ხართ, თუკი ასრულებთ ამას.

18

არა თქუენ ყოველთათჳს ვიტყჳ, რამეთუ მე გიცნი, რომელნი გამოგირჩიენ, არამედ რაჲთა წერილნი იგი აღესრულნენ: რომელი ჭამდა ჩემ თანა პურსა, აღიღო ჩემ ზედა ბრჭალი მისი.

ყველა თქვენგანზე როდი ვამბობ; მე ვიცი, ვინც ავირჩიე. მაგრამ უნდა აღსრულდეს წერილი: ჩემთან პურის მჭამელმა ჩემზე აღმართა თავისი ქუსლი.

19

ამიერითგან გეტყჳ თქუენ ვიდრე ყოფადმდე, რაჲთა, რაჟამს იყოს, გრწმენეს თქუენ, რამეთუ მე ვარ.

ახლა გეუბნებით, ვიდრე ეს ახდებოდეს, რათა, როცა ახდება, ირწმუნოთ, რომ მე ვარ.

20

ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ ვინმე შეიწყნაროს, რომელი მე მივავლინო, მე შემიწყნარებს; და რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნარებს მომავლინებელსა ჩემსა.

ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც შეიწყნარებს ჩემს მიერ მოვლინებულს, მე შემიწყნარებს, ხოლო ვინც მე შემიწყნარებს, შეიწყნარებს ჩემს მომავლინებელს.

21

ესე თქუა იესუ და შეძრწუნდა სულითა და წამა და თქუა: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე.

ეს რომ თქვა, შეიძრა იესო სულით, იმოწმა და თქვა: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით: ერთი თქვენგანი გამცემს მე.

22

ხედვიდეს უკუე ურთიერთას მოწაფენი და არა იცოდეს, ვისთჳს იტყოდა.

მოწაფეები ერთმანეთს მისჩერებოდნენ და ვერ გაეგოთ, ვისზე თქვა ეს.

23

და იყო ერთი მოწაფეთა მისთაგანი მიყრდნობილ წიაღთა თანა იესუჲსთა, რომელი-იგი უყუარდა იესუს.

ხოლო ერთი მოწაფეთაგანი, რომელიც უყვარდა იესოს, მკერდზე მიყრდნობოდა მას.

24

წამ-უყვნა მას სიმონ-პეტრე, რაჲთა ჰკითხოს, ვინ არს, რომლისათჳს იტყჳს?

სიმონ-პეტრემ ანიშნა მას და უთხრა: ჰკითხე, ვინ არის, ვისზედაც ამას ამბობსო.

25

ხოლო იგი მიეყრდნა მკერდსა იესუჲსსა და ჰრქუა მას: უფალო, ვინ არს?

ხოლო ის მკერდზე მიეკრა იესოს და უთხრა: უფალო, ვინ არის?

26

მიუგო იესუ და ჰრქუა: რომელსა მე დავაწო პური და მივსცე, იგი არს. და დააწყო პური იგი და მისცა იუდას სიმონისსა, ისკარიოტელსა.

იესომ მიუგო: ის არის, ვისაც ჩაწებულ ლუკმას მივცემ. ჩააწო ლუკმა და მისცა იუდას, სიმონის ძეს, ისკარიოტელს.

27

და შემდგომად მიღებისა იუდაჲსა პურისა მის შევიდა მისა ეშმაკი. და ჰრქუა მას იესუ: რომელი გეგულების საქმედ, ყავ ადრე.

ამ ლუკმის შემდეგ შევიდა მასში სატანა. და უთხრა მას იესომ: რასაც აკეთებ, მალე გააკეთე.

28

ესე უკუე არავინ ცნა ინაჴით-მჯომარეთაგანმან იესუჲს თანა, რაჲსათჳს ჰრქუა მას.

მაგრამ ინახად მსხდომთაგან ვერავინ მიხვდა, რად უთხრა ეს.

29

რამეთუ რომელნიმე ჰგონებდეს: ვინაჲთგან გუადრუცი იგი იუდას აქუნდა, ვითარმედ ჰრქუა მას იესუ: იყიდე, რაჲ-იგი გჳჴმდეს დღესასწაულსა ამას, გინა თუ მიცემად რაჲმე გლახაკთა.

ვინაიდან ზოგიერთს ეგონა, რაკი ყულაბა იუდას ებარა, იესო ეუბნება მას: იყიდე, რაც სადღესასწაულოდ გვჭირდება, ან კიდევ გლახაკთა გასაკითხადო.

30

ხოლო მან მიიღო პური იგი და მეყსეულად განვიდა. და იყო ღამე.

ხოლო ის, ლუკმის მიღებისთანავე, გავიდა. და იყო ღამე.

31

და ვითარცა განვიდა იუდა, თქუა იესუ: აწ იდიდა ძე კაცისაჲ, და ღმერთიცა იდიდა მის თანა.

როგორც კი გავიდა, იესომ თქვა: აწ იდიდა ძე კაცისა, და ღმერთი იდიდა მის მიერ.

32

უკუეთუ ღმერთი იდიდა მის თანა, ღმერთმანცა ადიდოს იგი თავისა თჳსისა თანა და მეყსეულად ადიდოს იგი.

ხოლო თუ ღმერთი იდიდა მის მიერ, ღმერთიც ადიდებს მას თავის მიერ, და ადიდებს მას მალე.

33

შვილნო, მცირედ ჟამ თქუენ თანა ვარ. და მეძიედეთ მე, და ვითარცა-იგი ვარქუ ჰურიათა, ვითარმედ: ვიდრე-იგი მე მივალ, თქუენ ვერ ჴელ-გეწიფების მოსლვად; და აწ თქუენ გეტყვ.

შვილებო, ცოტა ხანსღა ვარ თქვენთან; ძებნას დამიწყებთ, და რაც ვუთხარი იუდეველებს: სადაც მე მივალ, თქვენ ვერ მოხვალთ-მეთქი, იმასვე გეუბნებით თქვენც ახლა.

34

მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას.

ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. და როგორც მე შეგიყვარეთ, ასევე გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი.

35

ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას.

იმით გიცნობთ ყველა, რომ ჩემი მოწაფეები ხართ, თუ გექნებათ სიყვარული ერთმანეთს შორის.

36

ჰრქუა მას სიმონ-პეტრე: უფალო, ვიდრე ხუალ? ჰრქუა მას იესუ: ვიდრე-იგი მე მივალ, შენ ვერ ძალ-გიც მოსლვად აწ, ხოლო მერმე მომდევდე მე.

ჰკითხა მას სიმონ-პეტრემ: უფალო, სად მიხვალ? იესომ მიუგო: სადაც მე მივალ, შენ ვერ გამომყვები ამჟამად, შემდეგ კი გამომყვები.

37

ჰრქუა მას პეტრე: უფალო, რაჲსა ვერ ძალ-მიც მიდევნებად შენდა? აწ სული ჩემი შენთვის დავდვა.

უთხრა მას პეტრემ: უფალო, რატომ ვერ გამოგყვები ამჟამად? სულს დავდებ შენთვის.

38

მიუგო იესუ და ჰრქუა მას: სული შენი ჩემთჳს დასდვაა? ამენ, ამენ გეტყჳ შენ: არღარა ეყივლოს ქათამსა, ვიდრემდის უვარ-მყო მე სამ-გზის.

იესომ მიუგო: სულს დადებ ჩემთვის? ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები: მამლის ყივილამდე სამჯერ უარმყოფ მე.