სახარება მათესაგან · თავი 9
და შევიდა ნავსა და წიაღჴდა და მოვიდა თჳსად ქალაქად.
მაშინ ჩაჯდა ნავში, უკანვე გამოცურა და მივიდა თავის ქალაქში.
მაშინ მოართუეს მას განრღვეული ცხედარსა ზედა მდებარე და იხილა იესუ სარწმუნოებაჲ მათი და ჰრქუა განრღვეულსა მას: ნუ გეშინინ, შვილო, მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი.
და, აჰა, სარეცლით მიჰგვარეს მას დავრდომილი; იხილა იესომ მათი რწმენა და უთხრა დავრდომილს: გამხნევდი, შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები.
და აჰა ესერა მწიგნობართაგანთა ვიეთმე თქუეს გულთა შინა მათთა, ვითარმედ: ესე გმობს.
ზოგიერთი მწიგნობარი გულში ამბობდა: ღმერთს გმობსო იგი.
იცნოდა იესუ ზრახვანი მათნი და ჰრქუა მათ: რაჲსა თქუენ ბოროტსა ჰზრახავთ გულთა შინა თქუენთა?
ხოლო იესო მიხვდა მათ ზრუნვას და თქვა: რატომ იზრახავთ ბოროტს თქვენს გულში?
რაჲ უადვილეს არს სიტყუად: მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი, ანუ სიტყუად: აღდეგ და ვიდოდე?
რა უფრო ადვილია: ამის თქმა - მოგეტევოს შენი ცოდვები: თუ ამისა - აღდეგ და წადი?
ხოლო რაჲთა უწყოდით, რამეთუ ჴელმწიფებაჲ აქუს ძესა კაცისასა ქუეყანასა ზედა მიტევებად ცოდვათა, მაშინ ჰრქუა განრღვეულსა მას: აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და წარვედ სახედ შენდა!
ხოლო რათა იცოდეთ, რომ ძეს კაცისას ძალა შესწევს ამ ქვეყნად ცოდვების მიტევებისა, - ასე უთხრა დავრდომილს - აღდეგ, აიღე შენი სარეცელი და წადი შენს სახლში.
და იგი მეყსეულად აღდგა და წარვიდა სახედ თჳსა.
ისიც მაშინვე აღდგა და წავიდა თავის სახლში.
იხილა რაჲ ესე ერმან მან, დაუკჳრდა და ადიდებდეს ღმერთსა, რომელმან მოსცა ესევითარი ჴელმწიფებაჲ კაცთა.
ამის მხილველი ხალხი განცვიფრდა და ადიდებდა ღმერთს, რომელმაც ასეთი ძალა მისცა ადამიანებს.
და წარვიდოდა მიერ იესუ, იხილა კაცი, რომელი ჯდა საზუერესა, მატთეოს სახელი მისი, და ჰრქუა მას: მომდევდი მე. და აღდგა და მისდევდა მას.
იქიდან წამოსულმა იესომ დაინახა საბაჟოში მჯდომარე კაცი, რომელსაც მათე ერქვა სახელად, და უთხრა მას გამომყევიო; ისიც ადგა და გაჰყვა.
და იყო ჯდა რაჲ იგი ინაჴით სახლსა შინა, და მრავალნი მეზუერენი და ცოდვილნი თანა-სხდეს ინაჴით იესუჲს თანა და მოწაფეთა მისთა თანა.
და როცა ინახად იჯდა სახლში, აჰა, მოვიდა მრავალი მებაჟე და ცოდვილი, და ინახად დასხდნენ იესოსა და მის მოწაფეებთან.
და ვითარცა იხილეს ფარისეველთა მათ, ჰრქუეს მოწაფეთა მისთა: რაჲსათჳს მეზუერეთა და ცოდვილთა თანა ჭამს მოძღუარი თქუენი?
ეს რომ დაინახეს, ფარისევლებმა მის მოწაფეებს უთხრეს: რატომ ჭამს და სვამს თქვენი მოძღვარი მებაჟეებსა და ცოდვილებთან ერთად?
ხოლო იესუს ვითარცა ესმა, ჰრქუა მას: არა უჴმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა.
ხოლო იესომ გაიგონა ეს და უთხრა მათ: კარგად მყოფთ კი არ სჭირდებათ მკურნალი, არამედ ავადმყოფთ.
ხოლო თქუენ წარვედით და ისწავეთ, რაჲ არს: წყალობაჲ მნებავს და არა მსხუერპლი. რამეთუ არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა.
თქვენ კი წადით და ისწავლეთ, რას ნიშნავს ეს: წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი; ვინაიდან მართალთა სახმობლად კი არ მოვსულვარ, არამედ ცოდვილთა სინანულად.
მაშინ მოუჴდეს მას მოწაფენი იოვანესნი და ეტყოდეს: რაჲსათჳს ჩუენ და ფარისეველნი ვიმარხავთ ფრიად, ხოლო მოწაფენი შენნი არა იმარხვენ?
მაშინ მივიდნენ მასთან იოანეს მოწაფეები და უთხრეს: რატომ ვმარხულობთ ჩვენ და ფარისევლები, შენი მოწაფეები კი არ მარხულობენ?
ჰრქუა მათ იესუ: ჴელ-მე-ეწიფებისა ძეთა სიძისათა გლოვად, ვიდრემდე მათ თანა არს სიძე? მოვლენან დღენი, რაჟამს ამაღლდეს მათგან სიძე იგი, და მაშინ იმარხვიდენ.
ხოლო იესომ მიუგო მათ: განა შეიძლება წუხდნენ მექორწილენი, ვიდრე მათთანაა სიძე? მოვა დრო, როცა სიძე აღარ ეყოლებათ, და მაშინ იმარხულებენ.
არავინ დაადგის სადგმელი უმურკნველი სამოსელსა ძუელსა, რამეთუ აღიღის სავსებაჲ სამოსლისა მისგან, და უფროჲსი განხეთქილებაჲ იქმნის.
არავინ ადებს ახალ საკერებელს დახეულ სამოსს, ვინაიდან ახალს ვერ დაიჭერს ძველი, და უფრო დაიხევა.
არცა შთაასხიან ღჳნოჲ ახალი თხიერთა ძუელთა, რაჲთა არა განსთქდენ თხიერნი, და ღჳნოჲ დაითხიოს, და თხიერნი წარწყმდენ. არამედ შთაასხიან ღჳნოჲ ახალი თხიერთა ახალთა, და ორნივე დაიმარხნიან.
არც ახალ ღვინოს ასხამენ ძველ ტიკებში, თორემ დასკდება ტიკები, ღვინოც დაიქცევა და ტიკებიც უვარგისი გახდება; არამედ ახალ ღვინოს ასხამენ ახალ ტიკებში და ორივე ინახება.
და ვითარცა იგი ამას ეტყოდა მათ, მაშინ მოუჴდა მას მთავარი ერთი, თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა, ვითარმედ: ასული ჩემი აწღა აღესრულა; არამედ მოვედ და დასდევ ჴელი შენი მას ზედა, და ცხოვნდეს.
ამ საუბარში გართულს მიუახლოვდა ერთი მთავარი, თაყვანი სცა და უთხრა: ჩემი გოგონა ეს-ესაა მოკვდა; წამოდი, ხელი დაადე და გაცოცხლდება.
და აღდგა იესუ და შეუდგა მას, და მოწაფენი მისნი მის თანა.
წამოდგა იესო და მოწაფეებითურთ თან გაჰყვა მას.
და აჰა ესერა დედაკაცი ვინმე, რომელი იყო სისხლისა დინებასა ათორმეტ წელ, მოუჴდა ზურგით და შეახო ფესუსა სამოსლისა მისისასა.
და, აჰა, ქალი, რომელიც თორმეტ წელიწადს სისხლის დენით იტანჯებოდა, უკნიდან მიუახლოვდა და შეეხო მისი სამოსის კალთას.
რამეთუ იტყოდა გულსა თჳსსა, ვითარმედ: შე-ხოლო თუ-ვახო სამოსელსა მისსა, ვცხოვნდე.
რადგან გულში ამბობდა: თუ შევეხები მის სამოსს, მეშველებაო.
ხოლო იესუ მიექცა, იხილა იგი და ჰრქუა მას: ნუ გეშინინ, ასულო, სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ. და განიკურნა დედაკაცი იგი მიერ ჟამითგან.
ხოლო იესო მიუბრუნდა, დაინახა იგი და უთხრა: გამხნევდი, შვილო, შენმა რწმენამ გადაგარჩინა. და განიკურნა ქალი იმავე წამს.
და მოვიდა იესუ სახლსა მის მთავრისასა და იხილა მუნ მგოსნები და ერი კრებული და შფოთი
შევიდა იესო მთავრის სახლში და იხილა იქ მოზარენი და მოყაყანე ბრბო;
და ჰრქუა მათ: განეშორენით, რამეთუ არა მომკუდარ არს ეგე, არამედ სძინავს. ხოლო იგინი ეკიცხევდეს მას.
და უთხრა მათ: გადით აქედან, რადგან გოგონა კი არ მომკვდარა, არამედ სძინავს; ხოლო ისინი დასცინოდნენ მას.
და რაჟამს გამოასხა ერი იგი, შევიდა და უპყრა ჴელი მისი და აღადგინა ქალი იგი.
და როდესაც გაიყვანეს ხალხი, მივიდა იესო, აიღო გოგონას ხელი, და ისიც აღდგა.
განჴდა ჰამბავი მისი ყოველსა მას ქუეყანასა.
და მოედო მისი ამბავი მთელ იმ მხარეს.
და წარმო-რაჲ-ვიდოდა მიერ იესუ, მოსდევდეს მას ორნი ბრმანი, ღაღადებდეს და იტყოდეს: შემიწყალენ ჩეუნ, ძეო დავითისო!
იქიდან წამოსულს ორი უსინათლო გამოედევნა ყვირილით: შეგვიწყალე, იესო, დავითის ძეო!
და ვითარცა შევიდა იესუ სახლსა, მოუჴდეს მას ბრმანი იგი, და ჰრქუა მათ იესუ: გრწამსა, ვითარმედ ძალ-მიც ესე ყოფად? ჰრქუეს მას: ჰე, უფალო.
და როდესაც მივიდა სახლში, მიეახლნენ უსინათლონი; და უთხრა მათ იესომ: გწამთ თუ არა, რომ შემიძლია ამისი ქმნა? ხოლო მათ თქვეს: დიახ, უფალო.
მაშინ შეახო თუალთა მათთა და ჰრქუა მათ: სარწმუნოებისა თქუენისაებრ გეყავნ თქუენ!
მაშინ თვალებზე შეეხო ბრმებს და უთხრა მათ: თქვენი რწმენისამებრ მოგეგოთ თქვენ!
და მეყსეულად აღეხუნეს თუალნი მათნი. და შეჰრისხნა მათ იესუ და ჰრქუა: იხილეთ, ნუმცა ვინ უწყის.
და აეხილათ თვალები, ხოლო იესომ მკაცრად გააფრთხილა და უთხრა მათ: იცოდეთ, არავინ გაიგოს.
ხოლო იგინი გამოვიდეს და მიმოდადვეს იგი ყოველსა მას ქუეყანასა.
ისინი კი გამოვიდნენ და მთელ იმ მხარეს მოსდეს მისი ამბავი.
და ვითარცა-იგი გამო-ოდენ-ვიდეს, მოჰგუარეს მას კაცი ყრუჲ და ეშმაკეული.
ხოლო მათი გამოსვლისთანავე მიჰგვარეს მას ერთი კაცი, მუნჯი და ეშმაკეული.
და ვითარცა განჴადა ეშმაკი იგი, იტყოდა ყრუჲ იგი. და დაუკჳრდებოდა ერსა მას და იტყოდეს: არასადა ისრაჱლსა შორის ესრეთ გამოჩნდა.
და როცა ეშმაკი განდევნილ იქნა, მუნჯმა ენა ამოიდგა; უკვირდა ხალხს და ამბობდა: არ მოსწრებია ისრაელს ამგვარი რამე.
ხოლო ფარისეველნი იტყოდეს: მთავრითა ეშმაკთაჲთა განასხამს ეშმაკთა.
ხოლო ფარისეველნი ამბობდნენ: ეშმაკთა მთავრის შეწევნით აძევებსო ეშმაკთ.
და მოჰვლიდა იესუ ქალაქებსა ყოველსა და დაბნებსა და ასწავებდა შესაკრებელთა შორის მათთა და ქადაგებდა სახარებასა სასუფეველისასა და განჰკურნებდა ყოველთა სენთა და ყოველთა უძლურებათა ერსა შორის.
და მოივლიდა იესო ყველა ქალაქსა და დაბას, ასწავლიდა მათ სინაგოგებში და ქადაგებდა სახარებას სასუფევლისას, და კურნავდა ყოველგვარ სენსა და ყოველგვარ უძლურებას ხალხში.
და ვითარცა იხილა ერი იგი, შეეწყალნეს იგინი, რამეთუ იყვნეს დამაშურალ და დაცჳვნებულ, ვითარცა ცხოვარნი, რომელთა არა აქუნ მწყემსი.
და როდესაც იხილა ამდენი ხალხი, შეებრალა ისინი, ვინაიდან დაღლილ-დაქანცულნი და დაფანტულნი იყვნენ, როგორც უმწყემსო ცხვრები.
მაშინ ჰრქუა მოწფეთა თჳსთა, ვითარმედ: სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი – მცირედ.
მაშინ თავის მოწაფეებს უთხრა: სამკალი ბევრია, მაგრამ ცოტანი არიან მომკალნი.
ევედრენით უფალსა სამკალისასა, რაჲთა გამოავლინნეს მოქმედნი სამკალსა თჳსსა.
მაშ, ევედრეთ სამკალის უფალს, რათა მომკალნი მოავლინოს თავის სამკალში.
