სახარება მათესაგან · თავი 22
და მერმე მიუგო მათ იესუ იგავით და ჰრქუა:
კვლავ იგავებით მიუგო იესომ და უთხრა მათ:
ემსგავსა სასუფეველი ცათაჲ კაცსა მეუფესა, რომელმან ყო ქორწილი ძისა თჳსისაჲ.
ცათა სასუფეველი მსგავსია მეფისა, რომელმაც გამართა თავისი ძის ქორწილი.
და წარავლინნა მონანი თჳსნი მოწოდებად ჩინებულთა მათ ქორწილსა მას, და არა ინებეს მოსლვად.
და გაგზავნა თავისი მონები ქორწილში წვეულთა საწვევად, მაგრამ არ ინებეს მოსვლა.
კუალად წარავლინნა სხუანი მონანი და ჰრქუა: არქუთ ჩინებულთა მათ: აჰა ესერა პური ჩემი მზა-მიყოფიეს, ზუარაკები და უსხები ჩემი დაკლულ არიან, და ყოველივე მზა არს, მოვედით ქორწილსა ამას.
კვლავ გაგზავნა სხვა მონები და თქვა: უთხარით წვეულთ: აჰა, გავშალე სუფრა, დავკალი ხარები და ნასუქი საქონელი; ყველაფერი მზადაა, მობრძანდით ქორწილში.
ხოლო მათ უდებ-ყვეს და წარვიდეს: რომელიმე თჳსსა აგარაკსა, რომელიმე სავაჭროსა თჳსსა.
მაგრამ მათ გააწბილეს იგი და წავიდნენ: ვინ თავის ყანაში, ვინ კიდევ თავის სავაჭროში.
ხოლო სხუათა შეიპყრეს მონანი იგი მისნი, აგინნეს და მოსწყჳდნეს.
დანარჩენებმა კი შეიპყრეს მისი მონები, შეურაცხყვეს და დახოცეს.
ხოლო მეუფე იგი განრისხნა, ესმა რაჲ ესე, და მიავლინა ერი თჳსი და მოსრნა კაცის-მკლველნი იგი და ქალაქი იგი მათი მოწუა ცეცხლითა.
ეს რომ გაიგო, განრისხდა მეფე, გაგზავნა თავისი ლაშქარი, ამოაწყვეტინა მკვლელები და გადაწვა მათი ქალაქი.
მაშინ ჰრქუა მონათა თჳსთა: ქორწილი ესე მზა არს, ხოლო ჩინებულნი იგი არა ღირს იყვნეს.
მაშინ უთხრა თავის მონებს: საქორწინო სუფრა გაშლილია, მაგრამ წვეულნი არ იყვნენ ღირსნი.
წარვედით მებოძირთა გზათასა და რაოდენიცა ჰპოოთ, მოუწოდეთ ქორწილსა ამას.
მაშ, გადით გზაჯვარედინებზე და ქორწილში მოიწვიეთ ყველა შემხვდური.
და განვიდეს მონანი იგი მისნი გზათა ზედა და შეკრიბეს ყოველი, რაოდენი პოეს ბოროტი და კეთილი. და აღივსო ქორწილი იგი მეინაჴითა.
გავიდნენ მონები გზაჯვარედინებზე და შეკრიბეს ყველა, ვისაც კი შეხვდნენ, ბოროტი თუ კეთილი, და მეინახეებით აივსო ქორწილი.
ხოლო შე-რაჲ-ვიდა მეუფე იგი ხილვად მეინაჴეთა მათ, იხილა მუნ კაცი, რომელსა არა ემოსა სამოსელი საქორწინე.
შევიდა მეფე მეინახეთა სანახავად და იხილა იქ ერთი კაცი, რომელსაც არ ეცვა საქორწინო სამოსი.
და ჰრქუა მას: მოყუასო, ვითარ შემოხუედ აქა, რამეთუ არა გმოსიეს სამოსელი საქორწინე? ხოლო იგი დუმნა.
და უთხრა მას: მეგობარო, როგორ შემოხვედი აქ, საქორწინოდ შეუმოსავი? ხოლო ის დუმდა.
მაშინ ჰრქუა მეუფემან მან მსახურთა თჳსთა: შეუკრენით მაგას ჴელნი და ფერჴნი და განაგდეთ ეგე ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ.
მაშინ მეფემ უბრძანა თავის მსახურთ: შეუკარით ხელ-ფეხი და გარეთ გააგდეთ ბნელში. და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი.
რამეთუ მრავალ არიან ჩინებულნი და მცირედ – რჩეულნი.
ვინაიდან მრავალნი არიან წვეულნი და მცირედნი - რჩეულნი.
მაშინ წარვიდეს ფარისეველნი იგი და ზრახვა-ყვეს, რაჲთა სიტყჳთა საფრჴე უგონ მას.
მაშინ ფარისევლები წავიდნენ და მოითათბირეს, როგორ დაეჭირათ სიტყვაზე.
და მოუვლინნეს მოწაფენი მათნი ჰეროდიანთა თანა და ჰრქუეს: მოძღუარ, ვიცით, რამეთუ ჭეშმარიტ ხარ შენ და გზასა ღმრთისასა ჭეშმარიტად ასწავებ და არა ჰზრუნავ არავისთჳს, რამეთუ არა თუალ-აღებ პირსა კაცისასა.
ჰეროდელებთან ერთად მიუგზავნეს თავიანთი მოწაფეები და უთხრეს: მოძღვარო, ვიცით, რომ მართალი ხარ, სიმართლით გვასწავლი ღმრთის გზასაც და არც არავის არჩევ, ვინაიდან არ უყურებ სახეს კაცისა.
აწ მარქუ ჩუენ, რაჲ გნებავს შენ: ჯერ-არსა მიცემაჲ ხარკისაჲ კეისრისა ანუ არა?
მაშ, გვითხარი: როგორ გგონია, გვმართებს თუ არა ხარკი ვაძლიოთ კეისარს?
გულისჴმა-ყო იესუ უკეთურებაჲ მათი და ჰრქუა: რაჲსა გამომცდით მე, ორგულნო?
ხოლო იესო მიუხვდა მათ მზაკვრობას და თქვა: რატომ მაცდუნებთ, თვალთმაქცნო?
მიჩუენეთ დრაჰკანი იგი ხარკისაჲ! ხოლო მათ მოართუეს მას დრაჰკანი.
მიჩვენეთ ფული, რომლითაც იხდით ხარკს. და მიართვეს მას დინარი.
ჰრქუა მათ იესუ: ვისი არს ხატი ესე ანუ ზედაწერილი?
და უთხრა მათ: ვისია ეს ხატი და ეს წარწერა?
ჰრქუეს მას: კეისრისაჲ. მაშინ ჰრქუა მათ იესუ: მიეცით კეისრისაჲ კეისარსა და ღმრთისაჲ ღმერთსა.
მიუგეს: კეისრისა. მაშინ უთხრა მათ: მიაგეთ კეისარს კეისრისა, ხოლო ღმერთს - ღმრთისა.
და ესმა რაჲ ესე, დაუკჳრდა და დაუტევეს იგი და წარვიდეს.
ეს რომ გაიგონეს, განცვიფრდნენ ისინი, მიატოვეს ის და წავიდნენ.
მას დღესა შინა მოუჴდეს მას სადუკეველნი, რომელნი იტყოდეს, ვითარმედ: არა არს აღდგომაჲ. ჰკითხეს მას
იმ დღეს მიადგნენ მას სადუკეველნი, რომელნიც ამბობენ, რომ არ არსებობს აღდგომა, და ჰკითხეს:
და ეტყოდეს: მოძღუარ, მოსე ესრეთ თქუა: უკუეთუ ვინმე მოკუდეს და არა ესუას შვილი, ესიძენ ძმაჲ მისი ცოლსა მისსა და აღუდგინენ თესლი ძმასა თჳსსა.
მოძღვარო, მოსემ თქვა: თუ კაცი უშვილოდ გადაეგო, დაე, მისმა ძმამ მოიყვანოს მისი ცოლი, რათა აღუდგინოს თავის ძმას მისი თესლი.
იყვნეს უკუე ჩუენ შორის შჳდნი ძმანი. და პირველმან მან შეირთო და მოკუდა, და არა დაშთა თესლი, და დაუტევა ცოლი თჳსი ძმასა თჳსსა.
იყო ჩვენს შორის შვიდი ძმა: პირველმა ცოლი შეირთო და უშვილოდ მოკვდა, ხოლო ცოლი თავის ძმას დაუტოვა.
ეგრეთვე მეორემან და მესამემან ვიდრე მეშჳდედმდე.
ასევე მეორემაც და მესამემაც თვით მეშვიდემდე.
ხოლო უკუანაჲსკნელ ყოველთასა მოკუდა დედაკაციცა იგი.
ყველაზე ბოლოს კი ქალიც მოკვდა.
აწ უკუე აღდგომასა მას ვისა შჳდთა მათგანისა იყოს იგი ცოლად, რამეთუ ყოველთა ესუა იგი?
მერედა, აღდგომისას, ამ შვიდთაგან ვისი ცოლი იქნება იგი? ვინაიდან შვიდივეს ცოლად ესვა.
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: სცთებით, რამეთუ არა იცნით წიგნნი, არცა ძალი ღმრთისაჲ,
იესომ პასუხად მიუგო მათ: სცდებით, რადგან არც წერილს იცნობთ და არც ღმრთის ძალას.
რამეთუ აღდგომასა მას არცა იქორწინებოდიან, არცა განჰქორწინებდენ, არამედ, ვითარცა ანგელოზნი ღმრთისანი, იყვნენ ცათა შინა.
ვინაიდან აღდგომისას არც ცოლს ირთავენ და არც თხოვდებიან, არამედ არიან როგორც ანგელოზები ცაში.
ხოლო აღდგომისათჳს მკუდართასა არა აღმოგიკითხავსა თქუმული იგი ღმრთისამიერი, რომელსა იტყჳს:
ხოლო მკვდართა აღდგომისათვის არ წაგიკითხავთ, რა გითხრათ ღმერთმა, რომელიც ამბობს:
მე ვარ ღმერთი აბრაჰამისი და ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი? არა არს ღმერთი – ღმერთი მკუდართაჲ, არამედ ცხოველთაჲ.
მე ვარ ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისააკისა და ღმერთი იაკობისა. ღმერთი მკვდრებისა კი არ არის, არამედ - ცოცხლებისა.
და ესმა რაჲ ესე ერსა მას, დაუკჳრდებოდა მოძღურებაჲ იგი მისი.
ისმენდა ხალხი და უკვირდა მისი მოძღვრება.
ხოლო ფარისეველთა რაჲ ესმა, რამეთუ დაუყო პირი სადუკეველთა მათ, შეკრბეს ერთად.
ხოლო როდესაც ფარისევლებმა გაიგეს, სადუკეველებს ხმა ჩააკმენდინაო, ერთად შეიკრიბნენ.
და ჰკითხა ერთმან მათგანმან სჯულის-მოძღუარმან, გამოსცდიდა მას და ეტყოდა:
და ერთმა მათგანმა, რჯულის მცოდნემ, საცდუნებლად ჰკითხა:
მოძღუარ, რომელი მცნებაჲ უფროჲს არს სჯულსა შინა?
მოძღვარო, რომელია სჯულის მთავარი მცნება?
ხოლო იესუ ჰრქუა მას: შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა.
ხოლო იესომ მიუგო მას: გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი სულით და მთელი შენი გულით და მთელი შენი გონებით.
ესე არს დიდი და პირველი მცნებაჲ.
ეს არის პირველი და მთავარი მცნება.
და მეორე, მსგავსი ამისი: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი.
და მეორე, ამისი მსგავსი: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.
ამათ ორთა მცნებათა ყოველი სჯული და წინაწარმეტყუელნი დამოკიდებულ არიან.
ამ ორ მცნებაზეა დამოკიდებული მთელი რჯული და წინასწარმეტყველნი.
შეკრებულ რაჲ იყვნეს ფარისეველნი იგი, ჰკითხა მათ იესუ
ხოლო როდესაც შეიკრიბნენ ფარისეველნი, იესომ ჰკითხა მათ:
და ჰრქუა: ვითარ ჰგონებთ თქუენ ქრისტესთჳს, ვისი ძე არს? ხოლო მათ ჰრქუეს: დავითისი.
რას იტყვით ქრისტესთვის? ვისი ძე არის იგი? ხოლო მათ მიუგეს: დავითისა.
ჰრქუა მათ იესუ: ვითარ უკუე დავით სულითა ჰხადის მას უფლად და იტყჳს:
უთხრა მათ იესომ: კი მაგრამ როგორღა უწოდებს მას სულით შთაგონებული დავითი უფალს, როდესაც ამბობს:
ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა?
უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე ფერხთით დაგიმხობ მტრებს.
უკუეთუ დავით სულითა უფლად ხადის მას, ვითარ ძე მისი არს?
ამრიგად, თუ დავითი უფალს უწოდებს მას, როგორღა ეკუთვნის ძედ?
და ვერვის ეძლო სიტყჳს-მიგებად მისა, არცაღა ვინ იკადრა მიერ დღითგან კითხვად მისა არღარაჲ.
ვერავინ შესძლო მისთვის სიტყვის მიგება: და იმ დღიდან ვეღარც კითხვას უბედავდა ვინმე.
