სახარება მათესაგან · თავი 4

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

მაშინ იესუ აღმოიყვანა უდაბნოდ სულისაგან გამოცდად ეშმაკისაგან.

მაშინ იესო აყვანილ იქნა უდაბნოში სულის მიერ, ეშმაკისაგან საცდუნებლად.

2

და იმარხა ორმეოცი დღე და ორმეოცი ღამე და მერმე შეემშია.

და იმარხულა ორმოცი დღე და ორმოცი ღამე და ბოლოს მოშივდა.

3

მოუჴდა მას გამომცდელი იგი და ჰრქუა: უკუეთუ შენ ხარ ძე ღმრთისაჲ, თქუ, რაჲთა ქვანი ესე პურ იქმნენ.

მაშინ მიადგა მაცდური და უთხრა: თუ ძე ხარ ღმრთისა, თქვი, რომ ეს ქვები პურებად იქცნენ.

4

ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა: წერილ არს, რამეთუ: არა პურითა ხოლო ცხოვნდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყჳთა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისა.

ხოლო იესომ მიუგო და უთხრა: დაწერილია: არა მხოლოდ პურით იცოცხლებს კაცი, არამედ ყოველი სიტყვით, რომელიც გამოდის ღმერთის პირიდან.

5

მაშინ წარიყვანა იგი ეშმაკმან მან წმიდასა ქალაქსა და დაადგინა იგი სართულსა მას ზედა ტაძრისასა

მაშინ ეშმაკმა წაიყვანა იგი წმიდა ქალაქში, დააყენა ტაძრის ქიმზე

6

და ჰრქუა მას: უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდაიგდე თავი შენი ამიერ ქუეყანად, რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: ანგელოზთა მისთადა უბრძანებიეს შენთჳს, და ჴელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერჴი შენი.

და უთხრა: თუ ძე ხარ ღვთისა, გადავარდი აქედან, რადგანაც დაწერილია: თავის ანგელოზებს უბრძანებს შენს გამო, და აგიტაცებენ ხელში, რათა არსად წამოჰკრა ქვას ფეხი შენი.

7

ჰრქუა მას იესუ: კუალად წერილ არს: არა განსცადო უფალი ღმერთი შენი.

იესომ მიუგო: ესეც დაწერილია: არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი.

8

კუალად წარიყვანა იგი ეშმაკმან მთასა ფრიად მაღალსა და უჩუენნა მას ყოველნი სუფევანი სოფლისანი და დიდებაჲ მათი

კვლავ აიყვანა იგი ეშმაკმა ძალიან მაღალ მთაზე, და უჩვენა მას ქვეყნის ყველა სამეფო და დიდება მათი.

9

და ჰრქუა მას: ესე ყოველი მიგცე შენ, უკუეთუ დაჰვარდე და თაყუანის-მცე მე.

და უთხრა: ყოველივე ამას მოგცემ, თუ დაეცემი და თაყვანს მცემ მე.

10

მაშინ ჰრქუა მას იესუ: წარვედ ჩემგან მართლუკუნ, სატანა, რამეთუ წერილ არს: უფალსა ღმერთსა შენსა თაყუანის-სცე და მას მხოლოსა ჰმსახურებდე.

მაშინ მიუგო მას იესომ: გამშორდი, სატანა, რადგანაც დაწერილია: უფალს ღმერთს შენსას თაყვანი ეცი და მხოლოდ მას ემსახურე.

11

მაშინ დაუტევა იგი ეშმაკმან მან, და ანგელოზნი მოვიდეს და ჰმსახურებდეს მას.

მაშინ მიატოვა იგი ეშმაკმა, და აჰა, ანგელოზები მოვიდნენ და ემსახურებოდნენ მას.

12

ხოლო ესმა რაჲ იესუს, ვითარმედ იოვანე მიეცა, განეშორა და წარვიდა გალილეად.

ხოლო როდესაც გაიგო იესომ, იოანე შეუპყრიათო, გალილეას გაემართა.

13

და დაუტევა ნაზარეთი და მოვიდა და დაემკჳდრა კაპერნაუმს, საზღვართა ზაბულონისთა და ნეფთალემისთა,

მიატოვა ნაზარეთი, მივიდა და დაემკვიდრა ზღვისპირა კაპერნაუმს, ზაბულონის და ნეფთალემის მხარეს,

14

რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი ესაია წინასწარმეტყუელისაჲ, რომელსა იტყჳს:

რათა აღსრულდეს თქმული ესაია წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს:

15

ქუეყანაჲ ზაბულონისი და ქუეყანაჲ ნეფთალემისი, გზაჲ ზღჳსაჲ წიაღ-იორდანესა, გალილეაჲ წარმართთაჲ.

ქვეყანა ზაბულონისა და ქვეყანა ნეფთალემისა, გზა ზღვისა იორდანეს გაღმა, გალილეა წარმართთა;

16

ერი რომელი სხდა ბნელსა, იხილა ნათელი დიდი, და რომელნი სხდეს სოფელსა და აჩრდილთა სიკუდილისათა, ნათელი აღმოუბრწყინდა მათ.

ბნელში მსხდომარე ხალხმა იხილა ნათელი დიდი, და ქვეყნად და სიკვდილის ჩრდილში მსხდომთ გამოუბრწყინდა ნათელი.

17

მიერითგან იწყო იესუ ქადაგებად და სიტყუად: შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ.

შემდგომ ამისა, დაიწყო იესომ ქადაგება და ამბობდა: მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოვდა ცათა სასუფეველი.

18

და იქცეოდა რაჲ იესუ ზღჳსკიდესა მას გალილეაჲსასა, იხილნა ორნი ძმანი: სიმონ, რომელსა ეწოდა პეტრე, და ანდრეა, ძმაჲ მისი, ითხევლიდეს რაჲ სათხევლითა ზღუასა მას, რამეთუ იყვნეს მესათხევლე.

და როცა გალილეის ზღვის პირას მიდიოდა იგი, დაინახა ორი ძმა: სიმონი, პეტრედ წოდებული, და მისი ძმა ანდრია, ბადეს რომ ისროდნენ ზღვაში, ვინაიდან მებადურები იყვნენ.

19

და ჰრქუა მათ: მოვედით და შემომიდეგით მე, და გყვნე თქუენ მესათხევლე კაცთა.

და უთხრა მათ: გამომყევით და კაცთა მებადურებად გაქცევთ.

20

ხოლო მათ მეყსეულად დაუტევეს ბადე მათი და შეუდგეს მას.

მათაც მყისვე მიატოვეს ბადე და გაჰყვნენ მას.

21

და წარმოვიდა მიერ და იხილნა სხუანი ორნი ძმანი: იაკობ ზებედესი და იოვანე, ძმაჲ მისი, ნავსა შინა ზებედეს თანა, მამისა მათისა, გან-რაჲ-აგდებდეს ბადეთა მათთა, და უწოდა მათ.

იქიდან წამოსულმა დაინახა ორი სხვა ძმა: იაკობი ზებედესი და მისი ძმა იოანე, რომლებიც ზებედესთან, თავიანთ მამასთან ერთად ბადეს კემსავდნენ ნავში, და უხმო მათ.

22

ხოლო მათ მეყსეულად დაუტევეს ნავი იგი და მამაჲ მათი და მისდევდეს მას.

მათაც მყისვე მიატოვეს თავიანთი ნავიც და მამაც, და გაჰყვნენ მას.

23

და მოჰვლიდა იესუ ყოველსა გალილეასა და ასწავებდა შესაკრებელთა შორის მათთა და ქადაგებდა სახარებასა სასუფეველისასა და განჰკურნებდა ყოველსა სენსა და ყოველსა უძლურებასა ერსა შორის.

მიმოდიოდა იესო მთელს გალილეაში, ასწავლიდა მათ სინაგოგებში, ქადაგებდა სახარებას სასუფევლისას და კურნავდა ყოველგვარ სენსა და ყოველგვარ უძლურებას ხალხში.

24

და განითქუა ჰამბავი მისი ყოველსა ქუეყანასა ასურასტანისასა. და მოჰგურიდეს მას ყოველთა ბოროტად სნეულთა თითო-სახეთაგან სენთა და გუემითა შეპყრობილთა და ეშმაკეულთა და ცისად-ცისად გუემულთა და განრღუეულთა, და განკურნა იგინი.

და მოედო მისი ამბავი მთელს სირიას: მოჰყავდათ მასთან უძლურნი, სხვადასხვა სენითა და ჭირით სნეულნი, ეშმაკეულნი, მთვარეულნი და დავრდომილნი, და კურნავდა მათ.

25

და მისდევდა მას ერი მრავალი გალილეაჲთ და ათქალაქით და იერუსალჱმით და ჰურიასტანით და წიაღ-იორდანით.

და მისდევდა მას დიდძალი ხალხი გალილეიდან და ათქალაქიდან, იერუსალიმიდან, იუდეიდან და იორდანეს გაღმიდან.