სახარება მათესაგან · თავი 27

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

და ვითარცა განთენა, ზრახვა-ყვეს ყოველთა მღდელთ-მოძღუართა და მოხუცებულთა ერისათა იესუჲსთჳს, რაჲთა მოკლან იგი.

როცა ინათა, მღვდელმთავრებმა და ხალხის უხუცესებმა ბჭობა გამართეს იესოს წინააღმდეგ, რათა მოეკლათ იგი.

2

და შეკრეს იგი და მიიყვანეს და მისცეს იგი პონტიელსა პილატეს მთავარსა.

შეკრეს იგი, წაიყვანეს, და მისცეს პონტიუს პილატეს, მთავარს.

3

მაშინ ვითარცა იხილა იუდა, რომელმანცა მისცა იგი, რამეთუ დაისაჯა, შეინანა და მიაქცია ოც და ათი იგი ვეცხლი მღდელთ-მოძღუართა მათ მიმართ და მოხუცებულთა

მაშინ, რა იხილა იუდამ, მისმა გამცემმა, რომ მსჯავრი დასდეს, შეინანა და დაუბრუნა ოცდაათი ვერცხლი მღვდელმთავრებსა და უხუცესთ,

4

და თქუა: ვცოდე, რამეთუ მიგეც სისხლი მართალი. ხოლო მათ ჰრქუეს მას: ჩუენდა რაჲ? შენ იხილე!

და თქვა: შევცოდე, რომ მოგეცით მართალი სისხლი. ხოლო მათ უთხრეს: ჩვენ რა? შენ იკითხე.

5

და დააბნია ვეცხლი იგი ტაძარსა მას შინა და განეშორა და წარვიდა და შიშთვილ-იბა.

დაყარა ვერცხლი ტაძარში და იქაურობას გაეცალა: წავიდა და თავი ჩამოიხრჩო.

6

ხოლო მღდელთ-მოძღუართა მათ მოიღეს ვეცხლი იგი და თქუეს: არა ჯერ-არს ესე დადებად სიწმიდესა, რამეთუ სასყიდელი სისხლისაჲ არს.

ხოლო მღვდელმთავრებმა აკრიფეს ვერცხლი და თქვეს: არ ეგება ტაძრის საგანძურში ამის დადება, ვინაიდან სისხლის საფასურია.

7

და ზრახვა-ყვეს და მოიყიდეს მითა აგარაკი იგი მეკეცისაჲ საფლავად უცხოთა.

ბჭობა გამართეს და, უცხოთა სასაფლაოდ, იყიდეს იმით მეთუნის მიწა.

8

ამისთჳს ეწოდა აგარაკსა მას აგარაკი სისხლისაჲ ვიდრე აქა დღედმდე.

ამიტომაც ეწოდება ამ მიწას სისხლის მიწა დღევანდელ დღემდე.

9

მაშინ აღესრულა თქუმული იგი იერემია წინაწარმეტყუელისაჲ, რომელსა იტყჳს: და მოვიღე ოც და ათი იგი ვეცხლი, სასყიდელი განსყიდულისაჲ მის, რომელი მოიყიდეს ძეთაგან ისრაჱლისათა,

მაშინ აღსრულდა თქმული იერემია წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: და აიღეს ოცდაათი ვერცხლი, საფასური შეფასებულისა, რომელიც შეფასდა ისრაელის ძეთა მიერ;

10

და მისცეს იგი აგარაკისათჳს მეკეცისა, ვითარცა მიბრძანა მე უფალმან.

და მისცეს ის მეთუნის მიწაში, როგორც მიბრძანა მე უფალმა.

11

ხოლო იესუ დადგა წინაშე მთავრისა მის. და ჰკითხა მას მთავარმან მან და ჰრქუა: შენ ხარა მეუფჱ ჰურიათაჲ? ხოლო იესუ ჰრქუა მას: შენ იტყჳ.

ხოლო იესო წარდგა მთავრის წინაშე, და ჰკითხა მამთავარმა: შენა ხარ იუდეველთა მეფე? ხოლო იესომ მიუგო: შენ ამბობ.

12

და შესმენასა მას მღდელთ-მოძღუართასა და მოხუცებულთასა არარაჲ მიუგო.

და როდესაც მღვდელმთავრებმა და უხუცესებმა ბრალი დასდეს, არაფერი მიუგო მათ.

13

მაშინ ჰრქუა მას პილატე: არა გესმისა, რაოდენსა-ესე შეგწამებენ შენ?

მაშინ უთხრა მას პილატემ: არ გესმის, რამდენ რასმე გწამებენ?

14

და არარაჲ მიუგო მას არცა ერთისა სიტყჳსათჳს, ვიდრემდე უკჳრდაცა მთავარსა მას ფრიად.

მაგრამ არცერთ სიტყვაზე არაფერი მიუგო მას; ასე რომ, დიდად უკვირდა მთავარს.

15

ხოლო დღესასწაულთა ჩუეულ იყო მთავარი იგი, და მიუტევეს ერსა მას ერთი პყრობილი რომელიცა უნებნ მათ.

ხოლო დღესასწაულზე ჩვევად ჰქონდა მთავარს, გაეთავისუფლებინა ხალხისთვის ერთი პატიმარი, რომელსაც მოისურვებდნენ.

16

ხოლო ჰყვა ვინმე მაშინ პყრობილი შესწავებული, რომელსა ერქუა ბარაბა.

იმხანად ჰყავდათ ერთი ცნობილი პატიმარი, რომელსაც ერქვა ბარაბა.

17

და ვითარ შეკრებულ იყვნეს იგინი, ჰრქუა მათ პილატე: ვინ გნებავს ორთა ამათგანი, და მიგიტეო თქუენ: ბარაბა ანუ იესუ, რომელსა ჰრქჳან ქრისტე?

ამრიგად, როცა შეიკრიბნენ ისინი, უთხრა მათ პილატემ: ვინ გინდათ გაგითავისუფლოთ: ბარაბა თუ იესო, რომელსაც ჰქვია ქრისტე?

18

რამეთუ უწყოდა, ვითარმედ შურითა მისცეს იგი.

რადგანაც იცოდა, რომ შურით გასცეს იგი.

19

და ვითარცა დაჯდა პილატე საყდართა ზედა, მიუვლინა მას ცოლმან მისმან და ჰრქუა მას: არარაჲ ძეს შენი და მართლისა მაგის კაცისაჲ, რამეთუ მრავალი მევნო მე დღეს ჩუენებით მაგისთჳს.

და როცა სამსჯავრო სავარძელზე იჯდა, ცოლმა კაცის პირით შემოუთვალა: ნურაფერს დაუშავებ მაგ მართალს, ვინაიდან წუხელ სიზმარში ბევრი ვიტანჯე მის გამო.

20

ხოლო მღდელთ-მოძღუართა მათ და მოხუცებულთა არწმუნეს ერსა მას, რაჲთა გამოითხოონ ბარაბა, ხოლო იესუ წარწყმიდონ.

მაგრამ მღვდელმთავრებმა და უხუცესებმა წააქეზეს ხალხი, გამოეთხოვათ ბარაბა, ხოლო იესო გაეწირათ.

21

მიუგო მთავარმან მან და ჰრქუა მათ: ვინ გნებავს ორთა ამათგანი, და მიგიტეო თქუენ? ხოლო მათ ჰრქუეს: ბარაბა.

და როცა მთავარმა ჰკითხა მათ: ვინ გინდათ გაგითავისუფლოთ ამ ორთაგანო, ხალხმა მიუგო: ბარაბა.

22

ჰრქუა მათ პილატე: რაჲ უკუე იყო იესუს, რომელსა ჰრქჳან ქრისტე? ჰრქუეს მას ყოველთა: ჯუარს-ეცჳნ.

ჰკითხა მათ პილატემ: კი მაგრამ, რა ვუყო იესოს, რომელსაც ჰქვია ქრისტე? ყველამ მიუგო: ჯვარს ეცვას!

23

ხოლო მთავარმან ჰრქუა მათ: და რაჲ ბოროტი უქმნიეს? ხოლო იგინი უმეტეს ღაღადებდეს და იტყოდეს: ჯუარს-ეცჳნ.

ხოლო მთავარმა იკითხა: რა დააშავა? მაგრამ ისინი უფრო ხმამაღლა აყვირდნენ: ჯვარს ეცვას!

24

ვითარცა იხილა პილატე, რამეთუ არარას არგებს, არამედ უფროჲსღა შფოთი იქმნების, მოითხოვა წყალი და დაიბანა ჴელნი წინაშე ერისა მის და თქუა: უბრალო ვარ მე სისხლისაგან მაგისასა, თქუენ იხილეთ.

და რაკი იხილა პილატემ, რომ ვერაფერს შველის, არამედ უფრო იზრდება შფოთი, მოითხოვა წყალი, ხალხის წინაშე დაიბანა ხელები და თქვა: მე უბრალო ვარ ამ მართლის სისხლში. თქვენ იკითხეთ.

25

და მიუგო ყოველმან ერმან და ჰრქუეს: სისხლი მაგისი ჩუენ ზედა და შვილთა ჩუენთა ზედა.

მიუგო მთელმა ხალხმა და უთხრა: ჩვენზე იყოს და ჩვენს შვილებზე მაგისი სისხლი.

26

მაშინ მიუტევა მათ ბარაბა, ხოლო იესუს შოლტითა სცა და მისცა მათ, რაჲთა ჯუარს-ეცუას.

მაშინ გაუთავისუფლა მათ ბარაბა, ხოლო იესო გაამათრახებინა და ჯვარზე საცმელად მისცა მათ.

27

მაშინ ერისაგანთა მათ მთავრისათა წარიყვანეს იესუ ტაძრად და შეკრიბეს მის ზედა ნათესავები იგი ყოველი.

მაშინ მთავრის ჯარისკაცებმა პრეტორიუმში წაიყვანეს იესო, და გარს შემოერტყა მთელი რაზმი.

28

და განძარცუეს იგი და ქლამინდი მეწამული შეჰმოსეს მას.

ტანთ გახადეს და შემოსეს მეწამული ქლამიდით.

29

და შეთხზეს გჳრგჳნი ეკალთაგან და დაადგეს თავსა მისსა და ლერწამი მისცეს მარჯუენესა ჴელსა მისსა და მუჴლნი დაიდგინეს მის წინაშე, ემღერდეს მას და ეტყოდეს: გიხაროდენ, მეუფეო ჰურიათაო!

დაწნეს ეკლის გვირგვინი და თავზე დაადგეს, მარჯვენა ხელში კი ლერწამი მისცეს; მუხლს იყრიდნენ მის წინაშე, დასცინოდნენ და ეუბნებოდნენ: გიხაროდეს, მეუფეო იუდეველთა!

30

და ჰნერწყუვიდეს მას და მოიღეს ლერწამი და სცემდეს თავსა მისსა.

და აფურთხებდნენ, აიღეს ლერწამი და თავზე ამტვრევდნენ მას.

31

და ოდეს განკიცხეს იგი, განსძარცუეს მას ქალმინდი იგი და შეჰმოსეს მას თჳსივე სამოსელი და წარიყვანეს იგი, რაჲთა ჯუარს-აცუან.

ხოლო როცა დაცინვით გული იჯერეს, შემოაძარცვეს ქლამიდი, კვლავ თავისი სამოსი ჩააცვეს და წაიყვანეს, რათა ჯვარს ეცვათ.

32

და ვითარცა გამოვიდეს იგინი მიერ, პოვეს კაცი კჳრინელი, სახელით სიმონ. ესე წარიქციეს პაჰრაკად, რაჲთა აღიღოს ჯუარი მისი.

გზაში შემოხვდათ ერთი კირენელი კაცი, სახელად სიმონი; და აიძულეს წამოეღო იესოს ჯვარი.

33

და მოვიდეს ადგილსა მას, რომელსა ჰრქჳან გოლგოთა, რომელ არს თხემისა ადგილი.

და როცა მიაღწიეს იმ ადგილს, რომელსაც ჰქვია გოლგოთა, რაც ნიშნავს თხემის ადგილს,

34

და მისცეს მას ძმარი ნავღლითა აღზავებული. და გემოჲ რაჲ იხილა, არა უნდა სუმის.

მისცეს მას სასმელად ნაღველნარევი ძმარი, და როცა გემო გაუსინჯა, აღარ მოუნდა დალევა.

35

და ვითარცა ჯუარს-აცუეს იგი, განიყვეს სამოსელი მისი და განიგდეს წილი, რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი წინაჲწარმეტყუელისა მიერ, რომელსა იტყჳს: განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი.

და როცა ჯვარს აცვეს, წილი ყარეს და გაიყვეს მისი სამოსი, რათა აღსრულდეს თქმული წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: ერთმანეთში გაიყვეს ჩემი სამოსი და ჩემს კვართზე იყარეს წილი.

36

და სხდეს მუნ და სცვიდეს მას.

ისხდნენ და იქ დარაჯობდნენ მას.

37

და დასდვეს თავსა მისსა ზედა ბრალი მისი დაწერილი: ესე არს იესუ, მეუფე ჰურიათაჲ.

და დაუდგეს თავთით დაწერილი ბრალდება: ეს არის იესო, იუდეველთა მეფე!

38

მაშინ ჯუარს-აცუნეს მის თანა ორნი ავაზაკნი: ერთი მარჯუენით მისა და ერთი მარცხენით.

მაშინ ჯვარს აცვეს მასთან ერთად ორი ავაზაკი, ერთი მარჯვნივ და მეორე მარცხნივ.

39

ხოლო თანა-წარმავალნი იგი ჰგმობდეს მას, ყრიდეს თავთა მათთა

ხოლო გამვლელნი აგინებღნენ, თავებს აქნევდნენ

40

და იტყოდეს: რომელი დაჰჴსნიდ ტაძარსა ამას და მესამესა დღესა აღაშენებდ, იჴსენ თავი თჳსი; უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით!

და ამბობდნენ: ტაძრის დამრღვევო და სამ დღეში აღმშენებელო, იხსენი შენი თავი; თუ ღმერთის ძე ხარ, ჩამოდი ჯვრიდან.

41

ეგრეთვე მღდელთ-მოძღუარნი იგი ემღერდეს მწიგნობართა თანა და მოხუცებულთა და ფარისეველთა და იტყოდეს:

ასევე მღვდელმთავრები მწიგნობრებთან, უხუცესებსა და ფარისევლებთან ერთად დასცინოდნენ და ამბობდნენ:

42

სხუანი აცხოვნა, თავი თჳსი ვერ ძალ-უც ცხოვნებად. უკუეთუ მეუფჱ ისრაჱლისაჲ არს, გარდამოჴედინ აწ მაგიერ ჯუარით, და გურწმენეს იგი.

სხვები იხსნა და თავის ხსნა კი არ შეუძლია; თუ ისრაელის მეუფეა, დე, ჩამოვიდეს ჯვრიდან და ვიწამებთ მას.

43

უკუეთუ ესვიდა ღმერთსა, იჴსენინ იგი, უკუეთუ ჰნებავს იგი, რამეთუ თქუა, ვითარმედ: ძე ღმრთისაჲ ვარი მე.

ღმერთს იყო მინდობილი, და, თუ ნებავს, დე, იხსნას ახლა ღმერთმა, ვინაიდან თქვა: ძე ვარო ღმრთისა.

44

ეგრეთვე ავაზაკნი იგი, მის თანა ჯუარ-ცუმულნი, აყუედრებდეს მას.

მის გვერდით ჯვარცმული ავაზაკნი ასევე აგინებდნენ მას.

45

ხოლო მეექუსით ჟამითგან დაბნელდა ყოველი ქუეყანაჲ, ვიდრე მეცხრედ ჟამადმდე.

ხოლო მეექვსე საათიდან მეცხრე საათამდე წყვდიადმა მოიცვა მთელი ქვეყანა.

46

და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?

და ასე, მეცხრე საათს ხმამაღლა შეღაღადა იესომ: ელი, ელი, ლამა საბაქთანი? რაც ნიშნავს, ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე მე?

47

და რომელთამე მუნ მდგომარეთა ესმა ესე და იტყოდეს, ვითარმედ: ელიას უჴმობს ესე.

ზოგიერთმა იქ მდგომმა გაიგონა ეს და თქვა, ელიას უხმობსო.

48

და მეყსეულად მირბიოდა ერთი მათგანი და მოიღო ღრუბელი და აღავსო ძმრითა და დაადგა ლერწამსა და ასუმიდა მას.

მყისვე გაიქცა ერთი მათგანი, აიღო ღრუბელი, ძმრით გაჟღინთა, ლერწამზე წამოაგო და მიაწოდა სასმელად.

49

ხოლო სხუანი იტყოდეს: აცადეთ, და ვიხილოთ, უკუეთუ ელია მოვიდეს ჴსნად მისა.

სხვები კი ამბობდნენ: მოიცათ, ვნახოთ, მოვა თუ არა ელია მის სახსნელად.

50

ხოლო იესუ კუალად ჴმა-ყო ჴმითა დიდითა და განუტევა სული.

ხოლო იესომ კვლავ შეღაღადა ხმამაღლა და განუტევა სული.

51

და აჰა კრეტსაბმელი იგი ტაძრისაჲ მის განიპო ორად ზეითგან, ვიდრე ქუემდე, და ქუეყანაჲ შეიძრა და კლდენი განსთქდეს,

და, აჰა, ზემოდან ქვემომდე, შუა ჩაიხა ტაძრის ფარდა, იძრა მიწა და დასკდნენ კლდენი.

52

და საფლავნი აღეხუნეს, და მრავალნი გუამნი შესუენებულთანი წმიდათანი აღდგეს

განიხვნენ საფლავნი და წმიდა განსვენებულთა მრავალი გვამი აღდგა.

53

და გამოვიდეს საფლავით მათით და, შემდგომად აღდგომისა მისისა, შევიდეს წმიდასა ქალაქსა და გამოეცხადნეს მრავალთა.

საფლავებიდან გამოვიდნენ მისი აღდგომის შემდეგ, წმიდა ქალაქში შევიდნენ და გამოეცხადნენ მრავალს.

54

ხოლო ასისთავმან მან და მისთანათა, რომელნი სცვიდეს იესუს, იხილეს რაჲ ძრვაჲ იგი რაჲ-იგი იქმნა, შეეშინა ფრიად და იტყოდეს: ჭეშმარიტად ძე ღმრთისაჲ იყო ესე.

ხოლო როდესაც იხილეს მიწისძვრა და ყოველივე ის, რაც მოხდა, ასისთავი და მასთან ერთად იესოს მოდარაჯენი, ძალიან შეშინდნენ და თქვეს: ჭეშმარიტად ღმრთის ძე იყო იგი.

55

იყვნეს მუნ დედანიცა მრავალნი, რომელნი შორით ხედვიდეს, რომელნი შეუდგეს იესუს გალილეაჲთ და ჰმსახურებდეს მას.

იყო იქ აგრეთვე შორიდან მაცქერალი მრავალი ქალი, რომლებიც გალილეიღან მოჰყვებოდნენ იესოს და ემსახურებოდნენ მას.

56

რომელთა თანა იყო მარიამ მაგდალინელი და მარიამ იაკობისი და იოსეს დედაჲ და დედაჲ ძეთა ზებედესთაჲ.

მათ შორის იყვნენ მარიამ მაგდალელი, მარიამი, დედა იაკობისა და იოსებისა, და ზებედეს ძეთა დედა.

57

და ვითარცა შემწუხრდა, მოვიდა კაცი მდიდარი არიმათიაჲთ, სახელით იოსებ, რომელ იგიცა მოწაფე ყოფილ იყო იესუჲსა.

მწუხრის ჟამს მოვიდა მდიდარი არიმათიელი კაცი, სახელად იოსები, რომელიც აგრეთვე იესოს მოწაფე იყო.

58

ესე მოვიდა პილატესა და გამოითხოვა გუამი იესუჲსი. მაშინ პილატე უბრძანა მიცემად გუამი იგი მისი.

მივიდა იგი პილატესთან და გამოითხოვა იესოს გვამი; და მაშინ ბრძანა პილატემ, მიეცათ მისთვის.

59

და მოიღო გუამი იგი მისი იოსებ და წარგრაგნა იგი არმენაკსა წმიდასა

წამოიღო მისი გვამი იოსებმა, და შეახვია წმიდა ტილოში.

60

და დადვა იგი ახალსა მისსა საფლავსა, რომელი გამოეკუეთა კლდისაგან, და მიაგორვა ლოდი დიდი კარსა მას საფლავისასა და წარვიდა.

და დაასვენა იგი ახალ სამარხში, რომელიც კლდეში გამოეკვეთა; დიდი ლოდი მიაყუდა სამარხის კარს და წავიდა.

61

იყო მუნ მარიამ მაგდალინელი და სხუაჲ იგი მარიამ, და სხდეს წინაშე საფლავსა მას.

იყო იქ მარიამ მაგდალელი, და მეორე მარიამიც, რომლებიც სამარხის წინ ისხდნენ.

62

ხოლო ხვალისაგან, რომელ არს შემდგომად პარასკევისა, შეკრბეს მღდელთ-მოძღუარნი იგი და ფარისეველნი პილატესა

ხოლო მეორე დღეს, რომელიც მოსდევს პარასკევს, შეიკრიბნენ მღვდელმთავარნი და ფარისეველნი პილატეს კარზე

63

და ჰრქუეს: უფალო, მოვიჴსენეთ, რამეთუ მან მაცთურმან თქუა, ვიდრე ცოცხალღა იყო, ვითარმედ შემდგომად სამისა დღისა აღვდგეო.

და თქვეს: ბატონო, გაგვახსენდა, რომ ამ მაცდურმა სიცოცხლეში თქვა: სამი დღის შემდეგ აღვდგებიო.

64

აწ უკუე ბრძანე დაკრძალვად საფლავი იგი, ვიდრე მესამედ დღედმდე, ნუუკუე მოვიდენ მოწაფენი მისნი და წარიპარონ იგი და უთხრან ერსა, ვითარმედ: აღდგა მკუდრეთით. და იყოს უკუანაჲსკნელი საცთური უძჳრეს პირველისა.

მაშ, ბრძანე მესამე დღემდე უდარაჯონ სამარხს, რათა მისი მოწაფეები არ მივიდნენ ღამით, არ მოიპარონ იგი და უთხრან ხალხს: მკვდრეთით აღდგაო. და უკანასკნელი სიცრუე პირველზე უარესი იქნება.

65

ჰრქუა მათ პილატე: გაქუს თქუენ დასი; წარვედით და დაჰკრძალეთ, ვითარცა იცით.

უთხრა მათ პილატემ: დარაჯნი თქვენა გყავთ, წადით და უდარაჯეთ, როგორც გჩვევიათ.

66

ხოლო იგინი წარვიდეს და დაჰკრძალეს საფლავი იგი და დაჰბეჭდეს ლოდსა მას დასისა თანა.

ისინიც წავიდნენ, სამარხის დასაცავად დაბეჭდეს ლოდი და დარაჯი დაუყენეს.