სახარება მათესაგან · თავი 13
მას დღესა შინა გამოვიდა იესუ სახლისა მისგან და დაჯდა იგი ზღჳს-კიდესა.
იმ დღეს სახლიდან გამოვიდა იესო და ზღვის პირას დაჯდა.
და შეკრბა მისა ერი მრავალი, ვიდრე შესლვადმდე მისა ნავად და დაჯდომად. და ყოველი იგი ერი ზღჳს-კიდესა დგა.
და შემოკრბა მის ირგვლივ დიდძალი ხალხი, ისე, რომ ნავში შევიდა და დაჯდა, ხოლო მთელი ხალნი ნაპირზე იდგა.
და ეტყოდა მათ მრავალსა იგავით და ჰრქუა: ესერა გამოვიდა მთესვარი თესვად.
ბევრ რასმე ასწავლიდა მათ იგავებით და ამბობდა: აჰა, გამოვიდა მთესავი თესვად.
და თესვასა მას მისსა რომელიმე დავარდა გზასა ზედა. და მოვიდეს მფრინველნი ცისანი და შეჭამეს იგი.
ხოლო თესვისას ზოგი მარცვალი გზის პირას დავარდა, და მოფრინდნენ ფრინველები და აკენკეს ისინი.
და სხუაჲ დავარდა კლდოვანსა ზედა, სადა არა იყო მიწაჲ ფრიად; და მეყსეულად აღმოსცენდა, და რამეთუ არა იყო სიღრმე მიწისაჲ,
ზოგიც ქვიან ადგილას დავარდა, სადაც ბლომად არ იყო მიწა, და მალე აღმოცენდა, ვინაიდან ნიადაგი არ იყო ღრმა.
მზე რაჲ აღმოჰჴდა, დასცხა, და რამეთუ ძირნი არა დაებნეს, განჴმა.
მაგრამ ამოვიდა თუ არა მზე, დაჭკნა, და რადგან ფესვი არ ჰქონდა, გახმა.
და სხუაჲ იგი დავარდა ეკალთა შორის, და აღმოსცენდეს ეკალნი და შეაშთვეს იგი.
ზოგი კი ეკალ-ბარდებში ჩაცვივდა; იზარდა ეკალი და ერთიანად მოაშთო ყველა.
და რომელიმე დავარდა ქუეყანასა კეთილსა და მოსცემდა ნაყოფსა: რომელიმე ასსა, რომელიმე სამეოცსა, რომელიმე ოც და ათსა.
ხოლო ზოგი პოხიერ ნიადაგზე დაეცა და ნაყოფიც გამოიღო: ზოგმა ასი, ზოგმა სამოცი და ზოგმაც ოცდაათი.
რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!
ვისაც აქვს ყურნი სმენად, ისმინოს!
და მოუჴდეს მოწაფენი და ჰრქუეს მას: რაჲსათჳს იგავით ეტყჳ მათ?
მივიდნენ მოწაფეები და უთხრეს მას: რატომ ელაპარაკები მათ იგავებით?
ხოლო იესუ ჰრქუა მათ: თქუენდა მოცემულ არს ცნობად საიდუმლოჲ სასუფეველისა ცათაჲსაჲ, ხოლო მათდა არა მიცემულ არს.
ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: იმიტომ, რომ თქვენ მოგეცათ ცათა სასუფევლის საიდუმლოთა ცოდნა, ხოლო ამათ არ მისცემია.
რამეთუ რომელსა აქუნდეს, მიეცეს და მიემატოს; და რომელსა არა აქუნდეს, და რომელღა-იგი აქუს, მო-ვე-ეღოს მას.
რადგან ვისაც აქვს, მას მიეცემა და მიემატება, ხოლო ვისაც არა აქვს, წაერთმევა ისიც, რაცა აქვს.
ამისთჳს იგავით ვეტყჳ მათ, რამეთუ ხედვენ და არა ხედვენ, ესმის და არა ესმის, არცა გულისჴმა-ყვიან.
იგავებით იმიტომ ველაპარაკები მათ, რომ მხედველნი ვერას ხედავენ, მსმენელნი ვერას ისმენენ, და არც არა გაეგებათ რა.
და აღესრულების მათ ზედა წინაწარმეტყუელებაჲ იგი ესაიაჲსი: სმენით გესმოდის და არა გულისჴმა-ჰყოთ, ხედვით ხედვიდეთ და არა იხილოთ.
და მართლდება მათ მიმართ წინასწარმეტყველება ესაიასი, რომელიც ამბობს: სმენით მოისმინეთ და ვერას გაიგებთ, ხილვით იხილავთ და ვერ დაინახავთ.
რამეთუ განზრქნა გული ერისაჲ ამის, და ყურთა მძიმედ ისმინეს, და თუალნი მათნი დაიწუხნეს, ნუუკუე იხილონ თუალითა და ყურითა ისმინონ და გულითა გულისჴმა-ყონ და მოიქცენ, და მე განვკურნე იგინი.
რადგან გამქისდა ამ ხალხის გული, დაეხშოთ ყური და დაევსოთ თვალი, რათა არ იხილონ თვალით, არ ისმინონ ყურით, არ იგრძნონ გულით, და არ მოიქცნენ, რათა განვკურნო ისინი.
ხოლო თუალნი თქუენნი ნეტარ არიან, რამეთუ ხედვენ, და ყურნი თქუენნი, რამეთუ ესმის.
ხოლო ნეტარ არიან თქვენი თვალნი იმიტომ, რომ ხედავენ, და თქვენი ყურნი იმიტომ, რომ ისმენენ.
ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მრავალთა წინაწარმეტყუელთა და მართალთა გული-უთქუმიდა ხილვად, რომელსა თქუენ ხედავთ, და არა იხილეს, და სმენად, რომელი თქუენ გესმის, და არა ესმა.
ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მრავალ წინასწარმეტყველსა და მართალს სურდათ ეხილათ ის, რასაც ხედავთ, და ვერ იხილეს; და ესმინათ ის, რასაც ისმენთ, და ვერ ისმინეს.
ხოლო თქუენ ისმინეთ იგავი ესე მთესვარისაჲ.
მაშ, ისმინეთ მთესავის იგავი:
ყოველსა რომელსა ესმეს სიტყუაჲ სასუფეველისაჲ და არა გულისჴმა-ყოს, მოვიდის უკეთური იგი და მისტაცის დათესული იგი გულისაგან მისისა: ესე არს, რომელი-იგი გზასა ზედა დაეთესა.
ყველას, ვინც ისმენს სასუფევლის სიტყვას, მაგრამ არ ესმის იგი, მიადგება უკეთური და მოსტაცებს გულში ჩათესილს: ეს არის თესლი, გზის პირას რომ დაითესა.
ხოლო რომელი-იგი კლდოვანსა ზედა დაეთესა, ესე არს: რომელმან სიტყუაჲ იგი ისმინის და მეყსეულად სიხარულით მიიღის იგი.
ხოლო ქვიან ადგილას დათესილი ის არის, ვინც ისმენს სიტყვას და მაშინვე სიხარულით იღებს მას.
ხოლო ძირი არა აქუნ გულსა თჳსსა, არამედ საწუთო არნ. და რაჟამს არნ ჭირი ანუ დევნაჲ სიტყჳსა მისთჳს, მეყსეულად დაჰბრკოლდის იგი.
მაგრამ ფესვი არა აქვს მასში, და ამიტომ უდღეურია; და როდესაც მოაწევს ჭირის დღე ან დევნა სიტყვის გამო, მყისვე ცდუნდება.
ხოლო რომელი-იგი ეკალთა შორის დაეთესა, ესე არს: რომელმან სიტყუაჲ იგი ისმინის, და ზრუნვამან ამის სოფლისამან და საცთურმან სიმდიდრისამან შეაშთვის სიტყუაჲ იგი, და უნაყოფო იქმნის.
ხოლო ეკალ-ბარდებში დათესილი ის არის, ვინც ისმენს სიტყვას, მაგრამ სოფლის საზრუნავი და სიმდიდრის საცდური აშთობენ სიტყვას და უნაყოფოს ხდიან მას.
ხოლო რომელი-იგი ქუეყანასა კეთილსა დაეთესა, ესე არს: რომელმან სიტყუაჲ იგი ისმისა და გულისჴმა-ყო, რომელმან გამოიღო ნაყოფი და ყო რომელმანმე ასე, რომელმანმე სამეოცი და რომელმანმე ოც და ათი.
პოხიერ ნიადაგზე დათესილი კი ის არის, ვინც ისმენს და კიდეც შეიგნებს სიტყვას, და ამიტომაც გამოაქვს ნაყოფი; ერთი ასად, ერთი სამოცად თუ ერთი ოცდაათად.
სხუაჲ იგავი დაუდგა მათ და ჰრქუა: ემსგავსა სასუფეველი ღმრთისაჲ კაცსა, რომელმან დასთესა თესლი კეთილი აგარაკსა თჳსსა.
სხვა იგავიც შესთავაზა და უთხრა მათ: ცათა სასუფეველი მსგავსია კაცისა, საღი თესლი რომ დათესა თავის ყანაში.
და ვითარცა დაიძინეს კაცთა მათ, მოვიდა მტერი მისი და დასთესა ღუარძლი შორის იფქლსა მას და წარვიდა.
ხოლო როდესაც ეძინა ხალხს, მოვიდა მისი მტერი, ღვარძლი ჩათესა ყანაში და წავიდა.
და ოდეს აღმოსცენდა ჯეჯლი იგი და ნაყოფი გამოიღო, მაშინ გამოჩნდა ღუარძლი იგი.
როდესაც აღმოცენდა ჯეჯილი და თავთავი დაისხა, ღვარძლმაც მაშინ იჩინა თავი.
მოვიდეს მონანი იგი და უთხრეს სახლისა უფალსა მას და ჰრქუეს: უფალო, ანუ არა თესლი კეთილი დასთესეა აგარაკსა შენსა? ვინაჲ აღმოსცენდა ღუარძლი?
მივიდნენ მონები ყანის პატრონთან და უთხრეს: ბატონო, შენ ხომ საღი თესლი დათესე ყანაში: საიდანღა აქვს ღვარძლი?
ხოლო მან ჰრქუა: მტერმან კაცმან ყო იგი. ხოლო მონათა მათ ჰრქუეს მას: გნებავსა, რაჲთა მივიდეთ და გამოვარჩიოთ იგი?
ხოლო მან უთხრა მათ: მტერმა ქნა ეს. მონებმა კი უთხრეს: თუ გნებავს, მივალთ და გავმარგლავთ ყანას.
ხოლო მან ჰრქუა მათ: არა, ნუუკუე შეკრებასა ღუარძლისასა აღმოჰფხურათ იფქლიცა.
მაგრამ მან თქვა: არა, რათა მარგვლისას ღვარძლს ჯეჯილიც არ მიაყოლოთ.
აცადეთ იგი თანა-აღორძინებად ურთიერთას, ვიდრე ჟამადმდე მკისა, და ჟამსა მკისასა უბრძანო მომკალთა მათ: შეკრიბეთ პირველად ღუარძლი იგი და შეკართ ძნეულად, რაჲთა დაიწუას იგი, ხოლო იფქლი იგი შეკრიბეთ საუნჯესა ჩემსა.
აცადეთ, ერთად იზარდონ მკამდე; ხოლო მკისას ვუბრძანებ მომკალთ: თავდაპირველად შეკრიბეთ ღვარძლი, ძნებად შეკარით და ცეცხლი წაუკიდეთ, ხორბალი კი შეინახეთ ჩემს ბეღელში.
სხუასა იგავსა ეტყოდა მათ და ჰრქუა: მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ მარცუალსა მდოგჳსასა, რომელი მოიღო კაცმან და დასთესა თჳსსა მტილსა,
სხვა იგავიც შესთავაზა მათ და უთხრა: ცათა სასუფეველი მსგავსია მდოგვის მარცვლისა, რომელიც აიღო კაცმა და დათესა თავის ყანაში;
რომელი უმცირეს არს ყოველთა თესლთა, ხოლო რაჟამს აღორძნდის, უფროჲს ყოველთა მხალთა არნ იგი, და იქმნის იგი ხე დიდ, ვიდრემდის მოვიდიან მფრინველნი ცისანი და დაადგრიან რტოთა მისთა.
ეს მარცვალი ყოველნაირ თესლზე მცირეა, მაგრამ როცა ამოვა, ყველა მწვანილზე დიდი ხდება და ხედ იქცევა, ისე რომ, მოფრინავენ ცის ფრინველები და მის ტოტებზე იბუდებენ.
მერმე სხუასა იგავსა ეტყოდა მათ და ჰრქუა: მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ ცომსა, რომელი მოიღო დედაკაცმან და შეჰრთო იგი ფქვილსა სამსა საწყაულსა, ვიდრემდის აღაფუვნა იგი ყოვლად.
მერე სხვა იგავიც უთხრა მათ: ცათა სასუფეველი მსგავსია საფუარისა, რომელიც აიღო ქალმა და მოზილა იმით სამი საწყაო ფქვილი, ვიდრე მთელი ცომი არ აფუვდა.
ამას ყოველსა ეტყოდა იესუ იგავით ერსა მას და თჳნიერ იგავისა არარას ეტყოდა მათ.
ყოველივე ამას იგავებით ეუბნებოდა ხალხს იესო და გარდა იგავისა არაფერს ეტყოდა მათ.
რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი წინაწარმეტყუელისა მიერ თქუმული: აღვაღო იგავით პირი ჩემი და ვიტყოდი დაფარულთა დასაბამითგან სოფლისაჲთ.
რათა აღსრულდეს წინასწარმეტყველის მიერ თქმული, რომელიც ამბობს: გავხსნი ჩემს ბაგეს იგავთ სათქმელად, და ვიტყვი, რაც დაფარულია ქვეყნის დასაბამიდან.
მაშინ დაუტევა იესუ ერი იგი და მოვიდა სახლსა. და მოუჴდეს მას მოწაფენი მისნი და ჰრქუეს: გამოგჳთარგმანე ჩუენ იგავი იგი ღუარძლისაჲ და აგარაკისაჲ.
მაშინ გაუშვა იესომ ხალხი და სახლში დაბრუნდა. მიუახლოვდნენ მისი მოწაფეები და უთხრეს: განგვიმარტე ღვარძლისა და ყანის იგავი.
ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: რომელი სთესავს თესლსა კეთილსა, ძე კაცისაჲ არს;
ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: საღი თესლის მთესავი ძეა კაცისა.
ხოლო აგარაკი იგი ესე სოფელი არს; ხოლო თესლნი იგი კეთილნი ესე არიან ძენი სასუფეველისანი, და ღუარძლნი იგი არიან ძენი უკეთურისანი.
ყანა არის ქვეყანა; საღი თესლი სასუფევლის ძენი არიან, ხოლო ღვარძლი - უკეთურის ძენი.
ხოლო მტერი იგი, რომელმან დათესა იგი, ეშმაკი არს; და მკაჲ იგი არს აღსასრული ამის სოფლისაჲ. და მომკალნი იგი არიან ანგელოზნი.
ღვარძლის მთესავი მტერი ეშმაკია: მკა - ქვეყნის დასასრული, და მომკალნი - ანგელოზები.
ვითარცა იგი შეკრიბიან ღუარძლი და ცეცხლითა დაწჳან, ეგრეთ იყოს აღსასრული ამის სოფლისაჲ.
როგორც შეკრებენ ღვარძლს და ცეცხლს მისცემენ, ასევე იქნება ქვეყნის დასასრულს.
რამეთუ მოავლინნეს ძემან კაცისამან ანგელოზნი თჳსნი, და შეკრიბნენ სუფევისაგან მისისა ყოველნი საცთურნი და მოქმედნი უსჯულოებისანი
რადგან მოავლინებს ძე კაცისა თავის ანგელოზებს, და შეკრებენ მის სასუფეველში ყოველი საცდურისა და ურჯულოების მოქმედთ.
და შესთხინენ იგინი საჴუმილსა მას ცეცხლისასა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ.
და ჩაყრიან მათ სახმილის ცეცხლში: და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი.
მაშინ მართალნი გამობრწყინდენ ვითარცა მზე, სასუფეველსა მამისა მათისასა. რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!
მაშინ მზესავით გამობრწყინდებიან მართალნი მათი მამის სასუფეველში. ვისაც აქვს ყურნი სმენად, ისმინოს!
კუალად მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ საუნჯესა დაფარულსა ყანასა შინა, რომელი პოვა კაცმან და დამალა და სიხარულითა მით მისთჳს წარვიდა და განყიდა ყოველი, რაჲცა აქუნდა, და მოიყიდა აგარაკი იგი.
და მერე, მსგავსია ცათა სასუფეველი ყანაში დაფლული განძისა, რომელიც იპოვა კაცმა, დამალა და გახარებული წავიდა; გაყიდა ყველაფერი, რაც ებადა, და იყიდა ის ყანა.
მერმე მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ კაცსა ვაჭარსა, რომელი ეძიებნ კეთილთა მარგალიტთა.
და მერე, მსგავსია ცათა სასუფეველი ვაჭარი კაცისა, რომელიც ეძებს ლამაზ მარგალიტს.
და პოის რაჲ ერთი მარგალიტი მრავალ-სასყიდლისაჲ, წარვიდა და განყიდა ყოველივე, რაჲცა ედვა, და მოიყიდა იგი.
და როცა იპოვის ძვირფას მარგალიტს, წავა, გაჰყიდის ყველაფერს, რაც აბადია, და იყიდის მას.
მერმე მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ სათრომელსა ბადესა, რომელი დსვიან ზღუასა, რომელმან ყოველთაგან თევზთა შეკრიბის.
და მერე, მსგავსია ცათა სასუფეველი ბადისა, რომელსაც ისვრიან ზღვაში, და იჭერს ყოველნაირ თევზს;
და ოდეს აღივსოს, გამოიღიან იგი ზღჳს-კიდესა და დაასხიან და შეკრიბიან კეთილი იგი ჭურჭელსა, ხოლო ჯერკუალი იგი გარე განსთხიიან.
ხოლო როცა გაივსება, ნაპირზე გამოათრევენ, დასხდებიან და ვარგისით გოდრებს დაავსებენ, ხოლო უვარგისთ გადაჰყრიან.
ესრეთ იყოს აღსასრული ამის სოფლისაჲ: რამეთუ გამოვიდენ ანგელოზნი და განაშორენ უკეთურნი და შორის მართალთა
ასე იქნება ქვეყნის დასასრულსაც: მოვლენ ანგელოზები და მართალთაგან განაშორებენ უკეთურთ;
და შესთხინენ იგინი შორის საჴუმილსა მას ცეცხლისასა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ.
და ჩაყრიან მათ სახმილის ცეცხლში, და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი.
ჰრქუა იესუ მოწაფეთა თჳსთა: გულისჴმა-ჰყავთა ესე ყოველი? ხოლო მათ ჰრქუეს მას: ჰე, უფალო.
ჰკითხა მათ იესომ: გესმით თუ არა ყოველივე ეს? და მათ მიუგეს: დიახ, უფალო.
და ჰრქუა მათ: ამისთჳს ყოველი მწიგნობარი, დამოწაფებული სასუფეველსა ცათასა, მსგავს არს იგი კაცსა სახლისა უფალსა, რომელმან გამოიღის საუნჯისაგან თჳსისა ძუელი და ახალი.
ხოლო იესომ უთხრა მათ: ამიტომ ყოველი მწიგნობარი, რომელიც ცათა სასუფევლის მოწაფე გახდა, მსგავსია სახლის პატრონისა, რომელსაც თავისი საუნჯიდან გამოაქვს ახალიცა და ძველიც.
და იყო რაჟამს დაასრულნა იესუ იგავნი ესე, წარვიდა მიერ.
და როცა დაასრულა იესომ ეს იგავნი, იქაურობას გაეცალა.
და მოვიდა მამულად თჳსად და ასწავებდა მათ შესაკრებელთა შორის მათთა, ვიდრემდის განუკჳრდებოდა მათ და იტყოდეს: ვინაჲ არს ამისა სიბრძნე ესე და ძალი?
მივიდა თავის მამულში და ასწავლიდა მათ სინაგოგაში, ისე რომ, უკვირდათ და ამბობდნენ: ვინ მისცა ესოდენი სიბრძნე და ძალა?
ანუ არა ესე არს ხუროჲსა მის ძე? ანუ არა დედასა მისსა ჰრქჳან მარიამ? და ძმანი მისნი იაკობ და იოსებ და სიმონ და იუდა?
განა ხუროს შვილი არ არის? განა დედამისს მარიამი არა ჰქვია, ხოლო მის ძმებს - იაკობი და იოსე, სიმონი და იუდა?
და დანი მისნი არა ყოველნი ჩუენ შორის არიანა? ვინაჲ უკუე არს ამისა ესე ყოველი?
და განა ჩვენს შორის არ არიან მისი დები? ვინ მისცა ყოველივე ეს?
და დაჰბრკოლდებოდეს მისთჳს. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: არა არს წინაწარმეტყუელი შეურაცხ, გარნა სოფელსა თჳსსა და სახლსა შინა თჳსსა.
და ცდებოდნენ მასში. ხოლო იესომ უთხრა მათ: არ არის წინასწარმეტყველი პატივის გარეშე, თუ არა თავის მამულში და თავის სახლში.
და არა ქმნნა მუნ ძალნი მრავალნი ურწმუნოებისა მათისათჳს.
და არა მოუხდენია იქ მრავალი სასწაული მათი ურწმუნოების გამო.
