სახარება მათესაგან · თავი 5
და ვითარცა იხილა იესუ ერი იგი, აღვიდა მთასა და დაჯდა იგი მუნ. და მოუჴდეს მას მოწაფენი მისნი.
ხალხი რომ იხილა, მთაზე ავიდა, და როცა დაჯდა, მიუახლოვდნენ მისი მოწაფენი.
და აღაღო პირი თჳსი, ასწავებდა მათ და ეტყოდა:
განახვნა ბაგენი, ასწავლიდა მათ და ამბობდა:
ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ.
ნეტარ არიან გლახაკნი სულითა, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი.
ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინის-ცემულ იქმნნენ.
ნეტარ არიან მგლოვიარენი, ვინაიდან ისინი ნუგეშცემულნი იქნებიან.
ნეტარ იყვნენ მშჳდნი, რამეთუ მათ დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ.
ნეტარ არიან თვინიერნი, ვინაიდან ისინი დაიმკვიდრებენ მიწას.
ნეტარ იყვნენ, რომელთა ჰშიოდის და სწყუროდის სიმართლისათჳს, რამეთუ იგინი განძღენ.
ნეტარ არიან სიმართლისთვის მშიერ-მწყურვალნი, ვინაიდან ისინი გაძღებიან.
ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ.
ნეტარ არიან მოწყალენი, ვინაიდან ისინი შეწყალებულნი იქნებიან.
ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ.
ნეტარ არიან წმიდანი გულითა, ვინაიდან ისინი ღმერთს იხილავენ.
ნეტარ იყვნენ მშჳდობის-მყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღმრთისად იწოდნენ.
ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, ვინაიდან ისინი ღმრთის ძეებად იწოდებიან.
ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათჳს, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ.
ნეტარ არიან სიმართლისათვის დევნილნი, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი.
ნეტარ იყვნეთ თქუენ, რაჟამს გყუედრიდენ და გდევნიდენ და თქუან ყოველი სიტყვაჲ ბოროტი თქუნდა მომართ სიცრუვით ჩემთჳს.
ნეტარნი ხართ თქვენ, როცა დაგიწყებენ გმობას, დევნას და ცრუმეტყველნი დაგწამებენ ყოველგვარ ბოროტს ჩემი გულისთვის.
გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი ფრიად არს ცათა შინა, რამეთუ ეგრეთვე დევნნეს წინასწარმეტყუელნი უწინარეს თქუენსა.
გიხაროდეთ და ილხენდეთ, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში, რადგან ასევე სდევნიდნენ წინასწარმეტყველთაც, რომელნიც თქვენზე უწინარეს იყვნენ.
თქუენ ხართ მარილნი ქუეყანისანი. უკუეთუ მარილი იგი განქარდეს, რაჲთა-მე დაიმარილოს? არღარა შემძლებელნ არნ მერმე, არამედ განგდებად გარე და დათრგუნვად კაცთა მიერ.
თქვენა ხართ მარილი მიწისა: და თუ მარილი გამტკნარდა, რაღათი დაამარილებ? აღარად ვარგა, თუ არა გადასაყრელად და კაცთა მიერ ფეხით სათელად.
თქუენ ხართ ნათელნი სოფლისანი. ვერ ჴელ-ეწიფების ქალაქსა დაფარვად, მთასა ზედა დაშენებულსა.
თქვენა ხართ ნათელი ქვეყნისა. ვერ დაიმალება ქალაქი, მთის მწვერვალზე გაშენებული.
არცა აღანთიან სანთელი და დადგიან ქუეშე ჴჳმირსა, არამედ სასანთლესა ზედა, და ჰნათობნ იგი ყოველთა, რომელნი იყვნიან სახლსა შინა.
როდესაც ანთებენ სანთელს, საწყაოს ქვეშ კი არ დგამენ, არამედ სასანთლეზე, და უნათებს ყველა შინ მყოფს.
ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილონ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა.
დაე, ასევე ნათობდეს თქვენი ნათელი კაცთა წინაშე, რათა ისინი ხედავდნენ თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ მამას თქვენსას ზეციერს.
ნუ ჰგონებთმ ვითარმედ მოვედ დაჴსნად სჯულისა გინა წინასწარმეტყველთა; არა მოვედ დაჴსნად, არამედ აღსრულებად.
ნუ გგონიათ, თითქოს მოვედი რჯულის, გინდა წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად. გასაუქმებლაღ კი არ მოვედი, არამედ აღსასრულებლად.
ამენ გეტყჳ თქუენ: ვიდრემდე წარჴდეს ცაჲ და ქუეყანაჲ, იოტაჲ ერთი გინა რქაჲ ერთი არა წარჴდეს სჯულისაგან და წინასწარმეტყუელთა, ვიდრემდის ყოველივე იქმნეს.
რადგანაც ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სანამ არ გადავა ცა და მიწა, ერთი იოტიც ან ერთი წერტილიც არ გადავა რჯულისაგან, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება.
უკუეთუ ვინმე დაჰჴსნეს ერთი მცნებათა ამათგანი უმცირესთაჲ და ასწავოს ესრეთ კაცთა, უმცირეს ეწოდოს მას სასუფეველსა ცათასა; ხოლო რომელმან ყოს და ასწავოს, ამას დიდ ერქუას სასუფეველსა ცათასა.
ამრიგად, ვინც დაარღვევს თუნდაც ერთს ამ უმცირეს მცნებათაგანს და ასე ასწავლის კაცთაც, უმცირესად იწოდება ცათა სასუფეველში; ხოლო ვინც აღასრულებს და ასწავლის, უდიდესად იწოდება ცათა სასუფეველში.
ხოლო გეტყჳ თქუენ: უკუეთუ არა აღემატოს სიმართლე თქუენი უფროჲს მწიგნობართა და ფარისეველთა, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა.
რადგანაც გეუბნებით თქვენ: თუკი თქვენი სიმართლე არ აღემატა მწიგნობართა და ფარისეველთა სიმართლეს, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში.
გესმა, რამეთუ ითქუა პირველთა მათ მიმართ: არა კაც-ჰკლა; ხოლო რომელმან მოკლას, თანა-მდებ არს სასჯელისა.
თქვენ გსმენიათ წინაპართა მიმართ თქმული: არა კაც ჰკლა; ხოლო ვინც მოჰკლავს სამართალში უნდა მიეცეს.
ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ რომელი განურისხნეს ძმასა თჳსსა ცუდად, თანა-მდებ არს სასჯელისა; და რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა რაკა, თანა-მდებ არს იგი კრებულისაგან განსლვად; და რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა ცოფ, თანა-მდებ არს იგი გეჰენიასა მას ცეცხლისასა.
მე კი გეუბნებით თქვენ: ვინც უმიზეზოდ ურისხდება თავის ძმას, სამართალში უნდა მიეცეს; ხოლო ვინც ეტყვის თავის ძმას: რაკა, სინედრიონს უნდა წარუდგეს; და ვინც ეტყვის თავის ძმას: შლეგო, ცეცხლის გეენაში ჩავარდეს.
უკუეთუ შესწირვიდე შესაწირავსა საკურთხეველსა ზედა და მუნ მოგეჴსენოს შენ, ვითარმედ ძმაჲ შენი გულ-ძჳრ რაჲმე არს შენთჳს,
ხოლო თუ მიგაქვს შესაწირავი საკუთრხეველთან და იქ გაიხსენებ, რომ შენი ძმა ძვირს იზრახავს შენთვის,
დაუტევე შესაწირავი იგი წინაშე საკურთხეველსა მას და მივედ და დაეგე პირველად ძმასა შენსა და მაშინ მოვედ და შეწირე შესაწირავი შენი.
დაუტევე შენი შესაწირავი საკურთხევლის წინ, წადი, ჯერ შემოირიგე შენი ძმა, და მხოლოდ შემდეგ მიდი და შესწირე შესაწირავი.
იყავ კეთილად მცნობელ წინამოსაჯულისა მის შენისა ადრე, ვიდრემდე ხარ მის თანა გზასა ზედა, ნუუკუე მიგცეს შენ წინამოსაჯულმან მან შენმან მსაჯულსა და მსაჯულმან – მსახურსა, და საპყრობილედ შეჰვარდე.
დაუზავდი საჩქაროდ შენს მომჩივანს, სანამ ერთად ადგიხართ გზას, რათა მომჩივანმა არ მიგცეს მსაჯულს, ხოლო მსაჯულმა - მსახურს, და ჩავარდე საპყრობილეში.
ამენ გეტყჳ შენ: ვერ გამოხჳდე მიერ, ვიდრე არა მისცე უკუანაჲსკნელი კოდრატი.
ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვერ გამოხვალ იქიდან, სანამ არ გაიღებ უკანასკნელ კოდრანტს.
გესმა, რამეთუ ითქუა: არა იმრუშო.
თქვენ გსმენიათ წინაპართა მიმართ თქმული: არა იმრუშო.
ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოველი რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულის-თქუმად მას, მუნვე იმრუშა მის თანა გულსა შინა თჳსსა.
ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყველამ, ვინც ნდომით შეხედა ქალს, უკვე იმრუშა მასთან საკუთარ გულში.
უკუეთუ თუალი შენი მარჯუენე გაცთუნებდეს შენ, აღმოიღე იგი და განაგდე შენგან, რამეთუ უმჯობეს არს შენდა, რაჲთა წარწყმდეს ერთი ასოთა შენთაგანი, ვიდრე არა ყოველი გუამი შენი შთავრდომად გეჰენიასა.
თუკი გაცთუნებს შენი მარჯვენა თვალი, ამოითხარე და გადააგდე, ვინაიდან გიჯობს დაჰკარგო ერთი შენი ასოთაგანი, ვიდრე მთელი შენი სხეული ჩავარდეს გეენას.
და უკუეთუ მარჯუენე ჴელი შენი გაცთუნებდეს შენ, მოიკუეთე იგი და განაგდე შენგან, რამეთუ უმჯობეს არს შენდა, რაჲთა წარწყმდეს ერთი ასოთა შენთაგანი, და არა ყოველი გუამი შენი შთავარდეს გეჰენიასა.
ხოლო თუ გაცთუნებს შენი მარჯვენა ხელი, მოიკვეთე და გადააგდე, ვინაიდან გიჯობს დაჰკარგო ერთი შენი ასოთაგანი, ვიდრე მთელი შენი სხეული ჩავარდეს გეენას.
თქუმულ არს, რამეთუ რომელმან განუტეოს ცოლი თჳსი, მიეცინ მას განსატევებელი.
ესეცა თქმულა: ვინც გაუშვებს თავის ცოლს, უნდა მისცეს გაყრის წერილი.
ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოველმან რომელმან განუტეოს ცოლი თჳსი თჳნიერ სიტყჳსა სიძვისა, მან ამრუშა იგი; და რომელმან განტევებული შეირთოს, მანცა იმრუშა.
ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ვინც გაუშვებს თავის ცოლს სიძვის მიზეზის გარეშე, ამრუშებს მას, და ვინც განაშვებს შეირთავს, მრუშობს.
კუალად გესმა, რამეთუ ითქუა პირველთა მათ მიმართ: არა ცილი ჰფუცო, არამედ მისცე უფალსა ფიცი შენი.
კვლავაც გსმენიათ წინაპართა მიმართ თქმული: ნუ დაიფიცავ ტყუილად, არამედ შეუსრულე უფალს შენი ფიცი.
ხოლო მე გეტყჳ თქუენ არა ფუცად ყოვლადვე ნუცა ცასა, რამეთუ საყდარი არს ღმრთისაჲ;
ხოლო მე გეუბნებით თქვენ: სულაც ნუ დაიფიცავ: ნურც ცას, ვინაიდან ღმერთის ტახტია;
ნუცა ქუეყანასა, რამეთუ კუარცხლბეკი არს ფერჴთა მისთაჲ; ნუცა იერუსალჱმსა, რამეთუ ქალაქი არს მეუფისა დიდისაჲ.
ნურც მიწას, ვინაიდან მისი ტერფების კვარცხლბეკია; ნურც იერუსალიმს, ვინაიდან დიდი მეუფის ქალაქია.
ნუცა თავსა შენსა ჰფუცავ, რამეთუ ვერ ძალ-გიც ერთისაცა თმისა განსპეტაკებად გინა დაშავებად.
ნურც შენს თავს დაიფიცავ, ვინაიდან არ შეგიძლია არც ერთი ღერი თმის გათეთრება ან გაშავება.
არამედ იყავნ სიტყუაჲ თქუენი ჰჱ ჰე და არაჲ არა. ხოლო უმეტესი ამათსა უკეთურისაგან არს.
არამედ თქვენი სიტყვა იყოს: ჰო, ჰო; და - არა, არა; ვინაიდან რაც ამაზე მეტია, ბოროტისმიერია.
გესმა, რამეთუ თქუმულ არს: თუალი თუალისა წილ და კბილი კბილისა წილ.
თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: თვალი თვალისა წილ და კბილი კბილისა წილ.
ხოლო მე გეტყჳ თქუენ: არა წინა-აღდგომად ბოროტისა, არამედ რომელმან გცეს შენ ყურიმალსა შენსა მარჯუენესა, მიუპყარ მას ერთკერძოჲცა.
ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ნუ აღუდგებით წინ ბოროტს: არამედ ვინც შემოგკრას მარჯვენა ყვრიმალში, მეორეც მიუშვირე მას.
და რომელსა უნდეს სასჯელად და მიღებად კუართი შენი, მიუტევე მას სამოსელიცა შენი.
და თუ ვინმეს სურს გიჩივლოს და წაგართვას შენი პერანგი, მიეცი მას მოსასხამიც.
და რომელი წარგიქცევდეს შენ მილიონ ერთ, მივლე მის თანა ორიცა.
ანდა თუ ვინმე გაიძულებს ერთი მილის მანძილზე გამომყევიო, ორზე გაჰყევი მას.
და რომელი გთხოვდეს შენ, მიეც; და რომელსა უნდეს სესხებად შენგან, ნუ გარე-მიიქცევი.
მთხოვნელს მიეცი და სესხების მსურველს ზურგს ნუ შეაქცევ.
გესმა, რამეთუ თქუმულ არს: შეიყუარო მოყუასი შენი და მოიძულო მტერი შენი.
თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: გიყვარდეს მოყვასი შენი და გძულდეს მტერი შენი.
ხოლო მე გეტყჳ თქუენ: გიყუარდედ მტერნი თქუენნი და აკურთხევდით მწყევართა თქუენთა და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა და ულოცევდით მათ, რომელნი გმძლავრობდენ თქუენ და გდევნიდენ თქუენ.
ხოლო მე გეუბნებით თქვენ: გიყვარდით თქვენი მტერნი; დალოცეთ თქვენი მაწყევარნი; კეთილი უყავით თქვენს მოძულეთ და ილოცეთ თქვენსავ მდევნელთა და შეურაცხმყოფელთათვის.
რაჲთა იყვნეთ თქუენ შვილ მამისა თქუენისა ზეცათაჲსა, რამეთუ მზე მისი აღმოვალს ბოროტთა ზედა და კეთილთა, და წჳმს მართალთა ზედა და ცრუთა.
რათა იყოთ შვილნი თქვენი ზეციერი მამისა, ვისაც თავისი მზე ამოჰყავს კეთილთა და ბოროტთათვის და წვიმას უგზავნის მართალთაც და უსამართლოთაც.
უკუეთუ გიყუარდენ მოყუარენი ხოლო თქუენნი, რაჲ სასყიდელი გაქუს? რამეთუ მეზუერეთაცა ეგრეთვე ყვიან.
რადგანაც თუ გეყვარებათ თქვენი მოყვასნი, რა იქნება თქვენი საზღაური? განა ასევე არ იქცევიან მებაჟენიც?
და უკუეთუ მოიკითხვიდეთ მეგობართა ხოლო თქუენთა, რასა უმეტეს იქმთ? ანუ არა მეზუერეთაცა ეგრეთვე ყვიანა?
ანდა თუ მოიკითხავთ მხოლოდ თქვენს მოძმეთ, უჩვეულოს რას სჩადიხართ? განა ასევე არ იქცევიან წარმართნიც?
იყვენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ სრულ არს.
მაშ, იყავით სრულქმნილნი, როგორც სრულქმნილია თქვენი ზეციერი მამა.
